ძალადობრივი ჯგუფების მიერ Tbilisi Pride-ის ღირსების მარშის ჩაშლას და ჟურნალისტებზე ორგანიზებულ ძალადობას, აგრესიული და მუქარის შემცველი განცხადებებით ლევან ვასაძის პარტიასთან “ერთობა, რაობა, იმედი” დაკავშირებული ტელეკომპანა “ალტ-ინფო” ასაზრდოებდა, რომლის წამყვანები 5 ივლისს შეკრებილი ძალადობრივი კონტრაქციის ორგანიზატორებს შორისაც იყვნენ.
5 ივლისის შემდეგ ალტ-ინფოს ძალადობრივი რიტორიკა კიდევ უფრო აგრესიული გახდა და მიემართებოდა:
- დასავლეთის საელჩოებს და დიპლომატიურ წარმომადგენლებს, ევროკავშირს და აშშ-ს
- ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად მედია საშუალებებს და ინდივიდუალურ ჟურნალისტებს.
ალტ-ინფოს წამყვანები, რომლებიც პირდაპირ და დაუფარავად აცხადებდნენ, რომ აგრესია პოლიტიკური და იდეოლოგიური ბრძოლის სტანდარტად უნდა ექციათ, პოლიტიკური მიზნების მისაღწევად სრულფასოვანი ტელევიზიის ჩამოყალიბების და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული არხებისგან მედია სივრცის გაწმენდის აუცილებლობაზე საუბრობდნენ. დასავლეთის წინააღმდეგ ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლების მუქარებში შემდეგ სტრატეგიულ მიზნები იყო გაცხადებული:
- ამერიკა და ევროკავშირი ხელშეუხებლები აღარ არიან
- ხალხის რისხვა/მთავარი დარტყმა მიმართული უნდა იყოს ამერიკისა და ევროკავშირის წინააღმდეგ
- პარლამენტის წინ ჯვრის აღებას აშშ/ევროკავშირის საელჩოებთან მივარდნა და მათი სიწმინდეების ხელყოფა მოჰყვება
- დასავლური სიმბოლოების (დროშების) დაწვა ყოველდღიურობად უნდა იქცეს
- პროცესები ისე წარიმართება, რომ ევროინტეგრაცია თავდაყირა დადგება
- დასავლელი კოლონიზატორების წინააღმდეგ პროტესტი კონვერტირდება პოლიტიკურ მოძრაობად
- ლიბერალიზმი ჩანაცვლდება ქრისტიან-კონსერვატული მმართველობით და დედა-ეკლესიასთან ერთად ვმართავთ ქვეყანას
ანტიდასავლური გზავნილები და პოლიტიკური დღის წესრიგი
ამერიკა და ევროკავშირი ხელშეუხებლები აღარ არიან
შოთა მარტინენკო: „როგორც ისინი მოითხოვენ ჩვენი სიწმინდის აღებას და ისინი შეურაცხყოფენ ჩვენს სიწმინდეებს უკვე ათეულობით წლებია და ეს პრაქტიკად აქციეს ჩვენთან ბრძოლის, ჩვენც მივალთ მათ სიწმინდეებთან და ისევე შევურაცხყოფთ მათ სიწმინდეებს და დემოსნტრაციულ შეურაცხყოფას ვაჩვენებთ როგორ უნდა მათი სიწმინდეების და ამას ნახავს მთელი მსოფლიო, რომ საქართველოში შეიცვალა ცნობიერება და საქართველოში ხელშეუხებელი აღარ არის არც ევროკავშირი, არც ამერიკა, არც მათი სიმბოლიკა”.
შოთა მარტინენკო: “ვაჩვენებთ რომ არანაირი ხელშეუხებელი არ არის არც მათი საელჩოების მიმართ პატივისცემა და არც მათი სიმბოლიკის მიმართ პატივისცემა …და პრინციპში ყველას ფეხებზე ჰკიდია მაგათი დროშა, ვიღაცა ლიბერასტების გარდა.ა.“
ხალხის რისხვა/მთავარი დარტყმა მიმართული უნდა იყოს ამერიკისა დაა ევროკავშირის წინააღმდეგ
შოთა მარტინენკო: „დასავლეთი არის ის ძალა, რომელიც აქ ამკვიდრებს ამ სიბინძურეს. დასავლეთი არის ძალა, რომელიც პიდარასტობის ნორმალიზაციის პროპაგანდას ეწევა… იმ მოთხოვნებს გვიყენებს მთელ ქვეყანას, რომ აიძულოს სისტემა, აიძულოს ხელისუფლება, გადატეხოს ქართველი ხალხის ნება და კულტურა, იდენტობა გადატეხოს. ეს არის დასავლეთი. ამიტომ სიბრაზე ხალხის, სიძულვილი ხალხის, უნდა იყოს მიმართული კონკრეტულად, პირველ რიგში ამერიკისკენ და ევროკავშირისკენ, რომელიც არის შემოქმედი ამ სიბინძურისა საქართველოში.“
შოთა მარტინენკო: “ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ, თუ საპასუხო დარტყმას არ მივიტანთ იმ მიმართულებაზე, რომელიც არის ინიციატორი საქართველოში ქართული იდენტობის მოკვლის და ქრიტიანობის დასუსტების და ეს ინიციატივა მოდის ევროკავშირიდან და ამერიკიდან, ამიტომ ჩვენი დარტყმა უნდა მიიმართოს ამ მიმართულებით, ამათ უნდა მიადგეთ რეპუტაციული დარტყმა.“
პარლამენტის წინა ჯვრის აღებას აშშ/ევროკავშირის საელჩოებთან მივარდნა და მათი სიწმინდეების ხელყოფა მოჰყვება
გიორგი ქარდავა: “ევროკავშირის ოფისი ძალიან ახლოს არის, იცოდეთ, არც ამერიკის საელჩო არის მაინცდამაინც შორს და იქ იცოდეთ ძალიან ცუდი რაღაცეები მოხდება, თუ ამას [სამოქალაქო აქტივისტების ნაწილმა პარლამენტის წინ ექსტრემისტული ჯგუფების მიერ დადგმული წმინდა ნინოს ჯვრის აღება მოითხოვა] თქვენ არ აღკვეთთ… იცოდეთ პროცესები მიიღებს შეუქცევად ხასიათს, ღმერთი არის მოწმე, ჩვენ არ გვინდოდა ეს.“
შოთა მარტინენკო: “გააცნობიერებინეთ [ამერიკის და ევროკავშირის ელჩებს], რომ ვერ გააჩერებთ რეაქციას, რომ რეაქცია იქნება არა ვიღაც კონკრეტულ ნატა ფერაძეებზე, რომელიც ვინ ჩემი ფეხებია საერთოდ, არამედ იქნება ამერიკაზე და ევროკავშირზე… მარტო პირობის არმიღების შემთხვევაშიც, ჩვენ დავიძრებით მათ საელჩოებთან და როგორც ისინი აპირებენ მოსვლას ჯვართან და შეურაცხყოფას, ისეთივე შეურაცხყოფას ვაჩვენებთ მათი მიმართულებით….”
ზურა მახარაძე: “ხვალ ევროკავშირის დროშა დაიწვება კი არა, ჯერ მაგ ნატა ფერაძეს ავუხსნით, როგორ უნდა ამ ქვეყანაში ეგრე საქციელი, მით უმეტეს ჯვართან და მერე მაქიდან წავალთ, აი, ამ პიდარასტული საელჩოებისკენ, ვინც სინამდვილეში მაგას აკეთებს… ვერ აიტანეს მაგათ მანდ რომ ჯვარი დგას, ხომ? ვერ აიტანა ამერიკის საელჩომ, ვერ აიტანა ევროკავშირმა, ხომ? აი, მაქედან ხალხი მერე წავალთ იქ და ეგ ორშაბათი და სამშაბათი მოგეჩვენებათ ბავშვის თამაშად…“
დასავლური სიმბოლოების (დროშების) დაწვა ყოველდღიურობად უნდა იქცეს
შოთა მარტინენკო: “საბოლოო ჯამში ჩვენ თუ არ დავარტყით რეალურ საწყისს, ვინც ამ სიბუნძურეს აქ ამკვიდრებს, ისე ვერ გადავტეხავთ…რეალური საწყისი არის ლიბერალური დასავლეთი. სრულიად ბინძური გლობალისტური დასავლური ერთობა ამერიკა და ევროკავშირი, რომელიც აქ ამ სიბინძურეს ამკვიდრებს. ჩვენ უნდა დავარტყათ მათ ავტორიტეტს, იმიტომ რომ ისინი ურტყავენ აქ ეროვნულობას და ისინი ურტყავენ აქ ქრისტიანობას. ჩვენ რაც ეს გავაკეთეთ სიმბოლური აქტი, აი, ამ დროშების მიმართ, ეს უნდა იქცეს ჩვეულებრივ ყოველდღიურობად. ეხლა ხო წარმოუდგენელი იყო ერთი წლის წინ, ეხლა წელს ხო გაკეთდა, ხვალიდან ეს უნდა იქცეს ყოველდღიურობად და ასეთივე შეფასება უნდა ვავრცელოთ ირგვლივ. პროდასავლელობა ამ ამბის შემდეგ არის პროპიდარასტობა.”
შოთა მარტინენკო: “ის, რაც ამ ხალხმა გააკეთა [ევროკავშირის დროშის დაგლეჯა], ეს არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენა… უნდა ჩვეულებრივ მოვლენად იქცეს, ბრძოლის მექანიზმად უნდა იქცეს ევროკავშირის დროშების მიმართ აი, ასეთი დამოკიდებულის გამოხატვა. ეს უნდა დავამაკვიდროთ, ეს უკვე თან დამკვიდრდა.”
პროცესები ისე წარიმართება, რომ ევროინტეგრაცია თავდაყირა დადგება
გიორგი ქარდავა: “რაც შეეხება ევროკავშირს და ამერიკას, სიმართლე რომ გითხრათ, მათი ხელი ურევია ამ პროვოკაციაში და ისინი არიან მთავარი აქტორები ამ დაძაბულობების და პროვოკაციების. ევროკავშირის დროშა კი არა, ისეთი რაღაცები მოხდება ხვალ, საერთოდ 30 წლის მთელი ეს ევროინტეგრაცია ჩაგეყრებათ წყალში და ჩვენ არაფერზე არ დავიხევთ უკან. ერთი წამით ნუ წარმოგიდგენიათ რომ ჩვენ რამის გვეშინია… საერთოდ ყველაფერზე წავალთ.“
დასავლელი კოლონიზატორების წინააღმდეგ პროტესტი კონვერტირდება პოლიტიკურ მოძრაობად
ზურა მახარაძე: “იქნება უპრეცედენტო ერთობა ქართველი ერის და მთელ ამ დიპლომატიურ კორპუსს, გარედან აქ ჩამოსულ მეფისნაცვლებს, იმათ ტრადიციებს რომ აგრძელებენ კოლონიალურ ადმინისტრაციას და მაგათ შნირებს აქ, გინდა პოზიციაში, გინდა ოპოზიციაში, ჩვენ ხომ მაგას ვაჩვენებთ და მერე მაგას კი არ მოვკლავთ, ამ ერთ დღეს კი არ მორჩება კონსერვატიული მუხტი, ეგ ყველაფერი დაკონვერტირდება მერე პოლიტიკურ მოძრაობაში.”
ლიბერალიზმი ჩანაცვლდება ქრისტიან-კონსერვატული მმართველობით და დედა-ეკლესიასთან ერთად ვმართავთ ქვეყანას
ზურა მახარაძე: “ჩვენი უმთავრესი ამოცანა არის, რომ ამ ქვეყანაში იყოს ეროვნული ხელისუფლება, ეროვნული კანონები, რომელიც დედა-ეკლესიის გვერდში დადგება. ერი და ბერი ერთად იმუშავებს და ეგ არის იბერიის გაბრწყინება, მეტი კი არაფერი…იბერიის გაბრწყინება არის, როცა აქ არის ეროვნული ხელისუფლება და დედა-ეკლესიასთან ერთად მართავს და აშენებს ამ ქვეყანას.”
ზურა მახარაძე: „ჩვენ მივალთ იქამდე, რომ საქართველოში ეროვნული ხელისუფლება იქნება და ლიბერალიზმი ჩამნაცვლდება ქრისტიან-კონსერვატიული მმართველობით“.
მედია, როგორც პოლიტიკური ბრძოლის იარაღი და მუქარა ხელისუფლების არაკონტროლირებადი მედიების საინფორმაციო სივრციდან გაწმენდაზე
პოლიტიკურ მოძრაობად ტრანსფორმირების წინაპირობად, ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლები საკუთარი სრულფასოვანი მაუწყებლობის ქონას ასახელებდნენ და ხელისუფლების არაკონტროლირებადი მედიებისგან (“ფორმულა”, “მთავარი” და “ტვ პირველი”) საინფორმაციო სივრცის გაწმენდის აუცილებლობაზე საუბრობდნენ:
გიორგი ქარდავა: „ჩვენ თუ გვეყოლება ერთი თუნდაც ამ უზარმაზარ, ამათ ამ ჰიენების გარემოცვაში, ერთი მაინც თუ გვექნება იგივე კალიბრის მედია, ამათ დავამთავრებთ! ესენი დამთავრდებიან! მთელი საქართველო უყურებს „ალტ-ინფოს!“ ყველა! და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ! ჩვენი მორიგი, შემდეგი ეტაპი არის მედიის გაკეთება და ვერცერთი ამათი ცენზურა ჩვენ ვეღარ შეგვაკავებს!”
ალტ-ინფოს წამყვანები, რომლებიც ამავდროულად ძალადობრივი აქციების ორგანიზატორები იყვნენ, ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობას ხალხის რისხვით ხსნიდნენ, რომელსაც ისინი ვერ აკონტროლებდნენ. თავად ალტ-ინფოს” მუქარის სამიზნე კი ძირითადად ხელისუფლების არაკონტროლირებად პლატფორმები – “ფორმულა”, “მთავარი” და “ტვ პირველი” იყვნენ.
გიორგი ქარდავა: “იცოდეთ, დღეიდან ყველა ჟურნალისტი, რომელიც მუშაობს ნაციონალური მოძრაობის და მათი ანასხლეტების, პარტიების ასე ვთქვათ, ჯიბის რუპორებზე მაქვს საუბარი, „ფორმულა, ტვ პირველი, მთავარი არხი“ და ძმანი მათნი, ესენი ყველანი არიან საქართველოს მტრები! ჩვენი სახელმწიფოს მტრები!”
ზურა მახარაძე: “თქვენ ვერ ხვდებით კიდე რამხელა აგრესია გამოიწვიეთ ხალხში, იმიტომ, რომ აქ რომ კიდე რაღაცა არეულობა მოხდეს, ვერავინ ვერ გააჩერებს ამ ხალხს, ისეთი საძულველები გახდით ადამიანებისთვის და გაანძრიეთ ცოტა ტვინი… “.
ზურა მახარაძე: „ხალხს თქვენი თავი ვერ გამოვწიწკნეთ ხელიდან! რო გხედავთ ხოო, თვალზე ბინდი ეკვრებათ, რო დაგიჭირონ და სუ თავი გარტყმევინოთ, მაგი უნდათ, ვერ ვაჩერებთ! და პოლიცია რომ გაიწიოს ხოო, თქვენ თუ გგონიათ ვიღაცა მაჭუტაძეზე ნაკლებად ეზიზღებით ეს პიდარასტი ნაც-მედია ხალხს, მაგარი გეშლებათ! უარესად ეზიზღებით!“
ალტ-ინფოს წამყვანების მტკიცების საპირისპიროდ, რომ ისინი ვერ აკონტროლებენ “გაბრაზებულ ხალხს”, გავრცელდა კადრები, რომელშიც ჩანს როგორ აწარმოებს ალტ-ინფოს ერთ-ერთი წამყვანი ზურა მახარაძე მოლაპარაკებებს საპატრულო პოლიციის უფროსთან, ვაჟა სირაძესთან 6 ივლისს პარლამენტის წინ მდუმარე აქციის წინააღმდეგ გამართულ ძალადობრივი ჯგუფების კონტრაქციაზე. მახარაძე სირაძეს სთხოვს აქციის მონაწილეებმა “წმინდა ნინოს ჯვრის ფონზე ელგებეტე დროშა ჩაწიონ”. სირაძის პასუხზე, რომ მას არ აქვს შესაძლებლობა, აქციის მონაწილეებთან მივიდეს, მახარაძე მას პირობას იძლევა, რომ პოლიციის უფროსის არყოფნის დროს ადგილზე სიტუაციის კონტროლს შესძლებს:
“რამდენი დრო გინდა? მე გაძლევ პირობას, მითხარი რამდენი დრო გინდა, რომ მიხვიდე… მე გაძლევ პირობას 10 წუთი აქ არაფერი არ მოხდება…სანამ შენ მიხვალ და მოხვალ მე გაძლევ პირობას აქ არაფერი მოხდება.”
ძალადობრივი ჯგუფების ინდივიდუალური სამიზნე ასევე იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ირაკლი აბსნაძე, რომელმაც TV პირველის ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრიფინგი ექსპერტიზის დასრუბამდე ნარკოტიკებზე მინიშნების გამო საჯაროდ გააკრიტიკა და მმართველი პარტიის ოფისთან საპროტესტო აქციაზე მონაწილეობდა, რა დროსაც მისი დაკავება მოხდა.
გიორგი ქარდავა: „ეს ჩათლახი პიდარასტი [ირაკლი აბსანძე], ეს მართლა „ტრაკში ამოსული ბროწეული“ ჩვენი ფულებით ფინანსდება და მუშაობს საზოგადოებრივ მაუწყებელზე!… გააგდეთ იქიდან კაცო და დაიწყოს მუშაობა „ტვ პირველზე“, მანდაც მოგაკითხავთ… ან „ტვ ფორმულაზე“, მაგრამ „ტვ ფორმულასაც“ მოგაკითხავთ იმიტომ, რომ ყველა მედია აქედან მოპარული ფულებით არის, თქვენ რა გგონიათ!“
ალტ-ინფოს წამყვანები ასევე დაუფარავად ამბობდნენ, რომ ძალაუფლებაში მოსვლის შემთხვევაში მთლიან მედია სისტემას მაუწყებლობიდან ჩახსნიდნენ:
შოთა მარტინენკო: “ჩვენ რომ ძალაუფლებაში მოვალთ, პროსტა შანსი არა გაქვთ რა, მთლიანად თქვენს მედია სისტემას სრულიად ჩავხსნით მაუწყებლობიდან, სრულიად გავაუქმებთ”.
აგრესია, როგორც პოლიტიკური და იდეოლოგიური ბრძოლის იარაღი
ალტ-ინფოს წამყვანებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ აგრესია პოლიტიკური და იდეოლოგიური ბრძოლის აუცილებელი იარაღი იყო და ეს სტანდარტად უნდა დაემკვიდრებინათ:
შოთა მარტინენკო: „აგრესია არის, მათ შორის, პოლიტიკური და იდეოლოგიური ბრძოლის აუცილებელი იარაღი. არავის არ მოუგია სხვანაირად. აუცილებელი იარაღია და ის, რომ ჩვენ გვეუბნებიან, რომ თქვენ აგრესიულად ლაპარაკობთ და რაღაცა, ეგ არის აუცილებელი პირობა. კი, ჩვენ უნდა დავამკვიდროთ სტანდარტი, რომ ყველა ლიბერასტის და ყველა შუაშისტის მიმართ, ყოფით რეალობაში, აგრესია, აგრესიული შეფასებები, აგრესიული დაგმობა, ფსიქოლოგიური ბულინგი თუ გნებავთ ასე დაარქვით, დადებითი მოვლენა უნდა იყოს. ეგ უნდა იყოს პოლიტიკური ბრძოლის ფორმა ყოველდღიურ ყოფაში.“
შოთა მარტინენკო: “ძალის დემონსტრაციის გარეშე არ არსებობს არაფერი. ხელაწეული პროტესტი – ვაიმე ხალხო, შეშფოთებას გამოვხატავ – ასეთი პროტესტი ხო, რამდენიც გინდა, თუ გინდაც მილიონი კაცი იდექი ერთი წელი… როცა მრისხანებას და ძალის დემონსტრაციას ხალხი აჩვენებს, მანდ რეალობა იცვლება: ჟურნალისტები ზრდილობიანები ხდებიან, თვითონ ეს ენჯეო-ლგბტ აქტივისტები მფრთხალები, სხვა დროს, რომ არაფრის გვეშინიაო და მაგ რეჟიმში – მე არ მინდა აქ საფრთხეში ჩავაგდო ხალხი და სახლში დავრჩები და შეურაცხყოფას აღარ მივაყენებ სხვის სიწმინდეებსო”.
ალტ-ინფოს შესახებ
ტვ “ალტ-ინფო” ლევან ვასაძის კრემლისტურ პარტია “ერთობა, რაობა, იმედს” უკავშირდება. მას შემდეგ, რაც ფეისბუკმა 2020 წელს ალტ-ინფოსთან დაკავშირებული ანგარიშები კოორდინირებული არაავთენტური ქმედების გამო წაშალა, ალტ-ინფომ საეთერო მაუწყებლობის ლიცენზია მოიპოვა და ეთერში 2021 წლიდან გავიდა. “ალტ-ინფოს” მფლობელი კონსტანტინე მორგოშიას მამიდა ციალა მორგოშია (50%), ასევე გადაცემის წამყვანი შოთა მარტინენკოა (50%).
კონსტანტინე მორგოშიამ, რომელიც ვასაძის და ალტ-ინფოს ჯგუფთან არის დაკავშირებული, 2019 წელს ორგანიზაცია “ალტერნატივა საქართველოსთვის” დაარეგისტრირა, რომლის დამფუძნებელთა შორის მასთან ერთად “ალტ-ინფოს” წამყვანები შოთა მარტინენკო და რუსეთის მოქალაქე გიორგი ქარდავაა, ასევე გადაცემის კიდევ ერთი წამყვანი ირაკლი ყიზილაშვილი, რომელიც მარტინენკოს საცხოვრებელ მისამართზეა რეგისტრირებული. მორგოშია 2019 წლამდე “ქართული მარშის” წევრი იყო, 2016 წელს კი “პატრიოტთა ალიანსის” სახელით მცხეთის მაჟორიტარად იყრიდა კენჭს.
ვასაძე საქართველოში ქრისტიანულ-ევანგელისტური ორგანიზაცია მსოფლიო საოჯახო კონგრესის (WCF) წარმომადგენელია, რომელიც „ბუნებრივი ოჯახის“ დაცვის სახელით, ლგბტ უფლებების გავრცელების წინააღმდეგ იბრძვის. ოჯახების კონგრესი ასევე დაკავშირებულია ამერიკის და აშშ-ს მიერ ყირიმის მოვლენების გამო სანქცირებულ რუს ოლიგარქ კონსტანტინ მალოფეევთან, ასევე ალექსეი კომოვთან, რომელიც ამერიკაში დაფუძნებული ორგანიზაციის, ოჯახების მსოფლიო კონგრესის (WCF) ოფიციალური წარმომადგენელია რუსეთში და „ევრაზიანისტული მოძრაობის” ლიდერ ალექსანდრ დუგინთან. დუგინთან მჭიდრო კავშირები აქვს თავად ვასაძესაც, რომლის ტელეარხ “ალტ-ინფოზე” დუგინს ხშირად იწვევენ.
2021 წელს თბილისი პრაიდის (Tbilisi Pride) ჩატარების წინააღმდეგ ძალადობაში ვასაძესთან დაკავშირებული ჯგუფები, ასევე ტელეარხ “ალტ-ინფოს” წამყვანები იყვნენ ჩართული, დუგინი კი თბილისში განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებს სოციალური ქსელიდან გულშემატკივრობდა.
2019 წელს პრაიდის წინააღმდეგ კი ვასაძე “სახალხო ლეგიონის” ჩამოყალიბების ინიციატივით გამოვიდა, რომელსაც დაგეგმილი ღონისძიების პერიოდში ქალაქში პატრულირება უნდა განეხორციელებინა.