ლევან ვასაძის 3 მანიპულაცია ნატოს გაფართოებაზე, ჩეჩნეთსა და რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებებზე

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

206
VIEWS

24 თებერვალს “ერი მედიის” გადაცემაში “ამიერ-იმიერი” (1,2) ლევან ვასაძემ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების მიზეზებზე ისაუბრა. ვასაძის მტკიცებით, ამ ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო იმ პირობით, თუ დასავლეთი შეასრულებდა 25-27 წლით ადრე გაცემულ დაპირებას, რომლის მიხედვითაც, საბჭოთა კავშირის დაშლის შემთხვევაში, ნატო აღმოსავლეთით “არც ერთი დუიმითაც” არ გაფართოვდებოდა. ვასაძის მტკიცებით, ეს დაპირება ჯეიმს ბეიკერმა ედუარდ შევარდნაძეს, რონალდ რეიგანმა კი მიხეილ გორბაჩოვს მისცა. 

ვასაძემ რუსულ-ქართულ ურთიერთობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა ორ ქვეყანას შორის პირდაპირი დიალოგი აკრძალა. გარდა ამისა, ამავე ინტერვიუში ვასაძემ აღნიშნა, რომ ჩვენ შეიძლება რამზან კადიროვს მოღალატე ვუწოდოთ, მაგრამ თავად გვეტყვის, რომ აღმშენებელია, რაზეც სკოლების სილამაზე და ხარისხი, საავადმყოფოებისა და ქარხნების ხარისხი მეტყველებს.

Screenshot 5 ლევან ვასაძის 3 მანიპულაცია ნატოს გაფართოებაზე, ჩეჩნეთსა და რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებებზე

ინტერვიუში ლევან ვასაძე 3 მანიპულაციურ მტკიცებას აჟღერებს: 1) დაპირებები, რომლებიც დასავლელმა ლიდერებმა მიხეილ გორბაჩოვთან მოლაპარაკებებზე გაახმოვანეს, ნატოს სამხედრო სტრუქტურებისა და შეიარაღებული ძალების გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მიწაზე გამოჩენას ეხებოდა და არა ორგანიზაციაში ახალი წევრების მიღებას. 2) რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი დიალოგი აშშ-ს არ აუკრძალავს; ერთი მხრივ, არსებობს ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის მოლაპარაკებების ფორმატი, რომელიც 2012 წელს ორმხრივი ურთიერთობების სხვადასხვა საკითხის მოსაგვარებლად დაინერგა, მეორე მხრივ, კი 2008 წელს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი შეიქმნა, სადაც რუსეთი მხარედ არის წარმოდგენილი. ჟენევის ფორმატის უპირატესობას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ის არ აძლევს რუსეთს საშუალებას, ვითარება ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს შორის კონფლიქტად წარმოაჩინოს, სადაც თვითონ მხოლოდ მედიატორის როლი აქვს. 3) ჩეჩნეთს მნიშვნელოვანი ეკონომიკური წინსვლა არ განუცდია და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების ფაქტებით ხასიათდება.

მტკიცება იმის შესახებ, რომ არსებობდა დაპირება, რომლის მიხედვითაც, ნატო აღმოსავლეთით არ გავრცელდებოდა, შემდეგ კი ნატოს გაფართოებით ეს დაპირება დაირღვა, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნარატივია, რომლითაც რუსული მხარე ჯერ საქართველოში, შემდეგ კი უკრაინაში შეჭრის გამართლებას ცდილობდა. 

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ნატოს ლიდერებს ტყუილსა და ღალატში ხშირად ადანაშაულებს. პუტინის მტკიცებით, 1990-იან წლებში, გერმანიის გაერთიანების ირგვლივ წარმოებული მოლაპარაკებების დროს, ნატოს მაღალჩინოსნები მიხეილ გორბაჩოვს დაპირდნენ, რომ ორგანიზაცია ერთი ინჩითაც კი არ გაფართოვდებოდა აღმოსავლეთით. უფრო კონკრეტულად, ამ პირობის გამცემად რუსეთის პრეზიდენტი ამერიკის ყოფილ სახელმწიფო მდივანს ჯეიმს ბეიკერს ასახელებს. 

ჯეიმს ბეიკერს ნატოს გაფართოების შესახებ გაცემული პირობის ავტორად ლევან ვასაძეც ასახელებს, თუმცა იმ განსხვავებით, რომ ვასაძის მიხედვით ეს დაპირება ბეიკერმა ედუარდ შევარდნაძესთან გააკეთა. 

1989 წლის 9 ნოემბერს ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ დასავლეთსა და საბჭოთა კავშირს შორის გერმანიის შესაძლო გაერთიანების შესახებ დაიწყო მოლაპარაკებები. ჯორჯ ბუშ უფროსის ადმინისტრაციას სურდა ერთიანი გერმანია ნატოს შემადგენლობაში შესულიყო, თუმცა საბჭოთა კავშირის მხარეს უსაფრთხოების საკითხზე გარკვეული შეშფოთება გააჩნდა. 1990 წლის 31 იანვარს დასავლეთ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰანს-დიტრიხ გენშერმა განაცხადა, რომ ნატო აღმოსავლეთით, ანუ საბჭოთა კავშირის საზღვრებთან უფრო ახლოს არ გაფართოვდებოდა. თუმცა, მისი განცხადება ნატოს სამხედრო ძალების აღმოსავლეთ გერმანიის ტერიტორიაზე განლაგებას ეხებოდა და არა სამომავლოდ ალიანსში ახალი ქვეყნების შეყვანის შესაძლებლობას. 

ამავე წლის 9 თებერვალს მოსკოვში ვიზიტისას ჯეიმს ბეიკერმა გორბაჩოვთან გერმანიის მომავალზე საუბრის კონტექსტში განაცხადა, რომ ნატოს იურისდიქცია, ან ძალები აღმოსავლეთით ერთი დუიმითაც კი არ გადაადგილდებოდნენ. თუმცა, მოგვიანებით ბეიკერმა ეს ფორმულირება შეცვალა, რადგან ბუშის ადმინისტრაციის აზრით, სიტყვა “იურისდიქცია” აჩენდა იმის განცდას, რომ გერმანიის გაერთიანების შემდეგ ნატოს კოლექტიური თავდაცვის დოქტრინა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილზე არ გავრცელდებოდა, რაც გერმანიის სუვერენიტეტს აზიანებდა. ამის შემდეგ, ოფიციალური ინფორმაციით,  ბეიკერს მსგავსი პირობა გორბაჩოვთან არ გაუჟღერებია, და სახელმწიფო მდივნის მიხედვით, მსგავსი მოთხოვნა არც საბჭოთა კავშირის ლიდერის მხრიდან დასმულა.  

საბოლოო შეთანხმება, რომელსაც ხელი 1990 წლის 12 სექტემბერს მოეწერა, მხოლოდ გერმანიის საკითხს ეხება და მასში ჩანაწერი ნატოს მომავალი გაფართოების შესახებ არ არსებობს. ხელშეკრულებაში “გერმანიის საკითხის საბოლოოდ მოგვარების შესახებ” (ასევე ცნობილი, როგორც “ხელშეკრულება 2+4”) ვკითხულობთ, რომ გერმანული ძალები ყოფილი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლას 1994 წელს, ტერიტორიიდან საბჭოთა კავშირის ჯარისკაცების გასვლის შემდეგ შეძლებდნენ. ამასთან, ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსება დაუშვებელია

ინფორმაცია, რომ ბეიკერის ფრაზა ნატოს გაფართოების შესახებ მხოლოდ გერმანიის საკითხს ეხებოდა, თავად მიხეილ გორბაჩოვმაც დაადასტურა. 2014 წელს მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ბეიკერის ფრაზა კონტექსტის გარეშე გავრცელდა და დისკუსია მაშინდელი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე ნატოს სამხედრო სტრუქტურებისა და შეიარაღებული ძალების შესაძლო გამოჩენის შესახებ მიმდინარეობდა, ხოლო ნატოს გაფართოების საკითხი განხილვის საგანი არც ყოფილა

გარდა ამისა, გორბაჩოვმა ისიც განაცხადა, რომ 1990 წლის შემდგომ განვითარებული მოვლენები, როდესაც ბევრმა ქვეყანამ გადაწყვიტა ნატოში გაწევრიანება, 1990 წელს გაკეთებული განცხადებებისა და გარანტიების სულისკვეთებას ეწინააღმდეგებოდა, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, რომელ განცხადებებსა და გარანტიებზე საუბრობდა. 

აღსანიშნავია, რომ 1997 წლის მაისში ნატოს სამიტზე პარიზში რუსეთსა და ნატოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის დამფუძნებელი აქტი გაფორმდა, რომელიც ორ მხარეს შორის სამომავლო კოოპერაციის პარამეტრებს განსაზღვრავდა. დოკუმენტი ნატოში ახალი წევრების მიღების ირგვლივ შეზღუდვებს არ შეიცავდა

რაც შეეხება შევარდნაძეს, ჯეიმს ბეიკერი მას პირადად იცნობდა და არაერთხელ აღუნიშნავს, რომ შევარდნაძესთან მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა. ბეიკერი საქართველოს მეორე პრეზიდენტს რამდენიმეჯერ საქართველოშიც შეხვედრია (1,2). ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბეიკერმა შევარდნაძეს ნატოს არგაფართოების გარანტიები მისცა, ღია წყაროებში არ იძებნება. ასევე, არ არსებობს მტკიცებულება, რომ მსგავსი დაპირება გორბაჩოვთან რონალდ რეიგანმა გააჟღერა. 

  • მოლაპარაკებები რუსეთსა და საქართველოს შორის

გარდა ნატოს გაფართოებისა, ვასაძემ ქართულ-რუსული ურთიერთობების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, ის, რომ რუსეთთან პირდაპირ მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს, დასავლური იდეოლოგიური პროპაგანდის ნაწილია და შეერთებულმა შტატებმა “მაშინვე, როგორც კი დამკვიდრდნენ თბილისში” საქართველოს რუსეთთან მოლაპარაკებები აუკრძალა. ვასაძის თქმით, ყველა მოლაპარაკებები, რაც მიმდინარეობს ფიქციაა და ოკუპანტთან არავითარი პირდაპირი მოლაპარაკებები არ გვაქვს. 

საქართველომ რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის 2 აგვისტოს გაწყვიტა. 3 აგვისტოს ქვეყანაში რუსეთის საელჩო და საკონსულო დაიხურა

2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად საქართველოსა და რუსეთს შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი შეიქმნა, რომელიც ერთადერთ ფორმატად რჩება, რომელიც ცხინვალისა და აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებებთან ურთიერთობას საერთაშორისო აქტორების მონაწილეობით უზრუნველყოფს, რომელთა შორისაც ევროკავშირი და შეერთებული შტატებიც არიან. 

ჟენევის ფორმატის უპირატესობა ისაა, რომ ის არ აძლევს რუსეთს საშუალებას პრობლემა ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს შორის კონფლიქტად წარმოაჩინოს, სადაც თვითონ მხოლოდ მედიატორის როლი აქვს. აღნიშნული თემა “მითების დეტექტორმა” წარსულშიც იკვლია, ვრცლად იხილეთ მასალაში: 

რაც შეეხება მოლაპარაკებების სხვა ფორმატს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი 2012 წლიდან რეგულარულად ხვდებიან და ეკონომიკურ, უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხებზე მსჯელობენ

  • მოხდა თუ არა ჩეჩნეთის “აღმშენებლობა”?

დამატებით, ლევან ვასაძემ გადაცემაში ჩეჩნეთის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ გროზნოს მიწასთან გასწორების და ათეულობით ათასი ჩეჩენის დაღუპვის შემდეგ ჩეჩნები ოდესმე ამ ფაქტს შეეგუებოდნენ და დღეს უკრაინაში მებრძოლი რუსული არმიის ყველაზე აქტიური ნაწილი გახდებოდნენ. ასევე, ვასაძის თქმით, ჩვენ შეიძლება რამზან კადიროვს მოღალატე ვუწოდოთ, მაგრამ თავად კადიროვი გვეტყვის, რომ მოღალატეებიის ის ჩეჩნები იყვნენ, რომლებიც ანგლო-საქსების წაქეზებას აყვნენ და სეპარატიზმი აიტეხეს, თვითონ კი აღმშენებელია, რაზეც სკოლების სილამაზე და ხარისხი, საავადმყოფოებისა და ქარხნების ხარისხი და გროზნოში აშენებული მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი მეჩეთი მეტყველებენ. 

რეალურად, ორი ომის შემდეგ, რომლებმაც რეგიონს უდიდესი ჰუმანიტარული და ინფრასტრუქტურული ზიანი მიაყენა, ჩეჩნეთს მნიშვნელოვანი ეკონომიკური წინსვლა არ განუცდია. 2002-2012 წლებში ჩეჩნეთი პირდაპირ ფინანსდებოდა რეკონსტრუქციის მხარდამჭერი ორი ფედერალური პროგრამით, თუმცა, ამას წარმოების აღორძინება არ მოჰყოლია. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდის შემდეგ ოფიციალური მონაცემებით ჩეჩნეთის ეკონიმიკური მაჩვენებლები იზრდება, ადგილობრივების განცხადებით, ეს მაჩვენებლები შეცდომაში შემყვანია, რადგან კორუფციისა და უმუშევრობის მაღალ დონესთან ერთად ჩეჩნეთს არაფორმალური გადასახადები და გამოძალვის ხშირი შემთხვევები ახასიათებს

თავად რამზან კადიროვი, რომელსაც უზარმაზარი ქონება აქვს დაგროვილი, არაერთი ქვეყნის სანქციების ქვეშაა. ის მოხვდა ე.წ. “მაგნიტსკის აქტის” სიაში, როგორც პირი, რომელიც რუსეთში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაზეა პასუხისმგებელი. კადიროვი დამატებითი სანქციების ქვეშ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგაც მოექცა

თემაზე უფრო ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალაში: 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
წყარო

წყარო

ვას
ლევან ვასაძე

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist