იტალიაში გარდაცვალების შემთხვევებსა და AstraZeneca-ს ვაქცინას შორის კავშირი არ დადასტურებულა 

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

51
VIEWS

2021 წლის 12 მარტს ფეისბუქ მომხმარებელმა მანო ბერიძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ AstraZenecas-ს ვაქცინაციას 5 ადამიანის სიცოცხლე შეეწერა, რომელთაგანაც სამი  ჯარისკაცი იყო და ისინი თრობმის შედეგად გარდაიცვალენენ. პოსტის კომენტარებში მანო ბერიძე აზუსტებს, რომ გარდაცვალების აღნიშნული შემთხვევები იტალიაში, კერძოდ სიცილიაში დაფიქსირდა.

2021 წლის 15 მარტის მდგომარეობით მანო ბერიძის პოსტი 321 მომხმარებელმა გააზიარა.

;

მანო ბერიძის პოსტი მანიპულაციაა. მართალია, იტალიის ორ რეგინში AstraZeneca-ს ვაქცინის მიღებიდან მოკლე დროში გარდაცვალების 5 შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა ვაქცინასთან მათი კავშირი დადასტურებული არ არის. ჯერჯერობით მხოლოდ 3 გარდაცვლილის გვამის გაკვეთა მოხდა, ორ შემთხვევაში აუტოფსიამ ვაქცინასა და გარდაცვალებას შორის კავშირი გამორიცხა, ხოლო ერთი გარდაცვლილს დამატებითი სამედიცინო ექსპერტიზა უნდა ჩაუტარდეს. რაც შეეხება დანარჩენ ორ შემთხვევას, ამ ეტაპზე ვაქცინისა და გარდაცვალების კავშირის დასადასტურებლად სამედიცინო მტკიცებულებები არ არსებობს. 

  • რა ვიცით 5 გარდაცვლილის შესახებ? 

იტალიაში კორონავირუსის ვაქცინის მიღებიდან მოკლე დროში გარდაცვალების 5 შემთხვევა დაფიქსირდა, რომლებთან დაკავშირებითაც გამოძიებები სიცილიისა და კამპანიის სასამართლოებმა დაიწყეს.  სიცილიაში გარდაცვლილი სამი პაციენტიდან პირველი 54 წლის ჯარისკაცი ჯუზეპე მანისკალკო იყო, რომელიც 20 თებერვალს ვაქცინის მიღებიდან სამი დღის შემდეგ გულის შეტევით გარდაიცვალა, რის შემდეგაც ოჯახმა ადგილობრივ სასამართლოს მიმართა, თუმცა 11 მარტს  გვამის გაკვეთის შემდეგ ჩატარებულმა სამედიცინო ექსპერტიზამ ვაქცინასა და გარდაცვალებას შორის კავშირი გამორიცხა. მეორე გარდაცვლილ სიცილიელი ჯარისკაცის 43 წლის სტეფანო პატერნო ვაქცინის მიღებიდან ოთხი დღის შემდეგ გულის გაჩერებით გარდაიცვალა და მისი გარდაცვალების შემთხვევას სირაკუზის სასამართლო იძიებს. პატერნოს გვამის გაკვეთა 13 მარტს ჩატარდა, თუმცა ვაქცინასა და გარდაცვალებას შორის კავშირის არსებობის შესახებ ექსპერტებმა და მოსამართლემ ცალსახად ვერც დადებითი პასუხი მიიღეს და ვერც უარყოფითი, ამიტომ დამატებითი სამედიცინო ექსპერტიზა მომავალ კვირაში დაინიშნა. რაც შეეხება 50 წლის პოლიციელის დავიდ ვილლას, რომელიც 6 მარტს, ვაქცინის მიღებიდან ორი კვირის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა, მის შემთხვევას სასამართლო ჯერ კიდევ სწავლობს. 12 მარტის მდგომარეობით, ვილლას გვამის გაკვეთა ჩატარებული არ იყო და ქრონოლოგიური სიახლოვის გარდა, ვაქცინაციასა და გარდაცვალებას შორის კავშირის დამადასტურებელი ამ ეტაპზე სხვა სამედიცინო მტკიცებულება არ არსებობდა.

გარდაცვალების სხვა ორი შემთხვევა კამპანიაში დაფიქსირდა. ერთ-ერთი გარდაცვლილის, 62 წლის ანამარია მანტილეს გვამს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა, რომელმაც ვაქცინაციასა და პაციენტის დაღუპვას შორის მიზეზშედეგობრივი კავშირის არსებობა გამორიცხა. ხოლო რაც შეეხება 58 წლის ვინჩენცო რუსოს, რომელიც ვაქცინის მიღებიდან 3 დღის შემდეგ 10 მარტს გარდაიცვალა, 13 მარტის მდგომარეობით მისი აუტოფსია და სამედიცინო ექსპერტიზა ჩატარებული არ იყო და შესაბამისად, არც ვაქცინაციასა და გარდაცვალებას შორის კავშირი დადასტურებულა.

  • “იტალიის მედიკამენტების საგენტოს” გადაწყვეტილებები AstraZeneca-ს ვაქცინასთან დაკავშირებით

მედიკამენტების მარეგულირებელმა ორგანომ “იტალიის მედიკამენტების სააგენტომ” (AIFA) 11 მარტს AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენების შეჩერებასთნ დაკავშირებით გნცხადება გაავრცელა. AIFA-ს განცხადების თანახმად, ვაქცინაციიდან მოკლე დროში სერიოზული გვერდითი ეფექტების გამოვლენის გამო სიფრთხილის მიზნით მარეგულირებელმა ვაქცინის გამოყენება დროებით შეზღუდა და ევროპის მედიკამენტების სააგენტოსთან (EMA) ერთად შემთხვევების შესწავლა დაიწყო. განცხდებაში ასევე ნათქვამია, რომ “ამჟამად, მიზეზშედეგობრივი კავშირი ამ მოვლენებსა და ვაქცინაციას შორის დადასტურებული არ არის.” Reuters-ის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება სიცილიაში დაფიქსირებულ ზემოთ აღწერილ შემთხვევებს უკავშირდებოდა.

14 მარტს AIFA-მ AstraZeneca-სთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ვაქცინის უსაფრთოების გამო განგაში დაუსაბუთებელი იყო. განცხადებაში ნათქვამია:

“AstraZeneca-ს ვაქცინაციის შემდეგ მომხდარ გარდაცვალების შემთხვევებს ვაქცინასთან მხოლოდ და მხოლოდ ქრონოლოგიური კავშირი აქვს. ორ მოვლენას [ვაქცინაციას და გარდაცვალებას] შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არ დადასტურდა… AIFA მოქალაქეებს AstraZeneca-ს ვაქცინის უსაფრთხოებას უდასტურებს.”

ერთი დღის შემდეგ, 15 მარტს AIFA-მ განაცხადა, რომ ევროპის სხვა სახელმწიფოების მსგავსად, სისხლის შედედების ნიშნების გამოვლენის გამო AstraZeneca-ზე დაწესებული დროებითი შეზღუდვა იქამდე გაახანგრძლივა, ვიდრე “ევროპის მედიკამენტების სააგენტო” გამოძიებას არ დაასრულებს და საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს. ჯადაცვის სამინისტროს წარმომადგენლების თქმით, ვაქცინის შეჩერება მხოლოდ დროებითი და უკიდურესი სიფრთხილის გამო მიღებული ზომაა, რომელიც ვაქცინაციასა და სისხლის შედედებას შორის კავშირის კვლევების საბოლოო შედეგებამდე გაგრძელდება. იმავე მიზეზით AstraZeneca-ს ვაქცინაცია 11 მარტს ევროპის ხუთმა ქვეყანამ შეაჩერა, ხოლო 15 მარტს მათ რიგებს იტალიასთან ერთად გერმანია, საფრანგეთი და ესპანეთიც შეუერთდა. აღსანიშნავია, რომ ამ ქვეყნებმა AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება დროებით შეაჩერეს, რაც სამედიცინო სფეროში ნებისმიერი მედიკამენტის გამოყენებისას ნორმალური მოვლენაა.

ევროპის ქვეყნების მიერ AstraZeneca-ს ვაქცინის შეჩერებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 12 მარტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ჯერჯერობით  ვაქცინაციასა და თრომბოემბოლიას შორის კავშირი არ დასტურდება, თუმცა ჯანმოს მრჩეველთა კომიტეტი ვაქცინის უსაფრთხოებას აკვირდება. მსგავსი განცხადება გააკეთა  “ევროპის მედიკამენტების სააგენტომაც” (EMA), რომელიც ამჟამად ვაქცინასა და სისხლის შედედებას შორის კავშირს აქტიურად იკვლევს. EMA-ს თქმით, ევროკავშირის მაშტაბით AstraZeneca-ს ვაქცინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა გაიკეთა, ხოლო მხოლოდ დიდ ბრიტანეთში 11 მილიონ ადამიანზე მეტია ვაქცინირებული. EMA-ს მონაცემებით, თრომოემბოლია კი ევროპის მაშტაბით მხოლოდ 30 ადამიანს გამოუვლინდა, რაც სტატისტიკურად ძალიან დაბალი მაჩვენებელია.

 აღსანიშნავია ისიც, რომ 14 მარტს AstraZeneca-მ თავისი ვაქცინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით 17 მილიონი ადამიანისგან მიღებული მონაცემების ანალიზის შედეგები გამოაქვეყნა. AstraZeneca-ს თქმით, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მასშტაბით სისხლის შედედების სხვადასხვა ფორმა ვაქცინის მიღების შემდეგ სულ 37 ადამიანს გამოუვლინდა, რაც ბევრად უფრო დაბალი მაჩვენებელია, ვიდრე ამ მაშტაბის ზოგად პოპულაციაშია მოსალოდნელი და არ არსებობს სამეცნიერო მტკიცებულებები, რომ სისხლის შედედება მართლაც AstraZeneca-ს ვაქცინის გვერდითი მოვლენაა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: იტალია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist