კრემლის პროპაგანდა ჰოლოდომორის ტრაგედიას უარყოფს

კითხვის დრო: 6 წუთი

კითხვის დრო: 6 წუთი

465
VIEWS

2022 წლის 19 ოქტომბერს ოკუპირებულ მარიუპოლში  ჰოლოდომორის ტრაგედიის მემორიალი აიღეს. კრემლის პროპაგანდისტური მედიის РИА Новости-ს მიერ ამ მოვლენაზე მომზადებულ სიუჟეტში ჰოლოდომორის უარმყოფელი რამდენიმე მტკიცება გაჟღერდა. სიუჟეტში დონეცკის უნივერსიტეტის კათედრის გამგემ, არტიომ ბობროვსკიმ განაცხადა, რომ “ისტორიული წყაროების” თანახმად, რუსეთის სამხრეთის და შემდეგ უკვე საბჭოთა კავშირის რეგიონებში შიმშილობა რამდენიმე ათწლეულში ერთხელ განმეორებადი მოვლენა იყო, ხოლო 1932-33 წლებში შიმშილობის შედეგად სსრკ-ში ყველაზე მეტი ადამიანი არა უკრაინაში არამედ სხვა რეგიონებში დაიღუპა. РИА Новости-ის სიუჟეტში ე.წ სამოქალო ორგანიზაციის “ახალგაზრდა რესპუბლიკის” წარმომადგენელმა ევგენია კოროტოვამ აღნიშნა, რომ ქალაქის “ხელისუფლება” ისტორიულ ძეგლს არ ებრძვის, არამედ “სახელმწიფოებრივ დონეზე შექმნილ დეზინოფრმაციის სიმბოლოს” აშორებს ქალაქს. ჰოლოდომორთან დაკავშირებით არტიომ ბობროვსკის კომენტარი სხვა რუსულმა მედიებმაც გააშუქეს. (1,2,3)

vithom holokosti კრემლის პროპაგანდა ჰოლოდომორის ტრაგედიას უარყოფს

ჰოლოდომორის შესახებ დეზინფორმაცია ათწლეულებია ვრცელდება. რეალურად, 1932-1933 წლების შიმშილობა უკრაინაში ბუნებრივი მოვლენებით არ იყო გამოწვეული და ჰოლოდომორი სტალინის გამიზნული პოლიტიკის შედეგი იყო. მოვლენის მსხვერპლთა რიცხვის გაყალბება  და   შიმშილობის  ბუნებრივ მოვლენებთან დაკავშირება თავდაპირველად საბჭოთა კავშირის პროპაგანდის ნაწილი იყო, ბოლო წლებში კი რუსული პროპაგანდა სწორედ ამ შინაარსის მტკიცებეს ავრცელებს, რაც მიზნად სტალინის რეჟიმის დანაშაულების დამალავასა და გენოციდის უარყოფას ისახავს. 

  • 1932-1933 წლებში უკრანაში შიმშილობა ბუნებრივი მოვლენებით არ იყო გამოწვეული, ჰოლოდომორი სტალინის გამიზნული პოლიტიკის შედეგი იყო

1932-33 წელს უკრაინაში დაწყებული შიმშილობა რესურსების ბუნებრივი ნაკლებობით გამოწვეული არ იყო და ქვეყანა იქამდე რეჟიმის კონკრეტულმა ნაბიჯებმა მიიყვანა, მათ შორის სტალინის ბრძანებით გლეხებისთვის სათესლე მასალის წართმევამ და უკრაინის საზღვრების ჩაკეტვამ.  1933 წლის 11 იანვარს, ცენტრალური კომიტეტის გაერთიანებულ კომიტეტზე სტალინმა განაცხადა, რომ 1931 წელთან შედარებით, 1932 წელს საბჭოთა კავშირში საგრძნობლად ბევრი პური იყო.

სტალინი: ვერავინ უარყოფს, რომ პურეულის საერთო მოსავალი წინა წელთან შედარებით მეტი იყო, მაშინ როდესაც, 1931 წელს სსრკ-ს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილილის 5 ძირითად რეგიონებში გვალვის შედეგად, ქვეყანაში პურის ბალანსი შეამცირა. მართალია, ჩვენ 1932 წელსაც დავკარგეთ გარკვეული მოსავალი არასახარბიელო კლიმატური პირობების გამო ყუბანსა და თერგში, ასევე უკრაინის ზოგიერთ რაიონებში. თუმცა ეჭვგარეშეა, რომ ეს დანაკარგი იმ დანაკარგის ნახევარსაც ვერ აღწევს, რომელსაც ადგილი ჰქონდა 1931 წელს გვალვის გამო.

“უკრაინის შიმშილობის შესახებ კომისიის” ამერიკის კონგრესის მიმართ 1988 წლის საგამოძიებო ანგარიშში ნათქვამია, რომ 1932 წელს უკრაინაში გვალვა არ ყოფილა, ხოლო გოლოდომორი შეფასებულია, როგორც “ადამიანის მიერ შექმნილი შიმშილობა.”

ამერიკელი ისტორიკოსი ტიმოთი სნაიდერი წიგნში “სისხლიანი მიწები: ევროპა ჰიტლერსა და სტალინს შორის”, უკრაინაში დიდი შიმშილობის მიზეზებს დეტალურად აღწერს. სნაიდერის მიხედვით, 1933 წელს უკრაინაში შიმშილობა 1928-32 წლების სტალინის ხუთწლიანი გეგმის შედეგი იყო, რაც იძულებით კოლექტივიზაციასა და შეძლებული გლეხების, იგივე კულაკების მიმართ რეპრესიებს გულისხმობდა. 1931 წლის დასაწყისისთვის საბჭოთა უკრაინიდან 32,127 ათასი ოჯახი გადაასახლეს.

უკრაინაში სტალინის პოლიტიკის მნიშვნელოვანი მომენტები:

  • 1930 წელს უკრაინაში დიდი რაოდენობის მოსავალი მოვიდა, რის გამოც 1931 წელს უკრაინიდან ხორბლის ამოღების რეკვიზიციები გაიზარდა.
  • 1931 წელს, ნაყოფის ჩამოყალიბების პერიოდში ცუდი ამინდების გამო საკმარისი მოსავალი არ მოვიდა. უკრაინის პარტიის ლიდერი, სტანისლავ კოსიორი იმ წლის ანგარიშში წერდა, რომ რეკვიზიციის გეგმის შესრულება შეუძლებელი იყო, თუმცა მოსკოვში ფიქრობდნენ, რომ გლეხები მოსავალს მალავდნენ და იპარავდნენ.
  • 1931 წლის 5 დეკემბერს, სტალინის ბრძანებით, იმ კოლექტივებს, რომლებსაც ხორბალი ჯერ ჩაბარებული არ ჰქონდათ, სათესლე მასალა წაართვეს. ამ პოლიტიკის შედეგად, მომდევნო წელს გლეხებს ხორბლის დასათესი მასალა აღარ ჰქონდათ.
  • 1932 წლის დასაწყისში უკრაინელებმა სტალინს უკრაინაში წითელი ჯვრის შეშვება სთხოვეს, თუმცა მან ჰუმანიტარული დახმარების გაწევაზე უარი თქვა.
  • უკრაინაში შიმშილობის პარალელურად სტალინისა და მაღალი თანამდებობის პირების პოზიცია ის იყო, რომ თითქოს შიმშილობა ზარმაცი გლეხების ბრალი იყო. მათ დასასჯელად კი ხორბლის რეკვიზიციები უფრო მკაცრი წესით უნდა ჩაეტარებინათ.
  • 1932 წლის 7 აგვისტოს ძალაში შევიდა კანონი, რომლის მიხედვითაც სოფლის მეურნეობის პროდუქტი სახელმწიფო საკუთრებად გამოცხადდა. ნებართვის გარეშე საკვების შენახვის ფაქტი ითვლებოდა მოპარვად.
  • 1932 წლის აგვისტოდან, გლეხებზე კონტროლის გაძლიერების მიზნით, ყანებში სამეთვლაყურეო კოშკები აღიმართა.
  • 1932 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საბჭოთა ეკონომიკაში მონაწილეობის უფლება ჩამოერთმეოდათ იმ კოლექტივებს, რომლებიც რეკვიზიციიის წლიურ გეგმას ვერ შეასრულებდნენ.
  • 1932 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით, უკრაინელ გლეხებს, რეკვიზიციის შემდეგ მორჩენილი ხორბლის მარაგის შენახვა აეკრძალათ.
  • 1932 წლის 20 ნოემბერს ძალაში შევიდა “ხორცის ჯარიმა”. გლეხები, რომლებიც ხორბლის გეგმას ვერ ასრულებდნენ, ის ხორცით უნდა გადაეხადათ.
  • 1932 წლის 28 ნოემბერს, კოლმეურნეობებს, რომლებიც გეგმას ვერ ასრულებდნენ, ჯარიმის სახით 15-ჯერ მერი ხორბლის ჩაბარება დაეკისრათ.
  • 1932 წლის 5 დეკემბრიდან შიმშილობა უკრაინელი ნაციონალისტების შეთქმულებად მიიჩნეოდა. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, ყველა, ვინც გეგმას არ ასრულებდა, ქვეყნის მოღალატედ ითვლებოდა.
  • 1932 წლის ბოლოს გლეხებს სათესლე ხორბალი ჩამოერთვათ.
  • 1933 წლიდან უკრაინის საზღვრები ჩაიკეტა, რათა გლეხებს გაქცევა არ შესძლებოდათ. იმავე წლის 23 იანვრიდან, გრძელ დისტანციებზე ბილეთების გაყიდვა აიკრძალა.
vithom holokosti1 კრემლის პროპაგანდა ჰოლოდომორის ტრაგედიას უარყოფს
ფოტო: 1932 წლის 27 ნომბრის გადაწყვეტილება გლეხების მიმართ რეპრესიული ზომების შესახებ წყარო: უკრაინის სახელმწიფო არქივი
  • ჰოლოდომორის მსხვერპლთა რაოდენობა, 3.9-7 მილიონამდე მერყეობს. სსრკ-ში მოსახლეობის აღწერის გაყალბებით სტალინის რეჟიმი რეალური რიცხვს მალავდა

სხვადასხვა ისტროული წყაროს შეფასებით ჰოლოდომორის მსხვერპლთა რაოდენობა 3.9-7 მილიონს შორის მერყეობს. ჰოლოდომორის უკრაინელი მკვლევრები აღნიშნავენ, რომ საბჭოთა ისტორიკოსები მსხვერპლთა რაოდენობას  2.5-3.5 მილიონამდე ამცირებდნენ. სსრკ-ს საარქივო მონაცემების გასაჯაროების შედეგად მკვლევართა შეფასებით, ჰოლოდომორის შედეგად 6.8-7.5 მილიონი ადამიანი დაიღუპა. აღსანიშნავია, რომ Риа Новости-ს სიუჟეტში ბობროვსკი ამბობს, 1930-იან წლებში შიმშილობას სსრკ-ს სხვა რეგიონებში უფრო მეტი ადამიანი ემსხვერპლა და ერთ-ერთ მაგალითად ყაზახეთი მოჰყავს. ყაზახეთში 1930-33 წლებში  სტალინის რეპრესიული პოლიტიკის შედეგად ხელოვნურად მოწყობილ შიმშილობას სულ მცირე 1.5 მილიონი ადამიანი ემსხევრპლა. ჰოლოდომორის მსხვერპლთა რაოდენობით მანუპულირება წლებია საბჭოთა და რუსული პროპაგანდის ნაწილია. მსხვერპლთა რაოდენობის შემცირება და ასევე მისი სხვა ტრაგედიებთან შედარება გენოციდის უარყოფის და ტრაგედიის სიმძიმის გაუფასურებას ემსახურება.

  • როგორ ცდილობდა სტალინის რეჟიმი ჰოლოდომორის მსხვერპლთა რაოდენობის დამალვას?

1937 წლის 6 იანვარს ჩატარებულ აღწერის შედეგების გამო სტალინმა სტატისტიკის ცენტრალური სამმართველოს მთავარი სტატისტიკოსები, მიხაილ კურმანი, ოლიმპი კვიტკინი, ლაზარ ბრანდი და ივან ობლომოვი დააპატიმრა, მათგან ნაწილს კი დახვრეტა მიუსაჯა. აღწერამ იმ წელს საბჭოთა კავშირის მოსახლეობა 162 მილიონამდე ადამიანი დათვალა, რაც სტალინის მოლოდინებზე საგრძნობლად დაბალი მაჩვენებელი იყო. 1930 წლის 27 ივნისს, კომუნისტური პარტიის XVI ყრილობაზე სტალინმა განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირის მოსახლეობა ყოველწლიურად 3 მილიონით იზრდებოდა. თუ 1926 წლის საყოველთაო აღწერით საბჭოთა კავშირის მოსახლეობა 147 მილიონს შეადგენდა, სტალინის გათვლებით, ეს მაჩვენებელი 1937 წლისთვის 180 მილიონმდე უნდა გაზრდილიყო.

საბოლოოდ, სტალინმა 1937 წლის აღწერის მონაცემები გააუქმა და მის ნაცვლად ახალი აღწერა 1939 წელს ჩაატარა, რომლის შედეგადაც საბჭოთა კავშირის მოსახლეობის მაჩვენებელი 170 მილიონი იყო.

1937 წლამდე, საბჭოთა კავშირის მოსახლეობაში 6 მილიონიანი კლება სტატისტიკის ცენტრალური სამმართველოს ყოველწლიური დათვლის შედეგად 1934 წლისთვის გამოჩნდა. 1934 წლის იანვარში, კომუნისტური პარტიის XVII ყრილობაზე, სტალინმა განაცხადა, რომ წლის დასაწყისისთვის სსრკ-ს მოსახლეობა 168 მილიონამდე შეადგენდა. თუმცა, ქვემოთ მოცემულ ცხრილში ჩანს, რომ ეს მონაცემი ხელოვნურად არის გაზრდილი და სტატისტიკის ცენტრალური სამმართველოს ყოველწლიური დათვლის მონაცემს არ შეესაბამება. რეალური ციფრი, 1934 წლის დასაწყისისთვის 156 მილიონს შეადგენდა, როდესაც წინა წელს მოსახლეობის რაოდენობა 162,3 მილიონი იყო. ამ მონაცემის საწინააღმდეგოდ, 1934 წლისთვის სტალინისთვის სასურველი მონაცემები გამოქვეყნდა, რომელიც 3 მილიონიან ზრდას აჩვენებდა.

vithom holokosti2 კრემლის პროპაგანდა ჰოლოდომორის ტრაგედიას უარყოფს
წყარო: demoscope.ru
  • ჰოლოდომორის საერთაშორისო აღიარება

ევროსაბჭო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები ჰოლოდომორს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად, ხოლო 17 ქვეყანა გენოციდად აღიარებს. 

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2010 წლის რეზოლუციაში გოლოდომორი, როგორც სტალინისტური რეჟიმის შედეგი, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად არის მოხსენიებული.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2010 წლის რეზოლუცია: “მკაცრად ვგმობთ სტალინისტური რეჟიმის მიერ გატარებულ ბოროტ პოლიტიკას, რომლის შედეგად მილიონობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა, რაც კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია.”

გოლოდომორი, როგორც გენოციდი 17 ქვეყნის მიერ არის აღიარებული. ესენია: აშშ, არგენტინა, ავსტრალია, კანადა, კოლუმბია, ჩეხეთის რესპუბლიკა, ესტონეთი, ეკვადორი, საქართველო, უნგრეთი, ლატვია, ლიტვა, მექსიკა, პარაგვაი, პერუ, პოლონეთი, სლოვაკეთი.

საერთაშორისო ორგანიზაციების სხვადასხვა რეზოლუციებში გოლოდომორი მოხსენიებულია, როგორც ტრაგედია/კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული.

  • ევროპარლამენტის 2008 წლის  რეზოლუცია: “აღიარებს გოლოდომორს (1932-1933 წლებში უკრაინაში ხელოვნურად შექმნილ შემშილს) როგორც უკრაინელი ხალხისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს.”
  • გაერო-ს გენერალური ასამბლეის 2003 წლის ერთობლივი  განცხადება: “1932-1933 წლებში უკრაინაში დიდი შიმშილობა (გოლოდომორი), რომელსაც 7-დან 10 მილიონამდე უდანაშაულო სიცოცხლე ემსხვერპლა, უკრაინელი ხალხის ეროვნული ტრაგედიაა.”
  • ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2010 წლის  რეზოლუცია: “მკაცრად ვგმობთ სტალინისტური რეჟიმის მიერ გატარებულ ბოროტ პოლიტიკას, რომლის შედეგად მილიონობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა, რაც კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია.”
  • ეუთო-ს 2008 წლის  რეზოლუცია: გოლოდომორი იყო მასობრივი შიმშილობა, რომელიც სტალინისტური ტოტალიტარული რეჟიმის ბოროტად გამიზნულმა პოლიტიკამ გამოიწვია.

უკრაინაში გოლოდომორის უარყოფა საბჭოთა პროპაგანდის ნაწილია

გოლოდომორის არსებობის უარყოფა, ასევე გოლოდომორის მსხვერპლთა რაოდენობებით მანიპულაციის ტაქტიკა საბჭოთა პროპაგანდის ნაწილი იყო. თავდაპირველად, საბჭოთა ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობდა, რომ უკრაინაში შიმშილობის შესახებ ინფორმაცია სხვა რესპუბლიკებში არ გავრცელებულიყო. სწორედ ამ მიზნით, 1933 წლიდან ჩაიკეტა უკრაინის საზღვრები და უკრაინელ გლეხებს ვრცელ მანძილებზე მოგზაურობა აეკრძალათ. შიმშილობა კი წარმოდგენილი იყო, როგორც უკრაინელი ნაციონალისტებისა და ხალხის მტრების მიერ შეთქმულება. 1933 წელს სსრკ-ს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბრიტანელ საგამოძიებო ჟურნალისტთან, გარეტ ჯოუნსთან ინტერვიუში, უკრაინაში შიმშილობის არსებობა უარყო.

გოლოდომორის უარყოფის ერთ-ერთი აპოლოგეტი იყო პულიცერის პრემიის ლაურეატი, NYT-ის მოსკოვის ბიუროს ხელმძღვანელი უოლტერ დიურანტი, რომელიც წერდა, რომ შიმშილობა იყო, თუმცა მოსახლეობა არ იხოცებოდა, რამაც დიდი ზიანი მიაყენა უკრაინაში შიმშილობის შესახებ სიმართლის გავრცელებას.

არსებული რეალობის დამალვის მიზნით, საბჭოთა პროპაგანდა ე.წ. “პოტიომკინის სოფლის” მეთოდს მიმართავდა. 1933 წელს კიევში ფრანგი პოლიტიკოსის, ედუარდ ერიოს კიევში ვიზიტის წინ, კიევის მაცხოვრებლებს ქალაქის დასუფთავება უბრძანეს, ხოლო მაღაზიის დახლებზე სხვადასხვა სახის პროდუქტი გამოჩნდა, რომელთანაც მიკარება მოსახლეობას ეკრძალებოდა. ქუჩებიდან გააქრეს მოშიმშილეები. საბჭოთა ხელისუფლების მიერ დადგმული სცენების შედეგად, 1933 წლის 13 სექტემბერს გამოცემა “Правда” წერდა, რომ ერიომ “კატეგორიოულად უარყო, თუ რას წერდა ბურჟუაზიული პრესა საბჭოთა შიმშილობის შესახებ.”


“სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზერომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.”  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: ისტორია
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, საბჭოთა კავშირი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist