“კარდჰუს” 3 დეზინფორმაცია რუსეთ-უკრაინის ომზე

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

503
VIEWS

2022 წლის 1 მარტს Facebook გვერდმა “კარდჰუ” გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოებასა და შედეგად რუსეთისთვის შექმნილ საფრთხეებზე იყო საუბარი. ავტორის მტკიცებით, რუსეთ-უკრაინის დაპირისპირება დასავლეთის მიერ არის გამოწვეული, რადგან დასავლეთმა პირობა დაარღვია და ვარშავის პაქტის სახელმწიფოების NATO-ში მიღება დაიწყო. ამასთანავე, პოსტში აღნიშნულია, რომ რუსეთმა საქართველოს NATO-ში შესვლის პრობლემა ოკუპაციით მოაგვარა, რადგან ოკუპირებულ სახელმწიფოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში არავინ მიიღებს. ამასთანავე, კარდჰუ ამტკიცებს, რომ რუსები, ბელარუსები და უკრაინელები ერთი ხალხია და ისინი ერთად კიევის რუსეთში ცხოვრობდნენ.

კარდჰუ: “დასავლეთი დაპირდა რუსეთს რომ, თუ უკან დაიხევდა, ვარშავის პაქტის ქვეყნებს ნატოში არ მიიღებდა. რუსეთი დათანხმდა, დასავლეთმა ისარგებლა რუსეთი პრობლემებით და მოატყუა… 2008 წელს რუსეთი თავს დაესხა საქართველოს და მოახდინა 2 რეგიონის ოკუპაცია. ოკუპირებულ ქვეყანას კი ნატოში აღარავინ მიიღებს. ამით რუსეთმა საქართველო გაანეიტრალა… ადრე რუსები, ბელარუსები და უკრაინელები იყვნენ ერთი ხალხი და ცხოვრობდნენ კიევის რუსეთში. დამოუკიდებელი უკრაინული სახელმწიფო პირველად შეიქმნა 1917 წელს, მანამდე მას ეძახდნენ მალორუსიას, მცირე რუსეთს.”

Screenshot 6 1 “კარდჰუს” 3 დეზინფორმაცია რუსეთ-უკრაინის ომზე

კარდჰუს მტკიცება დეზინფორმაციულია და ისტორიულ რეალობას არ შეესაბამება. კრემლის პროპაგანდის გარდა, არ არსებობს წყარო, რომელიც რუსეთისადმი დასავლეთის პირობას დაადასტურებს, რომლის თანახმადაც ვარშავის პაქტის სახელმწიფოები NATO-ში არ უნდა გაწევრიანებულიყვნენ. ამასთანავე, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანების პროცესს ოკუპირებული ტერიტორიები ხელს არ უშლის, რაც ალიანსის ლიდერების განცხადებებითაც დასტურდება. რაც შეეხება მტკიცებას, რომ უკრაინელები და რუსები ერთი ხალხია, ის სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან სლავ უკრაინელებთან შედარებით, მოსკოველებს (რუსებს) უფრო მეტი საერთო ფინო-უნგრულ და მონღოლურ ტომებთან აქვთ, ვიდრე უკრაინელებთან.

  • ვარშავის პაქტი და NATO-ს გაფართოება

საბჭოთა კავშირის დაშლისა და ვარშავის პაქტის გაუქმების შემდგომ წლებში NATO-ში ახალ გაწევრიანებულ სახელმწიფოებს შორის პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, რუმინეთი და ბულგარეთიც იყვნენ. შემდგომში ამ სიას ლიტვა, ლატვია და ესტონეთიც დაემატა. აღსანიშნავია, რომ ეს სახელწმიფოები თავდაპირველად სწორედ NATO-ს წინააღმდეგ შექმნილ ვარშავის პაქტის წევრები იყვნენ

ტყუილს, რომ ევროპა რუსეთს შეჰპირდა, თითქოს ვარშავის პაქტის სახელმწიფოები NATO-ში არ შევიდოდნენ, რუსული მედია მრავალი წელია აქტიურად ავრცელებს. კრემლისტური გამოცემები აღნიშნულ დეზინფორმაციას იმისთვის იყენებენ, რომ რუსეთის შიშები NATO-ს წინააღმდეგ ლეგიტიმურად წარმოაჩინონ და ამ დაპირისპირებაში რუსეთი უფრო პატიოსან მხარედ გამოჩნდეს, რომელიც თავს იცავს. 

ის, რომ NATO-ს რუსეთისთვის რაიმე პირობა აღმოსავლეთით გაფართოების შესახებ არასდროს მიუცია, დასტურდება არა მხოლოდ იმით, რომ ამ საკითხზე არანაირი სამართლებრივი ხელშეკრულება არ არსებობს, არამედ, ასევე ცენტრალური კომიტეტის ბოლო გენერალურ მდივან მიხეილ გორბაჩოვთან ინტერვიუთიც, სადაც მან აღნიშნა, რომ ეს საკითხი განხილვის საგანიც არც ყოფილა

მიხეილ გორბაჩოვი, 2004: „ნატოს გაფართოების“ თემა საერთოდ არ განიხილებოდა და არც იმ წლებში იყო წამოჭრილი. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. აღმოსავლეთ ევროპის არცერთ ქვეყანას არ დაუყენებია ეს საკითხი, არც მას შემდეგ, რაც ვარშავის პაქტმა არსებობა შეწყვიტა 1991 წელს. ეს საკითხი არც დასავლელ ლიდერებს წამოუჭრიათ.”

ნატოს ქვეყნებსა და სსრკ-ს შორის გაფორმებული ერთადერთი ოფიციალური შეთანხმება მის დაშლამდე, 1991 წლის დეკემბერში, გერმანიის საკითხის მოგვარებას უკავშირდებოდა. ამ მხრივ დაპირებები აღმოსავლეთ გერმანიაში კონკრეტულად გერმანიასა და ყოფილ გდრ-ის ტერიტორიაზე ნატოს არაგერმანული და ბირთვული ძალების განლაგებას ეხებოდა. საგულისხმოა, რომ ეს შეთანხმებები დასავლეთის მხრიდან შესრულდა.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ვარშავის პაქტის ყოფილი სახელმწიფოების NATO-ში მიღებას წინ უსწრებდა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციისა და რუსეთის ფედერაციას შორის 1997 წელს გაფორმებული დამფუძნებელი აქტი ურთიერთობის, თანამშრომლობისა და უსაფრთხოების შესახებ. 

საგულისხმოა, რომ აღნიშნული დოკუმენტის მე-4 პუქნტზე ხელისმოწერით რუსეთი დათანხმდა იმ ფაქტს, რომ NATO-ს შემდგომში ახალი წევრები ეყოლებოდა:

დამფუძნებელი აქტი ურთიერთობის, თანამშრომლობისა და უსაფრთხოების შესახებ NATO-სა და რუსეთის ფედერაციას შორის, მუხლი 4: „ნატოს წევრი ქვეყნები იმეორებენ, რომ მათ არ აქვთ არანაირი განზრახვა, არანაირი გეგმა და მიზეზი ახალი წევრების ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განლაგებისა.”

Screenshot 5 1 “კარდჰუს” 3 დეზინფორმაცია რუსეთ-უკრაინის ომზე
რუსეთ-ნატოს სამიტი პარიზში, 1997 წელი.

NATO-ს მიერ რუსეთთან დადებული პირობის დარღვევის შესახებ დეზინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გავრცელებულა. ვრლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:

მითი, რომ საქართველოს NATO-ში ინტეგრაციაში ხელს ოკუპირებული ტერიტორიები უშლის, სხვადასხვა ფორმით კრემლისტური მედიებისა და აქტორების მიერ მუდმივად ვრცელდება. ხშირია მტკიცება, თითქოს საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის ეს დაბრკოლება იმით დასრულდება, რომ საქართველო ოკუპირებულ რეგიონებზე უარს იტყვის ან NATO მოუწოდებს მას, ასე მოიქცეს

აღსანიშნავია, რომ დეზინფორმაცია უმეტესწილად ეფუძნება NATO-ს მეხუთე მუხლის არასწორ ინტერპრეტაციას. რეალურად მე-5 მუხლი კოლექტიურ თავდაცვას უკავშირდება და იქ ტერიტორიულ პრობლემებზე საუბარი არ არის. მე-5 მუხლში NATO-ს წევრი სახელმწიფოები მზაობას აცხადებენ, რომ თავდასხმა მათ რომელიმე წევრზე აღქმული იქნება როგორც თავდასხმა ალიანსის თითოეულ სახელმწიფოზე.

NATO-ს მე-5 მუხლი: “მხარეები თანხმდებიან, რომ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე ერთ ან ერთზე მეტ მხარეზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმა აღიქმება ყველას წინააღმდეგ თავდასხმად…”

რეალურად NATO ოკუპირებულ ტერიტორიებს არ განიხილავს იმ გარემოებად, რაც საქართველოს ხელს შეუშლის, რომ გახდეს ალიანსის წევრი. ვინაიდან და რადგანაც, მე-5 მუხლი კოლექტიური თავდაცვის შესახებ ბადებს შეკითხვებს ოკუპირებულ ტერიტორიებთან და რუსეთთან დავასთან დაკავშირებით, ალიანსის ლიდერები და სხვადასხვა პოლიტიკური აქტორები ფიქრობენ იმგვარ ინტეგრაციის გეგმაზე, რომლის დროსაც მე-5 მუხლი დროებით არ გავრცელდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რათა ესკალაციები მაქსიმალურად თავიდან იქნეს აცილებული და ის მხოლოდ მას შემდეგ ამოქმედდება აფაზეთსა და სამაჩაბლოზე, რაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება.

ამ მხრივ აღსანიშნავია გერმანიის მაგალითიც, რომელიც NATO-ში 1955 წელს გაყოფილი გაწევრიანდა და NATO-ს წესები აღმოსავლეთ გერმანიაზე იქამდე არ გავრცელდა, სანამ გერმანია 1991 წელს კვლავ არ გაერთიანდა.

აღნიშნულ თემაზე ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ მითების დეტექტორის სხვა მასალები:

აღნიშნულ დეზინფორმაციას უკრაინელებისა და რუსების როგორც ერთი ხალხის შესახებ კრემლისტური მედია აქტიურად უკვე წლებია ავრცელებს, უკრაინასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა კი ეს მანიპულაციური მტკიცება უფრო აქტუალური გახადა.

იმის საჩვენებლად, თითქოს რუსეთის ისტორია ყოველთვის კიევიდან იწყებოდა, ტერმინი “კიევის რუსეთი” შეცვლილი და მანიპულაციური ფორმით გამოიყენება, შედეგად კი ხშირად უკრაინელებს მცირე რუსებად მოიხსენიებენ. რეალურად, მე-10 საუკუნეში შექმნილ პოლიტიკურ ერთეულს ეწოდა არა “კიევის რუსეთი”, არამედ “კიევის რუსი”, იქ მცხოვრები ადამიანები კი სლავებს წარმოადგენდნენ. 

ამასთანავე მოსაზღვრე რეგიონში არსებობდა სავაჭრო დასახლება მოსკოვი, რომელიც განვითარებითა და ცივილიზაციით კიევის რუსს ჩამორჩებოდა. ამ ტერიტორიაზე სახლობდნენ არა სლავური, არამედ ფინო-უნგრული ტომები. აღნიშნული ტერიტორია მე-17 საუკუნემდე სწორედ მოსკოვად მოიხსენიებოდა.

Screenshot 4 2 “კარდჰუს” 3 დეზინფორმაცია რუსეთ-უკრაინის ომზე
ჰერბერშტაინის მიერ გამოქვეყნებული რუკა, რომელზეც ტერიტორია მოსკოვად მოიხსენიება. მე-16 საუკუნე.

მე-13 საუკუნეში მონღოლურმა ექსპანსიამ მოსკოვის კულტურა ერთგვარად შეცვალა და იმდროინდელი ფინო-უნგრული კულტურა მონღოლურს შეერწყა. აღსანიშნავია, რომ დღემდე იმ ტერიტორიებზე არსებულ გეოგრაფიულ ობიექტებს არა სლავური, არამედ მონღოლური სახელწოდებები აქვს.

უკვე მე-17 საუკუნის ბოლოს და მე-18 საუკუნის დასაწყისში, როდესაც რუსეთის იმპერიის საფუძველი გაჩნდა, საჭირო იყო იმპერიას მყარი ისტორიული საფუძველი ჰქონოდა, რათა მის დიდებასა და ძლიერებაში ეჭვი არავის შეეტანა. აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ დიდი წვლილი მიუძღვის პეტრე I-ს, რომლის ბრძანებითაც 1701 წელს დაპყრობილ ხალხებში არსებული ყველანაირი ქრონიკები, ქრონოგრაფიები, არქივები და საეკლესიო დოკუმენტები გაანადგურეს.

ამის შემდგომ 1721 წლის 22 ოქტომბერს მოსკოვმა თავი რუსეთის იმპერიად და ხოლო ყველა მოსკოველი რუსად გამოაცხადა. აღნიშნული ნაბიჯით მოსკოვმა მოიპარა კიევის რუსის სახელწდოება და უკრაინელების ისტორიული სახელი “რუს”. სწორედ აღნიშნული გახდა საფუძველი იმისა, რომ შემდგომში უკრაინელები სწორედ მცირე რუსებად წარმოჩენილიყვნენ, მათი თავდაპირველი პოლიტიკური ერთეული “კიევის რუსი” კი – რუსეთის საწყისად (კიევის რუსეთად).

აღნიშნულ საკითხზე უფრო ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ მითების დეტექტორის სხვა მასალა ეპისკოპოს სპირიდონის “უფროსი ძმის” მითი “კიევის რუსეთზე”.

 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ნატო, რუსეთი, უკრაინა
წყარო

წყარო

კა
კარდჰუ

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist