მალავენ თუ არა ავსტრალიაში კორონავირუსის ვაქცინის მსხვერპლს? -“ბოლო ჟამის ქრისტიანები” ვიდეომანიპულაციას ავრცელებს 

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

25
VIEWS

2021 წლის 20 აგვისტოს ფეისბუქ ანგარიშმა ბოლო ჟამის ქრისტიანები მოკლე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ექიმები გულწასულ ადამიანს ეხმარებიან. ვიდეო მხოლოდ 19 წამს გრძელდება და სავარაუდოდ, საავადმყოფოშია გადაღებული, თუმცა მხოლოდ ვიდეოდან გამომდინარე გადაღების ზუსტი ადგილის, დროის, დაწესებულების, ექიმების ან პაციენტის იდენტიფიცირება შეუძლებელია. ვიდეოში არ ჩანს, რა გახდა კადრში ასახული შემთხვევის მიზეზი და გამომჯობინდა თუ არა პაციენტი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ. როგორც “ბოლო ჟამის ქრისიტანები” ვიდეოს აღწერაში წერს, კადრები კორონავირუსის ვაქცინის მსხვერპლს ასახავს და ის ავსტრალიაშია გადაღებული.

 

2021 წლის 3 სექტემბრის მდგომარეობით “ბოლო ჟამის ქრისტიანების” ვიდეო 2200-ზე მეტმა ფეისბუქ მომხმარებელმა გააზიარა.

"
“ბოლო ჟამის ქრისტიანების” პოსტი ვიდეომანიპულაციაა. არ არსებობს მტკიცებულბები, რომ გავრცელებული ვიდეო მართლაც კორონავირუსის ვაქცინაციის ცენტრშია გადაღებული და გონებადაკარგული პაციენტი ვაქცინამ იმსხვერპლა. ვიდეო 17 აპრილს გავრცელდა და მანიპულაციურად უკავშირებდნენ ვაქცინის შემდეგ მოზარდის კომაში ჩავარდნას, თუმცა ავსტრალიის “თერაპიული პროდუქტების ადმინისტრაციის” მიხედვით, 20 აგვისტოს მონაცემებით ავსტრალიაში Pfizer-ით აცრილებში, მათ შორის არც 18 წლამდე მოზარდებში ვაქცინაციით გამოწვეული გარდაცვალების ან კომაში ჩავარდნის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

“ბოლო ჟამის ქრისტიანების” მიერ გაზიარებული ვიდეო ინტერნეტსივრცეში ყველაზე ადრე 2021 წლის 17 აგვისტო იძებნება და ის სერბულმა ონლაინ მედიამ Glas Javnosti-მ შემდეგი სათაურით გაავრცელა: “სამწუხარო ვიდეო: კოვიდის ვაქცინის მიღების შემდეგ ბავშვებმა გონება დაკარგეს, მშობლებს შესვლის უფლებას არ აძლევენ”. როგორც ვიდეოსთვის დართულ ახალ ამბავში ვკითხულობთ, Glas Javnosti-ის რედაქციას ოცწამიანი ვიდეო სიდნეიში მყოფმა ანონიმურმა წყარომ მიაწოდა და იგი ბავშვების მასობრივი ვაქცინაციისას ერთ-ერთ დაზარალებულს ასახავს. გამოცემა ასევე ამტკიცებს, რომ სიდნეიში კუდოს არენის ოლიმპიურ პარკში ჩატარებული ბავშვთა მასობრივი ვაქცინაციისას სამმა ბავშვმა გონება დაკარგა, რომელთაგანაც ორი კომაში ჩავარდა. Glas Javnosti-ის ვიდეო მოგვიანებით VidMax-ის, Twitter-ისა და Facebook-ის პლატფორმებზე ანალოგიური აღწერით გაავრცელდა.

""
2021 წლის 9 აგვისტოდან ავსტრალიის მთავრობამ სიდნეიში, მდინარე კუდოსს სანაპიროზე არსებულ ოლიმპიურ პარკში საშუალო სკოლის მეთორმეტე კლასის ათასობით მოსწავლისთვის (16-18 წლის თინეიჯერები) ვაქცინის პირველი დოზის მისაღები ცენტრები გახსნა, სადაც ვაქცინაციის პროცესი ნებაყოფლობით მიმდინარეობდა. ავსტრალიის ჯანდაცვის  თქმით, ოლიმპიური პარკის ვაქცინაციის ცენტრში Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზა 24 000 მოზარდისთვის იყო ხელმისაწვდომი.

არ არსებობს მტკიცებულებები, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო სიდნეიში Pfizer-ის ვაქცინით დაზარალებულ ბავშვს ასახავს. ვიდეოს დაბალი გარჩევადობის გამო შეუძლებელია გონებადაკარგული პირის ასაკის იდენტიფიცირება, თუმცა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ოცწამიანი ვიდეო სიდნეის ოლიმპიური პარკის ვაქცინაციის ცენტრშია გადაღებული, ის არ ამტკიცებს, რომ კადრებში ასახული ადამიანი ვაქცინაციამ იმსხვერპლა. ერთი მხრივ, ვაქცინის მიღების შემდეგ გულის წასვლა ტკივილის ან ემოციური აფორიაქების ფონზე შესაძლებელია და საკუთრივ კორონავირუსის ვაქცინებით გამოწვეულ გვერდით ეფექტს არ წარმოადგენს. ნემსის ჩხვლეტით გამოწვეული ტკივილის ან აღელვების გამო გონების დროებით დაკარგვა შესაძლებელია ნებისმიერი ვაქცინის ან ინექციის მიღების შემდეგ მოხდეს.

ავსტრალიის “თერაპიული პროდუქტების ადმინისტრაციის” განმარტების თანახმად, 20 აგვისტოს მონაცემებით ავსტრალიაში Pfizer-ით აცრილებში, მათ შორის არც 18 წლამდე მოზარდებში ვაქცინაციით გამოწვეული გარდაცვალების ან კომაში ჩავარდნის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

ავსტრალიის “თერაპიული პროდუქტების ადმინისტრაციის” (TGA) 19 აგვისტოს მონაცემებით, ავსტრალიაში კორონავირუსის ვაქცინაციასთან დაკავშირებული გარდაცვალების 7 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. შვიდივე მათგანი AstraZeneca-ს ვაქცინის იშვიათ გვერდით მოვლენას – თრომბოზს და თრომბოციტოპენიას უკავშირდებოდა. გარდაცვლილთაგან ყველაზე ახალგაზრდა 34 წლის ქალი, ხოლო ყველაზე ხანდაზმული 72 წლის ქალი იყო. ამასთანავე, 20 აგვისტოს მონაცემებით ავსტრალიაში კორონავირუსის სხვადასხვა ვაქცინის 15 მილიონ დოზაზე მეტი იყო ადმინისტრირებული.

ავსტრალიის ვაქცინაციის პროგრამის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებული დეზინფორმაცია “მითების დეტექტორმა” ადრეც გადაამოწმა. ამ თემაზე ვრცლად იხილეთ სტატიები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ავსტრალია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist