5 მარტს რუსულენოვანმა მედიასაშუალებებმა Russia 1, Regnum.ru, Glas.ru, Novostivl.ru, Donbass Today “ქართული ლეგიონის” 60 წევრის ბლოკირებისა და 15 მათგნის განადგურების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნეს. მედიასაშუალებები რუს სამხედრო კორესპოდენტს სემონ პეგოვს ეყრდნობოდნენ, პეგოვმა “ქართული ლეგიონის” 15 წევრის სიკვდილის შესახებ ინფორმაცია ტელეგრამის საკუთარ არხზე WarGrozno-ზე 5 მარტს გაავრცელა. პეგოვის მტკიცებით, ქალაქ ვოლნოვახაში “ქართული ლეგიონის” წევრები დონეცკის თვითაღიარებული “სახალხო რესპუბლიკის” ბატალიონი “სპარტას” წევრებმა დახოცეს.
ინფორმაცია ქართული ლეგიონის წევრების მოკვლის შესახებ საქართველოში კრემლისტურმა გამოცემა News-front-მა გამოაქვეყნა.
უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის 15 წევრის სიკვდილის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურ უკრაინულ წყაროებში არ იძებნება. გავრცელებული ცნობები “მითების დეტექტორთან” ლეგიონის მეთაურმა მამუკა მამულაშვილმაც უარყო.
“მითების დეტექტორისთვის” მიცემულ კომენტარში უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგონის მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა დონეცკის თვითაღიარებული “სახალხო რესპუბლიკის” ბატალიონის მიერ ლეგიონის 15 წევრის მოკვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო.
მსგავსი შინაარსის ცნობა არც ლეგიონის ტვიტერის ან ფეისბუქის ოფიციალურ ანგარიშებზე არ გამოქვეყნებულა. მსგავსი ინფორმაცია არც უკრაინული მხარის ოფიციალურ წყაროებში იძებნება.
6 მარტს მამუკა მამულაშვილმა საკუთარ პირად ფეისბუქ ანგარიშზე რუსეთის პირველი არხის გადაცემის ნაწყვეტი გამოაქვეყნა. ვიდეოში პეგოვი ქართული ლეგიონის წევრების ლიკვიდირებაზე საუბრობს. მამულაშვილმა აღწერაში გადაცემის მონაწილეებს იდიოტები უწოდა.
უკრაინული მხარის ცნობით, 5 მარტს ქალაქ ვოლნოვახაში რუსმა სამხედროებმა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას ხელი შეუშალა და ქალაქის დაბომბვა დაიწყეს, რამაც ევაკაუცია შეუძლეებლი გახადა. ქალაქიდან მხოლოდ 400 ადამიანის ევაკაუცია მოხერხდა. კრემლის ინფორმაციით, ვოლნოვახაში გამართულ ბრძოლებს დონეცკის თვითაღიარებული “სახალხო რესპუბლიკის” ბატალიონ “სპარტას” მეთაური ვლადიმირ ჟოგე შეეწირა, სიკვდილის შემდეგ ის პუტინმა რუსეთის ფედერაციის გმირის ჯილდოთი დააჯილდოვა.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.