იმატებს თუ არა მიწისძვრების რაოდენობა და რა ვიცით “შემოქმედებითი საზოგადოების” შესახებ?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

334
VIEWS

11  თებერვალს ფეისბუკ გვერდმა “შემოქმედებითი საზოგადოება საქართველო” მიწისძვრების შესახებ ვიდეო გამოაქვეყნა.  ვიდეოს თანახმად, მეცნიერებს ბოლო დროს თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრების შესახებ არ მოუმზადებით არცერთი პროგნოზი, რომელიც ადამიანებს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ აცნობებდა და კატასტროფას თავიდან აიცილებდა, შესაბამისად, მთავრობებსა და მეცნიერებს მოსახლეობის ბედი არ აღელვებთ. ვიდეოში ნათქვამია ისიც, რომ  სეისმური აქტივობის ზრდის ტემპი შოკისმომგვრელია და მიწისძვრების რაოდენობა გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, რაც 2022 წლის ნოემბერში “შემოქმედებითი საზოგადოების” მიერ გამართულ ონლაინ კონფერენციაზე წარმოდგენილი გრაფიკებითაც დადასტურდა და სწორედ ამ ორგანიზაციამ მოსალოდნელი მიწისძვრების შესახებ იწინასწარმეტყველა.  “შემოქმედებითი საზოგადოების” მტკიცებით, პლანეტის ეკოლოგია იღუპება  და დედამიწის იმუნიტეტი სუსტდება.

მტკიცება იმის შესხებ, რომ მიწისძვრების რაოდენობის მატება “შემოქმედებითმა საზოგადოებამ” ნოემბერში იწინასწარმეტყველა და ეს პროცესი “დედამიწის იმუნიტეტის დაქვეითებას” უკავშირდება, მანიპულაციურია. რეალურად, მიწისძვრების რაოდენობის ზრდა მონიტორინგის ქსელებისა და ტექნოლოგიების განვითარების შედეგია. მსოფლიოში უფრო მეტი სეისმური სადგური იდგმება და მონაცემთა ბაზებში იმ ქვეყნებიდან შედის ცნობები, სადაც ადრე სეისმური სადგურები არ არსებობდა. ხოლო “შემოქმედებითი საზოგადოება” პარარელიგიური დაჯგუფების “ალატრას” პროექტია, მათი რწმენით, სამყაროს ქვეწარმავლები და უცხოპლანეტელები მართავენ.

შშ-ის გეოლოგიურ სამსახურის თანახმად, მიწისძვრის ეროვნული საინფორმაციო ცენტრი ამ ეტაპზე მთელს მსოფლიოში ყოველწლიურად  დაახლოებით 20 000, ანუ დღეში დაახლოებით 55 მიწისძვრას აფიქსირებს. ComCat მიწისძვრების კატალოგში ბოლო წლებში მიწისძვრების მზარდი რაოდენობა არის ნაჩვენები,  თუმცა ამის მიზეზი არის არა ის, რომ  ადრინდელთან შედარებით მეტი მიწისძვრა ხდება, არამედ ის, რომ თანამედროვე პირობებში მსოფლიოში უფრო მეტი სეისმური ინსტრუმენტი არსებობს, შესაბამისად, მათ მეტი მიწისძვრის ჩაწერის შესაძლებლობა აქვთ. 

“მითების დეტექტორი” კომენტარისთვის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილეს, პროფესორ ლაშა სუხიშვილის დაუკავშირდა. მისი თქმით, საქართველოში 2004 წლამდე მიწისძვრები ფურცლებზე იწერებოდა და, შესაბამისად, ამ მონაცემების საერთო სტატისტიკისთვის მიწოდება არ ხდებოდა.

ლაშა სუხიშვილი: “წელიწადში 10 000-ზე მეტ მიწისძვრას ვიწერთ. ეს არ ნიშნავს   მიწისძვრების რაოდენობის მატებას, უბრალოდ, ახლა ქსელი გვაქვს. მყინვარწვერზე დღე-ღამეში 300 მიწისძვრა ხდებოდა და არ ვიცოდით. 2014-ში დავაყენეთ სენსორი და ამის ხარჯზე გაიზარდა რაოდენობა.”

შვეიცარიაში მოქმედი სოციალურ მეცნიერთა, სეისმოლოგთა და სტატისტიკოსთა საერთაშორისო ჯგუფის მიერ მომზადებული კვლევის თანახმად, ეპიდემიებისა და ბუნებრივი კატასტროფების დროს მცდარი და შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ძალიან სწრაფად ვრცელდება, რამაც შეიძლება ისეთი სოციალური ქცევა გამოიწვიოს, როგორიც   მდგომარეობას კიდევ უფრო მეტად აუარესებს. მაგალითად,  2019 წელს ალბანეთში 5.8 მაგნიტუდის მიწისძვრის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მოსალოდნელი იყო უფრო ძლიერი მიწისძვრა, რის გამოც ხალხი პანიკურად გაიქცა ქალაქიდან. იგივე მოხდა 2018 წლის პალუს მიწისძვრის და 2017 წლის მექსიკის მიწისძვრების დროს.  ამ მოვლენებმა აჩვენა, რომ ძლიერი მიწისძვრების შემდეგ ყველაზე ხშირად მიწისძვრის შესაძლო პროგნოზის ან შემდგომი ბიძგების წინასწარმეტყველების შესახებ ვრცელდება. 

6 თებერვალს თურქეთ-სირიის საზღვარზე მომხდარი  7.7 და მოგვიანებით 7.6 მაგნიტუდის მიწისძვრებების შემდეგ ფეისბუკ მომხმარებელთა ნაწილი ამტკიცებდა, რომ მეცნიერებმა მოსახლეობა მოსალოდნელი მიწისძვრის შესახებ არ გააფრთხილეს. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე მიწისძვრების პროგნოზირების ზუსტი მექანიზმი მსოფლიოში არ არსებობს და სეისმოლოგებს მხოლოდ  გრძელვადიანი პროგნოზის გაკეთება შეუძლიათ, რაც სამეცნიერო კვლევის საფუძველზე სეისმური საფრთხის შეფასებას გულისხმობს. თურქეთის მდებარეობიდან გამომდინარე ქვეყანაში არსებული სეისმური საფრთხეების შესახებ ინფორმირებულები არა მხოლოდ თურქი გეოლოგები, არამედ პოლიტიკოსები და მოქალაქეებიც არიან. 2022 წლის ნოემბერში თურქეთში მიწისძვრის საწინააღმდეგო სწავლება ჩატარდა, რომლის დროსაც მოქალაქეებს მიწისძვრის დროს გადარჩენის გზების შესახებ მიეწოდათ ინფორმაცია. ვრცლად იხილეთ:

რა ვიცით “შემოქმედებითი საზოგადოების” შესახებ?

“შემოქმედებითი საზოგადოება” საერთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაციის “ალატრას” პროექტია, რომლის მიზანსაც მთელი ცივილიზაციის თვითდესტრუქციისაგან გადარჩენა წარმოადგენს. ორგანიზაციის ლიდერი მასაჟისტ-ქიროპრაქტიკოსი იგორ დანილოვია, რომლიც თავს აკადემიკოსსა და პროფესორს უწოდებს. ალატრა ცნობილია შეთქმულების თეორიების პროპაგანდით. მათი რწმენით,  სამყაროს ქვეწარმავლები და უცხოპლანეტელები მართავენ.  ბოროტ უცხოპლანეტელებს შორის ჯორჯ სოროსი, რომის პაპი, ჯო ბაიდენი, ბრიტანეთის დედოფალი და სამეფო სახლის სხვა წარმომადგენლები  არიან, რომლებიც ორგანიზაციის მიხედვით, “იტაცებენ, მსხვერპლად წირავენ ბავშვებს, შემდეგ კი სვამენ მათ სისხლს.”

ფოტო: allatra.org

“ალატრას” მიერ ორგანიზებული ყველა ღონისძიება სამყაროს დასასრულის, გლობალური კრიზისის შედეგების, კლიმატის ცვლილების, ვირუსების და ხელოვნური ინტელექტის დანერგვის თემებს მოიცავს. ამასთან ერთად, ორგანიზაციის წევრები კოლექტიურ დასავლეთს ომს უცხადებენ, რომელიც მათი თვალსაზრისით, სატანის სამეფოს ჰგავს. 

აღსანიშნავია, რომ “ალატრას” ერთ-ერთი თაღლითობის შესახებ 2022 წლის აპრილში  BBC-მაც  დაწერა. BBC-ის თანახმად, “კრეატიულმა საზოგადოებამ” ათეულობით მეცნიერი, პოლიტიკოსი და კამპანიის მონაწილე მოატყუა, რათა მათ იმ ონლაინ ღონისძიებებში  მიეღოთ მონაწილეობა, რომლის მიზანიც კლიმატის ცვლილებას უარყოფა იყო და მათი გამოსვლის ჩანაწერები ფრაგმნეტულად გამოიყენა.

უკრაინელმა ექსპერტმა, ირინა კრემენოვსკაიამ რუსეთ-უკრაინის  ომის დაწყების შემდეგ “ალატრას” რამდენიმე ვიდეო შეისწავლა. აღმოჩნდა, რომ გაერთიანების წევრები საკუთარ ვიდეოებში უკრაინაში ომის მიმდინარეობას აღიარებენ, მაგრამ არ ასახელებენ, თუ ვინ არის მისი ინიციატორი. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის წევრები ახმოვანებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვერსიას მარიუპოლში დრამატული თეატრის დაბომბვის შესახებ, თითქოს ის აზოვის ბაზა იყო. ასევე, იგორ დანილოვი სოფელ სვიატოპეტროვსკოევში ცეცხლის გახსნაში უკრაინას ადანაშაულებდა.

ორგანიზაცია “ალატრა” 2011 წელს წელს უკრაინაში, გალინა იაბლოჩკინამ დაარეგისტრირა. გალინა იაბლოჩკინა იმ გამომცემლობის მფლობელია, სადაც “ანასტასია ნოვიხის” წიგნები დაიბეჭდა. სწორედ ანასტასია ნოვიხის მოძღვრებას ეფუძნება “ალატრას” ფილოსოფია.  აღსანიშნავია ისიც, რომ ანასტასია ნოვიხის ერთ-ერთ წიგნში “პირჯვარი” საუბარია “მისტიკური მხსნელის,” “ნომოს,” შესახებ, რომელმაც საყოველთაო ბოროტება უნდა დაამარცხოს. ეს ადამიანი არის “ლეგენდარული ფიგურა კგბ-დან” და მისი ბიოგრაფია პუტინის ბიოგრაფიას ემთხვევა. 2017 წელს კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ  “ალატრას” „დესტრუქციული ქმედებები“ ამხილა და  ოკულტურ პარარელიგიურ ორგანიზაციად გამოაცხადა.

აღსანიშნავია, რომ იგორ დანილოვმა გადაცემაში „სექსი და სულიერი გზა“ თქვა, რომ ჯგუფური სექსი სულიერი პრაქტიკაა: გოგოები, რომლებთან ერთადაც დანილოვი ორგიებში მონაწილეობს რჩეულები – “გელიანების ორდენის” წევრები არიან. ისინი დანილოვთან ერთად ორგიებში მონაწილეობით ენერგიას გამოიმუშავებენ, რაც საშუალებას აძლევთ ებრძოლონ მესამე ძალებს და თავიდან აიცილონ კლიმატური კატასტროფები მთელ მსოფლიოში. 

ფოტო: Alltra TV

ფეისბუკ გვერდი “შემოქმედებითი საზოგადოება საქართველო” 2020 წლის 22 დეკემბერს შეიქმნა და მისი თავდაპირველი სახელწოდება AllatRa Georgia იყო. გვერდს 6 ადმინისტრატორი საქართველოდან (4), მოლდოვიდან (1) და უკრაინიდან (1) მართავს. 22 თებერვლის მონაცემებით გვერდს 8,376 გამომწერი ჰყავს.

აღსანიშნავია რომ ორგანიზაცია თითქმის ყველა პლატფორმას იყენებს (You Tube, tikkok, Twitter, Instagram)  “ალატრას” ვიდეოებს YouTube-ზე ასობით ათასი ნახვა აქვს. ალატრას ყოფილი წევრი ყვება, რომ ამ შემთხვევაშიც თაღლითობა გრძელდება: თითოეულ გადაცემას “ალატრას” წევრებმა 12-ჯერ მაინც უნდა უყუროს. გარდა ამისა, ორგანიზაციის წევრებს გამოკითხვების ჩატარება, დანილოვის გამოსვლების ანალიზი, თარგმნა, რეკლამის გაკეთება, კონფერენციებისთვის მომზადება ანაზღაურების გარეშე ევალებოდათ.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. (Xanax)   შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, საქართველო, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist