ინტერნეტ სივრცეში კიდევ ერთი ინგლისურენოვანი რუსეთიდან მართული საიტი გამოჩნდა, რომელიც კრემლის ნარატივებს აჟღერებს. “One World Global Think Tank”, რომელზეც EUvsDisinfo წერს, საქართველოში აშშ-ის მომზადებულ ფერად რევოლუციებზე საუბრობს და მას ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძესა და პარტია “ლელოს” უკავშირებს. ამას გარდა, კრემლის ახალი გამოცემა ბერლინში მოკლულ ზელიმხან ხანგოშვილს ჩეჩენ ტერორისტს უწოდებს.
ნარატივი, თითქოს აშშ საქართველოში ოპოზიციას აძლიერებს იმისთვის, რომ მორიგი ფერადი რევოლუცია მოაწყოს, ასევე ხანგოშვილის ეთნიკურ წარმომავლობაზე ხაზგასმა, მისი ტერორისტად მოხსენიება და მტკიცება, რომ ხანგოშვილის მკვლელობა რუსეთს არ უკავშირდება, კრემლის პროპაგანდის ნაწილია. აღნიშნულ ნარატივებზე “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა.
One World-ის შესახებ
Whois.com-ზე ძიების შედეგი გვიჩვენებს, რომ One World-ის რეგისტრატორი RU-CENTER-ია და საიტი 2019 წლის 29 აპრილს მოსკოვშია დარეგისტრირებული. One World-ის კონტენტი კრემლის მესიჯბოქს MH17-ის, სირიის, ნატოს თემებზე და სხვა მიმდინარე მოვლენებზე ავრცელებს. ის მახასიათებელი, რაც One World-ს მოსკოვიდან მართულ სხვა ინგლისურენოვანი საიტებისგან განასხვავებს, ინდოეთის სუბკონტინენტის აქტიური გაშუქებაა.
One World-ის მიხედვით, დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს, ამიტომაც ბლოკავენ მას ოლიმპიური თამაშებიდან. ონლაინ გამოცემა ასევე ავრცელებს სხვა ტრადიციულ ანტიდასავლურ მესიჯებს: “დასავლეთი სირიასთან დაკავშირებით იტყუება და შეთქმულების თეორიებს ავრცელებს”, “ნატო ტვინმკვდარი და გაყოფილი სულ მცირე 2021 წლამდე დარჩება”, “უკრაინაში მშვიდობა დაისადგურებს, თუ აშშ მას საბოტაჟს არ მოუწყობს” და სხვა.
ვინ წერს სტატიებს One World-სთვის?
საიტზე ყველაზე ხშირად ენდრიუ კორიბკოს სტატიები გვხვდება, რომელსაც ტვიტერის ანგარიშზე მითითებული აქვს, რომ მოსკოვში ბაზირებული პოლიტიკური ანალიტიკოსია. კორიბკო სხვა კრემლისტური მედიისთვისაც წერს – Katehon.com, Sputnik, Geopolitica.ru და Oriental Review.
წყარო: EUvsDisinfo
ენდრიუ იგივე ანდრეი კორიბკო რუსეთის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტის სტრატეგიული კვლევებისა და პროგნოზების ინსტიტუტთან თანამშრომლობს, სადაც ის ექსპერტთა საბჭოს წევრია. ეს თანამდებობა მას პირდაპირ სახელმწიფო სტრუქტურებთან აკავშირებს.
წყარო: EUvsDisinfo