კონსპირაცია, თითქოს ბალენსიაგას “ტალახის შოუ” გრაფენის ოქსიდს უკავშირდება

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

776
VIEWS

4 ოქტომბერს ფეისბუქ-ანგარიშმა მზის შვილი რამდენიმე ფოტო და ვიდეო გამოაქვეყნა, მათ შორის ერთ-ერთი პარიზის მოდის კვირეულზე Balenciaga-ს ჩვენების კადრია. პოსტის ავტორი წერს, რომ ბრენდის შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა დემნა გვასალიამ ვაქცინის შემადგენლობაში მყოფი “იქსიდო გრაფენების” დემონსტრირება მოახდინა.

Balenciaga-ს ჩვენებიდან ფოტოს გარდა, პოსტს გრაფენის ოქსიდის საილუსტრაციოდ შავი ფერის ნივთიერებების მოძრაობის ვიდეოები ახლავს თან.

მტკიცება, თითქოს დემნა გვასალიამ ბალენსიაგას “ტალახის შოუთი” გრაფენის ოქსიდის დემონსტრირება მოახდინა, კონსპირაციულია. რეალურად, ატალახებულ პოდიუმზე გამართულ ჩვენებას მეტაფორულად უკრაინის ომს, კონკრეტულად კი იზიუმში აღმოჩენილ მასობრივ სამარხს უკავშირებენ. 

გრაფენის ოქსიდს არც პოსტში ნაჩვენები სხვა ვიდეოები უკავშირდება, ორი მათგანი მცირე სამეცნიერო ექსპერიმენტებს ასახავს, რომლებსაც გრაფენის ოქსიდთან კავშირი არ აქვთ. აღსანიშნავია, რომ გრაფენის ოქსიდი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შემადგენლობაში არანაირი ფორმით არ შედის.

ფოტო N1 – ბალენსიაგას “ტალახის შოუ”

წყარო: Courtesy of Balenciaga

პარიზის მოდის კვირეულზე ბალენსიაგას 2023 წლის გაზაფხული-ზაფხულის ჩვენებას, რომელიც ატალახებულ პოდიუმზე გაიმართა, მეტაფორულად რამდენიმე ახსნა აქვს, თუმცა გრაფენის ოქსიდს არცერთი მათგანი არ უკავშირდება.

დემნა გვასალიას თქმით, “ტალახის შოუ” წინა, 2022 წლის შემოდგომა-ზამთრის შოუს გაგრძელებაა, რომლის დროსაც პოდიუმი თოვლით იყო დაფარული და მოდელებისა და სტუმრების ირგვლივ ხელოვნური ქარბუქი ტრიალებდა. აღნიშნული შოუ კლიმატის ცვლილებას და უკრაინის ომს ეძღვნებოდა. იმის გათვალისწინებით, რომ თოვლი გარკვეული დროის შემდეგ ტალახად იქცევა, ბალენსიაგას ბოლო შოუს მთავარი ელემენტიც სწორედ ტალახი იყო.

როგორც Vogue წერს, ქარბუქსა და თოვლში გახვეული შოუ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან ერთი კვირაში გაიმართა, “ტალახის შოუ” კი უკრაინელი ჯარისკაცების მიერ იზიუმში რუსი სამხედროების გათხრილი მასობრივი სამარხების აღმოჩენიდან 2 კვირაში ჩატარდა. იმ სივრცის ცენტრში, სადაც ჩვენება მოეწყო, მიწა მასობრივი საფლავის მსგავსად იყო ამოთხრილი და ჰაერშიც მიწის სურნელი ტრიალებდა, სწორედ ამიტომ Vogue “ტალახის შოუს” ერთ-ერთ მეტაფორად კვლავ უკრაინაში მიმდინარე ომს მიიჩნევს. 

გარდა ამისა, შოუს სტუმრებისთვის დემნას წერილობით მიმართვაში აღნიშნული იყო, რომ შოუ ჭეშმარიტების ძიებისა (digging for truth) და რეალისტობის (being down to earth) მეტაფორაა, წერილის ბოლოს გვასალია სიყვარულისკენ და ომის წინააღმდეგ მოწოდებას აკეთებს.

სოციალურ ქსელში დემნა გვასალიას წინააღმდეგ მიმართული პოსტები მას შემდეგ გახშირდა, რაც თბილისის მერმა კახა კალაძემ მას საპატიო თბილისელის წოდება მიანიჭა. ფეისბუქ-მომხმარებლები, რომელთა შორის ანტივაქსერები, ანტილიბერალები და სასულიერო პირებიც იყვნენ, გვასალიას მიმართ ჰომოფობიურ და შეურაცხმყოფელ პოსტებს აქვეყნებდნენ. მაგალითად, ჰომოფობიური და ანტიდასავლური მოძრაობა “ქართული იდეის” და მასთან დაკავშირებული (zneoba.ge), ასევე რელიგიური (“დიდ ხარ შენ უფალო”) და “კონსერვატიული მოძრაობის” გვერდები აქტიურად ავრცელებდნენ დეკანოზი ბასილი იაშაღაშვილის განცხადებას, რომელშიც ის გვასალიას “განცხადებულ მამათმავალს” უწოდებს და მისთვის საპატიო თბილისელის წოდების მინიჭების გამო საქართველოს მთავრობის წევრების ქრისტიანებად წოდებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

გარდა ამისა, რამდენიმე ანტივაქსერმა და პრორუსმა ფეისბუქ-ანგარიშმა (1, 2)  დემნა გვასალიას წითლად გადახაზული ფოტო გამოაქვეყნეს, რომელზეც გაკეთებულია წარწერა – “დემნა NOT MY საპატიო მოქალაქე!”.

ანტივაქსერმა და 5 ივლისის ძალადობრივ აქციაზე დაკავებულთა აქტიურმა მხარდამჭერმა თემო ბოკელავაძემ (1, 2) კახა კალაძეს უპატივცემულობა გამოუცხადა, ხოლო გვასალიას მიმართ ჰომოფობიური ტერმინები გამოიყენა.

ბალენსიაგას შემოქმედებით ხელმძღვანელზე აქამდე გავრცელებული დეზინფორმაციის შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:

ბალენსიაგას ჩვენებიდან კადრის გარდა, გავრცელებულ პოსტს რამდენიმე ვიდეო ახლავს თან, თუმცა გრაფენის ოქსიდთან ისინიც ხელოვნურად არის დაკავშირებული და რეალურად სრულიად სხვა ნივთიერებებსა და მოვლენებს ასახავენ.

ვიდეო N1 – წყლის წვეთი ალუმინის ცხელ ზედაპირზე

ერთ-ერთ ვიდეოში შავ ზედაპირზე სითხისებრი ნივთიერების მოძრაობა ჩანს. რეალურად, ეს “ნივთიერება” წყალია, მოვლენას ლაიდენფროსტის ეფექტი ჰქვია და მას გრაფენთან კავშირი არ აქვს. ლაიდენფროსტის ეფექტის დროს, როცა სითხის წვეთი მისი დუღილის ტემპერატურაზე ბევრად ცხელ ზედაპირზე ხვდება, ის რამდენიმე წამის განმავლობაში არ ორთქლდება და ფორმას ინარჩუნებს. ამ კონკრეტულ ვიდეოში წყლის წვეთი ალუმინის ცხელ ზედაპირზე ირხევა და სხვადასხვა ფორმას იღებს. 

ვიდეო 2016 წელს ჯასტინ ბარტონის კვლევითი ლაბორატორიის იუთუბ-არხზეა გამოქვეყნებული, რომელიც ჯორჯიას შტატში მდებარე ემორის უნივერსიტეტის ბაზაზე მდებარეობს. იუთუბ-არხზე “ლეიდენფროსტის ვარსკვლავის” 13 სხვადასხვა ვიდეოა გამოქვეყნებული და ყველა მათგანში წყლის წვეთის რხევის სიხშირე განსხვავებულია.

ვიდეო N2 – ლითონის ბურთულებსა და ელექტროენერგიაზე ჩატარებული ექსპერიმენტი

პოსტში მოცემულ მორიგ ვიდეოში პატარა ბურთები ჩანს, რომლებიც ერთმანეთს იკრავენ. ეს ვიდეო 2015 წელსაა გადაღებული და ის ლითონის ბურთულებისა და ელექტროენერგიის ურთიერთქმედებასთან დაკავშირებულ სამეცნიერო ექსპერიმენტს ასახავს.

ილინოისის უნივერსიტეტის ფიზიკის პროფესორის, მიერ შემუშავებული ექსპერიმენტის დროს ჭურჭელში, რომელიც აბუსალათინის ზეთითაა შევსებული მეტალის ბურთულები თავსდება. ჭურჭელს გარშემო უარყოფითად დამუხტული მეტალის რგოლი აქვს შემორტყმული, ექსპერიმენტში ასევე დენის წყაროსთან დაკავშირებული პოზიტიურად დამუხტული მავთულია გამოყენებული. როცა დენის მავთულებში ძაბვა შედის, მეტალის ბურთულები ჯაჭვების ფორმირებას იწყებენ.

აღსანიშნავია, რომ ეს კონკრეტული ვიდეო ამერიკულმა ფაქტების გადამოწმების პლატფორმა PolitiFact-მა ჯერ კიდევ 2021 წლის ოქტომბერში გადაამოწმა და მაშინ სოციალური ქსელის მომხმარებლები მას ვაქცინირების შემდეგ ადამიანის სისხლში მიმდინარე პროცესის ამსახველ ვიზუალად ავრცელებდნენ.

დეზინფორმაცია, თითქოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები გრაფენის ოქსიდს შეიცავს, ვაქცინების გამოჩენიდან მალევე გავრცელდა. რეალურად, ვაქცინების შემადგენლობა საჯაროა და მათში გრაფენი არანაირი ფორმით არ შედის. გრაფენის ოქსიდი, რომელიც გრაფიტის ოქსიდიზაციით მიიღება, უმეტესწილად ტექნოლოგიების სფეროში გამოიყენება.

სოციალურ ქსელში ხშირად ვრცელდება კონსპირაციები და დეზინფორმაცია სხვადასხვა ცნობილ ადამიანზე, თითქოს მათ გრაფენის ოქსიდთან აქვთ კავშირი. ამ თემაზე ვრცლად იხილეთ:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
წყარო

წყარო

qart
ქართული იდეა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist