მას შემდეგ, რაც 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია დაიწყო, ქართულ და რუსულენოვან ინტერნეტ სივრცეში რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ დეზინფორმაციის ნაკადმა განსაკუთრებულად მოიმატა. Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში, “მითების დეტექტორი” 2022 წლის თებერვლიდან დღემდე რუსულ, ბელარუსულ, უკრაინულ და ქართულ სოციალურ მედიას აკვირდებოდა და ამ თემაზე 400-ზე მეტი ყალბი და მანიპულაციური კონტენტი გამოავლინა.
გთავაზობთ მათ შორის ყველაზე გავრცელებულ და ტენდენციურ 10 მასალას:
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვის შესახებ ყველა ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ ყველა ფოტო და ვიდეომასალა პროვოკაციაა და “დადგმულია კიევის რეჟიმის მიერ დასავლური მედიისთვის”. რუსეთის პირველი არხის ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნდა სიუჟეტი, რომლის თანახმადაც, ქალაქ ბუჩას კადრები, რომელშიც ქუჩაში დაღუპული ადამიანები ჩანან, დადგმულია. წამყვანის მტკიცებით, ერთი “თითქოს მკვდარი” ადამიანი ხელს ამოძრავებს, მეორე კი ფეხზე დგება. იდენტური კადრები ქართველმა ფეისბუქ-პროფილებმაც გაავრცელეს.
რეალურად, New York Times-ის თანამგზავრით გადაღებულ კადრებში ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების გვამები სამ კვირაზე მეტი, ანუ იმ პერიოდიდან ჩანს, როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელევიზიის ვებ-გვერდმა, ასევე რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ქალაქ მარიუპოლში მდებარე ინდუსტრიულ ზონა “აზოვსტალის” ქვეშ 30 მეტრის სიღრმეზე ნატოს საიდუმლო ობიექტი სახელად PIT-404 და ბიოლაბორატორია მდებარეობს, რომელშიც ბიოლოგიურ იარაღს ამზადებენ.
მტკიცება კრემლის მიერ წარმოებული იმ დიდი დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილია, რომლის მიხედვითაც, უკრაინასა და საქართველოში არსებულ ლაბორატორიებში ბიოლოგიურ იარაღს ცდიან, ჯარისკაცებზე ექსპერიმენტებს ატარებენ; მსგავსი ლაბორატორიები ამერიკაში არ ფუნქციონირებს და საექსპერიმენტოდ უკრიანის და საქართველოს მსგავსს ქვეყნებს იყენებდნენ.
გავრცელდა ბრიტანული ორგანიზაციის მიერ მომზადებული კლიპის პროგრამულად გაყალბებული ვერსია, რომელშიც გეი სამხედრო წყვილი ფიგურირებს და უკრაინის ჯარის უნიფორმიანი სამხედროების კადრების, ასევე სახმელეთო ძალების ლოგოს დამატებით უკრაინის ჯარში გაწვევის ვიდეორგოლად იყო წარმოჩენილი. ომის დაწყებამდე გაყალბებული ვიდეო საქართველოში კრემლისტურმა ტვ „ალტ-ინფომ“ და მისმა მხარდამჭერებმა კოორდინირებულად გაავრცელეს. გაყალბებულ ვიდეოს ახლდა გზავნილები, რომ ყირიმის დაკარგვის მიზეზი, ასეთი სულისკვეთების ჯარია.
2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთი ფორმა ცნობილი გამოცემების გარეკანების გაყალბება იყო. ამ ტიპის დეზინფორმაციული მტკიცებები მიზნად ისახავდა მკითხველისთვის შეექმნა შთაბეჭდილება, თითქოს ცნობილი გამოცემები უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკისა და სხვა დასავლელ ლიდერებს აშარჟებენ და რუსეთის სიძლიერის ფონზე ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების სისუსტეს აღიარებენ.
2022 წლის მარტში, ფეისბუკ-გვერდმა Новости и Политика იუთუბ არხის Аспекты-ის მიერ მომზადებული სიუჟეტი გამოაქვეყნა. სიუჟეტში საუბარია, რომ პოლონეთი უკრაინაში შეჭრისთვის გეგმას ამზადებს. მაყურებელს მოუწოდებენ ყურადღება მიაქციონ პოლონურ ტელევიზიაში გასულ კადრებს, სადაც აჩვენებენ რუკას, რომელშიც უკრაინა რამდენიმე ქვეყანას – პოლონეთს, რუსეთს, რუმინეთსა და უნგრეთს – შორის არის გადანაწილებული. ავტორის თქმით, კადრები პოლონეთის შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფშია გადაღებული.
მტკიცება, თითქოს პოლონეთი დასავლეთ უკრაინის შემოერთებას გეგმავს, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გააქტიურდა. პოლონეთს უკრაინის ტერიტორიებზე პრეტენზია არასდროს გამოუთქვამს, თუმცა კრემლის მედია მუდმივად ამკვიდრებს აზრს, თითქოს ვარშავის სამხედრო-პოლიტიკური აქტივობა უკრაინის დაყოფისა და დასავლეთ უკრაინის რეგიონების ანექსიის მიზნებს ატარებს.
ბანდერასთან და ნაციზმთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში რუსულ ენაზე ზიარდებოდა გრაფიკული ფოტო, სათაურით “რატომ არის უკრაინა ნაცისტური სახელმწიფო?” ფოტოს ტექსტში აღნიშნულია, რომ სწორედ ბანდერა იყო ინიციატორი 1941 წელს იმ ეთნიკური წმენდის, რომელსაც შეეწირნენ უკრაინელები, პოლონელები და ებრაელები, თუმცა უკრაინაში ამ ყველაფრის გათვალისწინებით ბანდერას ძეგლებს მაინც უდგამენ და ქუჩებს მის სახელს უწოდებენ. ამ კუთხით უკრაინელებზე რუსული პროპაგანდისტული მედიის RT-ს რედაქტორმა მარგარიტა სიმონიამაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ უკრაინელი ხალხის მნიშვნელოვანი ნაწილი ნაციზმის მიმდევარია.
ქართულ და რუსულენოვანი ფეისბუკ მომხმარებლები ამტკიცებდნენ, რომ უკრაინას არ აქვს ოფიციალურად აღიარებული საზღვრები და ამის შესახებ გაეროს ყოფილი მდივანი პან გი მუნი ჯერ კიდევ 2014 წელს საუბრობდა. ასევე მკვიდრდებოდა აზრი, რომ უკრაინის ტერიტორია, დსთ-ს დოკუმენტის მიხედვით, საბჭოთა კავშირის ადმინისტრაციული რეგიონია, ხოლო ბუდაპეშტის მემორანდუმით ქვეყანას საზღვრები საერთოდ არ აქვს. შესაბამისად, პოსტის ავტორები ასკვნიდნენ, რომ რუსეთის დადანაშაულება უკრაინის საზღვრების დარღვევაში შეუძლებელია.
რეალურად პან გი მუნის მსგავსი შინაარსის განცხადების არსებობა ღია წყაროებით არ დასტურდება. უკრაინა გაეროს სრულუფლებიანი წევრია და მისი საზღვრები საერთაშორისოდაა აღიარებული. დსთ-ს დოკუმენტებში უკრაინა საბჭოთა კავშირის ადმინისტრაციულ ერთეულად მოხსენიებული არ არის. უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ბუდაპეშტის მემორანდუმიც ადასტურებს.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოს მიხედვით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ქალიშვილი, ალექსანდრა პოლონეთში გაიქცა, მამამისს კი ნაცისტი და უკრაინელი ერის მკვლელი უწოდა. პოსტებს თან ერთვის ახალგაზრდა ქალის ფოტო, რომელიც ავტომობილში ზის და ტირის. გავრცელებულ სქრინში ასევე მითითებულია ბმული, რომელზეც ნათქვამია, რომ ის “ექსკლუზიურ კადრებს” ასახავს.
რეალურად, ფოტოზე გამოსახული პიროვნება ალექსანდრა ზელენსკა არ არის, ხოლო კადრი 2017 წელს გავრცელებული ვიდეოდან არის ამოჭრილი.
რუსული მედიასაშუალებების თანახმად, УПЦ МП-ის დევნა უკრაინის მოსახლეობის მართლმადიდებელი იდენტობის განადგურებას ემსახურება, რადგან მართლმადიდებლობა “რუსული სამყაროს” ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ქმედებებისა და პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილებების შემდეგ, იმ გზავნილის გავრცელება, თითქოს “ზელენსკის რეჟიმი” უკრაინაში მართლმადიდებლობას ებრძვის, საქართველოში პრორუსულად განწყობილმა აქტორებმაც აქტიურად დაიწყეს.
რეალურად, პრორუსული ნარატივი УПЦ МП-ს წინააღმდეგ დაწყებულ საგამოძიებო საქმიანობას მართლმადიდებლობასთან ბრძოლად წარმოაჩენს, რაც, ფაქტობრივად, უგულვებელყოფს ქვეყნის მართლმადიდებელი ქრისტიანების უდიდეს ნაწილს, რომლებიც ავტოკეფალური ეკლესიის მრევლი არიან.
ტრადიციული და ინტერნეტ მედიების, ასევე სოციალური ქსელის ანგარიშების მიერ აქვიურად ვრცელებოდა ცნობები იმის შესახებ, რომ სხვადასხვა დასავლური მედიასაშუალება ვოლოდიმირ ზელენსკის დასავლური ფულის მსრუტავ შავ ხვრელს ადარებდა. ვრცელდებოდა ინფორმაცია სხვადასხვა ევროპულ და ამერიკულ ქალაქში გაკეთებული გრაფიტების შესახებაც, სადაც ზელენსკის ფულის მფლანგველ ქვეწარმავალს ან შავ ხვრელს განასახიერებდა.
რეალურად, მედიასაშუალების კადრები პროგრამული დამუშავების შედეგი იყო, ხოლო გრაფიტების გამოსახულებების მქონე ფოტოებს სხვადასხვა ქალაქის შემთხვევაში ინსტაგრამის ერთი კონკრეტული ანგარიში აყალბებდა და ასეთი გრაფიტები არცერთ ამ ქალაქში არ შექმნილა.