1936-1938 წლებში იოსებ სტალინის ინიციატივით საბჭოთა კავშირში ე. წ. დიდი ტერორის კამპანია განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც ბელადის ბრძანებით დაახლოებით 750 000 პოლიტიკური ოპონენტი და საფრთხისშემცველი პიროვნება ან ციმბირში გადაასახლეს ან კი დახვრიტეს. მასობრივი ტერორით სტალინი მიზნად ისახავდა, რომ საკუთარი უპირობო ბელადობა შეენარჩუნებინა და ამასთანავე კომუნისტური პარტია უფრო მეტად ძლიერი და ერთიანი გამხდარიყო.
ხშირ შემთხვევაში დიდ ტერორს უდანაშაულო ადამიანები ეწირებოდნენ. მათი დანაშაულის შესახებ ყალბ დოკუმენტებს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი ამზადებდა. კომისარიატის წარმომადგენლები ხშირად ჩაუდენელი დანაშაულის თვითაღიარებას კონკრეტული პიროვნების მხრიდან წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შედეგად აღწევდნენ.
დახვრეტილები და მათი დახვრეტის ბრძანებები. ფოტო IDFI
დიდ ტერორს არა მხოლოდ კომუნისტური პარტიის არასანდო პირები შეეწირნენ, არამედ ის საზოგადო მოღვაწეებიც, მათ შორის, მწერლები, მხატვრები, რეჟისორები და სხვა დარგის ხელოვანები, რომლებიც თავიანთი საქმიანობით საბჭოთა რეჟიმს ებრძოდნენ. რეპრესიებს შეეწირნენ მიხეილ ჯავახიშვილი, ევგენი მიქელაძე, ტიციან ტაბიძე, სანდრო ახმეტელი, პეტრე ოცხელი, გიორგი ელიავა, ვახტანგ კოტეტიშვილი და სხვები.
სხვა რესპუბლიკებთან ერთად საბჭოთა ტერორი საქართველოშიც სასტიკად განხორციელდა და შედეგად ქვეყანამ მრავალი მნიშვნელოვანი პიროვნება დაკარგა.
- რეპრესირებული – 29051 ადამიანი
- დახვრეტილი – 14372 ადამიანი
- გადასახლებული – 14679 ადამიანი
რეპრესიების პერიოდში განსაკუთრებული როლი საბჭოთა მედიას (ძირითადად ბეჭდური მედია – გაზეთები) ჰქონდა. გაზეთებს (ახალგაზრდა კომუნისტი, ლიტერატურული საქართველო, კომუნისტი და სხვა) მიზნად ჰქონდათ დასახული, მოსახლეობისთვის აეხსნათ, თუ რატომ დახვრიტეს და გაანადგურეს კონკრეტული ადამიანები, რა საფრთხეს წარმოადგენდნენ ისინი საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური მომავლისთვის.
საბჭოთა მედია პირდაპირ ინდივიდუალურ შეტევებს ახორციელებდა კონკრეტულ განადგურებულ პირებზე და მათ სურათს მკითხველისთვის უკიდურესად უარყოფითად ხატავდა. ამ საქმეში გამორჩეული ერთ-ერთი გაზეთი “ლიტერატურული საქართველო” იყო, რომელსაც რეპრესირებული მწერლების პირდაპირ ძაგება ევალებოდა.
ამონარიდი ლიტერატურული საქართველოს 1937 წლის ნომრიდან
- საბჭოთა მედია მიხეილ ჯავახიშვილის შესახებ
იმ პერიოდში როდესაც საქართველოში მასობრივი რეპრესიები განხორციელდა ერთ-ერთი ყველაზე აქტიური გაზეთი, რომელიც რეპრესირებულ მწერლებს აძაგებდა “ლიტერატურული საქართველო” იყო. აღნიშნული ყოველკვიური გაზეთი საბჭოთა კავშირში ჯერ კიდევ 1931 წლიდან გამოდიოდა. ლიტერატურული საქართველოს გვერდებზე თავს იყრიდა სხვადასხვა საბჭოთა ლექსი, მწერლებთან და მწერლობასთან დაკავშირებული სიახლეები, რეპრესირებულთა განხილვები და საბჭოთა კავშირის მიღწევები.
ვინაიდან და რადგანაც მიხეილ ჯავახიშვილი საბჭოთა კავშირისთვის მისი საქმიანობისა და მწერლობის გამო ერთ-ერთ საფრთხისშემცველ ფიგურას წარმოადგენდა, ლიტერატურული საქართველოს გვერდებზე მისი დახვრეტის შემდგომ მრავალ პასაჟს ვხვდებით, სადაც მისგან მტრის ხატის შექმნა ხდებოდა.
მიხეილ ჯავახიშვილის დახვრეტის შესახებ. ხელმოწერა სტალინი
მიხეილ ჯავახიშვილი საბჭოთა ხელისუფლებამ 1937 წლის 30 სექტემბერს დახვრიტა. მას ბრალად კონტრრევოლუციური სამხედრო ორგანიზაციის წევრობა ედებოდა. რა თქმა უნდა, საბჭოთა ხელისუფლებამ დახვერტის შემდგომ მისი ცენზურაც დაიწყო და ეს პროცესი 1960-იან წლებამდე გაგრძელდა.
ჯერ კიდევ დახვრეტამდე, როდესაც უკვე მიხეილ ჯავახიშვილის საქმე განიხილებოდა, ლიტერატურულმა საქართველომ, კონკრეტულად ბესარიონ ჟღენტმა, მას ვრცელი სტატია მიუძღვნა, სადაც მისი პიროვნული ქმედებები და მწერლობა ძირეულად იყო გაკრიტიკებული და დაგმობილი.
ჯავახიშვილის მიმართ მიძღვნილ სტატიას “მოღალატური სიტყვა და საქმე” ეწოდა. პირველ ნაწილში ავტორი მწუხარებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ მიხეილ ჯავახიშვილი საბჭოთა კავშირის მტერთა ჯგუფებს შეურთდა:
ბესარიონ ჟღენტი: “ის გარემოება, რომ მიხეილ ჯავახიშვილი ჩვენი სამშობლოს და საბჭოთა ხალხის მოღალატეთა ბანდის, ჯაშუშებისა და დივერსანტების გარეწარი ხროვის მონაწილე აღმოჩნდა, უსაზღვრო ზიზღსა და აღშფოთებას იწვევს ყოველი საბჭოთა მწერლისა და მოქალაქის შეგნებაში.”
ლიტერატურული საქართველო N19, 1937 წლის 24 აგვისტო
შემდგომ ნაწილში საგაზეთო სტატია უკვე დეტალურ ბრალდებებზე გადადის და ამით ცდილობს, სსრკ-ის შემდგომი ნაბიჯები გაამართლოს. ბესარიონ ჟღენტი მიხეილ ჯავახიშვილის დანაშაულებრივ ქმედებებს ჯერ კიდევ საბჭოთა რევოლუციიდან აღწერს. სტატიის მიხედვით ჯავახიშვილი:
- მტრულად დაუხვდა საქართველოში პროლეტარული რევოლუციის გამარჯვებას;
- საბჭოთა კავშირის პირველივე წლებში აქტიურად ჩაერთო კონტრევოლუციურ საქმიანობაში;
- დაუპირისპირდა საბჭოთა მწერლობის მიზანს სოციალური პროპაგანდის შესახებ;
- ქმნიდა ცილისმწამებლური, დამახინჯებული, გაყალბებული, ვულგარული და პორნოგრაფიული ხასიათის ნაწარმოებებს.
ბრალდებების შემდგომ სტატია დეტალურად განიხილავს მიხეილ ჯავახიშვილის მწერლობას და მის ნაწარმოებებს. თითოეული ნაწარმოები საბჭოთა იდეოლოგიის გადმოსახედიდან არის გაკრიტიკებული და დაგმობილი. სტატიის ავტორი ცდილობს, რომ მკითხველი დააჯეროს, თუ რატომ არის კონკრეტული ნაწარმოები ხალხისთვის საფრთხისშემცველი.
ციტატები სტატიიდან სხვადასხვა ნაწარმოების შესახებ
ნაწარმოები |
ციტატა |
კვაჭი კვაჭანტირაძე |
“ეს ნაწარმოები ავანტიურიზმის, თაღლითობის, მატყუარობისა და თვალთმაქცობის გაშიშვლებული აპოლოგიაა… ამ თვისებებით აღჭურვილი კვაჭი კვაჭანტირაძე იმგვარი სიმპატიით გამოხატა, რომ არავისათვის საეჭვო არ იყო ავტორის სულიერი ნათესაობა და სრული მსგავსება საკუთარი ავანტიურისტულ-თაღლითური ფანტაზიის ამ ნაყოფთან” |
ჯაყოს ხიზნები |
“სავსებით ყალბად და დამახინჯებულად არის გამოხატული საქართველოში პროლეტარული რევოლუციის გამარჯვების პირველი წლების საზოგადროებრივი ვითარება” |
მუსუსი, პატარა დედაკაცი, ოქროს კბილი |
“ამ “ნაწარმოებთა” ერთად-ერთ “დანიშნულებას” შეადგენდა საბჭოთა ხალხის მორალური შეგნების შებღალვა. ამ “მოთხრობებით” მწერლის ნიღაბში დამალული კლასობრივი მტერი სცდილობდა, გამოეთიშა მკითხველის აზრი და გრძნობა ჯანსაღი სოციალური იდეების სფეროდან და მოედუნებია მისი შემოქმედებითი უნარიანობა” |
თეთრი საყელო |
“თავისი იდეური შინაარსით კულტურისა და ცივილიზაციის წინააღმდეგ მებრძოლ ნაწარმოებს წარმოადგენს და ამ მხრივ სავსებით ენათესავება სისხლიანი ფაშიზმის რეაქციულ ლოზუნგს: “უკან, პრიმიტივისაკენ” |
გივი შადური |
“თავიდან ბოლომდე აშკარა და პირდაპირი კონტრრევოლუციური თვალსაზრისით გამსჭვალული ნაწარმოებია” |
დამპატიჟე |
“კონტრრევოლუციური კლასების ლიტერატურულმა აგენტმა სასწრაფოდ შესთითხნა ცილისმწამებლური პასკვილური “მოთხრობა” |
ცხრა ქალწული |
“საზიზღარ ცილისწამებას წარმოადგენს საბჭოთა ადამიანის მორალზე და ოჯახური საყოფაცხოვრებო ურთიერთობის იმ სისტემაზე, რომელიც ყალიბდება სოციალისტური საზოგადოების წიაღში” |
სტატია ლავრენტი ბერიას (რომელსაც ჯავახიშვილის წამებაში დიდი წვლილი მიუძღვის) მუქარით სრულდება:
„არავის ნებას არ მივცემთ ითვალთმაქცოს, ქართველი ხალხი მოატყუოს და საბჭოთა მწერლის ან მხატვრის მაღალი სახელწოდების ამოფარებით, აკეთოს თავისი შავი საქმე ხალხის მტრებთან ერთად”
- ლიტერატურული საქართველო ტიციან ტაბიძის წინააღმდეგ
1937 წლის სტატიები არანაკლებ კრიტიკული იყო პოეტ ტიციან ტაბიძის მიმართ, რომელიც საბჭოთა ხელისუფლებამ ასევე დახვრიტა ან, სხვა ვერსიით, ციმბირის გზაზე თოვლიან ქარბუქში მატარებლიდან ჩამოაგდო. საბჭოთა ხელისუფლებამ ტიციანსაც ანტისაბჭოთა ქმედებებში მონაწილეობა დასდო ბრალად.
ტიციან ტაბიძის ბრალდებისა და დახვრეტის პროტოკოლი
1937 წლის 30 სექტემბერს, ტიციან ტაბიძის დახვრეტამდე ორი თვით ადრე, ლიტერატურულმა საქართველომ, კერძოდ გიორგი ნატროშვილმა, მის წინააღმდეგ მიმართული მოკლე სტატია გამოაქვეყნა, სადაც პოეტი სხვადასხვა ფორმით იყო გაკრიტიკებული. სტატიას ავტორმა “პოლიტიკური გახრწნის ჭაობში” უწოდა.
უპირველეს ყოვლისა, ავტორი მკითხველში ტიციანის, როგორც პოეტის მიმართ უარყოფითი განწყობის გაჩენას ცდილობს. ის ახასიათებს მას როგორც უნიჭო პოეტს, რომელსაც:
გიორგი ნატროშვილი: “მთელი წლების მანძილზე თავის პოეზიაში გადაიღო ყველაფერი ის, რაც ოდესმე დალპა და გაიხრწნა ბურჟუაზიული ლიტერატურის ისტორიაში. რეტროგრადული სიბნელით, საშუალო საუკუნოებრივი თილისმებით და მისტიკური ბნედიანობის შხამით მოწამლულია უდიდესი ნაწილი მისი ლექსებისა.”
ტიციან ტაბიძის წინააღმდეგ მომზადებული სტატია. ლიტერატურული საქართველო 1937
ამასთანავე სტატიის ავტორი ტიციანს ინდივიდუალურ “ბრალდებებს” უყენებს. ტექსტში აღნიშნულია, რომ ტიციანი და მისი პოეზია გამოკვეთილი რელიგიურობით გამოირჩევა. ამასთანავე, ავტორი აბსურდულ ბრალდებებზეც წერს და აღნიშნავს, რომ ტაბიძე ჩვეულებრივი რელიგიით არ დაკმაყოფილდა და მის უკიდურეს ფორმასა და გამოხატულებას – შავ მაგიას მიჰყო ხელი.
გიორგი ნატროშვილი: “რა კულტურაზე შეიძლება ლაპარაკი როცა ხსენებულ პოეტს თავისი შთაგონების მთავარ წყაროდ შავი მაგია მიუჩნევია. ეს ხომ რელიგიური ფანატიზმის ყველაზე უფრო ბარბაროსული სახეა.”
საბოლოო სიტყვაში სტატიის ავტორი ზოგადად სიმბოლიზმს აკრიტიკებს და მიიჩნევს, რომ ლიტერატურის ეს ფორმა სწორედ კონტრრევოლუციური საქმიანობისთვის გამოიყენებოდა.
- მწერლები “მწერლებისა” და დახვრეტილების წინააღმდეგ
1936-1938 წლებში გაზეთმა ლიტერატურულმა საქართველომ მრავალი ისეთი სტატია გამოაქვეყნა, სადაც საბჭოთა იდეოლოგიას შეგუებული მწერლები და ძირითადად მწერალთა კავშირის წევრები დახვრეტილ და რეპრესირებულ პირებს გმობდნენ. აღსანიშნავია, რომ ასეთი პროცესები უშუალოდ მწერალთა კავშირის სხდომაზე მიმდინარეობდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში მრავალი წერილი იწერებოდა სხვადასხვა პირის მიერ, რომ რეპრესირებულებს სასჯელი შემსუბუქებოდათ, მწერალთა კავშირის წევრებს ამის საწინააღდმეგოდ რეპრესირებულთა და დახვრეტილთა ძაგება ევალებოდა. საბჭოთა მედია ამ შემთხვევაში მხოლოდ მწერალთა კავშირის სხდომაზე მომხდარს ასახავდა და მას დამატებითი ამბების შეთხზვა არ ესაჭიროებოდა.
წერილები რეპრესირებულთა შეწყალების თაობაზე. საქართველოს ეროვნული არქივი
ამ ტიპის სტატიები საკმაოდ ემოციური ხასიათის იყო. აღწერდა თითოეული მწერლის გამოსვლას მწერალთა კავშირის სხდომაზე, სადაც ისინი რეპრესირებულებს სხვადასხვა სახის ბრალდებებს უყენებდნენ. ეს ერთგვარი ვალდებულება იყო, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩ მწერლებს იგივე ბედი ან მწერალთა კავშირიდან გარიცხვა ელოდათ.
ლიტერატურული საქართველო მკითხველს მწერალთა კავშირიდან მწერლების გარიცხვის შესახებ ამცნობს
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მწერლები არა მხოლოდ ლიტერატურის დარგში მოღვაწე ადამიანებს აკრიტიკებდნენ, არამედ ზოგადად ყველა იმ პირს, რომლებსაც ბრალად სახელმწიფოში ანტიტერორისტულ, პროკაპიტალისტურ, ანტისოციალისტურ, ტროცკისტულ საქმიანობაში ჩართვა ედებოდათ.
“გაუგონარ ბოროტმოქმედაბათა ორგანიზატორები” – ასე ეწოდებოდა ერთ-ერთ სტატიას, რომელიც 1937 წლის იანვარში გამოქვეყნდა. როგორც ავტორი გვიყვება, მწერალთა კავშირში მწერლები მღელვარე და მშფოთვარე მდგომარეობაში შეიკრიბნენ. თავდაპირველად მათ გააკრიტიკეს სსრკ-ის მოწინააღმდეგეები, შემდეგ კი იოსებ სტალინისა და ლავრიენტი ბერიას მიმართ ხოტბის შესხმა დაიწყეს. ხშირ შემთხვევაში, ლიტერატურული საქართველოს თანახმად, შეკრებები ლავრენტი ბერიას მისამართით გამოცემული მიმართვებით სრულდებოდა.
“კრების დასასრულს ერთხმად მქუხარე ტაშის ცემით და ფეხზა ადგომით მიღებულ იქნა საქართველოს საბჭოთა მწერლების მიმართვა ამხ. ლავრენტი ბერიასადმი”
საგულისხმოა, რომ ამ მიმართვებს ხშირად ის პირებიც აწერდნენ ხელს, რომლებიც შემდგომში დაიხვრიტნენ (მიხეილ ჯავახიშვილი, ტიციან ტაბიძე), თუმცა მიუხედავად მათი საქმიანობისა, საბჭოთა მედია მათ არ აკრიტიკებდა. პრობლემა მათ მიმართ მხოლოდ მაშინ ჩნდებოდა, როდესაც ისინი სახელმწიფოს მიერ დაკითხვაზე იქნებოდნენ დაბარებული.
შალვა დადიანის მიმართვა სახელმწიფოს მტრების შესახებ
ალიო მაშაშვილის მიმართვა სახელმწიფოს მტრების შესახებ
ლიტერატურული საქართველო აღიარებდა, რომ ანტისაბჭოთა მოქმედება ბევრ ორგანოში არსებობდა და მათ შორის მათ რიგებშიც (ლიტერატურა, ხელოვნება), შესაბამისად საჭირო იყო ამ ბოროტმოქმედების დაგმობა, რომლებიც პოპულარობის მიზნით საბჭოთა მწერლის სტატუსს ეფარებოდნენ.
ერთ-ერთ სტატიაში რედაქცია მწერალთა კავშირის მაშინ უკვე ყოფილ თავმჯდომარეს მალაქია ტოროშელიძეს აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ სწორედ ის ცდილობდა ორგანიზაციის სრულ მიტაცებას და მწერლობის მტრული მიზნისთვის გამოყენებას:
“ხალხის დაუძინებელი მტრების თავხედობა იქამდე მიდიოდა, რომ სცადეს კიდეც ხელში ჩაეგდოთ მთელი ორგანიზაციის ხელმძღვანელობა. ამის მაგალითს ჩვენს ორგანიზაციაში წარმოადგენდა მ. ტოროშელიძე, რომელიც ორი წლის განმავლობაში სათავეში ედგა მწერალთა კავშირს. კონტრრევოლუციური თვალთმაქცობის და მავნებლობის ეს გაკოტრებული “ოსტატი” დიდხანს სწამლავდა ქართული საბჭოთა მწერლობის ატმოსფერას.”
ამასთანავე, სტატია ტოროშელიძის საქმიანობას თითქმის ყველა ტექნიკურ დეტალში აკრიტიკებდა და აღნიშნავდა, რომ მისი მუშაობის სტილი არ იყო შედეგიანი და წარმატებული. ავტორი მწერლებს მოუწოდებდა, რომ მათ ხმა უნდა აემაღლათ ანტისაბჭოთა ნაციონალისტური მოქმდებების წინააღმდეგ და მათი რიგებიდან გაერიცხათ ყველა “შოვინიზმით და ზოოლოგიური ნაციონალიზმის სენით” შეპყრობილი.
- ლიტერატურული საქართველო სამაგალითო მწერლების შესახებ
საბჭოთა მედია არა მხოლოდ გმობდა კონკრეტულ პირებს, არამედ წერდა იმის შესახებაც, თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი საბჭოთა მოღვაწე და როგორი საქმიანობა უნდა ახასიათებდეს მას.
მაგალითად ერთ-ერთ სტატიაში, რომლის პირველ ნაწილშიც გაკრიტიკებულია კაპიტალისტური სამყაროს სხვადასხვა ტერორისტი ჯაშუში, მეორე ნაწილში ვხვდებით იდეალური მწერლის დახასიათებას.
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ “ყოველი საბჭოთა მოქალაქე, მით უმეტეს მწერალი, უნდა აღიჭურვოს უნარით, გამოიცნოს მტერი, რა სახითაც არ უნდა იყოს იგი შენიღბული”
ზოგიერთ სტატიაში პირდაპირ იყო აღნიშნული, რომ საბჭოთა მწერლობა არ უნდა ყოფილიყო დაყვანილი მწერლის პირად ემოციებზე, არამედ მას ყველა შემთხვევაში საბჭოთა იდეებზე უნდა დაეფუძნებინა ნაწარმოების აზრი და შინაარსი. ლიტერატურული საქართველოს 1937 წლის მაისის ნომერში გაკრიტიკებულია ყველა ის ნაშრომი, რომელიც ამას არ ასახავს.
“ჩვენი კავშირის ზოგიერთ წევრს არა აქვს მტკიცე იდეური საყრდენი, აქ მთელი სიმწვავით დგება ყოველი საბჭოთა მწერლის მიერ თავისი შემოქმედების მტკიცე მსოფლმხედველობრივ საფუძველზე დამყარების აუცილებლობა”
საბჭოთა კავშირი მწერლობას საბრძოლო ფრონტად, ხოლო მწერლებს მებრძოლებად განიხილავდა, რომლებსაც საბჭოთა იდეების გავრცელებასა და მათდამი ხოტბის შესხმაში მნიშვნელოვანი წვლილი უნდა შეეტანათ. მწერლებზე გამოქვეყნებულ სტატიებში ხშირად ვხვდებით ტერმინებს: “ფრონტი”, “მებრძოლი”, “საბრძოლო ენთუზიაზმი”, “სამხედრო-თავდაცვითი მწერლობა” და ა. შ.