14 ნოემბერს ვებ-პორტალმა „საქართველო და მსოფლიო” (Geworld) გამოაქვეყნა რუსი სასულიერო პირის იღუმენ დოვმონტის (ბელიაევის) ინტერვიუს თარგმანი სათაურით ,,ღმერთი ქვებსა თლის თავისი ქალაქისთვის”. მასალაში დოვმონტი ბელიაევი ამტკიცებს, რომ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ამერიკის დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა საკუთარი სადიპლომო ნაშრომი ლუციფერს მიუძღვნა.
დოვმონტი ბელიაევი: ,,მთავარი “მებრძოლი” ჩვენთან ლუციფერია, რომელიც მოგვიწოდებდა ბრძოლისკენ, ცვლილებებისკენ, რეფორმირებისკენ. ოდიოზურმა ქალბატონმა ჰილარი კლინტონმა, რომელსაც შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტის დაკავების პრეტენზია ჰქონდა, უნივერსიტეტის დამთავრებისას თავისი სადიპლომო ნაშრომი მიუძღვნა… ლუციფერს, როგორც “დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის ერთ-ერთ პირველ მებრძოლს”.
რუსი სასულიერო პირის მტკიცება, რომ ჰილარი კლინტონის სადიპლომო ნაშრომი მან ლუციფერს მიუძღვნა, მანიპულაციურია, რადგან კლინტონის ერთი საუნივერსიტეტო ნაშრომი საულ ალინსკის სათემო ორგანიზების მოდელის კრიტიკას შეეხებოდა. თავად საულ ალინსკის წიგნი, რომელსაც კლინტონი ეყრდნობოდა, შეეხებოდა რადიკალიზმს და მის ძირითად კონცეფციას ლუციფერის განხილვა ან აღიარება არ წარმოადგენდა.
უელსლის კოლეჯის 1969 წლის გამოსაშვები ღონისძიება
ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დოვმონტი (ბელიაევი)
ჰილარი კლინტონის, საულ ალინსკისა და ლუციფერის შესახებ რესპუბლიკელების ეროვნული კონვენციის ღონისძიებაზე ბენ კარსონმა, რომელიც შემდეგ დონლად ტრამპმა აშშ-ის განსახლების და ურბანული განვითარების მდივნის პოსტზე დანიშნა, 2016 წლის 19 ივლისს, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ისაუბრა. მისი თქმით, ალინსკი, რომელსაც კლინტომა სადისერტაციო ნაშრომი მიუძღვნა, ლუციფერს აღიარებს. კარსონმა ამომრჩეველს დაფიქრებისკენ მოუწოდა: “გვსურს ჩვენ, რომ ავირჩიოთ ისეთი პრეზიდენტი, რომლის ავტორიტეტსაც წარმოადგენს ისეთი პირი, რომელიც ლუციფერს აღიარებს? დაფიქრდით.”
ბენ კარსონის განცხადება რუსმა სასულიერო პირებმა და რუსულმა ტაბლოიდურმა ვებ-გვერდებმაც აიტაცეს, ხოლო შემდეგ ქართულ პროპაგანდისტულ პლატფორმაზე “Geworld.ge”-ზე გამოჩნდა. დოვმონტი ბელიაევის ინტერვიუ, რომლის თარგმანიც Geworld-მა გაავრცელა, თავდაპირველად რუსულ ვებ-გვერდზე pravoslavie.ru-ზე გამოქვეყნდა. ინტერვიუში ბელიაევი ამბობს, რომ კლინტომა დისერტაცია ლუციფერს, როგორც “დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის ერთ-ერთ პირველ მებრძოლს” მიუძღვნა.
ამერიკის პოლიტიკური კულტურის კრიტიკისას რუსულენოვანი ინტერნეტ გაზეთი kontinentusa.com ასევე იმეორებს მსგავს ნარატივს. მასალაში აღნიშნულია, რომ საულ ალინსკის წიგნი ,, რადიაკლების წესები” სამაგიდო წიგნია ამერიკელი ლიბერალებისთვის, მათ შორის ობამასთვისაც.
ალინსკის წიგნის ,,რადიკალების წესების” შესავალ ნაწილში მართლაც ნახსენებია ლუციფერი, როგორც პირველ რადიკალი. თუმცა წიგნი ადამიანების მიერ პოლიტიკური ოპონენტების დემონიზებას შეეხება. წიგნი რჩევას აძლევს სამოქალაქო აქტივისტებს, რომლებიც ცდილობენ გავლენა იქონიონ საჯარო პოლიტიკაზე, მოიცვან ისეთი თემა, როგორიცაა მაგალითად კლასობრივი განსხვავებები. “არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პირველი რადიკალი, რომელიც ყველა ლეგენდას, მითოლოგიასა და ისტორიას ჰყავს და რომელმაც გაილაშქრა გაბატონებული აზრის წინააღმდეგ… – ლუციფერია” – აღნიშნავს ალინსკი.
კლინტონს ნაშრომის დაწერამდე ინტერვიუ ჰქონდა ალინსკისთან. The New York Times-ის ცნობით, კლინტონი ალინსკის მოდელს ღიად აფასებდა, როგორც არაეფექტურს და მიიჩნევდა, რომ ის არ ითვალისწინებდა ინდივიდუალიზმს.
თავად ჰილარი კლინტონმა 2003 წელს თავის წიგნში ,,Living History” კიდევ ერთხელ ახსენა ალინსკის მიმართ დამოკიდებულება: ,,ალინსკი მრავალფეროვანი და ურთიერთგამომრიხცხავი ფიგურა იყო, რომელმაც მოახერხა ბერვისთვის მიეყენებინა შეურაცხყოფა თავისი კარიერის მანძილზე. მე ნაწილობრივ ვიზიარებდი მის შეხედულებებს, მაგრამ ფუნდამენტურად არ ვეთანხმებოდი მთელ რიგ საკითხებში. მას სჯეროდა, რომ სისტემის შეცვლა გარედან შეიძლება, მე კი – პირიქით”.