კრემლი და ქართველი კრემლისტი აქტორები ლუკაშენკოს მიერ თვითმფრინავის გატაცებას და ჟურნალისტის დაკავებას ამართლებენ

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

31
VIEWS

23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა მისნკის აეროპორტში იძულებით დასვეს. ბელარუსის ხელისუფლების მიხედვით, მიზეზი ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შესული შეტყობინება გახდა, თუმცა ბომბის აღმოჩენის ნაცვლად თვითმფრინავის გაჩერების შედეგად ბელარუსელი ჟურნალისტი, ოპოზიციური ტელეგრამ არხის, Nexta-ს რედაქტორი რამან პრატასევიჩი და მისი მეგობარი გოგონა დააკავეს. ბელარუსის ხელისუფლების ქმედება დასავლეთმა დაგმო და ქვეყანას ახალი სანქციები დაუწესა, თუმცა ლუკაშენკოს ქმედებას მხარდამჭერები გამოუჩნდა როგორც კრემლში, ასევე საქართველოში მოქმედ კრემლისტურ ჯგუფებში. მათი გზავნილები, როგორც სხვა შემთხვევებში, ერთმანეთს ემთხვევა:

გზავნილი პრო-რუსული აქტორები რუსეთის ხელისუფლების პოზიცია
ლუკაშენკოს მიერ სამგზავრო თვითმფრინავის იძულებით დასმა ბელარუსის სუვერენიტეტის გამოხატულებაა / ლუკაშენკოს საერთაშორისო ფრენის წესები არ დაურღვევია ლევან ვასაძე, პარტია “ერთობა, რაობა, იმედი”: იუმორით ვუთხარი [დუგინს], რომ მაგ კაცის [ლუკაშენკოს] ფანი ვარ მეთქი. რა გააკეთა წარმოიდგინეთ, თვითმფრინავი თავისთვის მიფრინავდა და თქვა, რომ ჩემი სუვერენული ცაა, რასაც მინდა ვიზამ, აწია გამანადგურებელი და დასვა სამგზავრო თვითმფრინავი.

გიორგი ქარდავა, ალტ-ინფოს წამყვანი: “აი, სუვერენიტეტი ვის აქვს ეტყობა.”

გულბაათ რცხილაძე, ევრაზიული ინსტიტუტი: “აშკარაა, რომ ჩატარდა ბრწყინვალე სპეცოპერაცია დამნაშავის დაკავების მიზნით…

ლიტვა-პოლშაში მოკალათებულ დესტრუქციულ ძალებს მოუწევთ იმის დამტკიცება, რომ თვითმფრინავი მინსკში უმიზეზოდ და მით უმეტეს, ლუკაშენკოს ბრძანებით დასვეს, რათა დასავლეთის სპეცსამსახურების აგენტი დაეკავებინათ.”

წყარო: Spacenews

ფეისბუქ ჯგუფი “ერთობა, რაობა იმედი – მხარდამჭერები” : “ასე ხდება, როცა ქვეყანა დამოუკიდებელია და ერთ ადგილზე კიდია “შარლ მიშელები”.

სერგეი ლავროვი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: “ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ ბელარუსის ხელისუფლება მზადაა გამჭვირვალედ იმოქმედოს და მიჰყვეს საერთაშორისო კანონებს… ვფიქრობ, მათ სრულიად მართებული მიდგომა აქვთ”.

ლეონიდ კალაშნიკოვი, რუსეთის დუმის დეპუტატი: “ეს დამოუკიდებელი ქვეყანაა. თუ ისინი ხედავენ უსაფრთხოების გამოწვევას, უნდა ებრძოლონ მას”.

რამან პრატასევიჩი ტერორიზმშია ეჭვმიტანილი/მან დანაშაული აღიარა

გულბაათ რცხილაძე, ევრაზიული ინსტიტუტი: “სალიბერასტეთში დიდი ჟივჟივია – ბელარუსიის ხელისუფლებამ დააკავა ინფორმაციულ ტერორიზმში ეჭვმიტანილი, ტელეგრამ-არხ “Nexta”-ს ყოფილი მთ. რედაქტორი.”

წყარო: Spacenews

მარია ზახაროვა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი: “[პრატასევიჩის] სახელი არის ექსტრემისტულ ქმედებებში მონაწილეობის გამო ძებნილთა სიაში. მიგვაჩნია, რომ ეს ბელარუსის შიდა საქმეა”.
დასავლეთს არ აქვს მორალური უფლება ბელარუსი გააკრიტიკოს

გულბაათ რცხილაძე, ევრაზიული ინსტიტუტი: “დასავლეთის პოლიტიკური ელიტა, რომელიც ახლა პირზე დუჟმორეული ლანძღავს ბელორუსიის პრეზიდენტ ლუკაშენკოს, როგორც საჰაერო პირატს და ლამის ტერორისტს, თვითკრიტიკისგან ძალიან შორსაა. არადა, სწორედ ევროკავშირის და ნატოს რამდენიმე სახელმწიფოს საქციელი კინაღამ გახდა ბოლივიის პრეზიდენტის (2006-2019 წლებში), ინდიელთა ეთნოსის წარმომადგენლის, ევო მორალესის ძალადობრივი სიკვდილის მიზეზი – მაშინ, როცა ბოლივიის ლეგიტიმური პრეზიდენტი თვითმფრინავით მოსკოვიდან სამშობლოში მიემართებოდა… ამ ბნელი ისტორიიდანაც კარგად ჩანს, რომ დასავლეთს “დიქტატორ” ლუკაშენკოზე ხმა არ ამოეღება. დასავლეთმა თავის სიბინძურეებს უნდა მიხედოს.”

წყარო: ნიუს-ფრონტი

ვლადიმირ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი: “ერთხელ მათ ბოლივიის პრეზიდენტის თვითმფრინავ აიძულეს დაჯდომა და ის გამოიყვანეს თვითმფრინავიდან. და არაფერი, სიჩუმე”.

 

მარია ზახაროვა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი: “ან ყველაფერი შოკისმომგვრელი უნდა იყოს – დაწყებული აშშ-ს მოთხოვნით ავსტრიაში ბოლივიის პრეზიდენტის თვითმფრინავის იძულებით დაშვებიდან… ან შოკში არ უნდა გაგდებდეთ სხვების მხრიდან ანალოგიური ქმედებები”.

 

მარია ზახაროვა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი:“ინტერნეტს ახსოვს ძალადობრივი გატაცების, იძულებითი დაშვებების და უკანონო დაკავებების ყველა შემთხვევა, რომელიც “მშვიდობის ოფიცრებმა და მორალურობის მცველებმა” ჩაიდინეს”.

 

  • რამდენად რელევანტურია პარალელი ევო მორალესის თვითმფრინავის დასმასთან?

პარალელი, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ და მასთან დაკავშირებულმა აქტორებმა მოიყვანეს იმის სადემონსტრაციოდ, რომ დასავლეთს ლუკაშენკოს ქმედებაზე აღშფოთების მორალური უფლება არ აქვს, შეუსაბამოა. საუბარია2013 წლის ივლისში ბოლივიის პრეზიდენტის, ევო მორალესის თვითმფრინავის ავსტრიაში დაშვებაზე. მორალესი რუსეთში გამართული კონფერენციიდან ბრუნდებოდა, სადაც ედუარდ სნოუდენისთვის თავშესაფრის მინიჭებაზეც გააკეთა განცხადება. მორალესის მიხედვით, ეჭვის გამო, რომ ბორტზე სნოუდენი იმყოფებოდა, მას საფრანგეთმა, ესპანეთმა, იტალიამ და პორტუგალიამ საჰაერო სივრცე ჩაუკეტეს და იძულებული გახდა დაჯდომის ნებართვა ავსტრიისაგან ეთხოვა.

აღსანიშნავია, რომ მორალესი არა სამგზავრო, არამედ პრეზიდენტის სპეციალური თვითმფრინავით გადაადგილდებოდა. თვითმფრინავის იძულებით დასაშვებად არც აშშ-ს და არც ევროპის რომელიმე ქვეყანას ავიაგამანადგურებელი არ გაუგზავნია. მათ ეკიპაჟის წევრები გააფრთხილეს, რომ თვითმფრინავისათვის საჰაერო სივრცე დახურული იყო. ავსტრიის კანცლერის მოადგილემ თქვა, რომ თვითმფრინავი გაჩხრიკეს, თუმცა ბოლივიის თავდაცვის სამინისტრომ გაჩხრეკის ფაქტი უარყო და განაცხადა, რომ მორალესს ამის უფლება არ მიუცია. ცხადია, მორალესი არ დაუკავებიათ და მასზე ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზეწოლა არ განუხორციელებიათ. საფრანგეთმა და ესპანეთმა ინციდენტისათვის ბოდიში მოიხადეს, იტალიამ და პორტუგალიამ კი ბოლივიის მთავრობას ოფიციალური განმატებები გაუგზავნეს. 2015 წელს კი WikiLeaks-ის დამფუძნებელმა ჯულიან ასანჟმა თქვა, რომ განზრახ გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, თითქოს მორალესის თვითმფრინავში სნოუდენი იმყოფებოდა, რათა საიდუმლო სამსახურების ყურადღება გადაეტანა.

  • რისთვის და როგორ დააკავეს ჟურნალისტი

23 მაისს პრატასევიჩი და მისი მეგობარი გოგონა Ryanair-ის თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდნენ და ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდნენ. ჯერ კიდევ ათენის აეროპორტში ყოფნისას პრატასევიჩი საკუთარ ტელეგრამ არხზე წერდა, რომ მას უთვალთვალებდნენ. ბელარუსის საჰაერო სივრცეში ყოფნისას, მიუხედავად იმისა, რომ თვითმფრინავი უკვე ლიეტუვის საზღვართან ახლოს იმყოფებოდა, ალექსანდრ ლუკაშენკოს ბრძანებით მისი მიმართულებით აფრინდა ავიაგამანადგურებელი, რომელმაც სამგზავრო თვითმფრინავს კურსის შეცვლა და მინსკის აეროპორტში დაშვება აიძულა. მიზეზად ბელარუსის ხელისუფლებამ დაასახელა ბორტზე ბომბის არსებობის საფრთხე, რომელიც თითქოს პალესტინურ ტერორისტულ ორგანიზაცია ჰამასთან იყო დაკავშირებული, თუმცა მოგვიანებით ჰამასმა ბრალდება უარყო, ხოლო თვითმფრინავის ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა. ლუკაშენკოს განცხადების მიხედვით, ინფორმაცია ბომბის შესახებ მათ შვეიცარიიდან მიაწოდეს, თუმცა შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მსგავსი ფაქტი უარყო.

სწორედ მინსკის აეროპორტში დაშვების შემდეგ დააკავეს რამან პრატასევიჩი და სოფია საპეგა. ლუკაშენკომ მათ “დასავლეთის აგენტები” უწოდა.

ტელეგრამ არხი Nexta, რომლის რედაქტორიც იყო პრატასევიჩი აქტიურად აშუქებდა ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში დაწყებულ აქციებს, პოლიტიკოსებისა და აქტივისტების მიმართ დევნას და ძალის გამოყენებას.

თვითმფრინავის გატაცება და ჟურნალისტის დაკავება დაგმეს ევროკავშირის ქვეყნებმა და აშშ-მ. მათ ბელარუსს სანქციები დაუწესეს. ევროსაბჭო ბელარუსის ავიახაზებისთვის საჰაერო სივრცის დახურვას განიხლავს. ასევე განიხილება დამატებითი სანქციები, ევროპულ ავიახაზებს კი მოუწოდეს თავი აარიდონ ბელარუსის საჰაერო სივრცეს. ბელარუსთან საჰაერო მიმოსვლა უკვე შეწყვიტა უკრაინამ. ევროკავშირმა კი ბელარუსს 3 მილიარდი დოლარის საინვესტიციო პაკეტი შეუჩერა. ბელარუსის ავიაკომპანია ბელავიას ნებართვა შეუჩერა დიდმა ბრიტანეთმა.

აღსანიშნავია, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს 6 წევრის მოთხოვნა ინციდენტის გამოძიების თაობაზე რუსეთმა დაბლოკა.

  • რა ეჭვები არსებობს პრატასევიჩის და საპეგას “აღიარებით ჩვენებებთან” დაკავშირებით?

ტელეგრამ არხის, Nexta-ს ყოფილი რედაქტორის, რამან პრატასევიჩის აღიარებითი ჩვენება ბელარუსულმა პროსახელისუფლებო ტელეგრამ არხმა 24 მაისს გაავრცელა, შემდეგ კი ბელარუსის სახელმწიფო მედიებმა გააშუქეს. ვიდეოში პრატასევიჩი ამბობს, რომ მინსკის ნომერ პირველ იზოლატორში იმყოფება, სადაც მას კარგად ექცევიან, გამოძიებასთან თანამშრომლობს და მასობრივი არეულობების ორგანიზების შესახებ აღიარებით ჩვენებას აძლევს. ვიდეოს პრატასევიჩის მამა გამოეხმაურა, რომელიც ამბობს, რომ მის შვილს აშკარად ეტყობა ცემის კვალი. გარდა ამისა, რუსულენოვან არხ Настоящее Время-სთან საუბარში ის კიდევ რამდენიმე საეჭვო გარემოებას გამოყოფს. დმიტრი პრატასევიჩი ამბობს, რომ მის შვილს მაგიდაზე არ უდევს ის სიგარეტი, რომელსაც ეწევა, ვიდეოს გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე კი მათი ადვოკატი კა-გე-ბეს იზოლატორში იმყოფებოდა, თუმცა უთხრეს, რომ ჟურნალისტი იქ არ იყოს დაკავებული.

27 მაისს, დაკავებიდან მეოთხე დღეს პრატსევიჩთან ადვოკატი შეუშვეს, თუმცა გაუთქმელობის ხელწერილის გამო გარდა იმისა, რომ დაკავებულის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება, მას კომენტარი არ გაუკეთებია.

პრატასევიჩთან ერთად დააკავეს მისი მეგობარი გოგონა, სოფია საპეგაც. იმავე პროსახეისუფლებო ტელეგრამ არხმა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც საპეგა, პრატასევიჩის მსგავსად, დანაშაულს აღიარებს და ამბობს, რომ ტელეგრამ არხ “ბელარუსის შავი წიგნის” რედაქტორია, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების პირად ინფორმაციას აქვეყნებდა. ამ შემთხვევაშიც, საპეგას ოჯახის წევრები და საერთაშორისო საზოგადოება ზეწოლაზე და ჩვენებით იძულებით მიცემაზე საუბრობენ. ისევე როგორ პრატასევიჩს, საპეგას ბრალი მასობრივი არეულობის მოწყობაში ედება, თუმცა მისი ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ბელარუსში მიმდინარე აქციების დროს ის ბელარუსში არ იმყოფებოდა და პოლიტიკით არ ინტერესდებოდა.

პრატასევიჩის და საპეგას დაკავება დაგმეს და მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს ბელარუსის ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციებმა, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის Amnesty International-მა. ორგანიზაციის განცხადების მიხედვით, დაკავებულთა მდგომარეობა შემაძრწუნებელია და ისინი წამებისა საფრთხის ქვეშ არიან.

“ნამდვილად სჯერა ბელარუსის ხელისუფლებას, რომ მსოფლიოს გააცურებენ იმით, რომ პატიმარს “აღიარებითი ჩვენების” მიცემას აიძულებენ და ათქმევინებენ, რომ მას კარგად ექცევიან?” – განაცხადა ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ბიუროს დირექტორმა მარი სტრაზერსმა.

შესაძლო წამებაზე და არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობენ პრატასევიჩის კოლეგებიც, მათ შორის ტელეგრამ არხ Nexta-ს დამფუძნებელი სტეფან პუტილო.

სფეისნიუსი

ონლაინ მედია “სფეისნიუსის” ვებ-საიტი spnews.io 2019 წლის 9 ივლისს არის რეგისტრირებული. ვებს “ჩვენ შესახებ” განყოფილება არ აქვს და ინფორმაცია გამოცემის შესახებ ხელმისაწვდომი არ არის. გამოცემის ფეისბუკ გვერდი Spacesnews • სივრცეები, რომელიც უთითებს, რომ ის მულტიმედიური საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალია,  2019 წლის 12 ივლისსაა შექმნილი. “სფეისნიუსს” გადაცემა “მთავარი სივრცის” და “პოლიტეპიდემიას” წამყვანია ევგენი პრიმაკოვის სახელობის რუსულ-ქართულ საზოგადოებრივ ცენტრთან დაკავშირებული მედიის “პოლიტიკანოს” ხელმძღვანელი გიორგი მდივანია. აღნიშნული გადაცემი სტუმრები ხშირად პროსახელისუფლებო ექსპერტები და პრორუსი აქტორები არიან.

spnews-ის მასალის არქივი


წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist