კრემლის პროპაგანდის იარაღი – საერთო ისტორიული მეხსიერება

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

94
VIEWS

საბჭოთა წარსულს ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანა სხვადასხვანაირად უყურებს, ზოგი გადააზრების გზას ირჩევს, ზოგისთვის კი მისი გაიდეალება უფრო მისაღებია, რადგან ამ გზით არც კომფორტის ზონის დატოვება ხდება საჭირო და არც ახალი იდენტობის დამკვიდრება.

საქართველოში საბჭოთა წარსულის გააზრება ცალკეულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დაინტერესბულ მკვლევართა რიგებს არასდროს არ გასცდენია. შესაბამისად, ფართო საზოგადოებაში არასდროს დაწყებულა დისკუსია არათუ მეხსიერების პოლიტიკისა და ღირებულებების გადაფასების შესახებ, არამედ ყურადღება არასდროს გამახვილებულა არსებულ, რეალურ ფაქტებზეც კი. ასეთ გარემოებებში კი ადვილია, მოსახლეობას ისტორიული მოვლენების კრემლისეული ვერსიები დააჯერო.

ძირითად პრობლემას სწორედ არაინფორმირებულობა წარმოადგენს, კრემლი და მისი მესიჯების საქართველოში გამტარებელი ძალები კი ყოველთვის მზად არიან, საბჭოთა წარსულის თავისებური ვერსია შემოგვთავაზონ. კრემლის სამიზნე განსაკუთრებით ხშირად პოლონეთი, ესტონეთი, ლიეტუვა და ლატვია ხდება, რადგან ოთხივე ამ ქვეყანაში სსრკ-ის ქმედებების გაანალიზება და გამოკვლევა მოსკოვისგან განსხვავებული მიდგომებითა და რეალობაზე ორიენტირებული ხედვით დაიწყეს.

  • ისტორია, როგორც ინსტრუმენტი პოლიტიკოსების ხელში

კრემლისთვის ისტორია არა აკადემიური დისციპლინა, არამედ პოლიტიკური მიზნების მიღწევის საშუალებაა. “სტოკჰოლმის თავისუფალი მსოფლიოს ფორუმის” უახლეს კვლევაში სახელწოდებით “წარსულის კონტროლი – ისტორია და ეროვნული უსაფრთხოება რუსეთში” ვკითხულობთ, რომ რუსეთის მმართველ წრეებში ისტორიას იყენებენ, როგორც ინსტრუმენტს საშინაო საქმეებში ლეგიტიმაციის შესაქმენლად, საერთაშორისო არენაზე კი საკუთარი ქმედებების განდიდებისათვის. ისტორია გახდა პოლიტიკის შემადგენელი ერთ-ერთი ნაწილი, რომელის სწორად გამოყენებასაც შედეგები როგორც საშინაო, ასევე საგარეო ასპარეზზე მოაქვს.

2020 წელი კრემლმა საბჭოთა წარსულიდან პოლონეთის ოკუპაციის თავის გადაწერით დაიწყო. 17 იანვარს წითელი არმიის მიერ ვარშავის ოკუპაციიდან 75 წელი გავიდა, თარიღის საპატივცემულოდ მოსკოვმა პოლონეთი ისტორიის გადაწერაში “ამხილა” და ხაზი გაუსვა, რომ 1944 წლის ვარშავის ანტინაცისტურ აჯანყებაში სურვილის მიუხედავად, წითელი არმია ვერ ჩაერეოდა.

ისტორიის მიმართ კრემლის დამოკიდებულებიდან ხაზგასასმელია საბჭოთა კვალის “შელამაზების” მცდელობები არა მარტო პოლონეთში, არამედ ლიეტუვაში, ლატვიასა და ესტონეთში. ძირითადად კი ყველაზე დიდი ძალისხმევა მიმართულია სამამულო ომში ნაცისტურ გერმანიაზე ბრწყინვალე გამარჯვების ხატის გაძლიერებასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში ომის საერთო მეხსიერებაზე ავტონომიის მოპოვებაზე.

  • ისტორია ქართულ კრემლისტურ მედიაში და კრემლის პროექტებში

ისტორიის რევიზიონიზმის ტენდენცია ქართულ კრემლისტურ მედიაშიც იკვეთება. “საქინფორმის” მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი იანვარში პოლონეთის გარშემო მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა, მეორე კრემლისტური მედიის “საქართველო და მსოფლიოს” გამომცემელი ალექსანდრე ჭაჭია დაიმოწმა და თავისი გამოცემის საშუალებით აღნიშნა:

“ალექსანდრე ჭაჭია განგაშის ზარებს სცემს ისტორიის ფალსიფიკაციის დაუშვებლობის შესახებ (…) ათიოდე წლის წინათ ბევრ ჩვენგანს არ ესმოდა, თუ რამდენად საშიში იყო ეს, მანამ, სანამ დღეს არ მივიღეთ გმირთა საფლავებისა და ძეგლების შემრყვნელი პოლონეთი და უკრაინა, ლიტვა, ლატვია და ესტონეთი, – რუსული ენის ამკრძალავი და ბანდერას მადიდებელი ნაციონალისტები”

არნო ხიდირბეგიშვილი კრემლის ნარატივს იმეორებდა არა მარტო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან მიმართებით, არამედ ამავე პათოსით იყო გამსჭვალული მისი მიმართვა ამა წლის 9 მაისს, როცა მან წუხილით აღიარა, რომ “75 წლის შემდეგ, ბევრი ჩვენგანი უღირსია დიადი გამარჯვების, რისთვისაც საშინელი ფასი გადავიხადეთ – ჩვენი მამებისა და პაპების, ბებიების და დედების ათობით მილიონი სიცოცხლე!” ამავე მიმართვაში აღნიშნულია ისიც, რომ სხვადასხვა უარყოფითი გავლენით ქართველ ხალხში ქართველი გენერალსიმუსითა და დიადი გამარჯვებით გამოწვეული სიამაყის განცდა შესუსტდა.

ამ სიამაყის გრძნობის აღდგენასა და საერთო ისტორიული მეხსენიერბის ირგვლივ ყოფილი საბჭოთა ქვეყნების კონსოლიდირებაზეა ორიენტირებული კრემლის პროექტი “უკვდავი პოლკის” მოძრაობა, რომლის მსვლელობა საქართველოში 2017 წლიდან 3-ჯერ გაიმართა.

“უკვდავ  პოლკს” ისტორიის მორგების კრემლისტურ მეთოდებთან თავდაპირველად კავშირში არ ჰქონდა და მხოლოდ ორი მეგობრის ინიციატივა იყო, რომლის გარშემო ათასობით ადამიანი მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ოჯახის წევრების მოსაგონებლად გაერთიანდა. მაგრამ ეს აზრი ერთობ მომხიბვლელი აღმოჩნდა საერთო საბჭოთა მეხსიერების ირგვლივ საზოგადოების კონსოლიდირების მიზნისთვის, რაც კარგად ჩანს ვლადიმერ პუტინის სიტყვებში, რომელიც მან 2017 წელს წარმოთქვა:

ვლადიმერ პუტინი: “[უკვდავი პოლკი] საერთაშორისო თანამშრომლობის უზარმაზარი პოტენციალია ისტორიული ჭეშმარიტებისა და საერთო მეხსიერების დასაცავად, ხალხების დასაახლოვებლად და ორმხრივი ნდობის გასაძლიერებლად”.

ამ სიტყვებში მკაფიოდ იკვეთება კრემლის სურვილი, გავლენა მოახდინოს და ერთგვარად გააერთიანოს ყოფილი საბჭოთა კავშირის წევრი ქვეყნები საერთო ისტორიული მეხსიერების ირგვლივ, რომელზეც ბალტიისპირეთში, პოლონეთში, საქართველოში და სხვა ქვეყნებში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს. სიმბოლურია, რომ რუსეთისთვის მეორე მსოფლიო ომი “დიდი სამამულო ომია”, რაც თავის თავში ნაციზმის დამარცხებაში მოკავშირეების როლის უგულებელყოფას მოიაზრებს. “დიდი სამამულო ომის” შესახებ დაწერილი წიგნებსა თუ სახელმძღვანელოებში სსრკ-ნაცისტური გერმანიის თანამშრომლობის შესახებ 1939 წელს დადებული ხელშეკრულების ადგილი უბრალოდ არ არის და შესაბამისად, ნაცისტურ გერმანიასთან კავშირის პასუხისმგებლობას სსრკ-ს მემკვიდრე რუსეთი არც აღიარებს.

კრემლის ხელში პოლიტიკურ იარაღად ქცევის შემდეგ “უკვდავი პოლკიც” იდენტურ მისიას ემსახურება. თანამედროვე პოსტსაბჭოთა ქვეყნებში რუსული გავლენების გაძლიერების საუკეთესო გზა საერთო წარსულით აპელირება და ისტორიული მეხსიერების გარშემო გაერთიანებაა. ამ უკანასკნელისთვის კი ომის ტრაგედია საუკეთესო შანსია.  საინტერესოა, რომ ასეთ დროს წარსულის გააზრების მსურველთათვის იარლიყების მიწეპებაც უფრო მარტივდება, ადამიანები, რომლებიც არ ეთანხმებიან ისტორიის კრემლისტურ ნარატივებს, ავტომატურად ხდებიან წინაპრების ხსოვნისა და მათი თავგანწირვის უარმყოფელები.

კრემლის ისტორიოგრაფთა ყველა მოთხოვნის ზედმიწევნით დაცვით, “საქართველო და მსოფლიო (Geworld)” ბალტიისპირეთის ქვეყნებში საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლ დაჯუფებას “ტყის ძმებს” “გარეწრებად” მოიხსენიებს.  გამოცემას უყურადღებოდ არ დარჩენია არც პოლონეთის პარტიზანული მოძრაობა. Geworld-ის სხვადასხვა მასალაში ეს ორივე დაჯგუფება წარმოჩენილია, როგორც ნაცისტების მოკავშირე ძალები. მაგრამ საინტერესოა, ვის ეყრდნობა “საქართველო და მსოფლიო” მაშინ, როცა კრემლის ნარატივებს იმეორებს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საბჭოთა წარსულისა და მეორე მსოფლიო ომის მეხსიერების შესახებ? იაკოვ კედმი ის პოლიტოლოგია, რომლის ინტერვიუებიც ამ  ონლაინ გამოცემის საიტზე ხშირად ხვდება.

გასაკვირი არ იქნება, თუ აღმოჩნდება, რომ ეს ადამიანი რუსული სატელევიზიო პოლიტიკური შოუების სტუმარია და თავის გამოსვლებში ამართლებს რუსეთის ქმედებებს სირიაში, რუსულ მედიაში მეორე მსოფლიო ომის შესახებ კედმის მოსაზრებებიც ხშირად ხვდება, რადგან ის უმეტესად კრემლისთვის საჭირო ნარატივებს აჟღერებს და აღნიშნავს, რომ  მეორე მსფოლიო ომის დროს მოკავშირეების ქმედებებს რუსეთის სიძლიერისადმი შიში  განაპირობებდა.

მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ “საქინფორმისა” და “საქართველო და მსოფლიოს” გზები გარდა ისტორიისადმი მათი დამოკიდებულებისა, კიდევ ერთ ადგილას იკვეთება. მითების დეტექტორის მიერ მომზადებულ მედიასაშუალებების პროფილებში ვკითხულობთ, რომ “საქინფორმის” დომეინი რეგისტრირებულია ტარას გაგნიძის სახელზე, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, თავის მხრივ ფლობს “საქართველო და მსოფლიოს.” ორივე ეს გამოცემა აღმოსავლეთ ევროპაში საბჭოთა კავშირის ქმდებებისა და მეორე მსოფლიო ომის მეხსიერების გარდა, ავრცელებენ სხვადასხვა ტიპის დეზინფორმაციებს, მათ შორის კოორდინირებულადაც.

დასკვნა?!

სამწუხაროდ, ისტორიის გადაწერის კრემლისტური მეთოდების ქართული გამოძახილებისა და მათი გავლენების შესახებ დასკვნების გაკეთება ჯერ ნაადრევია. თუმცა მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ დღეს წარსულის განხილვა, ინფორმაციული ვაკუუმის ამოვსების მცდელობები ფართო საზოგადოებაში ნაკლებად გვხვდება. ეს ეხება არა მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საბჭოთა ოკუპაციას ან მეორე მსოფლიო ომს, არამედ ინფორმაციას ჩვენივე ქვეყნის უახლესი ისტორიის შესახებ. შესაბამისად, აუცილებელია, ამ მიმართულებით კვლევების, დისკუსიებისა და საინფორმაციო კამპანიების არსებობა, რადგან ისტორიის გადააზრების გარეშე, ნებისმიერი ადამიანი კრემლის პროპაგანდისთვის მარტივი სამიზნე იქნება.


მოამზადა მარიამ დანგაძემ


სტატია პროექტის #FIGHTFAKE-ის ფარგლებში მომზადდა, რომელსაც MDF-ი მის პარტნიორ ორგანიზაცია Deutsche Gesellschaft e.V.-თან ერთად ახორციელებს


პროექტის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის, იხილეთ ბმული

 

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist