კატინის ტრაგედიაში NKVD-ის მონაწილეობას ონიანი უარყოფს, ბერია და პოლიტბიურო ადასტურებს

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

464
VIEWS

21 იანვარს ონლაინ გამოცემაში “საქართველო და მსოფლიო” საზოგადოება “სტალინელის” ხელმძღვანელის გრიგოლ ონიანის სტატია, სათაურით “სტალინი მეორე მსოფლიო ომში” გამოაქვეყნა. სტატიაში გრიგოლ ონიანი პოლონეთში, კატინის ტყეში შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მიერ 1940 წელს დახვრეტილი პოლონელი ოფიცრებისა და ინტელიგენციის შესახებ საუბრობს. ონიანის თქმით, “მიუხდავად გააფთრებული კვლევა ძიებისა”, ვერავინ იპოვა დოკუმენტი, რომელიც კატინის ტრაგედიის მასობრივ დახვრეტებში  საბჭოთა შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის (NKVD) მონაწილეობას თუნდაც ირიბად დაადასტურებდა. 

გრიგოლ ონიანი, ავტორი: “ვერც გასულ საუკუნესა და მით უმეტეს ვერც XXI საუკუნეში ვერ იპოვეს ერთი დოკუმენტიც კი (მიუხედავად გააფთრებული კვლევა-ძიებისა), რომელიც თუნდაც ირიბად მიუთითებდა შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მონაწილეობაზე კატინის ტყეში მომხდარზე; ასევე ვერ იპოვეს სიკვდილით დასჯის მოწმეები და მონაწილეები”. 

მტკიცება იმის შესახებ, რომ არ არსებობს დოკუმენტი, რითაც კატინის ტრაგედიაში NKVD-ს მონაწილეობა დასტურდება, ყალბია. რეალურად, ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს 1940 წლის 5 მარტის სხდომის ჩანაწერი და პოლიტბიუროსადმი გაგზავნილი ლავრენტი ბერიას მემორანდუმი ადასტურებს, რომ 1940 წლის გაზაფხულზე პოლონელი სამხედო ტყვეები საბჭოთა კავშირის ხელისუფლების ბრძანებით NKVD-მ დახვრიტა. 

კატინის ტრაგედიაში საბჭოთა კავშირის მიერ 1940 წლის აპრილსა და მაისში პოლონელი სამხედრო ტყვეების მასობრივი ხოცვა იგულისხმება. სახელწოდება ქალაქ სმოლენსკის ოლქში მდებარე კატინის ტყიდან მომდინარეობს. ეს ტყე ერთ-ერთი ადგილი იყო, სადაც NKVD-ს წარმომადგენლებმა პოლონელი ოფიცრები დახოცეს. კატინის ტყის გარდა, ათასობით პოლონელი სამხედრო ტყვე სიკვდილით სხვა ადგილებშიც დასაჯეს, მათ შორის ტვერისა და ხარკოვის ციხეებში. პირველად 1943 წელს დახვრეტილთა მასობრივი საფლავი სწორედ კატინის ტყეში აღმოაჩინეს. საბჭოთა კავშირი დანაშაულს უარყოფდა და 22 000-მდე პოლონელის მასობრივ მკვლელობაში ნაცისტურ გერმანიას ადანაშაულებდა. 

კატინის ტყეში მასობრივი საფლავის გახსნა, 1943 წელი, ფოტო: Warsaw Institute

გრიგოლ ონიანის მიხედვით, არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც კატინის ტრაგედიაში საბჭოთა კავშირის მონაწილეობას ადასტურებს. რეალურად, 1940 წლის 5 მარტის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს სხდომის ჩანაწერში ვკითხულობთ, რომ მათი გადაწყვეტილებით, NKVD-ს სასჯელის უმაღლესი ზომით – დახვრეტით 14 700 პოლონელი სამხედრო ტყვე უნდა დაესაჯა. ტექსტში ვკითხულობთ, რომ ეს ადამიანები იყვნენ: ყოფილი პოლონელი ოფიცრები, ოფიციალური პირები, პოლიციელები, დაზვერვის ოფიცერები, ჟანდარმები, ციხის მცველები და სხვა. თითოული მათგანი იმ დროს ბანაკებში იმყოფებოდა. 

ფოტოები: Katyn.ru

ამავე გადაწყვეტილების მეორე ნაწილში ნათქვამია, რომ ასევე უნდა დაეხვრიტათ უკრაინისა და ბელარუსის დასავლეთ რეგიონებში დაპატიმრებული 11 000 ადამიანი, რომელსაც ჯაშუშობასა და საბოტაჟში ედებოდათ ბრალი. გადაწყვეტილების მიხედვით, საქმეების განხილვა დაკავებულის გამოძახებისა და წარდგენის გარეშე უნდა განხორციელებულიყო. 

ფოტო: Institute of National Remembrance

საინტერესოა, რომ არსებობს ცკ-ს პოლიტბიუროს 1940 წლის 5 მარტის ამ ჩანაწერის 2 ასლი. პირველი 1940 წლით თარიღდება და მის დასაწისში “ამხანაგი ბერია” არის მითითებული, ბოლოს კი “ცენტრალური კომიტეტის მდივანი.” მეორე ვერსია  კი 1959 წელს არის დარედაქტირებული. შესავალში “ამხანაგი ბერია” წაშლილია და განსხვავებული ფონტით “ამხანაგი შელეპინია” დაწერილი. ხოლო ტექსტის ბოლოს “ცენტრალური კომიტეტის მდივანის” გვერდით ორი სიტყვა “და სტალინი” არის ჩამატებული. ტექსტში ბერიას ნაცვლად ჩაწერილი ალექსანდრ შელეპინი 1958-1961 წლებში სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (KGB) თავჯდომარის პოზიციას იკავებდა. 

ფოტოები: Katyn.ru

ერთი დოკუმენტის ორივე ასლი მკვლევრებისთვის ხელმისაწვდომი 1992 წელს გახდა, როცა კატინის ტრაგედიასთან დაკავშირებული საბჭოთა დოკუმენტების დიდი ნაწილი პოლონურ მხარეს გადაეცა. დოკუმენტები პოლონეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა ლეხ ვალენსამ ჩაიბარა. 

კიდევ ერთი დოკუმენტი, რომელიც NKVD-ს მიერ პოლონელების მასობრივ დახოცვას ადასტურებს, NKVD-ს მაშინდელი ხელმძღვანლის ლავრენტი ბერიას პოლიტბიუროსთვის გაგზავნილი 1940 წლის მარტის მემორანდუმია. პოლონელი ისტორიკოსის ანდჟეი ნოვაკის მიხედვით, ბერიამ პოლიტბიუროს პოლონელი სამხედრო ტყვეების დახოცვის შეთავაზებით 2 მარტს მიმართა. 1940 წლის 5 მარტს კი პოლიტბიუროს წევრებმა ბერიას მემორანდუმი მიიღეს და მას ხელი მოაწერეს. 

ფოტო: Instytut Pileckiego

დოკუმენტისა და კატინის ტრაგედიის გაყალბების შესახებ საქართველოში გავრცელებული უფრო ძველი მტკიცებების შესახებ ვრცლად იხილეთ:

გრიგოლ ონიანის მიხედვით, კატინის ტრაგედიის მოწმეები და მონაწილეები ვერ იპოვეს. რეალურად, NKVD-ს არა ერთი წარმომადგენლის აღიარება არსებობს, რომლებიც კატინის ტრაგედიაში საბჭოთა კავშირის როლს ადასტურებს.

კალინინგრადის ოქლში NKVD-ს საბჭოს მაშინდელი ხელმძღვანელის დიმიტრი ტოკარევის 1991 წლის აღიარების მიხედვით, მასთან 1940 წლის აპრილში NKVD-ს სამი ოფიცერი მოსკოვიდან ჩავიდა, პოლონელი ტყვეების დახოცვას სწორედ ისინი ხელმძვანელობდნენ.  ტოკარევმა თავის აღიარებაში ტყვეების ტრანპორტირებისა და რაოდენობის დედეტალებზეც ისაუბრა.

დიმიტრი ტოკარევი, გადამდგარი მაიორი: “პირველად ოსტაშკოვიდან [NKVD-ს სამხედრო ტყვეების ბანაკი] 300 კაცი მოიყვანეს. როგორც აღმოჩნდა, ძალიან ბევრი იყო. ღამე მოკლე იყო და გათენებამდე უნდა დაგვესრულებინა. შემდეგ თითო ჯერზე 250 ადამიანის მოყვანა დაიწყეს.”

ტოკარევის მიხედვით, ოსტავშკოვის ციხის პატიმრებს კალინინში NKVD-ს ციხის ხმაგაუმტარ საკნებში  ხოცავდნენ. 

ტოკარევმა თავის აღიარებაში თქვა ისიც, რომ მოსკოვიდან ჩასული ერთ-ერთი ოფიცერი ვასილ ბლოხინი იყო. ბლოხინი 1940 წლის ოქტომბერში, კატინის მოვლენებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, “სპეციალური დავალებების ეფექტიანად შესრულებისთვის,” NKVD-ს სხვა თანამშრომლებთან ერთად, გაზრდილი თვიური ანაზღაურებით დააჯილდოვეს. 

ფოტო: Narodowe Centrum Kultury

კიდევ ერთი მოწმე მიტროფან სირომიატნიკოვი 1940 წელს ხარკოვის ციხეში მუშაობდა. მისი თქმით, პატიმრებს იქაც საკნებში ხელებშეკრულებს ხოცავდნენ. სირომიატნიკოვის თქმით, ცხედრებს დასამარხად ერთმანეთზე სამ ან ოთხ რიგად ალაგებდნენ და სხეულის დაშლის პროცესის დასაჩქარებლად სპეციალურ ნივთიერებას ასხამდნენ. 

  • რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების აღიარება და დამოკიდებულება

საბჭოთა კავშირი კატინის ტრაგედიაში ნაცისტურ გერმანიას თითქმის 40 წლის განმავლობაში ადანაშაულებდა. 1990 წელს კი საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის უკანასკნელმა გენერალური მდივანმა მიხეილ გორბაჩოვმა კატინის მოვლენებში საბჭოთა კავშირის ბრალი აღიარა

რუსეთის დუმის 2010 წლის განცხადებით, კატინის მასობრივი ხოცვის ბრძანება სტალინმა გასცა. 2010 წელს პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან ერთად რუსეთის მაშინდელმა პრემიერმა პუტინმა კატინის ტყეში დაღუპულთა მემორიალს პატივი მიაგო

მიუხედავად კატინის ტრაგედიაში საბჭოთა კავშირის როლის აღიარებისა, მეორე მსოფლიო ომის 75 წლის თავზე 2020 წელს რუსეთში ქალაქ ტვერში ყოფილი NKVD-ს შენობაზე 1991 წელს განთავსებული კატინის მსხვერპლების ორი მემორიალი მოხსნეს.

ფოტო: graniru.org

ხარკოვის ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფის მიხედვით,  მემორიალების მოხსნა რუსეთის ხელისფულების მხრიდან ისტორიის გადაწერის მცდელობების მაგალითია. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: ისტორია
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: პოლონეთი, რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist