23 ნოემბერს კრემლისტურმა ონლაინ-გამოცემა News Front-მა გამოაქვეყნა ორი მსგავსი შინაარსის სტატია სათაურებით:“ივანე გულაშვილის მოგონების დღეს ტერორისტების რისხვასთან – რუსეთთან თანამშრომლობაზეც ვიფიქროთ!” და “რუსეთის უსაფრთხოების სპეციალური დანიშნულების ცენტრი ტერორიზმის წინააღმდეგ”. პირველ სტატიას თან ახლავს იმედის სიუჟეტი სპეცრაზმელ ივანე გულაშვილზე, რომელიც 2017 წელს გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ტერორისტული აქტის აღსაკვეთ სპეცოპერაციას ემსხვერპლა. სტატიაში საუბარია, რომ საქართველომ ტერორიზმთან ბრძოლაში რუსეთთან, როგორც “ტერორისტების რისხვასთან” უნდა ითანამშრომლოს. რუსეთის წარმატებული ბრძოლის დამადასტურებელ მაგალითად კი ავტორს Youtube-ზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეარხ Звезда-ს მიერ ატვირთული სპეცოპერაციის ვიდეო მოჰყავს. მეორე სტატიაში News Front დოკუმენტურ ფილმს აქვეყნებს, რომელიც ტერორიზმის წინააღმდეგ რუსეთის ბრძოლის მეთოდებს ეხება.
News Front: “როდესაც 22 ნოემბერს ქართველმა სამართალდამცველებმა ბერი გაბრიელის ქუჩაზე დაღუპული ქართველი სპეცრაზმელი ვანო გულაშვილი გაიხსენეს, უპრიანია, ჩვენი უდიდესი მეზობლის გამოცდილებას გადავხედოთ და ჩვენი უსაფრთხოება მასთან პირდაპირი თანამშრომლობით თუ არა, მისი გამოცდილების გათვალისწინებით მოვაწყოთ.”
News Front: “ივანე გულაშვილი თბილისში, უცხოელი ტერორისტების გაუვნებელყოფას შეეწირა. სჯობს, მეტი პრევენცია და ნაკლები სპეცოპერაცია, მეტი თანამშრომლობა ანტიტერორიზმის ხაზით მეზობელ რუსეთთან — ტერორისტების რისხვასთან (იხ. მეორე ვიდეო), რათა ასეთი იუბედურებები აღარ შეგვემთხვას!”
მტკიცება, თითქოს რუსეთი ტერორიზმს წარმატებით ებრძვის, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან, ერთი მხრივ, რუსეთი მხარს უჭერს და თანამშრომლობს მსხვილ ტერორისტულ ორგანიზაციებთან, ხოლო, მეორე მხრივ, რუსეთი ვერ ახერხებს ქვეყნის შიგნით ტერაქტების პრევენციას. ტერორიზმთან ბრძოლის რუსული სტრატეგიები არის ძალადობრივი, მოკლევადიან ეფექტზე გათვლილი, არ ითვალისწინებს შიდა ტერორიზმის განმაპირობებელი სოციალ-პოლიტიკურ ფაქტორებს და ვერ უზრუნველყოფს ტერორიზმის კერების აღმოფხვრას.
რუსეთი ტერორისტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობს
- ჰესბოლა
ჰესბოლა ლიბანელ შიიტთა ექსტრემისტული დაჯგუფებაა. მას ხშირად უწოდებენ “სახელმწიფოს სახელმწიფოს შიგნით”. იგი აქტიურადაა ჩართული სირიის სამოქალაქო ომში და მხარს უჭერს სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ალ ასადს. აშშ, კანადა, გაერთიანებული სამეფო, ისრაელი ჰესბოლას ოფიციალურად ცნობენ ტერორისტულ ორგანიზაციად, ხოლო რუსეთი ჰესბოლას ტერორისტულ ორგანიზაციად არ აღიარებს. 2015 წლის 12 იანვარს ქალაქ სალმას აღებისას ჰესბოლას ზურგს უმაგრებდა რუსული საჰაერო ძალები და არტილერია, ხოლო ქალაქ ალეპოში გადაღებული ვიდეომასალა აჩვენებს რუსი ჯარისკაცების და ჰესბოლას მებრძოლების ერთობლივ მოქმედებებს. თანამშრომლობა მოგვიანებით ჰესბოლასთან დაახლოებულმა ლიბანურმა გაზეთმა, “ალ ახბარმა” გაასაჯაროვა და აღნიშნა, რომ ალეპოს ბრძოლის განსახილველად ორგანიზაცია რუს სამხედრო მაღალჩინოსნებს ოფიციალურად ხვდება .
- თალიბანი
თალიბანი ულტრაკონსერვატორული, რელიგიური და პოლიტიკური გაერთიანებაა, რომელიც ავღანეთში 1990-იან წლებში ჩამოყალიბდა. 1996-2001 წლებში თალიბანი თითქმის მთლიანად აკონტროლებდა ავღანეთის ტერიტორიას. იგი გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ოფიციალურად არის აღიარებული ტერორისტულ ორგანიზაციად. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ამ ბრალდებას უარყოფს, BBC-სთან ინტერვიუში ავღანეთში ამერიკული ძალების მეთაური გენ ჯონ ნიკოლსონი ამტკიცებს, რომ რუსეთი ავღანეთში სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობს და თალიბანი რუსეთისგან იღებს იარაღს. 2015-2016 წლებში რუსეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ რუსეთის და თალიბანის ინტერესები ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთმანეთს ემთხვევა და მათ შორის ინფორმაციის მიმოცვლა მიმდინარეობს. ამასთან, 2018 წელს რუსეთმა თალიბანის დელეგაციას მოსკოვში ოფიციალურად უმასპინძლა.
რა მეთოდებით ებრძვის რუსეთი ტერორიზმს ქვეყნის შიგნით?
1990-იანი წლებიდან რუსეთი ტერორისტული თავდასხმების გახშირებული სამიზნეა, რომელთა პრევენციას, ლოკალიზებას და გამოძიებას რუსული ანტიტერორისტული სამსახურები ეფექტურად ვერ ახერხებენ.
ერთ-ერთი მასშტაბური ტერაქტი 1999 წლის სექტემბერში პუტინის წინასაარჩევნო კამპანიას დაემთხვა. საცხოვრებელი კორპუსების მასობრივ აფეთქებებს რამდენიმე ასეული მშვიდობიანი მოსახლე შეეწირა. ტერაქტების მოწყობაში პუტინმა ჩეჩნები დაადანაშაულა და ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში ტერორიზმთან ბრძოლის მოტივით ჩეჩნეთის მეორე ომი დაიწყო.
რუსეთში მომხდარ ტერორისტულ აქტებს შორის განსაკუთრებით მძიმეა ბესლანის ოპერაცია 2004 წელს. ტერორისტებმა დაიკავეს სკოლის შენობა და მძევლად აიყვანეს 1200-ზე ადამიანი, მათ შორის უმეტესობა ბავშვები. სამდღიანი ალყის შემდეგ რუსმა სამხედროებმა მძიმე შეიარაღების გამოყენებით მოახდინეს შენობის შტურმი, რასაც მინიმუმ 334 ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. 2006 წელს აფეთქებათა ექსპერტის, იური საველიევის მიერ ჩატარებული დამოუკიდებელი გამოძიება ამტკიცებს, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების სიკვდილი რუსეთის არასწორად წარმართული სამხედრო ოპერაციის შედეგი იყო. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს ბესლანის ტრაგედიის მსხვერპლებისთვის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება დააკისრა, რადგან მან ვერ შეძლო მოსწავლეების, მშობლების და მასწავლებლების უსაფრთხოების დაცვა, მიუხედავად იმისა, რომ ფლობდა ინფორმაციას სავარაუდო ტერორისტული მოქმედებების შესახებ.
გარდა ამისა, ტერორისტული აქტების სიხშირე და მასშტაბური ხასიათი ანტიტერორისტული ძალების მოქმედების ეფექტურობას ეჭვქვეშ აყენებს. 2010 წელს თვითმკვლელმა ტერორისტებმა ტერაქტების სერია მოაწყვეს მოსკოვის ორ მეტროსადგურში, რომელსაც 40 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. აღსანიშნავია, რომ მეტროსადგურებში, აეროპორტებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ტერაქტები საკმაოდ ხშირად ხორციელდება. საბოლოო ჯამში, პუტინის მმართველობის პერიოდში 200-ზე მეტი მასშტაბური ტერაქტი განხორციელდა, რომლებსაც 3000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
ბესლანის ტრაგიკულად წარუმატებელი ოპერაციის შემდეგ რუსეთში ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლის მომწესრიგებელი კანონმდებლობისა და პასუხისმგებელი ორგანოების მასშტაბური რეფორმა განხორციელდა. ანტიტერორისტულ ძალებს სწრაფი და ბრუტალური მოქმედებების თავისუფლება მიეცათ და მათი მოქმედებების შესახებ ინფორმაცია უკიდურესად გასაიდუმლოებული გახდა. სხვადასხვა დროს ჩრდილოეთ კავკასიასა და რუსეთის ცენტრალურ ქალაქებში წარმატებული ანტიტერორისტული ოპერაციები ჩატარდა, თუმცა მკვლევრები მიიჩნევენ, რომ ამ ღონისძიებებს მხოლოდ ხანმოკლე ეფექტი აქვთ, რადგან რუსეთი არ იკვლევს ტერორიზმის წარმომშობ მიზეზებს, და უბრალოდ ძალადობრივად ახშობს მას.
News Front-ის შესახებ
ქართულენოვანი „News Front”-ის ფეისბუკ გვერდი 2019 წლის 13 ოქტომბერს შეიქმნა. News Front Georgia-ს ფეისბუკ გვერდის ადმინისტრატორი კონსტანტინე ჩიკვილაძეა, რომელიც ამავდროულად “საქართველო და მსოფლიოს” სტატიების ავტორი და მისი ფეისბუკ გვერდის ადმინისტრატორიცაა. პარალელურად, „News Front”-ის ფეისბუკ გვერდი მართავს საჯარო ჯგუფს – “Россия и Грузия- дружба навеки!”. ჯგუფი 2014 წლის 11 სექტემბერს შეიქმნა და მას შემდეგ სახელი სამჯერ გამოიცვალა. 2019 წლის 4 თებერვალს ჯგუფმა სახელი ორჯერ შეიცვალა, ჯერ ერქვა Kidobani, ხოლო შემდეგ Kidobani News. სახელი Россия и Грузия- дружба навеки! ჯგუფმა 2019 წლის 4 აგვისტოს დაირქვა. ჯგუფს News-Front Georgia-ს გვერდის გარდა 6 ადმინისტრატორი ჰყავს, ასევე 6 ადმინისტრატორი ჰყავს თავად News-Front Georgia გვერდს.
News Front-ის შესახებ იხილეთ ვრცლად “მითების დეტექტორის” პუბლიკაცია