კენედი ფაიზერის კლინიკური კვლევების მონაცემებით მანიპულირებს და ვაქცინების გვერდით ეფექტებზე დეზინფორმაციას ავრცელებს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

200
VIEWS

25 აგვისტოს ანტივაქსერმა კობა კუპრაშვილმა ფეისბუჯზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც აშშ-ის 35-ე პრეზიდენტის ჯონ კენედის ძმისშვილი, უმცროსი რობერტ კენედი ფაიზერის კვლევის მონაცემებზე საუბრობს და ამბობს, რომ აცრილთა ჯგუფში მეტი გარდაცვალება დაფიქსირდა, ვიდრე პლაცებო ჯგუფში. ის აღნიშნავს იმასაც, რომ ვაქცინა მხოლოდ მცირედით იცავს და კოვიდისგან 1 გადარჩენილ ადამიანზე მოდის 3 ადამიანი, რომელიც ვაქცინის შედეგად გამოწვეული გულის ინფარქტით გარდაიცვალა. კობა კუპრაშვილი გაზიარებულ პოსტში აღნიშნავს, რომ ასეთ ვაქცინას FDA-მ სრული დაშვება მისცა.

 

"
კენედის მიერ ვიდეოში გაჟღერებული მტკიცებები, ერთი მხრივ, მანიპულაციურია, ხოლო მეორე მხრივ, დეზინფორმაციასაც შეიცავს. იანვრის მონაცემებით, ფაიზერის კლინიკურ კვლევებში ვაქცინის მიმღებ და პლაცებო ჯგუფებში შესაბამისად 15 და 14 ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა ეს რაოდენობა სიკვდილიანობასთან მიმართებით ვაქცინის ეფექტიანობაზე არ მეტყველებს. პოსტ-კვლევების მდგომარეობით, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის მილიარდობით ადამიანის მონაცემს მოიცავს, ვაქცინები დაავადების გართულების პრევენციას ახდენს და გარდაცვალების რისკებსაც მნიშვნელოვნად ამცირებს. ტყუილია მტკიცება, რომ ვაქცინები გულის შეტევებს იწვევს.

კენედი ფაიზერის კლინიკური კვლევის 6 თვის მონაცემებზე საუბრობს, რომელიც კომპანიამ 28 ივლისს გამოაქვეყნა. კლინიკურ კვლევაში 44 060 ადამიანი მონაწილეობდა, აქედან ერთ ნახევარს ვაქცინა, ხოლო მეორე ნახევარს პლაცებო გაუკეთდა. კლინიკური კვლევების შემდეგ მასში მონაწილე ადამიანების მონიტორინგი კვლავ მიმდინარეობს და მონაცემები პერიოდულად ახლდება. 28 ივლისს გამოქვეყნებული მონაცემები 2021 წლის იანვრამდე კვლევის მონაწილეების მდგომარეობის მონიტორინგს მოიცავდა. (phentermine375.net) აღნიშნულ პერიოდში 15 ვაქცინის მიმღები და 14 პლაცებოს მიმღები ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა გარდაცვალების უმეტესობა კოვიდ19-ს არ უკავშირდება. ასევე, არც ერთი მათგანი არ ყოფილა დაკავშირებული ფაიზერის ვაქცინასთან. დამატებითი ინფორმაციით, რომელიც ფაიზერისგან Associated Press-მა გამოითხოვა, პლაცებობო ჯგუფში მხოლოდ ორი ადამიანი დაიღუპა კოვიდ19-ით, ვაქცინირებულთა ჯგუფში კი 1 ადამიანი კოვიდ19-ისგან გამოწვეული პნევმონიით. დანარჩენი შემთხვევები სხვა ფაქტორებს, მათ შორის გულის დაავადებებს უკავშირდება. კვლევაში მონაწილეების სხვადასხვა მიზეზით გარდაცვალება როგორც პლაცებო, ასევე ვაქცინის მიმღებ ჯგუფში, უჩვეულო არაა, რადგან ვაქცინა ადამიანს სხვა დაავადებებისგან არ იცავს.

Rutgers New Jersey Medical School-ის ინფექციული დაავადებების ექსპერტი დეივიდ სენიმო განმარტავს, რომ კვლევის მიზანი არა სიკვდილისგან დაცვის ეფექტიანობის, არამედ სიმპტომური დაავადების დაცვაზე ვაქცინის ეფექტიანობის შეფასება იყო და იქიდან გამომდინარე, რომ კოვიდ19-ით გამოწვეული სიკვდილიანობა უფრო იშვიათი მოვლენაა, ვიდრე კოვიდ19-ის ინფექცია, უფრო დიდი მასშტაბის კვლევის ჩატარება იქნებოდა საჭირო, რათა ლეტალური შედეგისგან დაცვაში ვაქცინის ეფექტიანობა გაგვეზომა. შესაბამისად, ცალკე აღებული რიცხვები 15 და 14, რომლებიც კვლევის მონაწილე ვაქცინირებულ და პლაცებო ჯგუფებში გარდაცვალების რაოდენობას აღნიშნავს, არაფერს გვაძლევს. მონაწილეებზე დაკვირვება იმისთვის ხდება, რათა ვაქცინასთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტის გამოვლენა ყურადღების მიღმა არ დარჩეს. მაგალითად, თუ მონაწილეებში გაზრდილ სიკვდილიანობას ერთი კონკრეტული მიზეზი გამოიწვევდა, ეს იქნებოდა სიგნალი იმისათვის, რომ დამატებით ეკვლიათ, ხომ არ იყო ის ვაქცინის გვერდითი რეაქცია. მონიტორინგმა აჩვენა, რომ ვაქცინით გამოწვეული სიკვდილი კლინიკურ კვლევებში არ დაფიქსირებულა.

მას შემდეგ, რაც ფაიზერის ვაქცინამ გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია მიიღო და მსოფლიოში ვაქცინაციის პროცესი დაიწყო, დაახლოებით 8 თვის მონაცემებმა სხვადასხვა ქვეყნებიდან, სადაც ჯამში 2 მილიარდზე მეტი ადამიანი უკვე ორი დოზით აიცრა, აჩვენა, რომ ვაქცინები ადამიანებს დაავადების გართულებისგან და სიკვდილისგან მნიშვნელოვნად იცავს. რაც შეეხება, კონკრეტულად ფაიზერის ვაქცინას, სხვადასხვა ქვეყნის მონაცემის გათვალისწინებით, ის ადამიანის დაავადების მძიმე მიმდინარეობისგან და გართულებებისან დაახლოებით 90%-ით იცავს. არსებული მონაცემების გათვალისწინებით, აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) ფაიზერის ვაქცინა 23 აგვისტოს სრულად დაამტკიცა.

ტყუილია მტკიცება, თითქოს კოვიდისგან 1 გადარჩენილ ადამიანზე მოდის 3 ადამიანი, რომელიც ვაქცინის შედეგად გამოწვეული გულის ინფარქტით გარდაიცვალა. როგორც უკვე აღინიშნა, ფაიზერის ვაქცინის ეფეტიანობა დაავადების გართულების პრევენციაში მაღალია, ხოლო გულის შეტევას ვაქცინები არ იწვევს. გულთან დაკავშირებული პრობლემები, რაც ფაიზერის გვერდით ეფექტებში აისახა, არის მიოკარდიტები და პერიკარდიტები, ისინი გულის ანთებას უკავშირდება, ამ დაავადების მართვა და მათი მკურნალობა შესაძლებელია. ამასთანავე, იმის შანსი, რომ ვაქცინის შემდეგ მიოკარდიტები და პერიკარდიტები განვითარდეს, ძალიან მცირეა.

ფაიზერის ვაქცინის კიდევ ერთი გვერდითი ეფექტი მწვავე ალერგიული რეაქციაა, როგორიცაა მაგალითად, ანაფილაქსიური შოკი, თუმცა დროული სამედიცინო დახმარების შემთხვევაში, ის ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის. სხვა გვერდითი ეფექტები შედარებით მსუბუქია და სიცხით, კუნთების ტკივილით, ზოგადი სისუსტით და მსგავსი სიმპტომებით გამოიხატება.

ხაზგასასმელია ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მონაცემებიც, მათი გამოთვლების თანახმად, ინგლისში კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამამ ქვეყანას დაახლოებით 84 600 სიკვდილი და 23 მილიონი ინფექცია აარიდა თავიდან.

რობერტ კენედი ვაქცინებზე დეზინფორმაციას ხშირად ავრცელებს. 2020 წლის იანვარში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, კენედის მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია Facebook-ზე განთავსებული ანტივაქსერული რეკლამების 54%-ის დამკვეთი იყო. იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ წარსულში გადამოწმებული ინფორმაცია:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist