მანიპულაცია, თითქოს ძიუდოისტებს პირჯვრის გადასახვას უკრძალავენ

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

manipulacia dziudo
963
VIEWS

18 სექტემბერს, ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ქართველმა ძიუდოისტმა გელა ზაალიშვილმა განაცხადა, რომ ძიუდოში წესები შეიცვალა და პირჯვრის გადასახვაზე სპორტსმენს დისკვალიფიკაციით სჯიან.  აღნიშნული განცხადება მანიპულაციურად სხვადასხვა გვერდზე გავრცელდა. მათ შორის ფეისბუქ გვერდზე “დედაქალაქი”, საიდანაც “ეროვნება-ქართველზეც” გადააზიარეს. რამდენიმე საათის შემდეგ მითითებულმა გვერდებმა ვიდეო და პოსტი წაშალეს.

გელა ზაალიშვილი: “პირჯვრის გადაწერაზე ახლა შემოიღეს, ანუ აქამდე იყო ძიუდოში, შეიძლებოდა, როდესაც მოიგებდი ტატამზე პირჯვრის გადასახვა, მაგრამ წესი შემოიღეს, რომ დისკვალიფიკაციას გაძლევენ”.

"

"

მტკიცება, რომ ძიუდოში წესები შეიცვალა და პირჯვრის გადასახვა აიკრძალა მანიპულაციაა, რადგან  ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის წესების მე-8 მუხლის თანახმად,  სპორტული თამაშის დროს შეზღუდვა ვრცელდება პოლიტიკური, კომერციული და ნებისმიერი რელიგიური რიტუალის დემონსტრირებაზე და ეს წესი უკვე მრავალი წელია მოქმედებს.

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის წესების მე-8 მუხლის თანახმად, რელიგიური, პოლიტიკური, პირადი ან კომერციული დემონსტირება სპორტული შეჯიბრის დროს ყველა სპორტსმენისათვის  აკრძალულია. გარდა ამისა, ტატამზე ყოფნისას ათლეტებს ეკრძალებათ ელექტრონული მოწყობილობების, ეროვნული დროშის ან სხვა მსგავსი ნივთების გატანაც.

“მითების დეტექტორი” ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მედია ჯგუფის წარმომადგენელსა და “ძიუდო მშვიდობისთვის” დირექტორს, ნიკოლას მესნერს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ  აღნიშნული წესი მოიცავს არა მხოლოდ ქრისტიანობასა და პირჯვრის გადასახვას, შეზღუდვა ვრცელდება ყველანაირ რელიგიურ რიტუალზე. წესის დარღევის შემთხვევაში კი ათლეტს არა დისკვალიფიკაცია, არამედ გაფრთხილება ეძლევა.

ნიკოლას მესნერი, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია: “როდესაც სპორტსმენი ამ წესს არღვევს, ეძლევა გაფრთხილება და არა დისკვალიფიკაცია, ხოლო განმეორების შემთხვევაში საქმე განსახილველად დისციპლინურ კომიტეტს გადაეცემა,  თუმცა მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა.”

რელიგირ თემაზე მანიპულაციის ობიექტი ძიუდო პირველად არ ხდება. 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას ონლაინ პორტალებმა Ipress.ge- მ  და Imedinews- მა, ასევე გაზეთმა “ალიამ” გაავრცელეს მანიპულაცია, თითქოს ქართველი ძიუდოისტი ნინო ოძელაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ჯვრის ტარების გამო დამარცხდა. რეალურად ნინო ოძელაშვილმა დისკვალიფიკაცია არა კონკრეტულად ჯვრის ტარების, არამედ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის წესების დარღვევის გამო მიიღო, რომლის თანახმადაც, სპორტსმენს ნებისმიერი სახის სამკაულით ასპარეზობა ეკრძალება, რადგან ეს უსაფრთხოების პრობელმას უკავშირდება.

 

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist