კრემლის პროპაგანდისტების დეზინფორმაცია ესტონეთის პრემიერ-მინისტრის წინაპრების შესახებ

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

2k
VIEWS

17 მაისს რუსეთის პირველ არხზე, გადაცემაში КУКЛЫ НАСЛЕДНИКА ТУТТИ ესტონეთის პრემიერმინისტრზე, კაია კალასზე ისაუბრეს. გადაცემის ერთ-ერთმა სტუმარმა თქვა, რომ კაია კალასის ბაბუა, დედის ხაზით, ესტონეთის თავდაცვის დანაყოფში მსახურობდა, რომელიც ჰიტლერის მომხრეებს საკონცენტრაციო ბანაკებში ებრაელების და სხვების განადგურებაში ეხმარებოდა. მისივე თქმით, კალასის ბაბუა ამის გამო 5 წლით დააპატიმრეს და ამავე მიზეზით შეეხო რეპრესიები მის დედას და ბებიას, რომლებიც ესტონეთიდან 5  წლით გადაასახლეს.

Screenshot 5 3 კრემლის პროპაგანდისტების დეზინფორმაცია ესტონეთის პრემიერ-მინისტრის წინაპრების შესახებ

მტკიცება, რომ კაია კალასის დედის მხრიდან ბაბუა ნაცისტებთან თანამშრომლობდა, რისთვისას ის და მისი ოჯახი გადაასახლეს, სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად, ფოტოსურათზე, რომელსაც გადაცემაში აჩვენებენ, კაია კალასის მამის, სიიმ კალასის ბაბუაა. ის ესტონეთის დემოუკიდებლობის ომში თავდაცვის ლიგის ხელმძღვანელი იყო და 1939 წელს, ნაცისტურ ოკუპაციამდე 2 წლით ადრე გარდაიცვალა. კალასის დედა 20 000 ესტონელთან ერთად 1949 წელს დეკულაკიზაციის კამპანიის დროს ციმბირში გადაასახლეს, სადაც მან თითქმის 10 წელი გაატარა.

გადაცემაში აჩვენეს ფოტო, რომელზეც, სტუმრის მტკიცებით კაია კალასის დედის მხრიდან ბაბუაა გამოსახული. რეალურად, ფოტო არა კალასის დედის მამას, არამედ მისი მამის, სიიმ კალასის ბაბუას, ედუარდ ალვერს ასახავს. ეს ფოტო ესტონეთის ფოტოგრაფიული მემკვიდრეობის საზოგადოების ვებ-გვერდზეც იძებნება, სადაც მითითებულია ფოტოზე გამოსახული პირის ვინაობა – დამოუკიდებლობის ომში თავდაცვის კავშირის მეთაური ედუარდ ალვერი.

Screenshot 6 4 კრემლის პროპაგანდისტების დეზინფორმაცია ესტონეთის პრემიერ-მინისტრის წინაპრების შესახებ

ედუარდ ალვერი ცნობილი იურისტი იყო და სხვადასხვა დროს ესტონეთში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა, მათ შორის 1918-1920 წლებში საბჭოთა კავშირთან ესტონეთის დამოუკიდებლობისათვის მიმდინარე ომის დროს ესტონეთის თავდაცვის ლიგას ხელმძღვანელობდა. ალვერის ცხოვრების შესახებ მისმა შვილიშვილმა, ესტონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის მამამ, სიიმ კალასმა წიგნი გამოსცა, სათაურით “ედუარდ ალვერი: მისი დრო და ხალხი”.

1930-იან წლებში ალვერი კინოსტუდია Eesti Kultuurfilm-ს და ეროვნული გამოფენის ფონდის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელობდა. ის 1939 წლის 15 აგვისტოს გარდაიცვალა. ამ პერიოდში ესტონეთი დამოუკიდებლობას ინარჩუნებდა. ესტონეთის დამოუკიდებლობა, საბჭოთა კავშირსა და ნაცისტურ გერმანიას შორის გაფორმებული საიდუმლო შეთანხმების, მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის საფუძველზე 1940 წელს ქვეყანაში საბჭოთა კავშირის შეჭრით დასრულდა. ამის შემდეგ, 1941 წელს ესტონეთის ტერიტორიაზე ნაცისტური ძალები შეიჭრნენ. ამ ფაქტების გათვალისწინებით, ბრალდება იმის შესახებ, რომ ალვერი ნაცისტებთან თანამშრომლობდა, საკონცენტრაციო ბანაკში ებრაელების დახოცვაში მონაწილეობდა და ამის გამო 5 წლით დააპატიმრეს, სიმართლეს არ შეესაბამება.

ნაცისტებთან კოლაბორაციის და საკონცენტრაციო ბანაკებში კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისათვის მართლაც გასამართლდენ ესტონელი კოლაბორაციონისტები, თუმცა ისინი არა ესტონეთის თავდაცვის ლიგას, რომლის ლიკვიდაციაც 1940 წლის ბრძანების საფუძველზე მოხდა, არამედ Omakaitse-ს (საშინაო გვარდია) წარმოადგენდნენ, რომელიც 1917-18 და 1941-44 წლებში იყო აქტიური. ლიკვიდირებული თავდაცვის ლიგის მებრძოლთა ნაწილი ტყის ძმებს შეუერთდა და საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ აგრძელებდა ბრძოლას, ნაწილი Omakaitse-ში გაწევრიანდა. 1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ესტონეთმა ნაცისტური და საბჭოთა ოკუპაციების დროს კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულების გამოძიება დაიწყო. გამოძიებამ დაადგინა, რომ Omakaitse-ს 30-დან 40 000-მდე წევრიდან დაახლოებით 1 000-დან 1 200-მდე ადამიანი უშუალოდ მონაწილეობდა დანაშაულებში, მათ შორის ებრაელების საკონცენტრაციო ბანაკებში გადაყვანასა და დახოცვაში.

ესტონელი კოლაბორაციონისტები ომის დანაშაულებისათვის 1961 წელს საბჭოთა კავშირმაც გაასამართლა, მათ შორის იყვნენ სამხედროები და 1942 წელს ჩამოყალიბებული Sicherheitspolizei-ს (უშიშროების პოლიციის) ხელმძღვანელი აინ-ერვინ მერე და პოლიციის წევრები. მათ ნაწილს სისიკვდილო განაჩენი გამოუტანეს.

რაც შეეხება კაია კალასის დედას, საბჭოთა ხელისუფლებამ ის მართლაც გადაასახლა ციმბირში. ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრს არაერთხელ უსაუბრია. კალასის დედა და ბებია 1949 წლის მარტში 20 000 ესტონელთან ერთად გადაასახლეს. ოპერაცია “Прибой” დეკულაკიზაციის კამპანიის ნაწილს შეადგენდა და მის ფარგლებში ბალტიისპირეთის რესპუბლიკებიდან 90 000-მდე “ხალხის მტრად” შერაცხული პირის 

გადასახლება მოხდა. მაშინ კალასის დედა მხოლოდ 6 თვის იყო. გადასახლებაში მან არა 5, არამედ თითქმის 10 წელი გაატარა.

Screenshot 7 4 კრემლის პროპაგანდისტების დეზინფორმაცია ესტონეთის პრემიერ-მინისტრის წინაპრების შესახებ

ვინ ავრცელებს დეზინფორმაციას ესტონეთის პრემიერ-მინისტრის შესახებ?

Screenshot 8 3 კრემლის პროპაგანდისტების დეზინფორმაცია ესტონეთის პრემიერ-მინისტრის წინაპრების შესახებ

პირი, რომელმაც კაია კალასის ბაბუის შესახებ დეზინფორმაცია გაავრცელა ალექსეი ესაკოვია. ის ესტონეთში მოქმედი “უკვდავი პოლკის” ლიდერი იყო და აქტიურად ავრცელებდა კრემლის პროპაგანდას. ამის გამო 2022 წლის 4 მაისს ესტონეთიდან მისი დეპორტაცია მოხდა. ესტონეთის პოლიციის მიხედვით, კრემლის პროპაგანდის და სიძულვილის ენის გავრცელებასთან ერთად ესაკოვი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას ამართლებდა და აღმოსავლეთ უკრაინაში უკანონო ვაჭრობაშიც მონაწილეობდა. გადაცემაში აჩვენეს ფოტოები, სადაც ესაკოვი საბჭოთა სიმბოლიკით პოზირებს ბრინჯაოს ჯარისკაცის ძეგლთან, მეორე მსოფლიო ომის მემორიალთან, რომელსაც რუსეთი და პრო-რუსი აქტორები ესტონეთში არეულობის გამოსაწვევად წლებია იყენებენ.

Screenshot 9 1 კრემლის პროპაგანდისტების დეზინფორმაცია ესტონეთის პრემიერ-მინისტრის წინაპრების შესახებ

ესაკოვი პირველი არაა ვინც კალასის წინაპრების მიმართ მსგავსი ცრუ ბრალდება გააჟღერა. ედუარდ ალვერი ნაცისტებთან თანამშრომლობაში 2022 წელს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ დაადანაშაულა. ზახაროვას მტკიცებით ალვერი Omakaitse-ის ხელმძღვანელი იყო, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. მაშინ ზახაროვას განცხადებების გამო ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს. საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩთან შეხვედრის დეტალებზე კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა რუსეთის წარმომადგენლებს მოუწოდეს თავი შეეკავებინათ არა-დიპლომატიური პირადი თავდასხმებისგან, მოეხმოთ ზრდილობისთვის, უფრო დაკვირვებით ესწავლათ ისტორია და დაუყოვნებლივ შეეწყვიტათ აგრესია უკრაინის წინააღმდეგ.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: ესტონეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist