იყო თუ არა შევარდნაძე მალტის ორდენის წევრი? – კონსპირაციები პოსტსაბჭოთა ლიდერებზე

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

933
VIEWS

28 აპრილს ყალბმა ფეისბუქ ანგარიშმა Lasha Modebadze-მ გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ის წერს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საბჭოთა რესპუბლიკების ყოფილი პოლიტიკოსები საიდუმლო მასონურ ორდენებს შეურთდნენ. პოსტს სავარაუდო მტკიცებულების სახით თან ახლავს სხვადასხვა ფოტო, რომელზეც ცნობილი პოლიტიკოსები არიან გამოსახული, მათ შორის ედუარდ შევარდნაძე, ალექსანდრე ლუკაშენკო, ვლადიმირ პუტინი, მიხეილ სააკაშვილი, ჯორჯ ბუში და სხვა. ფოტოები სხვადასხვა შინაარსის მქონე მედალიონებზე და პოლიტიკოსების სამოსზე აპელირებს. ერთ-ერთ ფოტოზე ასევე ვხედავთ ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში (ყოფილი ასტანა) მდებარე პირამიდას, სადაც სხვადასხვა გლობალური ღონისძიებები იმართება.

;

ლაშა მოდებაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები საიდუმლო მასონურ ორდენებს შეუერთდნენ, კონსპირაციული თეორიაა. ფოტოები, რომლებიც ლაშა მოდებაძეს მტკიცებულებას მოჰყავს, რეალურად სხვადასხვა ღონისძიებებს ასახავს, რასაც მასონობასთან კავშირი არ აქვს.

რა ვიცით ასტანას პირამიდაზე?

პირამიდის პროექტის ავტორი ინგლისელი არქიტექტორი ნორმან რობერტ ფოსტერია. იდეა ეკუთვნის ყაზახეთის პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევს. მშვიდობის პირამიდა მიეძღვნა ძალადობის უარყოფასა და რელიგიურ ტოლერანტობას. პირამიდაში განთავსებულია სხვადასხვა აღმსარებლობის სალოცავი, მუზეუმი, კულტურის ცენტრი, ოპერა, ბიბლიოთეკა და სხვა. შენობა სამ წელიწადში ერთხელ მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერების კონგრესს მასპინძლობს. პალატა წრიულ სივრცეს მოიცავს, რომელიც ნიუ იორკში, გაეროში განთავსებულ უსაფრთხოების საბჭოს სხდომების ოთახების დიზაინს ეფუძნება.

;

პირამიდას კონსპირაციული თეორიის თანახმად, მასონური ორგანიზაციის აგებულების სიმბოლოდ მიიჩნევდნენ, ინფორმაცია ამის შესახებ განსაკუთრებით ხშირად გვხვდება რუსულენოვან ვებ-საიტებზე.

;;
ელცინი, შევარდნაძე, ლუკაშენკო და კონსტანტინესკუ

ერთ-ერთ ფოტოზე ვხედავთ რუსეთის ყოფილ პრეზიდენტ ბორის ელცინს, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს, რუმინეთის ყოფილ პრეზიდენტს ემილ კონსტანტინესკუსა და ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს. ფოტო 2000 წლის 6 იანვარსაა გადაღებული იერუსალიმში და ის, რაც მოდებაძის პოსტში ფოტოზე წითლადაა შემოხაზული, რეალურად რაიმე საეჭვო ნიშანი კი არა, ქრისტეს საფლავის ტაძრის რაინდის ვარსკვლავია – the Star of the Chevalier of the Holy Sepulchre.

;
ლუკაშენკოს, პუტინისა და ნაზარბაევის ერთობლივი ფოტო

ფოტო, რომელსაც ლაშა მოდებაძე მასონობას უკავშირებს, გადაღებულია ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შექმნის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის დღეს 2014 წლის 29 მაისს ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში, რომელზეც წარმოდგენილნი არიან: ალექსანდრე ლუკაშენკო, ნურსულთან ნაზარბაევი და ვლადიმერ პუტინი. ბელორუსის, ყაზახეთის და რუსეთის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რის შედეგადაც, მონაწილე ქვეყნებს ეკონომიკის მთავარ სექტორებში შესაძლებლობა მიეცათ უზრუნველყონ საქონლის, მომსახურების, კაპიტალისა და შრომის თავისუფალი გადაადგილება და კოორდინირებული პოლიტიკის განხორციელება.

;
გორბაჩოვის ფოტო

ფოტოზე 2008 წელს  შეერთებულ შტატებში თავისუფლების მედლით სსრკ-ს ლიდერის მიხეილ გორბაჩოვის დაჯილდოებაა წარმოდგენილი, მედალი მას აშშ-ის ყოფილმა პრეზიდეტმა და ეროვნული საკონსტიტუციო ცენტრის (The National Constitution Center) თავჯდომარემ ჯორჯ ბუშმა გადასცა. ფილადელფიის თავისუფლების მედალი არის ჯილდო, რომელიც ყოველწლიურად გადაეცემა ინდივიდებს და ორგანიზაციებს თავისუფლების და დემოკრატიის კუთხით მათი შეტანილი წვლილისთვის. გორბაჩოვმა მედალი რიგით მე-20 დაჯილდოებაზე ცივი ომის დამთავრებაში მისი მონაწილეობისთვის მიიღო.

;;
ედუარდ შევარდნაძის ფოტო მანტიაში

სხვა ფოტოებთან ერთად ლაშა მოდებაძე მასონობის მტკიცებულებად კიდევ ერთ ფოტოს წარმოადგენს, რომელზეც ედუარდ შევარდნაძე არის გამოსახული. გარდა მოდებაძისა, აღნიშნულ ფოტოს იყენებს დავით თორდია იუთუბზე განთავსებულ კონსპირაციულ ვიდეოში, რომელიც მასონებს შეეხება. თორდია ამბობს, რომ შევარდნაძე მალტის ორდენის მანტიით არის გამოსახული.

;
რეალურად, ფოტო გადაღებულია 1991 წელს აშშ-ის შტატ მასაჩუსეტში, როდესაც ედუარდ შევარდნაძემ ბოსტონის უნივერსიტეტის საპატიო ხარისხი მიიღო. მანტია სწორედ ბოსტონის უნივერსიტეტს ეკუთვნის და არა მალტის ორდენს. არც სამკერდე ნიშანს აქვს რაიმე კავშირის მალტის ორდერთან ან მასონობასთან. იდენტური მანტიის მოძებნა გუგლის საძიებო სისტემაშია შესაძლებელი.

;
რაც შეეხება მალტის ორდენს, ის ედუარდ შევარდნაძეს 2000 წლის 30 სექტემბერს მართლაც გადაეცა, ბერლინის კედლის დანგრევისა და ევროპაში მშვიდობის განმტკიცებისათვის. ლაშა მოდებაძის პოსტში ასევე ვხვდებით მიხეილ სააკაშვილის ფოტოსაც, სადაც ის 2005 წელს მალტის ორდენის ხელმძღვანელს, ფრა ენდრიუ ბერტის ხვდება.  ბერტიმ მადლიერება გამოხატა პრეზიდენტის მიმართ და ხაზი გაუსვა საქართველოსა და ორდენს შორის არსებულ ურთიერთობებს. სწორედ ორდენსა და საქართველოს რესპუბლიკას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის მტკიცე კავშირების აღიარების გამო, მან სააკაშვილს ორდენის საყელო გადასცა.

;
მასონებთან კავშირი მალტის ორდენის შემთხვევაშიც კონსპირაციულია, რეალურად მალტის ორდერი სათავეს მე-11 საუკუნიდან იღებს. მალტის სუვერენული ორდენი დასავლური და ქრისტიანული ცივილიზაციის ერთ-ერთი უძველესი ინსტიტუტია, მას დიპლომატიური ურთიერთობა აქვს 100-ზე მეტ სახელმწიფოსთან და ევროკავშირთან, მას ასევე მუდმივი დამკვირვებლის სტატუსი აქვს გაეროში. მალტის ორდენი საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა, განსაკუთრებით ჩართულია იმ ადამიანების დახმარების პროცესში, ვინც შეიარაღებული კონფლიქტების და ბუნებრივი კატასტროფების შედეგად სამედიცინო დახმარებას საჭიროებს.

;
ჯორჯ ბუში და ვლადიმერ პუტინი ერთნაირ სამოსში

;
სინამდვილეში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში მასპინძელი ქვეყნის ტრადიციული ჩაცმულობით 2001 წლის APEC სამიტზე, შანხაიში იმყოფებიან.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ჯორჯ ბუშმა ტრადიციული ჩინური ნაქარგებიანი ქურთუკიც მოირგეს, რომელსაც შანხაიში APEC- ის ყოველწლიურ შეხვედრაზე ატარებენ.

;
წლებია ვრცელდება კონსპირაციები მასონების შესახებ, რომლის მიხედვითაც, მასონები პოლიტიკურ პროცესებს აკონტროლებდნენ და კაცობრიობა ერთიანი ტოტალიტარული მმართველობისაკენ მიჰყავთ, რომელიც მასონურ პრინციპებსა და ტრადიციებს დაეფუძნება ან უშუალოდ მასონთა მიერ იქნებოდა მართული. თავდაპირველად, მასონური ბუნება სატანიზმთან იყო გაიგივებული, შემდეგ კონსპირაციები აშშ-ს გადასწვდა, თითქოს აშშ-ში მასონური სიმბოლიზმებია წარმოდგენილი: ამერიკულ ერთ დოლარიანზე, ვაშინგტონის რუკაზე და ა.შ

კონსპირაციის მიხედვით, დოლარზე გამოსახულ პირამიდაზე პენტაგრამა დგება, რომლის ბოლოები ეხება ასოებს. ეს ასოები რომ ავიღოთ და შევაერთოთ გამოდის სიტყვა  M A S O N – სწორედ ეს არის “მტკიცებულება”.

;
ასევე ფართოდაა გავრცელებული აზრი, თითქოს თავისუფალი მასონები სატანის მსახურები არიან. ისინი უარყოფენ კონსპიროლოგთა ბრალდებებს და აღნიშნავენ, რომ თავისუფალი მასონობა რაციონალიზმს ქადაგებს.

თავისუფალი მასონები ოფიციალურად მე-18 საუკუნის ინგლისში ჩნდებიან, რომელთა მთავარი ღირებულებებია: ძმობა, სიყვარული, თანასწორობა და ურთიერთდახმარება.

თავისუფალი მასონების სიმბოლო ,,ფარგალი და გონიო’’ გამოსახავს მშენებლის მოედანს, რომელსაც კომპასი უერთდება. ის სამართლიანობის, წონასწორობის და სტაბილურობის სიმბოლოა. მის ცენტრში არსებული ასო “G” მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ექსპერტების თქმით, წარმოადგენს გეომეტრიას, ხოლო სხვები ფიქრობენ რომ ეს ნიშანი წარმოადგენს ღმერთს, “სამყაროს დიდ არქიტექტორს”.

;


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist