იწინასწარმეტყველა თუ არა ჰოლანდიელმა მკვლევარმა თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრა?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

3.8k
VIEWS

6 თებერვალს სოციალურ ქსელში თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შესახებ ჰოლანდიელი სეისმოლოგის ფრანკ ჰოხერბეიტსის (Frank Hoogerbeets) “წინასწარმეტყველება” სხვადასხვა ფეისბუკ ანგარიშის (1, 2, 3, 4), ფეისბუკ გვერდისა და ონლაინ მედიის (1, 2, 3, 4) საშუალებით გავრცელდა. ფრანკ ჰოხერბეიტსის თანახმად, თურქეთის სამხრეთ აღმოსავლეთში, იორდანიაში, სირიასა და ლიბანში 7,5 მაგნიტუდის მიწისძვრა “ადრე თუ გვიან” მოხდებოდა.  

7 თებერვალს ფეისბუქზე მიწისძვრებთან დაკავშირებით ასევე გავრცელდა (1, 2) ახალი პროგნოზი, რომლის თანახმადაც, 9 თებერვალს საქართველოში 6 ბალიანი მიწისძვრა არის მოსალოდნელი. 

ფრანკ ჰოხერბეიტსი ფსევდომეცნიერია და მის პროგნოზებს არანაირი სამეცნიერო ღირებულება არ გაჩნია, თეორია კი, რომლის თანახმადაც, პლანეტების განლაგებას მიწისძვრების პროგნოზირება შეუძლია, დიდი ხანია უარყოფილია მეცნიერების მიერ.  ჰოხერბეიტსი მოსალოდნელი დამანგრეველი მიწისძვრების შესახებ ხშირად პროგნოზირებს, თუმცა მისი წინასწარმეტყველებები წარსულში არ გამართლებულა. ასევე, მას არ დაუსახელებია მიწისძვრის ზუსტი თარიღი, „ადრე თუ გვიან“ კი შესაძლოა ნებისმიერი ბუნებრივი კატასტროფა მოხდეს.

რაც შეეხება მეორე მტკიცებას საქართველოში მოსალოდნელი მიწისძვრის შესახებ, აღნიშნული ინფორმაცია მტკიცებულების გარეშეა, რამდენადაც მიწისძვრასთან დაკავშირებით მოკლევადიანი პროგნოზების გაკეთება და წინასწარ ზუსტი დროის განსაზღვრა შეუძლებელია.

2023 წლის 3 თებერვალს ფრანკ ჰოხერბეიტსმა  ტვიტერზე გამოაქვეყნა პოსტი: “ადრე თუ გვიან ამ რეგიონში (სამხრეთ-ცენტრალური თურქეთი, იორდანია, სირია, ლიბანი) ~ 7,5 # M # მიწისძვრა მოხდება.” სოციალურ ქსელში პოსტის პოპულარობას სამეცნიერო საზოგადოების მხრიდან გამოხმაურება მოჰყვა, რა დროსაც ეჭვქვეშ დადგა როგორც  „პროგნოზის“, ასევე მეთოდოლოგიის  მართებულობა.

ამერიკულმა ყოველკვირეულმა ონლაინ გამოცემამ Newsweek-მა კომენტარისთვის გეოლოგ როჯერ მუსონს, ბრიტანეთის გეოლოგიური სამსახურის სეისმური საფრთხისა და არქივის ყოფილ ხელმძღვანელს  მიმართა, რომელსაც  სეისმოლოგიის კუთხით მუშაობის 35 წელზე მეტი გამოცდილება აქვს.  როჯერ მუსონის თქმით, პროგნოზში ზუსტად არაა მითითებული დრო, შესაბამისად, ის არ შეიძლება იყოს მიჩნეული წინასწარმეტყველებად.  “პროგნოზში ზუსტად უნდა იყოს მითითებული დრო, ადგილი და სიდიდე. “ადრე თუ გვიან” არ წარმოადგენს ზუსტ დროს. ამიტომ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მიწისძვრის წინასწარმეტყველებაა” – აღნიშნავს მუსონი.

Newsweek-თან მიმოწერაში ასევე ბრიტანეთის ღია უნივერსიტეტის პლანეტარული გეომეცნიერების პროფესორმა დეივიდ როტერიმ აღნიშნა, რომ  მეთოდოლოგია, რომელსაც „პროგნოზი“ ეყრდნობა, მეცნიერულად საეჭვოა და მიუხედავად იმისა, რომ ტვიტი მიწისძვრამდე ორი დღით ადრე გამოქვეყნდა, არ შეიძლება ჩაითვალოს წინასწარმეტყველურად. აღსანიშნავია, რომ ჰოხერბეიტსის ტვიტერის ანგარიშსა და SSGEOS-ზე უამრავი მსგავსი პროგნოზი გვხვდება, თუმცა მათგან არც ერთი არ უძღოდა წინ რაიმე მაღალი მაგნიტუდის ბიძგს. ასევე, ამ პროგნოზთაგან ბევრი ბუნდოვანია, მოიცავს უზარმაზარ ტერიტორიას, სადაც შეიძლება ოდესმე მაინც მოხდეს მიწისძვრა ან სეისმურად ისედაც აქტიურ ზონას მიეკუთვნება.

2018 წლის დეკემბრის ბოლოს  ჰოხერბეიტსმა 8 მაგნიტუდაზე მეტი სიმძლავრის მიწისძვრის შესახებ გააკეთა პროგნოზი, რომელიც ასევე საეჭვოდ მიიჩნიეს ექსპერტებმა, მათი თქმით, პლანეტარული განლაგება არანაირ გავლენას არ ახდენს მიწისძვრებზე და არც მიწისძვრის ზუსტი პროგნოზია შესაძლებელი. აღსანიშნავია ისიც, რომ დედამიწაზე 2018 წლის დეკემბრის ბოლო დღეებსა და კვირებში 7-დან 8 მაგნიტუდის სიმძლავრის არც ერთი მიწისძვრა არ მომხდარა,  ყველაზე ძლიერი 7.0 მაგნიტუდა კი ფილიპინებში  29 დეკემბერს დაფიქსირდა, რაც პროგნოზირებულ მაჩვენებელს ჩამოუვარდებოდა. იმის გათვალისწინებით, რომ ყოველდღიურად ათობით მიწისძვრა ხდება მთელ მსოფლიოში, არ არის გამორიცხული, რომელიმე ერთი პროგნოზი შესაძლოა შემთხვევით გამართლდეს.

ჰოხერბეიტსის შესახებ 2017 წელს ამერიკული ფაქტების გადამოწმების ორგანიზაცია Snopes-იც წერდა. ჰოლანდიელი “სეისმოლოგი”, რომელიც საკუთარ თავს მიწისძვრის „ენთუზიასტს“ უწოდებს, 2017 წელსაც ამტკიცებდა, რომ პლანეტარული განლაგების გამო, აშშ, ჩილე, პერუ, ინდონეზია და ფილიპინები ძლიერი მიწისძვრების (8.0 მაგნიტუდის სიმძლავრის) საფრთხის წინაშე 2017 წლის 24 თებერვლიდან 8 მარტის პერიოდში იმყოფებოდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) ცნობით, იმ პერიოდში მიწისძვრები პერუსა და ინდონეზიაში დაფიქსირდა, თუმცა ზიანის მომტანი არც ერთი მათგანი არ ყოფილა. აღსანიშნავია ისიც,  რომ ინდონეზია, უკიდურესად აქტიურ სეისმურ ზონაში მდებარეობს.

თეორია, რომლის თანახმადაც, პლანეტების განლაგებას მიწისძვრების პროგნოზირება შეუძლია, დიდი ხანია უარყოფილია მეცნიერების მიერ. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის განაცხადებით, არც ერთ მეცნიერს არ შეუძლია კონკრეტული მიწისძვრის პროგნოზირება, მაგრამ მას შეუძლია გამოთვალოს მომავალი მიწისძვრების ალბათობა.

თავად ფრანკ ჰოხერბეიტსი საკუთარ თავს უწოდებს SSGEOS-ის მკვლევარს, რომელიც „უდიდეს პატივს სცემს პლანეტებს, განსაკუთრებით დედამიწას“. ჰოხერბეიტსის ორგანიზაცია SSGEOS ახორციელებს  ციური სხეულების გეომეტრიიის მონიტორინგს სეისმურ აქტივობასთან მიმართებაში. სეისმოლოგია გეოფიზიკის დარგია, რომელიც პასუხისმგებელია დედამიწის შიგნით და დედამიწის ზედაპირზე მომხდარი მიწისძვრების ან ბიძგების შესწავლაზე. რაც შეეხება პლანეტარულ გეომეტრიას, ის ასტროლოგიის სფეროა და  მეცნიერებასთან საერთო არაფერი აქვს. საგულისხმოა, რომ ჰოხერბეიტსის სახელით არც ერთი სამეცნიერო სტატია ან კვლევა არ იძებნება და ის პროგნოზებს პლანეტების, მთვარისა და მზის კონკრეტულ გეომეტრიულ პოზიციებზე აკეთებს. 

უნდა ველოდოთ თუ არა საქართველოში მიწისძვრას 9 თებერვალს?

ინფორმაცია საქართველოში მოსალოდნელი მიწისძვრის შესახებ სოციალური ქსელში Watsapp-ში გავრცელებულ შეტყობინებაზე დაყრდნობით ტირაჟირდა, თუმცა ამ ეჭვს არანაირი სამეცნიერო საფუძველი არ გააჩნია. 7 თებერვალს გამოქვეყნებულ პოსტში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი, თეა გოდოლაძე წერს, რომ საქართველოში ამ ეტაპზე მიწისძვრის საშიშროება არ არსებობს და ამასთან აღნიშნავს, რომ სეისმოლოგიაში მოკლევადიანი პროგნოზების გაკეთება შეუძლებელია. გოდოლაძის თქმით, ამ ეტაპზერაბეთის ფილაქნისა და თურქეთის ბლოკის საზღვარი, აღმოსავლეთ ანატოლიის რღვევა არის გააქტიურებული, თუმცა ეს განსხვავებული ტექტონიკური ერთეულია და საქართველოსთან კავშირში არ არის.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: შეცდომაში შემყვანი
ქვეყანა/ორგანიზაცია: თურქეთი, სირია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist