ინფორმაცია, ვაქცინაციის წინ ჩასატარებელი სავალდებულო სამედიცინო პროცედურების შესახებ, მცდარია

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

9
VIEWS

სოციალურ ქსელში ისევ აქტიურად ზიარდება ფეისბუქ მომხმარებლის Lela Lomidze-ის მიერ ჯგუფში “ქართულ-ამერიკული ფორუმი.Georgian-American Forum” 2021 წლის 25 მარტს გამოქვეყნებული პოსტი, რომელშიც ჩამოთვლილია, რა სამედიცინო პროცედურები უნდა ჩაიტარონ მსურველებმა კორონავირუსის აცრის გაკეთებამდე. პოსტი, რომელსაც 29 ივლისის მდგომარეობით 22 000-ზე მეტი გაზიარება აქვს, ამტკიცებს, რომ ვაქცინის მიღებამდე საჭიროა სისხლის შედედების ნორმაში ყოფნის დამადასტურებელი ანალიზები (დედიმერი და კოაგულოგრამა), ასევე კორონავირუსის ანტისხეულების ტესტი და ანტიგენის ტესტები, რადგან სისხლში კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების არსებობის ან მიმდინარე უსიმპტომო ინფიცირების შემთხვევაში ვაქცინის გაკეთება რეკომენდებული არ არის.

ლელა ლომიძის 25 მარტის პოსტი სამ საჯარო ჯგუფში გაზიარდა: ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგა, სხვა საქართველო სად არის??!!.. Where is other SAQARTVELO (GEORGIA)??!!.. და სასწავლო პროექტები, მატრიცები.(ახალი სკოლის მოდელი).

იდენტური პოსტი 25 ივლისს ფეისბუქ მომხმარებელმა შორენა ჯანელიძემაც გამოაქვეყნა.

1

ინფორმაცია, თითქოს ვაქცინაციამდე პოსტში დასახელებული ანალიზების ჩატარება აუცილებელია, სიმართლეს არ შეესაბამება. ვაქცინამდე დედიმერისა და კოაგულოგრამის ჩატარებას არც საქართველოს ვაქცინაციის პროტოკოლი და არც საერთაშორისო პრაქტიკა ითვალისწინებს. მცდარია, რომ კოვიდით უსიმპტომო ინფიცირებისას ვაქცინაცია სახიფათოა და სიმპტომების არქონის შემთხვევაში, ანტიგენის ან სხვა ტესტის ჩატარება აუცილებელია. ვაქცინაცია სახიფათო არ არის არც ანტისხეულების ‘მაღალი ტიტრის’ არსებობისას.

  • ვაქცინამდე დედიმერისა და კოაგულოგრამის ჩატარებას არც საქართველოს ვაქცინაციის პროტოკოლი და არც საერთაშორისო პრაქტიკა არ ითვალისწინებს.

კორონავირუსის ვაქცინის მიღებამდე სისხლის შედედების ფაქტორის დასადგენად საჭირო ანლიზების აუცილებლობის შესახებ “მითების დეტეტორი” ალერგოლოგ-იმუნოლოგს ბიძინა კულუმბეგოვს ესაუბრა. როგორც კულუმბეგოვმა აღნიშნა, ვაქცინის მიღებამდე დედიმერისა და კოაგულოგრამის ჩატარების რეკომენდაცია სამედიცინო მტკიცებულებებს არ ეფუძნება და ამგვარ პრაქტიკას ვაქცინაციისას მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ იყენებენ. ალერგოლოგ-იმუნოლოგის თქმით, ვაქცინაციის შემდეგ თრომბოზული მოვლენის განვითარების რისკები (AstraZeneca-სა და Johnson & Johnson-ის ვაქცინების უკიდურესად იშვიათი გვერდითი მოვლენა) ვაქცინაციამდე სისხლის შედედების მაჩვენებლებთან დაკავშირებული არ არის. ამ იშვიათი გვერდითი მოვლენის თავიდან ასაცილებლად ვაქცინაციის შემდეგ საჭიროა 6-14 დღის განმავლობაში შესაძლო სიმპტომებზე (თავის ტკივილი, მცირე სისხლჩაქცევები კანზე, ტკივილი მუცლის არეში, სუნთქვის გაძნელება) დაკვირვება და სამედიცინო დაწესებულებისთვის დროულად მიმართვა.

  • ვაქცინები შეიძლება უსაფრთხოდ გაუკეთდეთ ადამიანებს, რომელთაც უკვე სიმპტომურად ან უსიმპტომოდ COVID-19 გადაიტანეს. ანტისხეულების ტიტრის არსებობისას, ვაქცინაცია სახიფათო არ არის.

ვაქცინაცია COVID-19-ის გადატანის შემთხვევაშიც რეკომენდებულია, რადგან დაავადების გადატანა მყარ იმუნიტეტს არ ტოვებს და რეინფიცირებას არ გამორიცხავს. როგორც CDC-ის სახელმძღვანელოში ვკითხულობთ, კვლევები ადასტურებს, რომ კორონავიუსის გადატანის შემდეგ აცრას ინფექციის წინააღმდეგ იმუნიტეტის ამაღლება შეუძლია.  მაშინაც კი, როცა ორგანიზმში ბუნებრივი გზით წარმოქმნილი ანტისხეულები არსებობს, ვაქცინის მიღებას მხოლოდ დადებითი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს, რადგან ვაქცინით გამომუშავებული ანტისხეულები ორგანიზმს ხარისხობრივად უკეთესად იცავენ.

თავდაპირველად საქართველოში კორონავირუსის დადასტურებიდან ვაქცინაცია 4 თვის შემდეგ იყო ნებადართული, თუმცა ამის მიზეზი არა უსაფრთხოების წესები, არამედ ვაქცინის შეზღუდული რესურსის რაციონალური გადანაწილებაა. გასული კვირიდან ვაქცინაციის ჩატარება კორონავირუსით ინფიცირებიდან 30 დღის შემდეგაა შესაძლებელი. უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, ინფიცირების შემდეგ დაუყოვნებლივი ვაქცინაცია რეკომენდებული არაა მხოლოდ მაშინ, თუ პაციენტმა ვირუსი მძიმე ფორმებში გადაიტანა ან მკურნალობა მონოკლონური ანტისხეულებით ან აღმდგენი პლაზმით უტარდებოდა.

  • კოვიდით უსიმპტომო ინფიცირებისას ვაქცინაცია სახიფათო არ არის და სიმპტომების არქონის შემთხვევაში, ანტიგენის ან PCR ტესტის ჩატარება აუცილებელია არაა.

ვაქცინაციის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ პლატფორმაზე  დეტალურადაა გაწერილი ის  კრიტერიუმები, რომელთა შემთხვევაშიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღება რეკომენდირებული არ არის. კორონავირუსით სიმპტომური ინფიცირება ყველა ხელმისაწვდომი ვაქცინისთვის ერთ-ერთი ასეთი პირობაა, თუმცა ვაქცინაციასთან დაკავშირებულ გაიდლაინებში არსადაა ნათქვამი, რომ თუ პაციენტს ვაქცინის ჩატარების მომენტისთვის ვირუსის არცერთი სიმპტომი არ აქვს, მისთვის ვაქცინის ჩატარება საფრთხის შემცველია. აღნიშნულთან დაკავშირებით “მითების დეტექტორთან” კომენტარში ბიძინა კულუმბეგოვი აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაშიც, თუ ადამიანს კოვიდ19 უსიმპტომოდ აქვს და მან ამის შესახებ არ იცის, ვაქცინაცია მისთვის სახიფათო არ არის. შესაბამისად, მტკიცება, რომ ვაქცინის მიღებამდე ანტიგენის სწრაფი ტესტის ან PCR ტესტის ჩატარება აუცილებელია, საფუძველს მოკლებულია და სიმართლეს არ შეესაბამება.

ამ თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატია: კოვიდ-19-ით ინფიცირებული უსიმპტომო პაციენტებისთვის ვაქცინაცია უსაფრთხოა


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist