30 აგვისტოს შვეიცარულ არხ Kla.TV-ზე გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც ივო ზასეკი, რელიგიური სექტის Organic Christ Generation-ის ხელმძღვანელი ჰყვება ატმოსფეროში გავრცელებული ე.წ. საჰარის მტვრის ტოქსიკურ შემადგენლობაზე. ზასეკის მიხედვით, ყოველი ე.წ. საჰარის მტვრის წვიმის დროს ატმოსფეროში 26 სხვადასხვა ელემენტი ვრცელდება, რომელიც ხელოვნურად დამატებული ტოქსიკური შემადგენლობის ნივთიერებებს შეიცავს. ავტორის თქმით, ეს ქვიშის მსგავსი ნანონაწილაკები მოდიფიცირებული ბოინგის თვითმფრინავებიდან ატმოსფეროში ამინდის კონტროლის მიზნით იფრქვევა და განსხვავდება საჰარის ქვიშის ავთენტიკური შემადგენლობისგან.
აღნიშნული ვიდეო ფეისბუკის არაერთმა რუსულენოვანმა მომხმარებელმა ( 1, 2, 3, 4, 5) გაავრცელა. “ქიმტრეილები. „საჰარის მტვრის“ ანალიზი: ტერორის გაფრთხილება! “- წერს ერთ-ერთი ანგარიში.
Kla.TV-ზე გავრცელებული ინფორმაცია, რომ ტოქსიკური შემადგენლობის ნანონაწილაკები თვითმფრინავებიდან იფრქვევა, კონსიპარაციული თეორიაა და რეალურ მტკიცებულებებს არ ეფუძნება. საჰარის/უდაბნოს მტვერი კი ატმოსფეროში დროდადრო ნამდვილად ხვდება, რაც იწვევს მტვრის ნაწილაკების მაღალ კონცენტრაციას და გრძლევადიან პერსპექტივაში, შესაძლოა, პრობლემები შეუქმნას გულსისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე ადამიანებს.
-
რას ამბობს Kla.TV და რა კვლევას ეფუძნება სიუჟეტი?
Kla.TV-ის ვიდეოს მიხედვით, ბოსნიის ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევით დადგინდა,რომ საჰარის მტვრის ბუნებრივი შემადგენლობა განსხვავდება იმისგან, რაც ე.წ. საჰარს მტვრის წვიმის დროს ჩვენს გარშემო იფრქვევა. მისი თქმით, თავდაპირველი საჰარის ქვიშისა და სავარაუდო საჰარის ქვიშის, რომელიც მიღებულია ბოსნია და ჰერცეგოვინაში ნალექებიდან, შედარებითი ანალიზით დადგინდა, რომ მათ განსხვავებული შემადგენლობა აქვთ.
ე.წ. საჰარის მტვრის გაანალიზებულ ნალექებში აღმოჩენილია სულ მცირე 26 ელემენტი, ზოგიერთი მათგანი მეტად ტოქსიკურია: ალუმინი, დარიშხანი, ბორი, ბარიუმი, ბერილიუმი, ბისმუტი, კობალტი, ქრომი, სპილენძი, რკინა, ლითიუმი, მანგანუმი, მოლიბდენი, ნიკელი, ტყვია, ანტიმონი, სელენი, კალა, სტრონციუმი, ტალიუმი, ვანადიუმი, თუთია, კადმიუმი, – ნათქვამია ვიდეოში.
ზასეკის მიერ ნახსენები კვლევა და ვიდეოში ნაჩვენები დოკუმენტი ეფუძნება 2022 წლის ივნისის სტატიას, რომელიც ჩეხი და სლოვაკი ავტორების მიერ, საიტზე American European News (AE News) გამოქვეყნდა.
საიტის მიხედვით, მტვრის ნიმუშები ბოსნიელმა აქტივისტმა მირნეს აიანოვიჩმა შეაგროვა, რომელიც მძღოლებმა აღმოაჩინეს მათ მანქანებზე. ნიმუშებს ანალიზი ტუზლაში, ბოსნიის ლაბორატორიაში გაუკეთდა და გამოვლინდა რადიკალური სხვაობა საჰარის ავთენტიკურ ქვიშასა და მანქანებიდან აღებული მტვრის ნიმუშებს შორის.
ამ კვლევის მიხედვით, ეგრეთ წოდებული საჰარის მტვრის ბოსნიურ ნალექებში მხოლოდ ალუმინის შემცველობა 728-ჯერ მეტი იყო, ვიდრე საჰარის თავდაპირველ ქვიშაში. ალუმინის მტვერმა შეიძლება გამოიწვიოს ალცჰეიმერის დაავადება, დააზიანოს თირკმელები, ღვიძლი, ძვლები და მრავალი სხვა. დარიშხანის შემცველობა 44-ჯერ მეტი იყო, ბარიუმი 660-ჯერ, ნიკელი კი 2500-ჯერ მეტი ვიდრე საჰარის თავდაპირველ ქვიშაში. ეგრეთ წოდებულ საჰარის წვიმაში 64-ჯერ მეტი თუთია იყო, 23-ჯერ მეტი რკინა და ა.შ.
წყარო: American European News (AE News)
American European News (AE News) – ის გამოქვეყნებულ მასალაზე სტატია იტალიურმა ფაქტების გადამოწმების პლატფორმა – Open-მაც მოამზადა. სტატიაში აღნიშნულია, რომ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რამდენად ზუსტად იყო მანქანებიდან აღებული მხოლოდ საჰარის ქვიშა და არა დანარჩენი მტვერიც, რომელიც მანქანას შეიძლება ჰქონოდა. შესაბამისად, კვლევა არ შეიძლება იყოს ზუსტი.
BBC-ის 2014 წლის სტატიაში აღნიშნულია, რომ საჰარის მტვერი
ქარმა სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან დიდ ბრიტანეთში ევროპის ინდუსტრიულ დაბინძურებასთან ერთად მოიტანა. შედეგი გაამწვავა იმანაც, რომ ამინდი სტაბილური იყო და ეს ნაწილაკები არ დაშლილა. შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბოსნიაში მანქანებიდან აღებული ნიმუშები მხოლოდ საჰარის მტვერი ყოფილიყო.
არ არსებობს ფაქტობრივი მტკიცებულება, რომ ატმოსფეროში თვითმფრინავებიდან ტოქსიკური შემადგენლობის ელემენტებს აფრქვევენ. აღნიშნული მტკიცება კონსპირაციის თეორიის ნაწილია, რომელიც დიდი ხანია ვრცელდება. წარსულში “მითების დეტექტორმა” გადაამოწმა ინფორმაცია, თითქოს სოლარული გეოინჟინერიით და მისთვის განკუთვნილი ქიმტრეილებით ხალხს წამლავენ, შემდეგ კი გამოწვეულ დაავადებებს ვირუსებს აბრალებენ.
აღსანიშნავია,რომ აშშ-ის სოლარული გეოინჟინერიის პროგრამა დაწყებული არ აქვს, ვინაიდან მისი განხორციელებისთვის რისკები და ბენეფიტები საკმარისად არ არის შესწავლილი. American European News (AE News) -ის გამოქვეყნებული სტატია სწორედ ამ ნარატივის გაგრძელებაა.
-
საჰარის მტვერი და მისი გავლენა კლიმატზე
საჰარის მტვერი იგივე საჰარის ჰაერის ფენა არის ძალიან მშრალი, მტვრიანი ჰაერის მასა, რომელიც წარმოიქმნება საჰარის უდაბნოზე. საჰარის მტვერი შედგება ქვიშისა და მინერალური ნაწილაკებისგან, რომელიც აფრიკის საჰარის უდაბნოს 3,5 მილიონ კვადრატულ მილს მოიცავს. მტვერი წარმოიქმნება საჰარის უდაბნოში გვიან გაზაფხულზე, ზაფხულში და ადრეულ შემოდგომაზე.
NASA -ს მიხედვით, ზაფხულის საჰარის მტვრის მოვლენები გავლენას ახდენენ დიდ ქარიშხლიან სისტემებზე. მშრალ, სტაბილურ, მტვრით დატვირთულ ჰაერს შეუძლია შეაფერხოს ტროპიკული ციკლონის წარმოქმნა ჩრდილო ატლანტიკაში. ახალ კვლევაში, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ მტვერს ამ ქარიშხლებით წვიმის მოდულირება შეუძლია.
NASA -ს სტატიაში აღნიშნულია, რომ საჰარის უდაბნო არის დედამიწის ყველაზე დიდი ჰაერის მტვრის წყარო და ნაწილაკებს შეუძლიათ ათასობით მილის მანძილზე გავრცელება. გვიანი გაზაფხულიდან ადრე შემოდგომამდე, ხშირია მშრალი, მტვრიანი საჰარის საჰაერო ფენის ნაწილაკების გადატანა დასავლეთისკენ ატლანტის ოკეანის გასწვრივ ატმოსფეროში. ზამთარში და გაზაფხულზე სხვადასხვა ქარის ფორმირებით, მტვერი, რომელიც წარმოიქმნება ჩრდილოეთ აფრიკიდან, შეიძლება გადავიდეს გაერთიანებულ სამეფოსა და დასავლეთ ევროპაში შედარებით დაბალ სიმაღლეებზე.
-
მიმდინარეობს თუ არა საჰარის მტვრის გადაადგილების მონიტორინგი და საშიშია თუ არა მტვერი ჯანმრთელობისთვის?
გეოლოგი ლაშა სუხიშვილი ამბობს, რომ როგორც საჰარის, ისე ზოგადად “უდაბნოს მტვრის” გავრცელება ბუნებრივი მოვლენაა და სხვადასხვა პლატფორმის მეშვეობით შესაძლებელია დადგენა თუ როგორ გადაადგილდება ის. ადამიანებისთვის ის შესამჩნევი მაშინ ხდება თუ მის შემოჭრას წვიმა დაემთხვა, მაშინ ის ის ტოვებს მტვრის თხელ ფენას მანქანის ზედაპირზე, სხვა შემთხვევაში, უბრალოდ, ატმოსფერო წითლდება, ფერს იცვლის.
ლაშა სუხიშვილი, გეოლოგი: უდაბნოს მტვერის შემოჭრა ბუნებრივი პროცესია, რაზეც ხდება დაკვირვება. არსებობს სატელიტური ტექნოლოგიები, ამ პროგნოზის მიხედვით, წინასწარ ხდება ცნობილი სად გადააგდილება, რა მიმართულებით, რა სიჩქარით მომავალში ეს მტვერი. დღეების და კვირების ჭრილში კეთდება პროგნოზი, მონიტორინგი მიდის მუდმივი და შესაძლებელია დაკვირვება სად არის მტვერი, ატმოსფეროს რა შრეში იმყოფება. თუ რამდენიმე დღის გამოსახულებასაც შევადარებთ, ვნახავთ როგორ გადაადგილდება, ტრაექტორია საით აქვს, სიჩქარე რა აქვს და შემდეგ უკვე, მკვლევრები პროგნოზებსაც ადგენენ, საით წავა.
სუხიშვილის თქმით, უდაბნოს მტვრის კომპონენტებსა და მის გადაადგილებას მონიტორინგს სხვადასხვა პლატფორმა უწევს, მათ შორის, ნასას MODIS. მაგალითად, ათენის უნივერსიტეტი შემდეგ იყენებს ამ მასალას და აკეთებს პროგნოზს თუ სად ხდება მტვრების მიგრაცია.
წყარო: Forecast.uoa.gr
საჰარის ან ზოგადად უდაბნოს მტვრის შემოჭრა საქართველოშიც ხდება. ამ პროცესს მონიტორინგს გარემოს ეროვნული სააგენტო უწევს. უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს ხელმძღვანელი ნატა სულიაშვილი “მითების დეტექტორთან” ამბობს, რომ ინფორმაცია ჰაერის დაბინძურების ცვლილებასთან დაკავშირებით air.gov.ge -ზე პოსტფაქტუმ იდება. მისივე თქმით, ჯერჯერობით არ ყოფილა განსაკუთრებით საგანგაშო ვითარება, რომ მოსახლეობის წინასწარ გაფრთხილება გამხდარიყო საჭირო. მაგალითად, 2022 წელს საქართველოში მტვრის ნაწილაკები საჰარის უდაბნოდან შემოიჭრა. მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის მატება და კერძოდ, PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა რამდენიმე ქალაქში, რასაც სააგენტო ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირებს.
დაბინძურების მსგავსი მაჩვენებელი სხვადასხვა დაავადების გამწვავებაზეც ახდენს გავლენას. მტვრის ნაწილაკების მაღალი კონცენტრაცია საფრთხეს პირველ რიგში, გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი სისტემის დაავადების მქონე ადამიანებს უქმნის და ამ შემთხვევაში მედიკოსების ზოგადი რეკომენდაციაა სახლში დარჩენა და გარეთ ყოფნის პერიოდის მაქსიმალურად შეზღუდვა, ამბობს “მითების დეტექტორთან” ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი.
ბიძინა კულუმბეგოვი, ალერგოლოგი: როდესაც ჰაერის დაბინძურებელი ფაქტორები პერმამენტულად მაღალია ჰაერში, არის ერთი რისკი, რომ არსებული ქრონიკული დაავადებები გაამწვავოს, და თუ მუდმივი ექსპოზიციააა ამ მყარი ნაწილაკების და მონიტორინგში ჩანს, რომ წელიწადის ორასი დღე და მეტი დაბინძურების მაჩვენებლები სტანდარტს აღემატება, მაშინ შეიძლება უკვე მან თავად წარმოქნას რაღაც დაავადებები. ეს ძირითადად უკავშირდება სასუნთქი სისტემის და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ნერვული სისტემის და რეპროდუქციული სისტემას დაავადებებს.
-
საჰარის მტვრის მაგნიტური შემადგენლობა
წარსულში საჰარის მტვრის მაგნიტურ შემადგენლობაზე ვრცელდებოდა კონსპირაციის თეორია და შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია, რომ ის არა ქვიშა არამედ მაგნიტია და მისი გავრცელება ხდება ე.წ. ქიმტრეილების მეშვეობით.
არის შემთხვევები, როდესაც საჰარის მტვრის გავრცელება წვიმას ემთხვევა. როდესაც ქვიშა ორთქლდება, ის ტოვებს მტვრის თხელ ფენას ზედაპირზე. ეს პროცესი ადვილად შესამჩნევია მანქანებზე. სწორედ მანქანებზე დატოვებულ ფენას უკავშირებდნენ მომხმარებლები ე.წ. ქიმტრეილებით გაშვებულ ნივთიერებებს.
2023 წელს ეს ინფორმაცია როიტერსის ფაქტების გადამოწმების სამსახურმა გადაამოწმა და რამდენიმე მეცნიერს გაესაუბრა. ექსპერტებზე დაყდნობით “როიტერსი” წერს, რომ საჰარის მტვრისთვის დამახასიათებელი წითელი ფერი მიუთითებს მცირე რაოდენობით ჰემატიტის ანუ სუსტი მაგნიტური მინერალის არსებობაზე და ეს მისი ბუნებრივი შემადგენელია.
წყაროს შესახებ:
KLA TV, რომელსაც რუსულენოვანი ანგარიშები ეყრდნობიან შვეიცარელი კოსნპიროლოგის ივო ზასეკის დაფუძნებულია. მედიას მცდარი ინფორმაცია წარსულშიც გაუვრცელებია. გერმანული correctiv.org -ის მიხედვით, ზასეკი ასევე “Organic Christ Generation” (OCG)-ის დამფუძნებელია, რომელიც ანტისემიტურ გზავნილებს ავრცელებს.
Sekteninfo NRW -ის თანახმად, ზასეკი საკუთარ თავს რელიგიურ და სოციალურ მედაიტორად წარმოაჩენს.
ბუნდესტაგმა 2020 წლის ივნისში საპარლამენტო ჯგუფის მოთხოვნის საფუძველზე OCG-ის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ OCG და მისი დამფუძნებელი ავრცელებენ კონსპირაციულ მითებს და ანტისემიტურ გზავნილებს, ჰოლოკოსტის უარყოფის ჩათვლით.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.