მაიმუნის ყვავილზე 2 კონსპირაცია და 4 დეზინფორმაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 6 წუთი

კითხვის დრო: 6 წუთი

429
VIEWS

22 მაისს ფეისბუქ-მომხმარებელმა კობა ავთანდილის ძე კუპრაშვილმა გამოაქვეყნა ლაივ-ვიდეო, რომელშიც ამბობს, რომ ფაიზერის გასაჯაროებული დოკუმენტების გვერდითი მოვლენების ჩამონათვალში დაავადება “ჰერპეს ზოსტერი” გვხვდება, ხოლო თუ ჰერპეს ზოსტერისა და ბოლო პერიოდში არაერთ ქვეყანაში დაფიქსირებული “მაიმუნის ყვავილის” გამონაყარის ფოტოებს ერთმანეთს შევადარებთ, აღმოჩნდება, რომ ისინი ერთნაირია. კუპრაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ახალი დაავადებების გამოვლენის შემდეგ მოსალოდნელი იყო, რომ ამას არა ვაქცინებსა და შესუსტებულ იმუნიტეტს, არამედ რაღაც სხვა ვირუსს დააბრალებდნენ. ამ თემაზე კუპრაშვილმა პოსტიც გამოაქვეყნა.

მაიმუნის ყვავილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას და მის გვერდით მოვლენებს სხვა ფეისბუქ-პროფილებმაც დაუკავშირეს. დავით გიორგობიანი წერს, რომ გამორიცხული არაა მაიმუნის ყვავილი იმ ადამიანებს ემართებოდეთ, ვინც ვაქცინები გაიკეთეს. მის პოსტში ასევე წერია, რომ დრონებით ჰაერში ფილტვების შეშუპებისა და ქიმიური პნევმონიის გამომწვევ ნივთიერებას – პოლი-ჰექსა-მეთილ-გუანიდინს ასხურებენ.

მაინუნის ყვავილის შესახებ ფეისბუქ-პროფილები ლელა პრაგა და Steppen Wolf-იც წერენ. მათ პოსტებში აღნიშნულია, რომ მაიმუნის ყვავილი წინასწარ დაგეგმილი პანდემიაა. მათი მტკიცებით, ბირთვული საფრთხის ინიციატივამ (NTI) პანდემია 2021 წელს დაგეგმა და მათ დოკუმენტში პანდემიის დაწყების თარიღად 2022 წლის 15 მაისია მითითებული.

მაიმუნის ყვავილის გავრცელების დაგეგმვა პროფილმა ერთობა საქართველოსთვის, ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები და ერმილე ელგუჯას-ძე ნემსაძემ ბილ გეიტსს დაუკავშირეს. მათ 2021 წლის ნიუსის სქრინი გამოაქვეყნეს, რომელზეც წერია, რომ ბილ გეიტსმა მთავრობებს ახალი პანდემიისთვის მომზადებისკენ მოუწოდა, რომელიც ჩუტყვავილას სახით მოგვევლინება.  გარდა ამისა, ვრცელდებოდა მტკიცებაც, რომ მდოფლიო ელიტები “მაიმუნის ყვავილს” მოსახლეობის შესამცირებლად იყენებენ, რომელიც “ევროპელი სოციალისტების” ლიდერმა და მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ გააჟღერა.

გავრცელებული პოსტები 4 დეზინფორმაციას და 2 კონსპირაციას შეიცავს. რეალურად: 1) მაიმუნის ყვავილის გავრცელება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას არ უკავშირდება, ეს დაავადება 1958 წლიდან არსებობს და მისი გავრცელების ძირითადი გზა ახლო ფიზიკური კონტაქტია. 2) ფაიზერის არასასურველი მოვლენების სიაში დასახელებული დაავადებები და მაიმუნის ყვავილი სხვადასხვა ვირუსითაა გამოწვეული, უშუალოდ მაიმუნის ყვავილი კი ამ სიაში არ არის; 3) ბილ გეიტსს მაიმუნის ყვავილის გავრცელებაზე 2021 წელს არ უსაუბრია, რეალურად მან ბიოტერორიზმის საფრთხის მაგალითად ჩუტყვავილა მოიყვანა; 4) არ არსებობს მტკიცებულება, რომ პოლი-ჰექსა-მეთილ-გუანიდინს დრონებით აფრქვევენ, თავად ნივთიერებას კი მაიმუნის ყვავილთან კავშირი არ აქვს; 5) მტკიცება, თითქოს მაიმუნის ყვავილი მოსახლეობის შესამცირებლად შეიქმნა, საფუძველს მოკლებულია და წარსულში აღნიშნული კონსპირაცია სხვა დაავადებებთან მიმართებითაც ვრცელდებოდა; 6) ორგანიზაცია ბირთვული საფრთხის ინიციატივამ ჰიპოთეტური მაიმუნის ყვავილის პანდემია სავარჯიშო სცენარში გამოიყენა და მსგავსი ტიპის სავარჯიშოები ორგანიზაციას სხვა დროსაც დაუგეგმავს.

  • “მაიმუნის ყვავილი” ფაიზერის არასასურველი მოვლენების სიაში დასახელებული არ არის, ხოლო ჰერპეს ზოსტერს სხვა ვირუსი იწვევს

ფაიზერის მიერ გამოქვეყნებული არასასურველი მოვლენების სიაში მაიმუნის ყვავილი არ გვხვდება. მართალია, პოსტებში დასახელებული დაავადებები (Herpes zoster, Autoimmune blistering disease; Pemphigoid; Pemphigus) ფაიზერის არასასურველი მოვლენების სიაში წერია და გამონაყარიც ყველა მათგანს ახასიათებს, თუმცა ყველა მათგანი ერთმანეთისგან განსხვავებული დაავადებებია, სხვადასხვა გამომწვევი მიზეზებით და მათ მიერ გამოწვეული გამონაყარი ვიზუალურადაც განსხვავდება.

მოვლენები კუპრაშვილი ამბობს, რომ ფაიზერის გვერდითი მოვლენების სიაში ჰერპეს ზოსტერიც მოხვდა, რომლის გამონაყარიც მაიმუნის ყვავილისას ჰგავს.  ჰერპეს ზოსტერი არასასურველი მოვლენების სიაში ნამდვილად არის, თუმცა მას და მაიმუნის ყვავილს სხვადასხვა ვირუსი იწვევს. მაიმუნის ყვავილის (Monkeypox) ვირუსი ყვავილის (Smallpox) გამომწვევი ვარიოლას ვირუსის მსგავსია, ხოლო ჰერპეს ზოსტერი (იგივე Shingles) ვარიცელა-ზოსტერის (VZV) ვირუსითაა გამოწვეული.

მაიმუნის ყვავილი წყარო: who.int

 

ჰერპეს ზოსტერი წყარო: BIOPHOTO ASSOCIATES/SCIENCE PHOTO LIBRARY

აღსანიშნავია, რომ არასასურველი მოვლენა (adverse event) ჯანმრთელობის ნებისმიერი ისეთი პრობლემაა, რომელიც თავს ვაქცინაციის ან მედიკამენტის მიღების შემდეგ იჩენს და აუცილებელი არაა მას ვაქცინის ან მედიკამენტის გამოყენებასთან მიზეზობრივი კავშირი ჰქონდეს. 

ფაიზერის დოკუმენტი 2021 წლის 28 თებერვლის ჩათვლით მიღებული არასასურველი მოვლენების მონაცემებს მოიცავს და სულ 42,086 შეტყობინებაა ასახული. მონაცემების 65% ამერიკასა და დიდ ბრიტანეთში, უმეტესად VAERS-სა და ყვითელი ბარათის სისტემაზე დაყრდნობითაა შეგროვებული, რომელთა მონაცემები დამატებით შესწავლასა და გადამოწმებას საჭიროებს, რადგან მათში ინფორმაციის ასახვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

უშუალოდ დოკუმენტშიც ხაზგასმულია, რომ მოცემული არასასურველი მოვლენებზე დაგროვებული შეტყობინებები სულაც არ მიუთითებს იმაზე, რომ ისინი ვაქცინითაა გამოწვეული, შესაძლოა, ისინი ქრონიკულ დაავადებებთან, წარსულ სამედიცინო ისტორიასთან, მიღებულ მედიკამენტებთან და სხვა ფაქტორებთან იყოს დაკავშირებული.

2021 წლის 1 აპრილს ლანცეტში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, 2021 წლის 23 თებერვლიდან 31 ივლისის პერიოდში ფაიზერით ერთხელ და ორჯერადაც ვაქცინირებული 43 ადამიანი ჰერპეს ზოსტერით ჰოსპიტალში მოათავსეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰოსპიტალიზაციის სიხშირე 1 მილიონ დოზაზე 7.9% იყო, ხოლო სინოვაკით ვაქცინირებულებში 7.1%, ჰოსპიტალიზაციის საშუალო ხანგრძლივობა 4 დღე იყო. ნაშრომის დასკვნაში აღნიშნულია, რომ კვლევის მიგნებები ფაიზერითა და სინოვაკით ვაქცინაციის შემდეგ ჰერპეს ზოსტერით ჰოსპიტალიზაციის გაზრდილ რისკს აჩვენებს, თუმცა ვაქცინაციის შემდეგ ჰერპეს ზოსტერის განვითარების რისკი ძალიან დაბალი იყო და ვაქცინაციის დამცველობა და სარგებელი რისკებს აჭარბებს.

მაიმუნის ყვავილი ვირუსული ზოონოზური (ინფექცია, რომელიც ცხოველებიდან ადამიანზე გადადის) დაავადებაა, რომელიც ძირითადად ცენტრალური და დასავლეთი აფრიკის რაიონებში გვხვდება. მაიმუნის ყვავილს რომ კორონავირუსის ვაქცინასთან და ზოგადად კორონავირუსებთან კავშირი არ აქვს, ამას ისიც ადასტურებს, რომ მაიმუნის ყვავილი პირველად 1958 წელს აღმოაჩინეს, ადამიანის კორონავირუსების ტიპის ინფექცია – 1965 წელს. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები კი 2020 წლამდე არ არსებობდა.

მაიმუნის ყვავილთან დაკავშირებულ დეზინფორმაციებზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:

მტკიცება, თითქოს ორგანიზაცია ბირთვული საფრთხის ინიციატივამ (NTI) მაიმუნის ყვავილის პანდემია დაგეგმა, კონსპირაციაა. NTI-მ 2021 წლის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციისთვის დაგეგმილ სამაგიდო სავარჯიშო-სცენარში ჰიპოთეტური მაიმუნის ყვავილის პანდემია ნამდვილად გამოიყენა, თუმცა მისი მიზანი გლობალური ბიოუსაფრთხოებისა და პანდემიისადმი მზადყოფნის ხარვეზებსა და ბიოლოგიურ რისკებზე ცნობიერების ამაღლება იყო. მსგავსი ტიპის სავარჯიშოები ორგანიზაციას სხვა დროსაც დაუგეგმავს.

ერთ-ერთ პოსტს საინფორმაციო გამოშვების ვიდეოც ახლავს, რომელიც ასევე სავარჯიშოსთვისაა შექმნილი და მის მონაწილეებს თემაზე მსჯელობისთვის უჩვენეს.

დოკუმენტში სახელწოდებით “გლობალური სისტემების გაძლიერება მაღალი შედეგების სცენარის მიხედვით 2022 წლის 15 მაისს გამოგონილ ქვეყანა “ბრინიაში” მაიმუნის ყვავილის პანდემია იწყება. სავარჯიშოს ბოლოს მჟღავნდება, რომ თავდაპირველი აფეთქების მიზეზი “ბრინიას” მეზობელი ქვეყნის “არნიკას” ტერორისტული დაჯგუფების მიერ ლაბორატორიაში მომაკვდინებელი პათოგენის შექმნა და შემდეგ ბრინიას ეროვნული დღესასწაულის დროს გავრცელება გახდა.

NTI-ს გარშემო გავრცელებულ კონსპირაციულ მტკიცებებს თვითონ ორგანიზაცია გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში რამდენიმე ქვეყანაში მაიმუნის ყვავილის შემთხვევების დაფიქსირება, უბრალოდ დამთხვევაა და მათ სავარჯიშო სცენართან კავშირი არ აქვს. მათი თქმით, 2021 წლის კონფერენციის სამაგიდო სავარჯიშო გლობალური ბიოუსაფრთხოებისა და პანდემიისადმი მზადყოფნის ხარვეზებსა და ბიოლოგიურ რისკებზე ცნობიერების ამაღლებაზე იყო კონცენტრირებული. 

სცენარში აღწერილი დაავადება მაიმუნის ყვავილის ჰიპოთეტურ ინჟინირებულ შტამს ეხებოდა, რომელიც გაცილებით უფრო გადამდები და საშიში იყო, ვიდრე ამჟამად გავრცელებული მაიმუნის ყვავილი. სცენარის მიხედვით, შტამმა 18 თვეში 270 მილიონი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. რეალურად არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ამჟამად გავრცელებული მაიმუნის ყვავილი ინჟინერული პათოგენია ან იმ სისწრაფით შეიძლება გავრცელდეს, როგორც ეს სცენარში იყო მოცემული.

NTI-მ მსგავსი სავარჯიშო სცენარები 2022 მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზეც დაგეგმა, ამ შემთხვევაში მონაწილეებმა გამოგონილი ვირუსი, სახელად “Akhmeta” განიხილეს. 

  • ბილ გეიტსი 2021 წელს ჩუტყვავილაზე საუბრობდა და არა მაიმუნის ყვავილზე

მაიმუნის ყვავილის გავრცელების წინასწარ დაგეგმვა ბილ გეიტსსაც დაუკავშირეს, გეიტსმა 2021 წლის 4 ნოემბერს ჯერემი ჰანტთან ინტერვიუში მომავალი პანდემიების საფრთხეზე ნამდვილად ისაუბრა, თუმცა მას არ უთქვამს, რომ ახალი პანდემია მაიმუნის ყვავილის სახით მოგვევლინება. 

გეიტსმა აღნიშნა, რომ მთავრობებმა მილიარდები უნდა ჩადონ კვლევებში და ე.წ germ games-ს მეთოდით მომავალი პანდემიისთვის უნდა მოემზადონ. “Germ games” პანდემიის ჰიპოთეტური სცენარებით რეალური პანდემიისთვის პრაქტიკას გულისხმობს. გეიტსმა ჰიპოთეტური სცენარის ერთ-ერთ მაგალითად ბიოტერორისტის მიერ 10 აეროპორტში ჩუტყვავილას გავრცელება მოიყვანა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჩუტყვავილა და მაიმუნის ყვავილი სხვადასხვა ვირუსისგან გამოწვეული დაავადებებია.

  • აქამდე გავრცელებული კონსპირაციების მაიმუნის ყვავილთან დაკავშირება

მაიმუნის ყვავილს კორონავირუსის პანდემიის დროს და მანამდე გავრცელებული ძველ კონსპირაციებს უკავშირებენ, მათ შორისაა მოსახლეობის შემცირების გეგმის კონსპირაციაც, რომლის განხორციელების გზებად ფრიდონ ინჯიამ კორონავირუსის პანდემიის, ვაქცინაციისა და ომების გარდა, მაიმუნის ყვავილიც დაასახელა.

მოსახლეობის შემცირების კონსპირაციის ერთ-ერთი წყარო ბილ გეიტსის 2011 წლის ვიდეოა. CNN-თან ინტერვიუში გეიტსი ახალი ვაქცინების განვითარებაზე, არსებულის ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ოჯახის დაგეგმვის გზით მოსახლეობის ზრდის ტემპის შემცირებასა და სიღარიბის დაძლევაზე საუბრობდა. კონსპიროლოგები არგუმენტად რუსი პოლიტიკოსის, ჩუბაისის 2011 წლის ვიდეოსაც იყენებენ, რომელშიც მან მეოცე საუკუნის 70-იან წლებში მეცნიერულ წრეებში 21-ე საუკუნეში პლანეტის მოსახლეობის კლებასთან დაკავშირებით გაკეთებულ პესიმისტურ პროგნოზებზე ისაუბრა.

ამ თემაზე ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატია:

ასევე კონსპირაციაა ისიც, რომ დრონებით ტოქსიკურ ნივთიერებას –  პოლი-ჰექსა-მეთილ-გუანიდინის (PHMG) ავრცელებენ, რომელიც ადამიანებს მაიმუნის ყვავილით დააავადებს. ეს ნივთიერება ნამდვილად ტოქსიკურია, შესუნთქვისას ფილტვებს აზიანებს და ბრონქიოლებისა და ალვეოლების უჯრედების კვდომას იწვევს, თუმცა არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ მას დრონებით აფრქვევენ. ამასთან მაიმუნის ყვავილი ახლო ფიზიკური კონტაქტით ვრცელდება და ვირუსი ადამიანის სხეულში დაზიანებული კანიდან, რესპირატორული ტრაქტით, თვალის, ცხვირის ან პირის გავლით ხვდება.

პოლი-ჰექსა-მეთილ-გუანიდინის შესახებ აქამდე გავრცელებული დეზინფორმაციის შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატია:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist