მალავს თუ არა google maps სუეცის არხს და რა კავშირია Evergreen-სა და ჰილარი კლინტონს შორის?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

344
VIEWS

29 მარტს ფეისბუქ მომხმარებელმა ლევან ნავი გამოაქვეყნა პოსტი, რომლის თანახმად, რამდენიმე დღე სუეცის არხის დაკეტვა საეჭვოდ გამოიყურებოდა, რადგან რუკაზეც კი არ ჩანდა, თუ რა ხდებოდა იქ. პოსტს თან ახლავს აპლიკაცია Google Maps-ში გადაღებული ვიდეო და ფოტოები, რომლებზეც სუეცის არხის გარკვეული ნაწილი შავადაა გამოსახული. მსგავსი ვიდეო 29 მარტს კიდევ ერთმა მომხმარებელმა Catrine Maraneli-მ წარწერით “რას მალავს  “გუგლი” სუეცის არხში..?” გამოაქვეყნა.

 

;;

მტკიცება იმის შესახებ, რომ სუეცის არხის ჩაკეტვასა და იქ მიმდინარე მოვლენებს მალავენ და Google Map-ში არხის ერთ-ერთი მონაკვეთი ამიტომაც არ ჩანს, დეზინფორმაციაა. სუეცის არხში მოძრაობა გიგანტური გემის გაჭედვის შედეგად შეფერხდა, ამის ამსახველი მრავალი სატელიტური ფოტო კი ინტერნეტში საჯაროდ ქვეყნდებოდა. Google კი თავისი აპლიკაციისთვის სატელიტურ გამოსახულებებს რამდენიმე ფოტოს შეერთების შედეგად იღებს და ამიტომ ზოგჯერ წყლის გარკვეული მონაკვეთები შავი ან ბუნდოვანია. 

  • რატომ იყო ჩაკეტილი სუეცის არხი?

სუეცის არხის ჩაკეტვის მიზეზად არა რაიმე შეთქმულების თეორია, არამედ გაჭედილი გემი იქცა.  23 მარტს მოულოდნელი და ძლიერი ქარისა და ქვიშის ქარიშხალის შედეგად სუეცის არხის ერთ-ერთ მონაკვეთზე Evergreen-ის კორპორაციის გიგანტური  გემი სახელად Ever Given გაიჭედა, რამაც სუეცის სატრანსპორტო დერეფანში ხანგრძლივი საცობი წარმოშვა.

;
ფოტო: Maxar Technologies

ხომალდი 224 000 ტონას იწონიდა  და ზომით “ემფაერ სთეით ბილდინგს” უტოლდებოდა, რის გამოც მის ადგილიდან დაძვრას თითქმის ექვსი დღე დასჭირდა და საბოლოოდ, არხის გათავისუფლება 29 მარტს მოხერხდა.

  • რატომ არის Google-ის რუკაზე სუეცის არხის ერთ-ერთი მონაკვეთი შავად აღნიშნული?

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებზე ჩანს, რომ სუეცის არხის ერთ-ერთი მონაკვეთი Google რუკების აპლიკაციაში შავად ჩანს, რაც მომხმარებლებისთვის კონსპირაციის საფუველია. რეალურად გუგლი სატელიტის გამოსახულებას ზოგჯერ რამდენიმე ფოტოს შეერთებით ქმნის. ფოტოები შესაძლოა სხვადასხვა დროსაც კი იყოს გადაღებული. შესაბამისად, მათი ობიექტივის კუთხე და განათება განსხვავდება. უმეტესად გადაბმის წერტილები არ ჩანს, თუმცა წყლის შემთხვევაში ეს განსაკუთრებით შესამჩნევია, ამ პროცესის საილუსტრაციოდ გუგლს ლონდონში “ჩაძირული გემის” ილუზია მოჰყავს. ფოტოების გადაბმის შედეგად ერთ-ერთ ფოტოზე ასახული გემი საბოლოო ვერსიაში ნახევრად ჩაძირულს ჰგავს.

;
ფოტო: Google

სუეცის არხის მსგავსად, სატელიტის ფოტოების გადაბმით მიღებული წყლის გამოსახულება პანამის არხისა და ლოხ-ნესის ტბის შემთხვევაშიც შავი ფერისაა.

;
პანამის არხი

;
ლოხ-ნესის ტბა

ქარველ მომხმარებლებში გავრცელებამდე სუეცის არხის შავ გამოსახულებასთან დაკავშირებული კონსპირაციული შინაარსის ვიდეოები 28 მარტს აშშ-ში გავრცელდა, ინფორმაცია PolitiFact-მაც გადაამოწმა.

რაც შეეხება სუეცის არხში გაჭედილ გემს, მისი და მისგან გამოწვეული საცობის ამსახველი სატელიტის ფოტოები ინტერნეტში ფართოდ ვრცელდებოდა და მათი ხილვა ყველა მსურველს შეეძლო. მაგალითად, space.com-ზე სხვადასხვა სატელიტიდან გადაღებული Ever Given-ის რამდენიმე ფოტოა გამოქვეყნებული.

;
ფოტო:Airbus
;
ფოტოზე საცობში აღმოჩენილი გემები, ფოტო: Planet Labs, Inc. 

გაჩერებული გემისთვის გადაღებული კიდევ ერთი ფოტოს ავტორი რუსი კოსმონავტი ოლეგ არტემიევია.

;

  • როგორ იქცა გემი Ever Given-ი კონსპირაციების სამიზნედ?

მას შემდეგ, რაც 23 მარტს Ever Given-მა სუეცის არხი ჩაკეტა, სოციალურ ქსელში გამოჩნდა კონსპირაციის თეორია იმის შესახებ, რომ ხომალდი ადამიანებით ვაჭრობის საერთაშორისო ქსელშია ჩართული და მასზე ტრეფიკინგის მსხვერპლი ადამიანები არიან, ადამიანებით ვაჭრობის სათავეში კი ჰილარი კლინტონი დგას. კონსპიროლოგებს თავიანთი თეორიის გასამყარებელ არგუმენტებად მოჰყავდათ ის, რომ Ever Given-ის მმართველი კომპანიის სახელწოდებაა Evergreen, რაც ჰილარი კლინტონის კოდურ სახელსაც წარმოადგენს. ასევე, ხომალდის რადიო სიგნალია H3RC, ხოლო კლინტონის ინიციალები HRC-ა.

კონსპირაციის თეორია Politifact-მა და USA Today-მ გადაამოწმეს და დაადგინეს, რომ მისი დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. USA Today-სთან მიცემულ კომენტარში ხომალდის მმართველი პანამური კომპანია Evergreen-ის სპიკერმა მაიკლ ვუსმა განაცხადა, რომ კომპანია რაიმე არალეგალურ ქმედებაში გარეული არასდროს ყოფილა და გემს ამჟამად სხვადასხვა ტიპის პროდუქცია გადააქვს. რაც შეეხება, ჰილარი კლინტონის კოდურ სახელს Evergreen, ის აშშ-ს პირველმა ლედიმ 1993 წელს მიიღო, თუმცა ამავე სახელწოდების პანამური კომპანია ჯერ კიდევ 1968 წელს დაარსდა. რაც შეეხება რადიო სიგნალისა და ინიციალების დამთხვევას, აღსანიშნავია, რომ H3 საერთაშორისო ტელეკომუნიკაციების გაერთიანების მიერ პანამისთვის მინიჭებული კოდია, შესაბამისად, ის საერთოა ყველა გემისთვის, რომელიც პანამის დროშის ქვეშ დაცურავს.

გაჩერებულ გემსა და ჰილარი კლინტონს შორის კავშირის შესახებ კონსპირაციებს ძირითადად QAnon-ის მიმდევრები აქვეყნებდნენ. ამ ადამიანებს სჯერათ, რომ მსოფლიოს მმართველი ელიტა ადამიანებით ვაჭრობისა და ბავშვებზე სექსუალური ძალადობის მასშტაბურ ქსელშია ჩართული.

“მითების დეტექტორმა” საქართველოში გავრცელებული QAnon-თან დაკავშირებული არაერთი კონსპირაციის თეორია გადაამოწმა:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist