კანქვეშა ციფრული პირადობის მოწმობა ბავშვებისთვის – მორიგი შეთქმულების თეორია ბილ გეითსზე

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

272
VIEWS

7 სექტემბერს ფეისბუქ-მომხმარებელმა, მაია თვალთვაძემ, რომელიც ყალბი ამბების ხშირის გამავრცელებელია, გააზიარა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მილიარდერი ბილ გეითსის ინიციატივით, 2025 წლისათვის ყველა ბავშვის კანქვეშ ციფრული პირადობის მოწმობა იქნება ჩადებული. პოსტის თანახმად, ციფრული ID ბავშვებს მშობლების თანხმობის გარეშე დაუმაგრდებათ. 

იგივე ამბავი 11 სექტემბერს დეზინფორმაციის ასევე ხშირმა გამავრცელებელმა ფეისბუქ-ანგარიშმა Lado Qartvelishvili-მა გაავრცელა. პოსტის მიხედვით, ბავშვების კანქვეშ ციფრული ID-ის მოთავსების პროცესში “მსოფლიო ეკონომიკური ფორუმიც” მონაწილეობს. 

იდენტური ინფორმაცია რუსულენოვანმა ფეისბუქ ანგარიშებმაც გაავრცელეს.

ციფრული პირადობის მოწმობა

ინფორმაცია, თითქოს ბილ გეითსი აპირებს 2025 წლისათვის ახალშობილების კანქვეშ, მშობლების თანხმობის გარეშე, ციფრული პირადობის მოწმობები მოათავსოს, კონსპირაციის თეორიაა და სიმართლეს არ შეესაბამება. ინფორმაციის პირველწყარო დეზინფორმაციის ხშირად გამავრცელებელი მედიაა. გეითსების ფონდის მიერ შემუშავებული ციფრული პირადობის მოწმობები კანქვეშ არ მაგრდება. 

ინფორმაციის გავრცელებისას ფეისბუქ-ანგარიშები მედია The People’s Voice-ს სტატიას ეყრდნობიან. აღნიშნული გამოცემა კონსპირაციის თეორიებისა და დეზინფორმაციის გავრცელებით გამოირჩევა. მათ სტატიებში მოყვანილი ცნობები “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა

  • რა წერია The People’s Voice-ს სტატიაში?

სტატია, სათაურით “ციფრული პირადობის მოწმობა 2025 წლისთვის ყველა ბავშვის კანქვეშ მოთავსდება” The People’s Voice-ზე 6 სექტემბერს გამოქვეყნდა. სტატიის თანახმად, ბილ გეითსმა ციფრული პირადობის მოწმობების გამოშვება დაიწყო, რომელიც მსოფლიოში ყველა ბავშვის კანქვეშ დაყენდება, ამ ყოველივესთვის კი მშობლის თანხმობა საჭირო არ იქნება. 

გამოცემის მიხედვით, ბილ გეითსი მთავრობებს სთხოვს, მიბაძონ ევროკავშირისა და ინდოეთის ხელისუფლებას და მათაც დაამტკიცონ გლობალური, ციფრული ID სისტემა. ამ სისტემით, ID ჩიპები კანქვეშაა ჩაშენებული, თუკი ადამიანები უარს იტყვიან მათ კანქვეშ მოთავსებაზე, ანუ არ დაემორჩილებიან გლობალურ წესრიგს, გეითსი მათ დასჯით და “საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გამორიცხავს”. 

ამავე სტატიაში ვკითხულობთ, რომ 2025 წელს დაბადებულ ყველა ბავშვის კანქვეშ ჩამაგრდება ციფრული ID ბარათი, რათა ბილ გეითსი დარწმუნდეს, მომავალი თაობა სრულად შეესაბამება მის გლობალისტურ ამბიციებს. 

The People’s Voice სტატიის გამოქვეყნებისას არც ბილ გეითსის კონკრეტულ ციტატას ან განცხადებას არ ეყრდნობა. ცნობის უტყუარობის დასამტკიცებლად, რედაქციას არც რაიმე დოკუმენტს იმოწმებს. 

ციფრული პირადობის მოწმობა

  • რა ვიცით ციფრული პირადობის მოწმობის შესახებ? 

ციფრული პირადობის მოწმობის სისტემა, ბილ და მელინდა გეითსების ფონდის მხარდაჭერით, ინდოეთში შემუშავდა. ის ციფრული გადახდისა და მონაცემთა გაცვლის სისტემასთან ერთად, გეითსების ფონდის პროექტის “ციფრული საჯარო ინფრასტრუქტურის” ნაწილია. ციფრული პირადობის მოწმობის სისტემა ადამიანების აღრიცხვასა და მათ შესახებ შესაბამისი ინფორმაციის ციფრულად თავმოყრას გულისხმობს. ციფრული ID-ის სისტემის მოქმედებისას, მფლობელს მათზე წვდომა ელექტრონულად აქვს. არაერთ ქვეყანაში, ციფრული ID-ის პარალელურად ჩვეულებრივი პირადობის მოწმობებიც არსებობს. აღნიშნული სისტემა მომხმარებელს არ სთავაზობს იმგვარ ID-ის, რომელიც კანქვეშ უნდა ჩამაგრდეს. 

გეითსების ფონდის განმარტებით, მსოფლიოში მილიონობით ადამიანს არ აქვს პირადობის მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტი, შესაბამისად, მათ არასრულყოფილი წვდომა აქვთ ეკონომიკაზე, ჯანდაცვაზე, საბანკო სისტემასა და სამთავრობო პროგრამებზე. მათგან, ვისაც პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ აქვს, უმეტესობა ბავშვია, ასევე დაბალშემოსავლიან ქვეყნებში ყოველი მეორე ქალი პირადობის მოწმობის გარეშეა დარჩენილი. გეითსების ფონდის თანახმად, ციფრული პირადობის მოწმობის სისტემა ამ პრობლემას მოაგვარებს და უფრო მეტი ადამიანისთვის იქნება ხელმისაწვდომი ციფრულ ეპოქასთან შესაბამისი დოკუმენტები. 

მიუხედავად პროექტის დაფინანსებისა, ბილ და მელინდა გეითსები არ ფლობენ შესაძლებლობას აღნიშნული სისტემა მთელს მსოფლიოში გაავრცელონ. ქვეყანაში ციფრული პირადობის მოწმობების სისტემის დანერგვის შესახებ გადაწყვეტილებას ადგილობრივი ხელისუფლებები იღებენ.

ამასთანავე, ღია წყაროებში არ იძებნება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბილ გეითსი 2025 წლისათვის, მშობლების თანხმობის გარეშე, ბავშვების კანქვეშ ციფრული პირადობის მოწმობების დამაგრებას გეგმავს. 

  • ციფრული პირადობის მოწმობების მოქმედება ავსტრალიასა და ესტონეთში 

ციფრული პირადობის მოწმობის სისტემა არაერთ ქვეყანაში არსებობს. მათ შორისაა ავსტრალიაც. სისტემის დანერგვაზე გადაწყვეტილებას სახელმწიფოები იღებენ და არა – ბილ გეითსი. აღნიშნულმა სისტემამ ქვეყანაში “ციფრული პირადობის მოწმობის აქტის” საფუძველზე ამოქმედდა. ავსტრალიის მთავრობის განმარტებით, ციფრული პირადობის მოწმობა ხელს უწყობს პერსონალური ინფორმაციის კონფიდენციალობასა და დაცვას, ასევე სერვისებზე წვდომის მოხერხებულობას. სანდოობისათვის, ინფორმაციის ყოველი გადამოწმებისას ციფრული პირადობის მოწმობის მფლობელი ციფრულად ადასტურებს თანხმობას. ავსტრალიაში ციფრული პირადობის მოწმობის აღება ნებაყოფლობითია. 

ციფრული პირადობის მოწმობის სისტემა მოქმედებს ესტონეთშიც. ესტონეთში აღნიშნული სისტემა წლებია მოქმედებს და ციფრული პირადობის მოწმობა, ფიზიკურთან ერთად, ყველა ესტონელს ეძლევა. მასზე წვდომა და მართვა ციფრული მოწყობილობებითაა შესაძლებელი. e-ID-ის გამოყენებით შესაძლებელია გადასახადების გადახდა, არჩევნებში ხმის ელექტრონულად მიცემა, კონტრაქტებზე ხელის მოწერა და ა.შ. ფიზიკური სახით არსებულ პირადობის მოწმობაზე მიმგრებული ჩიპი ნიშნავს, რომ მისი ციფრული ვერსიაც არსებობს და მფლობელს მასზე წვდომა და მართვა ელექტრონულადაც შეუძლია. 

არც ესტონეთსა და არც ავსტრალიაში ციფრული პირადობის მოწმობის ქონა მის კანქვეშ მოთავსებას არ გულისხმობს. 

ბილ გეითსის შესახებ არაერთხელ გავრცელდა შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია. მტკიცებები, რომ ბილ გეითსი მოსახლეობის დაჩიპვას გეგმავს, კოვიდ-პანდემიის პერიოდში გააქტიურდა და ამ თემაზე კონსპირაციული თეორიები სწორედ იმ პერიოდში გაჩნდა. 

ზოგადად, მანიპულაციური და დეზინფორმაციული ცნობების გავრცელება ბილ გეიტსის შესახებ ხშირად ხდება, რაც ძირითადად, მის საქმიანობას უკავშირდება. “მითების დეტექტორმა” გეითსის შესახებ გავრცელებული საეჭვო ინფორმაცია აქამდეც გადაამოწმა

არქივის ბმული


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist