ლგბტ თემის შესახებ საქართველოში ყველაზე გავრცელებული მითები

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

shutterstock_1111042631 - Copy (1)
3.4k
VIEWS

ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანები (ლგბტ) ერთ-ერთი ყველაზე დისკრიმინირებული ჯგუფია საქართველოში. 2016 წლის Pew Research ცენტრის კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 93%-ს მიაჩნია, რომ საზოგადოებამ ჰომოსექსუალობა არ უნდა მიიღოს. 2018 წელს ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)-ის გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ლგბტ ჯგუფის უფლებების დაცვა მნიშვნელოვნად რესპონდენტთა მხოლოდ 24%-ს მიაჩნია მაშინ, როცა  44% ფიქრობს, რომ ეს საკითხი მნიშვნელოვანი არ არის, ხოლო 26% ნეიტრალურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

სექსუალური უმცირესობების მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას საქართველოში რამდენიმე ძლიერი მითი ამყარებს. ზოგადად, ეს მითები უფრო ფართო ნარატივის ნაწილია, რომელიც ამტკიცებს, რომ ჰომოსექსუალობა დასავლური კონსპირაციაა. ის ამტკიცებს, რომ ადამიანის უფლებების ნიღაბს ამოფარებული დასავლური ჯგუფები ქართული ტრადიციების დანგრევას ცდილობენ. ბოლო წლების მანძილზე ეს მითები მთვარ პროპაგანდისტულ თემად იქცა ნაციონალისტური, პრო-რუსული და ულტრა-მართლმადიდებელი ჯგუფებისთვის, როგორიც არის ქართული მარში და მასთან დაკავშირებული ფეისბუკ გვერდი ALT-INFO. ამ მითებს და მასთან დაკავშირებულ ყალბ ამბებს ბევრი ქართული და რუსული მედია საშუალებები მუდმივად ავრცელებენ. “მითების დეტექტორი” ყველაზე გავრცელებული ასეთი მითების იდენტიფიცირებას ახდენს.

მითი 1. გეობა ცხოვრების წესის ინდივიდუალური არჩევანია 

ლესბოსელებისა და გეების მიმართ ადამიანის წინასწარგანწყობებს დიდად განსაზღვრავს პასუხი შემდეგ შეკითხვაზე: ადამიანები ლესბოსელებად და გეებად იბადებიან თუ ისინი ამ გარყვნილ და არბუნებრივ “ცხოვრების წესს” ტავად ირჩევენ? ბოლო პერიოდში, რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ ხალხი, რომელსაც მიაჩნდა, რომ ადამიანი გეიდ ან ლესბოსელად იბადება, ჰომოსექსუალების უფლებების მიმართ მეტ მხარდაჭერას გამოხატავდნენ, ვიდრე დანარჩენები. ასეა საქართველოს შემთხვევაშიც. ქალების ინიციატივის მხარდაჭერის ჯგუფის (WISG) კვლევის “წინასწარგანწყობიდან თანასწორობამდე” თანახმად: “მათ, ვისაც სჯერა, რომ ჰომოსექსუალობა ბიოლოგიური ფაქტორებით არის განპირობებული, ჰომოფობიურ შკალაზე დაბალი შედეგები აქვთ”.

თუმცა, ჰომოსექსუალობა, რა თქმა უნდა, ცხოვრების წესთან და არჩევანთან დაკავშირებული არ არის. ბიოლოგებმა ჰომოსექსუალობა 450-ზე მეტ სახეობაში შეისწავლეს და ამტკიცებენ, რომ ის არაბუნებრივი არჩევანი სულაც არ არის. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ინდივიდუალური სექსუალური ორიენტაცია კომპლექსურია და ერთდროულად განპირობებულია  გენეტიკური, ჰორმონული და გარემო ფაქტორებით. თუმცა, ამო მოვლენის მიზეზების ამხსნელ ფაქტორებს შორის ბიოლოგიური თეორიები ყველაზე მეტი მხარდაჭერით სარგებლობს.

მითი 2. ჰომოსექსუალობა “გეი პროპაგანდის” შედეგია

2019 წლის ნოემბერში ქართულმა ულტრა-მემარჯვენე ჯგუფებმა  ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” თბილისში დაგეგმილი პრემიერის წინააღმდეგ მობილიზება მოახდინეს, ფილმი შვედურ-ქართული პროექტია და გეი მოცეკვავეზე გვიამბობს. სანდრო ბრეგაძემ, ულტრა-კონსერვატორული ქართული მარშის ლიდერმა, ფილმი როგორც “ჰომოსექსუალური პროპაგანდა” დაგმო და განაცხადა, რომ ყველა, ვინც მის სანახავად აპირებდა წასვლას “გეია, ან უნდა რომ გეი იყოს”. რამდენიმე თვით ადრე “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებს ბიზნესენმა ლევან ვასაძემ “გარყვნილების პროპაგანდისტები” უწოდა.

ეს ორი ეპიზოდი საქართველოში საკმაოდ გავრცელებულ ნარატივის ილუსტრაციაა: ჰომოფობიური ჯგუფები ჰომოსექსუალობას გარკვეულწილად ინფექციურ დაავადებად მიიჩნევენ, რომელიც შესაძლოა, ჰომოსექსუალი აქტივისტების საშუალებით გავრცელდეს, ძირითადად უცხოეთიდან ჩამოსულის, რომლებიც ქართული ღირებულებების განადგურებას ისახავენ მიზნად. გამოკითხვებს მარტივად შეუძლიათ გაამყარონ ეს დამოკიდებულება: კვლევის “წინასწარგანწყობიდან თანასწორობამდე” მიხედვით, ქართველების 57,2% სრულიად ან გარკვეულწილად ეთანხმება, რომ “საქართველოში მცხოვრებმა ჰომოსექსუალებმა ორიენტაცია დასავლური ტენდენციების გავლენით შეიცვალეს”.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჰომოსექსუალობა არ არის დაკავშირებული პროპაგანდასთან და ცხოვრების წესთან, ის გენეტიკის, ჰორმონების და გარემოს ფაქტორებოს კომპლექსური ურთიერთქმედების შედეგია. ეროვნული და საერთაშორისო ლგბტ უფლებების დამცველი ორგანიზაციები ჰომოსექსუალობას კი არ ავრცელებენ, არამედ ცდილობენ, რომ საზოგადოების მიმღებლობა არსებული სექსუალური უმცირესობების  მიმართ, გაზარდონ.

მითი 3: ევროკავშირში გასაწევრიანებლად საქართველომ ერთი სქესის პირთა  ქორწინება უნდა დააკანონოს

ეს მითი ერთ-ერთი “უძველესი” ჰომოფობიური მითია და ქართულ მედიაში 1999-2003 წლებში გამოჩნდა. ბევრი დღემდე ფიქრობს, რომ ევროინტეგრაცია მჭიდროდ არის დაკავშირებული გეი ქორწინების ლეგალიზაციასთან და გეი წყვილებისათვის ბავშვის აყვანის უფლების მინიჭების დაკანონებასთან. თუმცა, გეი ქორწინების აღიარების საკითხი ევროკავშირს  წევრ ან წევრობის კანდიდატ ქვეყნებთან არასოდეს განუხილავს. რეალურად, ევროკავშირში ბევრი ქვეყნაა, სადაც ერთი სქესის პირთა ქორწინება დაშვებული არ არის, მაგალითად, სლოვენია, კვიპროსი და საბერძნეთი. როგორც “მითების დეტექტორის” სტატიაშია აღნიშნული, ევროკავშირის მმართველი ორგანოების და ევროკავშირის წევრი ქვეყნების კომპეტენციები ერთმანეთისგან გამიჯნულია. წევრ სახელმწიფოთა მთავრობები დამოუკიდებლად წყვეტენ ქორწინებასა და საოჯახო სამართალთან დაკავშირებულ საკითხებს.

მიუხედავად ამისა, 2017 წელს საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანით გეი ქორწინების “საფრთხე” აღეკვეთა. ძველ კონსტიტუციაში ვკითხულობთ, რომ ქორწინება “ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას”, თუმცა ის მეუღლეების სქესს არ აკონკრეტებდა. კონსტიტუციის ახალ ვერსიაში ქორწინება განისაზღვრა, როგორც “ქალისა და მამაკაცის კავშირი”.

მითი 4: ლგბტ პირები ქართულ ტრადიციებს ანადგურებენ

ბევრ ქართველს ეშინია, რომ ჰომოსექსუალების რაოდენობა გაიზრდება, თუ საზოგადოება ჰეტეროსექსუალობას, როგორც ურთიერთობის ერთადერღ სწორ ფორმას, არ დაიცავს (იხილეთ საკონსტიტუციო აკრძალვა ერთსქესიანთა ქორწინებაზე). უფრო მეტიც, ისინი ამტკიცებენ, რომ ევროპისა და საქართევლოს დემოგრაფიულ კრიზისში გეები არიან დამნაშავეები, მათ მიერ “შვილებზე უარის თქმისა” და “არაჯანსაღი ცხოვრების წესის “გამო. თუმცა, დემოგრაფიული კრიზისი სხვადასხვა ფაქტორებითაა განპირობებული, მათ შორის არის მოსახლეობის დემოგრაფიული დაბერება.

ქართული კულტურისა და ტრადიციების განადგურების ნარატივი  ფილმთან “და ჩვენ ვიცეკვეთ” დაკავშირებით განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებში კარგად გამოჩნდა. ტვ პირველთან ინტერვიუში ანდრია ჯაღმაიძემ, საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, განაცხადა: “[ფილმი] არის კიდევ ერთი მცდელობა, რომ დააზიანოს ქართული, ქრისტიანული ღირებულებები.”

ასე რომ, ჰომოფობიური შეხედულებების მქონე ჯგუფებს სურთ, რომ ლგბტ ჯგუფების ნებისმიერი დემონსტრაცია და შეკრება აკრძალონ. მაგალითად, საქართველოს საპატრიარქომ 2019 წლის ივნისის თბილისის პრაიდს “სრულიად მიუღებელი” და “სოდომური ცოდვა” უწოდა და ხელისუფლებას მოუწოდა, არ დაეშვა მისი ჩატარება. საპატრიარქოს განცხადებაში ნათქვამი იყო: “ ცხოვრების წესი, რომლსაც LGBT პირები ეწევიან, სოდომურ ცოდვას წარმოადგენს და ამდენად ეწინააღმდეგება როგორც ქრისტიანულ სარწმუნოებას და ტრადიციული რელიგიების მოძღვრებებს, ისე ზოგადად მორალურ ღირებულებებს”. თუმცა, ქრისტიანული ღირებულებები და ჰომოსექსუალობა ერთმანთს ფუნდამენტურად არ ეწინააღმდეგება. ბევრი ქრისტიანული დენომინაცია ლგბტ საკითხის მიმართ მეგობრულად არის განწყობილი, მათ შორის, ინგლისის ეკლესია და ამერიკის ეროვნული კათოლიკური ეკლესია.

მითი 5: ევროპული და ამერიკული ყოველდღიურობა ლგბტ თემის მიმღებლობის გამო ქაოსს განიცდის

ჰომოფობიური ჯგუფები პერიოდულად ყალბ ინფორმაციებს ავრცელებენ, რომლებიც ლიბერალური და ლგბტ საკითხებისათმი დადებითად განწყობილი პოლიტიკის გამო დასავლური ქვეყნების ნეგატიურად წარმოაჩენენ. მაგალითად, 2018 წელს ქართულმა ვებ-გვერდმა Geworld-მა გამოაქვეყნა სტატია, სათაურით: ,,ევროპული საშინელება: ბავშვებს მშობლებს ართმევენ და აღსაზრდელად საგანგებო ბანაკებში გზავნიან”. სტატია ამტკიცებს, რომ ნიდერლანდებში მიღებულია კანონი, რომლის მიხედვითაც, ლგბტ თემის მიმართ შეუწყნარებელი დამოკიდებულების გამო ადამიანებს აჯარიმებენ და მშობლის უფლებას ართმევენ. როგორც “მითების დეტექტორმა” დაწერა, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ის სატირულმა ონლაინ გამოცემამ გამოიგონა.

ამ ნარატივის ილუსტრირებაა კიდევ ორი მაგალითი: 2019 წელს ფეისბუკში ვიდეო გავრცელდა, სადაც ეპისკოპოსი სპირიდონ აბულაძე ამბობდა, რომ ამერიკულ ქვეყნებში ინცესტი ლეგალიზებულია. ეს განცხადება ცალსახად დეზინფორმაციულია, რადგან ყველაზე მკაცრად ინცესტი აშშ-ში ისჯება (იხილეთ  ამ თემაზემითების დეტექტორის სტატია). 2016 წელს Geworld-მა  გამოაქვეყნა სტატია, სათაურით: “ალიგატორის გაუპატიურების მცდელობისას ახალგაზრდა სხვა ალიგატორმა შეჭამა”. მასალის მიხედვით, 4 წლის ჯიმი ოლსენი ახალდაბადებლი ალიგატორის გაუპატიურების მცდელობისას მოზრდილმა ალიგატორმა შეჭამა. მითების დეტექტორმა გამოავლინა, რომ ეს სტატიაც დეზინფორმაციაა და რამდენიმე ტყუილს შეიცავს.

ქართული ულტრა-მემარჯვენე ჯგუფები გეი თემატიკაზე ფილმის პრემიერას აპროტესტებენ

“და ჩვენ ვიცეკვეთ”- ფილმის ტრეილერი

შტატგარეშე ჟურნალისტი სპეციალურად “მითების დეტექტორისთვის”
სტატია პროექტის #FIGHTFAKE-ის ფარგლებში მომზადდა, რომელსაც MDF-ი მის პარტნიორ ორგანიზაცია Deutsche Gesellschaft e.V.-თან ერთად ახორციელებს

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist