KGB-ს ახლო აღმოსავლეთის ფაილები და საბჭოთა პროპაგანდა

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

288
VIEWS

საბჭოთა კავშირი დაარსების დღიდან სხვადასხვა სახელმწიფოსა და რეგიონზე გავლენის მოპოვებას განსხვავებული მეთოდებით ცდილობდა. საერთაშორისო პოლიტიკაში ყოველი ის ქვეყანა, რომელიც ახლო კავშირს დაიჭერდა სსრკ-სთან და მის იდეოლოგიასთან, კიდევ უფრო დაეხმარებოდა მას, რომ მეტი გავლენები ჰქონოდა მსოფლიო ასპარეზზე. ხშირ შემთხვევაში საბჭოთა კავშირი სხვადასხვა პროპაგანდისტული მეთოდით და ზუსტი გზავნილების შერჩევით  კონკრეტულ ტერიტორიებზე გავლენის მოპოვებას ახერხებდა (მიუხედავად იმისა, ესაზღვრებოდა თუ არა ეს სახელმწიფოები მას). შედეგად კი იქ დასავლური სახელმწიფოების (აშშ, დიდი ბრიტანეთი) კავშირებსა და ძალებს გამოწვევას უქმნიდა.

საბჭოთა კავშირი საკუთარი თავის ანტიკოლონიალისტ აქტორად წარმოჩენით  ახლო აღმოსავლეთზე გავლენის მოპოვებას და არაბული ქვეყნებისგან მხარდაჭერის მიღებას ცდილობდა. ამას ნათლად მოწმობს სსრკ-ის აქტიური ჩართულობა ისრაელ-პალესტინის დაპირისპირებაში.
;
თავისუფლება არაბ ხალხს. არ დაახრჩო!

საბჭოთა კავშირს ახლო აღმოსავლეთის მიმართ პოლიტიკა ჯერ კიდევ 30-იან წლებში ჰქონდა შემუშავებული, თუმცა სტალინის პირობებში ეს ვერ განხორციელდა და პრაქტიკული გამოვლინება ამ პოლიტიკას მხოლოდ მოგვიანებით ჰქონდა.

აღსანიშნავია, რომ 1944 წლიდან სტალინი მხარს უჭერდა ისრაელის სახელმწიფოს შექმნას და 1947 წელს გაეროში საბჭოთა კავშირის წარმომადგენელმა ანდრეი გრომიკომ მხარი დაუჭირა პალესტინის არაბულ და ებრაულ სახელმწიფოებად გაყოფას, ვინაიდან სტალინს იმედი ჰქონდა, რომ ისრაელი სოციალისტურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდებოდა, ახლო აღმოსავლეთში საბჭოთა ბლოკის მოკავშირე გახდებოდა და დიდი ბრიტანეთის გავლენას შეამცირებდა.

მიუხედავად იმისა, რომ სტალინიზმის პერიოდში არაბულ სახელმწიფოებთან ურთიერთობაში აქტიური ჩართულობა მინიმალური იყო და ის ძირითადად კომუნისტური პარტიების გაძლიერებით შემოიფარგლებოდა, სტალინის გარდაცვალების შემდგომ ყველაფერი შეიცვალა და სსრკ-მა ახლო აღმოსავლეთის არაბული სახელმწიფოების მიმართ უფრო აქტიური პოლიტიკა წამოიწყო. ხრუშჩოვის პერიოდში დაწყებული საბჭოთა კავშირის დაშლის სტრატეგია ბოლომდე შენარჩუნდა.

ამ პერიოდში საბჭოთა პოლიტიკა 4 მთავარი მიზნით შემოიფარგლებოდა:

  • შიში, რომ თურქეთი და ირანი, რომელიც სამხრეთ რუსეთის მეტალურგიულ ინდუსტრიასთან და კავკასიის ნავთობთან ახლოს მდებარეობდა, შესაძლებელია ანტისაბჭოთა პლაცდარმად გამოყენებულიყო.
  • დაინტერესება ახლო აღმოსავლეთში არსებული ნავთობით.
  • დაინტერესება იმ პორტებით, რომლებიც ზამთრის პერიოდში არ იყინება.
  • დასავლეთთან დაპირისპირებაში ახლო აღმოსავლეთის გამოყენება.

აღსანიშნავია, რომ თითოეულ ამ მიზანს საბჭოთა კავშირი სხვადასხვაგვარი პროპაგანდისტული მეთოდებით აღწევდა.

  • პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაცია და საბჭოთა მედია 

1964 წელს ისრაელის წინააღმდეგ პრო-პალესტინური განმათავისუფლებელი ორგანიზაცია ჩამოყალიბდა, რომლის მიზანიც აქამდე არსებული ანტიისრაელური ძალების გაერთიანება და პალესტინელთა უფლებების დაცვა იყო. ორგანიზაციამ კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა 6 დღიანი ომის შემდგომ შეიძინა და  სხვადასხვა ტერორისტული გზებით ისრაელს უკვე აქტიურად ებრძოდა.

აღსანიშნავია, რომ ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც საბჭოთა კავშირს უკვე აქტიურად აქვს დაწყებული ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ჩარევა, შესაბამისად ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი მისი ყურადღების მიღმა ვერ დარჩებოდა. სსრკ-ის ლიდერები კარგად აცნობიერებდნენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები პალესტინის განმათავისუფლებელ ორგანიზაციასთან კარგ ურთიერთობას ვერ დაიჭერდა, შესაბამისად ამ ორგანიზაციის გამოყენება იყო გზა, რითიც სსრკ აშშ-ის პოზიციებს შეასუსტებდა და არაბებს ამერიკის წინააღმდეგ განაწყობდა.

;
პალესტინის განმანთავისუფლებელი ორგანიზაციისა და საბჭოთა კავშირის ურთიერთობის გაუმჯობესების ამსახველი ფოტო

საგულისხმოა, რომ საბჭოთა კავშირის პროპაგანდა ამ ორგანიზაციასთან ურთიერთობაში საკმაოდ კარგად გამოჩნდა, რადგან იმ შემთხვევებში, როცა პალესტინის განმანთავისუფლებლები ტერორიზმს მიმართავდნენ, სსრკ-ის მედია ამ ინფორმაციას მალავდა ან ძალადობრივ შეტაკებებს პროისრაელურად განწყობილ არაბებს აბრალებდა. აღსანიშნავია ისიც, რომ საბჭოთა მედია ისრაელთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებს მუდმივად ბრალს დებდა და აცხადებდა, რომ “თუ ისრაელს არ ექნებოდა ვაშინგტონის მხარდაჭერა, ის ასეთ სასტიკ საქციელს ვერ გაბედავდა”.

ხშირად საბჭოთა მედია ისრაელ-პალესტინის დაპირისპირებაში მომხდარ ფაქტებს აზვიადებდა, რათა არაბებისგან და ზოგადად არაბული სახელმწიფოებისგან კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა მიეღო. ამასთანავე, მაგალითად ბეირუთში მომხდარი ხოცვა-ჟლეტვის ამბავში, სადაც მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა ქრისტიან ლიბანურ ექსტრემისტულ ჯგუფს ეკისრებოდა, საბჭოთა მედიამ ეს ჯგუფი ამბის გაშუქებაში საერთოდ არ ახსენა და ძირითადად ბრალდების მხარედ მხოლოდ ისრაელი მოიხსენია.

ნიუ-იორკ თაიმსის 1982 წლის სექტემბერში გამოსული ჟურნალი სწორედ საბჭოთა მედიის მიერ ბეირუთის პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკში მომხდარი ხოცვა-ჟლეტვის გაშუქების შესახებ გვიამბობს. მასში ნათქვამია:

“საბჭოთა რეაქცია ბეირუთში მომხდარი ხოცვა-ჟლეტის ფაქტებზე ოფიციალური პრესსამსახურის TASS-ის მიერ მთავრობის სახელით გამოქვეყნდა. ამ განცხადების მიხედვით, პასუხისმგებლობა მასობრივი ხოცვა-ჟლეტისთვის პირდაპირ ისრაელს ეკისრებოდა და მასში საერთოდ არ იყო ნახსენები ბანაკებში შესული ლიბანელი ქრისტიანი შეიარაღებულები.”

;
ნიუ-იორკ თაიმსი ბეირუთში მომხდარი ხოცვა-ჟლეტვის შესახებ (1982)

  • KGB-ის ფაილები (მიტროხინის არქივი)

მედიასთან ერთად სსრკ მიზნის მისაღწევად უფრო დახვეწილ გზებსაც იყენებდა. საბჭოთა არქივარიუსმა და მაღალჩინოსანმა ვასილი მიტროხინმა 1990-იან წლებში საბჭოთა კავშირის აგენტებისა და სხვადასხვა საიდუმლო ინფორმაციის შესახებ მნიშვნელოვანი ჩანაწერები გამოაქვეყნა, რომელიც სხვადასხვა ინფორმაციასთან ერთად ისრაელ-პალესტინის საკითხებსაც შეიცავდა.

;
ამონარიდები მიტროხინის არქივიდან

ფაილები შესაძლებელია სხვადასხვა ნიშნით კლასიფიცირდეს იმის მიხედვით, თუ რა მიზანს ემსახურებოდა საბჭოთა კავშირის კონკრეტული ქმედება.

  1. უცხოელი დიპლომატები

იქამდე, სანამ ვარშავის პაქტის სახელმწიფოებსა და ისრაელს შორის ურთიერთობა გაუარესდებოდა (ისრაელ-პალესტინის 6 დღიან ომამდე) და საბჭოთა კავშირის ინფორმაციის მისაღებად სხვა გზების გამონახვა დასჭირდებოდა, ის აქტიურად იყენებდა უცხოელი დიპლომატების რესურსს, რათა საჭირო ინფორმაცია მიეღო და საწადელი მიზნისთვის მიეღწია.

ამ ხერხით საბჭოთა კავშირი ისრაელის ტერიტორიაზე არა მხოლოდ ისრაელის, არამედ სხვა სახელმწიფოების შესახებაც იღებდა ინფორმაციას. ხშირად ასეთი მოსყიდული დიპლომატები საკმაოდ მნიშვნელოვან თანამდებობსაც კი იკავებდნენ კონკრეტულ სახელმწიფოში. ასეთ პირებს კოდური სახელები ჰქონდათ, რომელსაც საბჭოთა კავშირი მათი მიმართებით იყენებდა.

სახელი (აგენტი)

კოდური სახელი

ვინაობა

როსარიო კასტელანოსი

მექსიკის ელჩი ისრაელში

გერდა

ისრაელში მდებარე გერმანიის საელჩოში მომუშავე გერმანელი

ბერ ჰაინცი

ჩალი

ავსტრიის საელჩოს ბიუროს ხელმძღვანელი ისრაელში

კარლოს დიმერი

რონი

ჩილეს ელჩი ისრაელში

იამანდო ლა გუარდია

ურუგვაის ელჩი ისრაელში

იულიან ისიდორი

სიდი

საბერძნეთის ეკლესიის მთავარეპისკოპოსი გალილეასა და ნაზარეთში

ავივა სტანი

დიტა

ჟურნალისტი


როგორც ცხრილში არის ასახული, ელჩებთან და სასულიერო პირებთან ერთად საბჭოთა კავშირი ასევე უკავშირდებოდა ჟურნალისტებს, რომლებსაც წვდომა მრავალ საინტერესო ინფორმაციასთან ჰქონდათ. ამასთანავე, მიტროხინის არქივის მიხედვით, საბჭოთა კავშირი ხშირად უცნაური პროფესიის ადამიანების მოსყიდვასაც ცდილობდა. მაგალითად, ერთ-ერთი პირი მშრალი წმენდის სერვისში მუშაობდა. არის ეჭვი, რომ ასეთ პირებს მოტანილი ტანსაცმლის ჯიბეები უნდა შეემოწმებინათ და შესაბამისი ინფორმაცია მიეღოთ.

  1. “არალეგალები”

ასე ეწოდებოდა იმ პირებს, რომლებსაც საბჭოთა კავშირი სპეციალურად ამზადებდა, რათა უცხო სახელმწიფოში გაეგზავნა და იქიდან შესაბამისი ინფორმაცია მიეღო ან სპეციალური საქმე განეხორციელებინათ. აღნიშნული პირები საბჭოთა კავშირში სპეციალურ მომზადებას გადიოდნენ და საკუთარ მისიებზე სხვადასხვა სახელმწიფოებში მხოლოდ ამის შემდგომ მიდიოდნენ. მომზადების ეტაპზე სხვა ბევრ რამესთან ერთად მაგალითად სწავლობდნენ იმას, თუ როგორ ესაუბრათ ისე, რომ სხვას ისინი ამერიკელისგან ან ბრიტანელისგან არ განესხვავებინათ.

აღსანიშნავია, რომ ე. წ. არალეგალები სპეციალურ მომზადებას საზეიმო ცერემონიით ასრულებდნენ, სადაც შემდგომ სიტყვებს წარმოთქვამდნენ:

“როგორც სამშობლოს ღირსეული შვილი, მე მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე ჩემთვის მინდობილ საიდუმლოებებს ვუღალატო… ყოველ გულისცემას, ყოველ გატარებულ დღეს ვფიცავ, რომ ვემსახურები პარტიას, სამშობლოს და საბჭოთა ხალხს.”

ისრაელის შემთხვევაში საბჭოთა კავშირის მიერ სპეციალური ოპერაცია TN მომზადდა, რომელიც მიზნად არალეგალების ისრაელში გაგზავნას და იქ მათი ბაზის შექმნას ისახავდა. ეს იმით იყო გამოწვეული, რომ საბჭოთა კავშირი საელჩოს, იერუსალიმის რუსულ ეკლესიისა და სხვადასხვა სტრუქტურის დახმარებით გაუარესებული ურთიერთობის ფონზე (6 დღიანი ომის შედეგად) საჭირო ინფორმაციების მიღებას ვეღარ ახერხებდა ან ხშირად ეს პროცესი საკმაოდ ნელი იყო.

მიტროხინის არქივის მიხედვით, ანდროპოვის გადაწყვეტილებით ოპერაცია TN-ის ფარგლებში 5 არალეგალი შეირჩა (კარსკი, პატრია, რანი, იორისი, კრავჩენკო – კოდური სახელები), რაც მსგავს შემთხვევებში საკმაოდ დიდი რაოდენობა იყო. აღნიშნული პირები ჩავიდოდნენ ისრაელში და თითოეულ მათგანს საკუთარი გამოგონილი ისტორია ექნებოდა.

საგულისხმოა, რომ ეს პირები არა საბჭოთა კავშირის, არამედ მექსიკის, კანადის, ესპანეთისა და ფინეთის ყალბი მოქალაქეები იქნებოდნენ.

  1. პალესტინელები 

მოსყიდულ პირებთან და არალეგალებთან ერთად საბჭოთა კავშირი ასევე აქტიურად თანამშრომლობდა პალესტინურ ტერორისტულ ორგანიზაციებთან, რაც დასტურდება მიტროხინის არქივის დოკუმენტებით.

აღსანიშნავია, რომ თითოეულ ასეთ ორგანიზაციას რუსულ ენაზე საკუთარი კოდური სახელწოდება გააჩნდა:

  1. პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაცია იგივე კაბინეტი
  2. პალესტინის გათავისუფლების სახალხო ფრონტი იგივე ხუტორი
  3. პალესტინის გათავისუფლების დემოკრატიული ფრონტი იგივე სკოლა
  4. აჰმად ჯიბრილის სახალხო ფრონტი იგივე ბლინდაჟი.

ასევე კოდური სახელი ჰქონდა პალესტინის განმანთავისუფლებელი ორგანიზაციის ერთ-ერთ ლიდერს იასირ არაფატს.

;
იასირ არაფატი ლეონის ბრეჟნევთან ერთად

ასევე არსებობდა ეჭვი იმის შესახებ, რომ საბჭოთა კავშირი ზურგს ერთ-ერთ ცნობილ ტერორისტს ვადი ჰადადს (კოდური სახელი – ნაციონალისტი) უმაგრებდა. ეს მოსაზრება თავად ანდროპოვის მიერ მომზადებულმა და ბრეჟნევთან გაგზავნილმა ანგარიშმა დაადასტურა, სადაც წერია:

“1968 წლიდან, კგბ-ს აქვს საიდუმლო სამუშაო კონტაქტი პალესტინის ხალხთა განმათავისუფლებელი ფრონტის (PLFP) პოლიტბიუროს წევრ ვადია ჰადადთან, PLFP- ის გარე ოპერაციების განყოფილების ხელმძღვანელთან.”

;
ადნროპოვის ანგარიში – ლეონიდ ბრეჟნევს

თემატიკა: ისტორია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist