კრძალავს თუ არა მართლმადიდებლობა ტატუს გაკეთებას?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

476
VIEWS

14 სექტემბერს ტელეკომპანია “სეზონი TV-ის” გადაცემისდღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან” ეთერში სტუმრად ყოფნისას დეკანოზმა სპირიდონ ცქიფურიშვილმა ტატუების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, “მართლმადიდებლობის, ზოგადად რელიგიისა და ბიბლიის მიხედვით,” ტატუს გაკეთება ღვთის გმობას უდრის. დეკანოზი ძველი აღთქმის ლევიტელთა წიგნს, იოანე ღვთისმეტყველის “აპოკალიფსსა” და ახალ აღთქმას ეყრდნობა. 

სპირიდონ ცქიფურიშვილი, დეკანოზი: “მართლმადიდებლურ ეკლესიას ცალსახა მოსაზრება აქვს ტატუებზე, მათი გაკეთება შეუძლებელია, თუმცა ამ წესს აქვს გამონაკლისები. ძველ აღთქმაში რა წერია ამის შესახებ: ლევიტელთა ძველი აღქთქმის წიგნში წერია, “ნუ გაიჭრი ტანზე და ნუ აჭრი ნაწერს, მე ვარ უფალი, ეს არის ლევიტელთა მე-19 თავის 28-ე მუხლი. პირდაპირ წერია. (…) ასევე ტატუები ირიბად ნახსენებია წმინდა იოანე ღვთისმეტყველის “აპოკალიფსში,” სადაც გვაფრთხილებენ, რომ მხეცის ნიშნების სახით არ დავსვათ ნახატები. სხეულზე ხდება ამ ანტიქსრისტეს ნიშნის მიღება და აი, ეს არის მიუღებელი… ღვთის მიერ მიცემული მცნება, რომ არ გაიკეთონ ტატუ სხეულზე, მოუწოდებს ისრაელის ხალხს, განსხვავდებოდეს წარმართებისაგან. განსხვავება წარმართებისგან სწორედ ამ ტატუებზე უარის თქმა არის.” 

ახალი აღქთქმის შესახებ საუბრისას ცქიფურიშვილი ამბობს, რომ მაცხოვრის გამოცხადების შემდეგ ადამიანის სხეული სულიწმინდის ტაძრად განიხილება, რის გამოც მასზე ტატუს დატანა მის შებილწვას უდრის, ხოლო ახალი აღთქმის დამკვირდრების შემდეგ ტატუებით “სუსტი ყოფაქცევის ქალებსა” და დამნაშავეებს ნიშნავდნენ. 

სპირიდონ ცქიფურიშვილი, დეკანოზი: ახალი აღქთმის მოსვლის შემდეგ, ანუ მაცხოვრის გამოცხადების შემდეგ, გაჩნდა ახალი დამოკიდებულება ადამიანის სხეულის მიმართ. ახლა ის განიხილება, როგორც სულიწმინდის ტაძარი, რომელშიც ქრისტე მოდის და ეს ტაძარი უნდა იყოს დაცული და არაშებილწული, მართლაც ყველაზე ხშირად ქრისტეს დაბადებამდე ტატუს იყენებდნენ ოკულტური მიზნებისთვის.  (…) იმ დროისათვის, როცა ქრისტიანობა გავრცელდა მსოფლიოში, ტატუებს ანუ რაღაც დამღებს და ნიშნებს, ადებდნენ სუსტი ყოფაქცევის ქალებს და დამნაშავეებს.”

ტატუების შესახებ სპირიდონ ცქიფურიშვილის განცხადება ნიკოლოზ მჟავანაძის Youtube არხსა და ონლაინ გამოცემა  Taonews-ზეც გამოქვეყნდა. 

მტკიცება იმის შესახებ, რომ მართლმადიდებლობის მიხედვით, “ტატუს გაკეთება ღვთის გმობაა,” სხვადასხვა რელიგიური სწავლების არასწორ ინტერპრეტირებასა და განსხვავებული დროისა და კონტექსტის მქონე მოვლენებით მანიპულირებას ემყარება. რეალურად, საეკლესიო კრებებისა და პატერიკული ტრადიციის თანახმად, ტატუს გაკეთებასა და ღვთის გმობას შორის არსებულ კავშირთან დაკავშირებით პირდაპირი განჩინება არ არსებობს.

ტატუების შესახებ გავრცელებული მტკიცებებთან დაკავშირებით “მითების დეტექტორი” თეოლოგ გურამ ლურსმანაშვილის ანალიზს გთავაზობთ:

ფრაზა  – ,,მართლმადიდებელი ეკლესია ეწინააღმდეგება ტატუს გაკეთებას“ გაზვიადებულიაა, ხოლო იმის თქმა, რომ „ტატუს გაკეთება ღვთის გმობაა,“ ყველანაირად ცდება მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებას. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებად შეიძლება განხილული იყოს მსოფლიო კრებებზე განჩინებული მოძღვრება, რომელიც შემდეგ პერიოდში საეკლესიო ტრადიციის მიერ იქნა შეწყნარებული. იქიდან გამომდინარე, რომ საეკლესიო კრებებისა და პატერიკული ტრადიციის თანახმად, ტატუს გაკეთებასა და ღვთის გმობას შორის არსებულ კავშირთან დაკავშირებით პირდაპირი განჩინება არ ფიქსირდება, საეკლესიო სწავლების პოზიციიდან ამ საკითხზე საუბრის საფუძველი არ არსებობს. ახლა მოკლედ მიმოვიხილოთ ის ძირითადი „მართლმადიდებლური არგუმენტები,“ რომელსაც ტატუს გაკეთების მოწინააღმდეგე მხარე  იშველიებს და ვნახოთ თუ რა შეგვიძლია ვუპასუხოთ მათ.

ლევიტელთა წიგნში ვკითხულობთ: „ნაკაწრებს ნუ გაიკეთებთ ტანზე თქვენი მკვდრისთვის და წარწერებს ნუ გაიკეთებთ. მე ვარ უფალი!“ (ლევ. 19:28). მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მორწმუნემ წმინდა წერილის ნებისმიერი ფრაზა პირდაპირ კი არ გაიგოს, არამედ, გაანალიზოს მისი დაწერის კონტექსტი, მიზანი და მისი ადაპტირება კონკრეტულ დროში შეძლოს. ლევიტელთა მეცრამეტე თავში, ბიბლიის მიხედვით, ღმერთი მოსეს ესაუბრება და მის დაქვემდებარებაში მყოფი ისრაელის ერთან დაკავშირებით კონკრეტულ მითითებას აძლევს. ამას აქვს თავისი დროითი, სივრცითი და სიტუაციური კონტექსტი და ამ ყველაფრის თანამედროვეობაში გაუაზრებლად გადმოტანა, სერიოზული დილემის წინაშე დაგვაყენებს.

მაგალითდ, ამავე თავში წერია: „პირუტყვს ნუ შეაჯვარებ ერთმანეთთან; ნუ დათესავ ყანაში ორნაირ თესლს; ნუ ჩაიცვამ მატყლისა და სელისგან მოქსოვილ ტანისამოსს“ (ლევ.19:19). შესაბამისად, ადამიანმა, რომელიც ლევიტელთა წიგნის მეცხრამეტე თავზე დაყრდნობით, დღევანდელ ეპოქაში ტატუს გაკეთებას კრძალავს, ყანაში ორნაირი თესლის დათესვა და მატყლისა და სელისგან მოქსოვილი ტანსაცმლის ჩაცმაც უნდა აკრძალოს. უფრო მეტიც, ამავე თავში ვკითხულობთ: „ნუ მოიკრეჭთ თმის კიდეებს თავზე და ნუ მოსპობთ წვერის კიდეებს“ (ლევ.19:27) ე.ი. ადამიანმა, რომელიც ლევიტელთა წიგნის მეცხრამეტე თავზე დაყრდნობით ტატუს გაკეთებას ეწინააღმდეგება, მან თმისა და წვერის ბოლოებიც კი არ უნდა შეიჭრას და შეისწოროს.

ტატუების წინააღმდეგ „გამოცხადების“ წიგნს ხშირად იშველიებენ და ამტკიცებენ, რომ ის ე.წ. „ეშმაკის ნიშნის“ გამოსახვას კრძალავს. კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ „გამოცხადების“ წიგნის ავტორი კონკრეტული ადამიანის მიერ, კონკრეტული მიზნით, კონკრეტულ დროში, კონკრეტული ნიშნის გამოსახვას კრძალავს და ამ ყველაფრის განზოგადება დღევანდელობაზე არანაირად არ შეიძლება.

“ეშმაკის ნიშნის” შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორისთვის” მომზადებული ილია ჭიღლაძის განმარტებითი სტატია:

სპირიდონ ცქიფურიშვილი ამტკიცებს იმასაც, რომ ტატუ წარმართებისგან განმასხვავებელ ნიშანს წარმოადგენს. დღევანდელ ეპოქაში წარმართობის დეფინიცია საკმაოდ საკამათოა. 

კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში ვკითხულობთ: „თქვენი სხეული ტაძარია თქვენში დამკვიდრებული სული წმიდისა“ (1 კორ. 6:19). ის, რომ ადამიანის სხეული სულიწმინდის ტაძარია, საეკლესიო ტრადიციითაა დამოწმებული, მაგრამ გაურკვეველია ტატუს გაკეთება-არგაკეთებას ამასთან რა პირდაპირი კავშირი აქვს. თუ ამოსავალი წერტილი ისაა, რომ სხეულზე და ჯანმრთელობაზე უნდა ვიზრუნოთ, ხოლო ტატუ კი  ჯანმრთელობას აზიანებს, მაშინ შეიძლება განვაცხადოთ, რომ ჭარბი რაოდენობით ყავის სმა, გენმოდიფიციებული საკვების ჭამა, ალკოჰოლი, დღე-ღამეში არასაკმარისი ძილი და ა.შ. ბევრად უფრო დიდ ზიანს აყენებს სხეულს, ვიდრე ტატუ და აუცილებელი გახდება თუნდაც გენმოდიფიცირებული საჭმლის ჭამა, ცოდვათა ჩამონათვალში შევიტანოთ.

  • ტატუ, როგორც დამღა დამნაშავეებისთვის

ტატუს გაკეთების ცოდვად შემრაცხავნი იმასაც ამბობნენ, რომ ძველ დროში დამნაშავეებს და “მსუბუქი ყოფაქცევის” ქალებს, ტატუს დამღის სახით უკეთებდნენ და ამიტომ ტატუს გაკეთება ცოდვაა. აქ კონტექსტისა და მოტივაციის საკითხს კიდევ ერთხელ მივადექით.

ამტკიცებენ იმასაც, რომ რადგან ადამიანს ტატუ დაბადებისას არ აწვს, ეს ნიშნავს, რომ მისი გაკეთება ღმერთის საქმეში ჩარევაა, რადგან ადამიანი როგორიც გაჩნდა, ისეთივე უნდა გარდაიცვალოს. ეს მსჯელობა  ლოგიკურ აზრს ეწინააღმდეგება. მაგალითად, ღმერთმა ადამიანი აპენდიქსით (ე.წ. „ბრმა ნაწლავი“) შექმნა, მაგრამ ძალიან ბევრ ადამიანს  აპენდიქსის ამოჭრა აპენდიციტის გამო მოუწია. რამდენადაც არასერიოზულია იმის თქმა, რომ ამ ქმედებით მათ შესცოდეს, იმდენადვე არასერიოზულია თქმა იმისა, რომ სხეულზე რამე უმნიშვნელო წარწერისა თუ ნახატის გაკეთება ღვთის „შესაქმეში ჩარევა“ და ცოდვაა.

ყოველივე ზემოთქმული რომ შევადაროთ. თითოეულ ადამიანს აქვს უფლება, მოსწონდეს არ არ მოსწონდეს ტატუ, გაიკეთოს ან არ გაიკეთოს იგი, მაგრამ რელიგიური მოტივებით მისი პირადი გადაწყვეტილების გამართლება თუ გამტყუნება, საღ აზრზს მოკლებულია.


ტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: რელიგია
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
წყარო

წყარო

მჯ
მჟავანაძე ნიკოლოზ

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist