კურნავს თუ არა ნიანგის სისხლი COVID-19-ს და რა არის ჰომეოპათია?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

sdasf
936
VIEWS

ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში კორონავირუსთან ბრძოლის შესახებ არაერთი ყალბი ინფორმაცია გავრცელდა. ამჯერად ფეისბუქში განხილვის საგანი ჰომეოპათიური პრეპარატები გახდა, თითქოს მათი გამოყენება COVID-19-ის წინააღმდეგ ეფექტურია.
მაგალითისთვის, ერთ-ერთ ასეთ პრეპარატზე ინფორმაცია 17 მარტს პროგრესნიუსმა გაავრცელა, რომელშიც ნიანგის სისხლით კორონავირუსის მკურნალობაზე ქართველი ჰომეოპათი საუბრობს. კახა საბახტარაშვილის თქმით, ნიანგის სისხლისაგან დამზადებული პრეპარატი სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება. საბახტარაშვილი დაავადებების კონტროლის ცენტრსა და ინფექციურ საავადმყოფოს აძლევს რეკომენდაციას, რომ მისი პრეპარატის COVID-19-თან ბრძოლაში გამოყენება დაიწყოს და მისი კლინიკური პრაქტიკა დაინერგოს.

"

COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატი ჯერ შექმნილი არ არის, ვაქცინები კი ტესტირების რეჟიმშია

კონკრეტულად კორონავირუსის სამკურნალოდ ამ ეტაპისთვის პრეპარატი შექმნილი არ არის. დისკუსია მიმდიანრეობს უკვე არსებული პრეპარატების, როგორიც არის რემდესივირი და ქლოროქვინი, ეფექტურობაზე, თუმცა ახალი პრეპარატი გამოგონილი არ არის.

კორონავირუსის გავრცელების პარალელურად სხვადასხვა ქვეყანამ ვაქცინაზე მუშაობა დაიწყო. ვაქცინის ადამიანზე გამოცდა აშშ-ში მარტში დაიწყო, ბრიტანეთში კი საგამოცდო ტესტირების დაწყება 21-24 აპრილის კვირაში დაიგეგმა. მიუხედავად პროგრესისა, ვაქცინა ჯერ კიდევ განვითარების ადრეულ ფაზაშია და საბოლოო შედეგს  შესაძლოა, მინიმუმ, 12-18 თვე დასჭირდეს.

რა არის ჰომეოპათია და რატომ არ არის ის მეცნიერული? 

ჰომეოპათია ალტერნატიული მედიცინაა, რომელიც 200 წლის წინ გერმანიაში შეიქმნა. ჰომეოპათია ორ მთავარ პრინციპს ეფუძნება:

  • “მსგავსი მსგავსს კურნავს” – ცნება, რომ დაავადების განკურნება იმ ნივთიერებითაა შესაძლებელი, რომელიც ჯანმრთელ ადამიანებში დაავადების მსგავს სიმპტომებს იწვევენ.
  • “მინიმალური დოზის კანონი” – ცნება, რომ რაც უფრო მინიმალურია მედიკამენტის დოზა, მით მეტია მისი ეფექტურობა.

ჰომეოპათებს სჯერათ, რომ გაზავებული ნივთიერების მოლეკულებს ორიგინალი ნივთიერების მახსოვრობა აქვთ. ჰომეოპათიური წამლები მეტწილად მცენარეებისგან (როგორიცაა, წითელი ხახვი, სურო, ბელადონა, ჭინჭარი), მინერალებისგან ან ცოცალი ორგანიზმებისგან (მაგალითად, ფუტკარი) მზადდება.

2015 წელს ავსტრალიაში ფართომასშტაბიანი კვლევა გამოქვეყნდა, რომლის მიზანიც ჰომეოპათიური მედიკამენტების ეფექტურობის შესწავლა იყო. კვლევამ აჩვენა, რომ არ არსებობს მეცნიერული მტკიცებულება, რომელიც ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას ჰომეოპათია ეფექტურად უმკლავდება.

ჰომეოპათიის პრინციპის ასახსნელად და მის ეფექტურობაზე სასაუბროდ “მითების დეტექტორი” ექიმ არჩილ მარშანიას დაუკავშირდა. მარშანის თქმით, ჰომეოპათია მე-18 საუკუნიდან იღებს სათავეს, მაშინ, როდესაც მედიცინა განვითარებული არ იყო და ოფიციალურ მკურნალობად ითვლებოდა ჯანმრთელობისთვის ისეთი დამაზიანებელი მეთოდები, როგორიცაა იძულებით ღებინება და ორგანიზმიდან სისხლის გამოშვება.

მარშანიას განმარტებით, წარმოუდგენელია დაავადებულს უმკურნალო იგივე პრეპარატით, რაც იწვევს ავადობას და ამბობს, რომ ჰომეოპათიის ეფექტურობა პლაცებოს ეფექტს არ სცდება. ექიმი ამბობს, რომ ქრონიკული და მწვავე დაავადებების ჰომეოპათიური პრეპარატებით მკურნალობა საფრთხეს შეიცავს და ამ ნაზავების მიღება გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლოა სავალალოც აღმოჩნდეს.

არჩილ მარშანია: “რას იფიქრებთ ჩემზე, თუკი გეტყვით რომ კოფეინით უძილობის მკურნალობა შეიძლება? ან დაავადების მკურნალობაში სიმპტომებია მნიშვნელოვანი და არა გამომწვევი მიზეზი?… ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ჰომეოპათიით ქრონიკული თუ მწვავე დაავადებების მკურნალობა შეიცავს საფრთხეს, ფერხდება ადეკვატური და ეფექტური მკურნალობის დაწყება, რაც შესაძლოა, გარკვეულ შემთხვევებში, სავალალო აღმოჩნდეს…„უაზრობაზე დაფუძნებული ცრუმეცნიერება არ შეიძლება იყოს სერიოზული განხილვის საგანი, ჰომეოპათია არ მუშაობს. მიუხედავად იმისა პრეპარატი ნიანგის სისხლით იქნება დამზადებული თუ ექიდნეს ფრჩხილით.“

მარშანის თქმით, ფსევდომკურნალობის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელება, შესაძლოა, ფინანსურ ინტერესებს ემსახურებოდეს, ასევე ეს თესავს ხალხში პანიკას და მედიცინისა და მეცნიერების მიმართ უნდობლობას იწვევს.

არჩილ მარშანია: „ჩვენს ეპოქაში ძალიან აქტიურობს რუსეთი, ჩვენ გვახსოვს ლუგარის ლაბორატორიაზე გავრცელებული აბსურდული ინფორმაცია, ასევე როგორ ავრცელებდნენ ანტი-ვაქცინალურ თეორიებს დასავლეთში. ამას დაემატა 5G კონსპირაციული თეორიები და ფსევდომკურნალობები, რაც თავისთავად ტექნოლოგიურ განვითარებას უშლის ხელს.“


მითების დეტექტორის ლაბორატორია

დარღვევის ტიპი: ცრუ მკურნალობა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist