27 ივნისს, ტელეკომპანია კავკასიის გადაცემა “სპექტრის” წამყვანმა, დავით აქუბარდიამ განაცხადა, თითქოს ხორვატიაში ფერმერს ხახვის წარმოებას ბრიუსელიდან ინსტრუქტაჟი და ევროკავშირის ბიუროკრატია უშლის ხელს. კერძოდ:
დავით აქუბარდია, წამყვანი: „ხორვატიაში ვიღაცა ტიპი ხახვს თესავდა და ინსტრუქტაჟი ჩამოუვიდა ბრიუსელიდან: თქვენი ხახვი რამდენ მოსავალს მოგცემდათ, ჩვენ გიხდით ოღონდ შეწყვიტეთ თესვა. აი, ასეთი ინსტრუქტაჟებიც კი ჩადიოდა და ნორმალურია, კაცო,ეს?! ეს არის ბიუროკრატიის ჭერი!”
ტელეკომპანია კავკასია, გადაცემა სპექტრი, 27 ივნისი
ამგვარი მტკიცება საფუძველს მოკლებულია, რადგან:
- არ არსებობს, ევროკავშირის რაიმე ცალკეული რეგულაცია ან დირექტივა, რომელიც ზღუდავს ხორვატიაში ხახვის წარმოებას. ევროკავშირსა და ხორვატიას შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობა „ხორვატიის სასოფლო განვითარების პროგრამა 2014-2020 წლებში” ფარგლებში ხორციელდება. პროგრამა ხორვატიის ფერმერულ მეურნეობასა და სურსათის სექტორის სტრუქტურულ ცვლილებებსა და მოდერნიზაციას ისახავს მიზნად. პროგრამა ასევე ითვალისწინებს ბიომრავალფეროვნების დაცვასა და ხელშეწყობას. მისი ღირებულება 2,3 მილიარდ ევროს შეადგენს.
- მიუხედავად სასოფლო სამეურნეო სექტორში არსებული საერთო პოლიტიკისა, ევროკავშირი არ ერევა ქვეყნების შიდა გადაწყვეტილებებში: რა ტიპის სასოფლო სამეურნეო პროდუქცია უნდა იწარმოებოდეს ამა თუ იმ ქვეყანაში. ევროკავშირის საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკა ითვალისწინებს მწარმოებლების ხელშეწყობას, წევრი ქვეყნებისთვის მოქნილი სისტემის შეთავაზებას სასოფლო-სამეურნეო სექტორის პოტენციალის ეფექტიანად გამოყენებისთვის და გარემოს დაცვითი და სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებების უზრუნველყოფას.
ხორვატიაში ძირითადი სასოფლო-სამეურნეო კულტურებია: პომიდორი,კომბოსტო, ხახვი, ნესვი და წიწაკა. მათ ძირითადად კერძო ფერმერები აწარმოებენ. 2014 წელს ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტმა 290 მილიონ ევროს მიაღწია, რაც რეკორდული მაჩვენებელი აღმოჩნდა ხორვატიისათვის, რადგან იგი 85%-ზე მეტი იყო 2005-2014 წალამდე ექსპორტით მიღებულ საშუალო შემოსავალზე. ევროსტატის მონაცემებით, ხორვატიამ 2013 წელს 17 000 ტონა ხახვი აწარმოვა.