11 მაისს thread-ის მომხმარებელმა 369neworder გამოაქვეყბა პოსტი, რომლის მიხედვითაც, უკვე ოფიციალურად გამოცხადდა, რომ ალასკიდან HAARP-ის საშუალებით 8-10 მაისს დედამიწას მძლავრი, თითქმის 3.6 მეგავატი გამოსხივებით დაასხივეს. პოსტს თან ერთვის ინსტაგრამის პოსტის ბმული, სადაც იმავე ტექსტთან ერთად, მოცემულია რამდენიმე ბმული (1, 2, 3), მათ შორის, Komsomolskaya Pravda-ს სტატია, რომელშიც აშშ-ის მიერ კლიმატის შესახებ ჩატარებული სხვადასხვა ექსპერიმენტის საშულებით რუსეთისთვის შექმნილ პოტენციურ საფრთხეებზეა საუბარი. სხვა მასალებში ნათქვამია, რომ ამგვარი გამოსხივებით დედამიწის სხვადასხვა რეგიონში ამინდის შეცვლა და ბუნებრივი კატაკლიზმების გამოწვევაა შესაძლებელი და რომ HAARP ამინდის შემცვლელ იარაღს წარმოადგენს. ხოლო აშშ მას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.
მტკიცება იმის შესახებ, რომ HAARP-ის საშუალებით ამინდის კონტროლი და ბუნებრივი კატაკლიზმების გამოწვევაა შესაძლებელი, კონსპირაციის თეორიის ნაწილია. რეალურად, HAARP-ი ატმოსფეროს მაღალი სიხშირის ტალღებით კვლევების პროგრამაა და მას ამინდის კონტროლის ფუნქცია არ აქვს.
2024 წლის 2 მაისს HAARP-ის ვებსაიტზე 8-10 მაისს დაგეგმილ კვლევაზე ინფორმაცია გამოქვეყნდა. ტექსტის მიხედვით, საკვლევი კამპანიის ფარგლებში მეცნიერები კოსმოსურ ნამსხვრევებს შეისწავლიდნენ. ამგვარი ნამსხვრევები ნებისმიერ კოსმოსურ ოპერაციას, მათ შორის პილოტირებულ კოსმოსურ ხომალდებს და საკომუნიკაციო თანამგზავრებს, საფრთხეს უქმნის. კვლევის საშუალებით კი ამგვარი ნამსხვრევების უკეთესად იდენტიფიცირება გახდებოდა შესაძლებელი. ტექსტში ნათქვამია ისიც, რომ კვლევა ალასკის უნივერსიტეტის კვლევით წინადადებებზე დაყრდნობით ტარდება.
ხაზგასასმელია, რომ HAARP ატმოსფეროს მაღალი სიხშირის ტალღებით კვლევების პროგრამაა და მის ფარგლებში ამინდის კონტროლი შეუძლებელია. მისი ფუნქცია ატმოსფეროს სპეციფიკურ ზონაზე კვლევების ჩატარება და შედეგებზე დაყრდნობით, რადიო სიგნალების გადაცემისას არსებული ხარვეზების აღმოფხვრაა. HAARP კონკრეტულად იონოსფეროს იკვლევს, ეს არის ატმოსფეროს ნაწილი დედამიწის ზედაპირიდან 50 კმ-ის სიმაღლეზე. ამ პროგრამის ფარგლებში შექმნილი მაღალსიხშირული სადგური ალასკის თავზე იონოსფეროს ერთ-ერთ მონაკვეთს აცხელებს და მეცნიერებს მის მდგომარეობაზე დაკვირვების შესაძლებლობას აძლევს. სწორედ ამ მიმართულების ფარგლებში მიმდინარეობდა კოსმოსური ნამსხვრევების კვლევაც 8-10 მაისს. პროგრამის კიდევ ერთი მიმართულება პოლარული ნათებების შესწავლაა.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ HAARP-ის პროგრამას თავდაპირველად აშშ-ის საჰაერო ძალები მართავდნენ, თუმცა 2014 წელს საკვლევი ცენტრი სამართავად ალასკის უნივერსიტეტს გადაეცა.
აქვე აღსანიშნავია, რომ 10-11-12 მაისს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ცაზე ძლიერი ნათებები შეინიშნებოდა. ინტერნეტში ეს მოვლენა HAARP-ის გამოსხივებას დაუკავშირეს, თუმცა თავად პროგრამის ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ HAARP-ის სამეცნიერო კვლევას ასეთი მოვლენის გამოწვევა არ შეეძლო, ასეთი მასშტაბის გეომაგნიტური შტორმების წინასწარ პროგნოზირება შეუძლებელია და ისინი სხვა დროსაც დაფიქსირებულა.
დეზინფორმაციები და კონსპირაციის თეორიები იმის შესახებ, რომ HAARP-ის საშუალებით ამინდის კონტროლია შესაძლებელი, “მითების დეტექტორმა” წარსულშიც გადაამოწმა, ვრცლად იხილეთ:
- ატმოსფეროს კვლევები თუ გონების კონტროლი?
- შოვის ტრაგედიაზე კონსპირაცია ვრცელდება
- გულისხმობს თუ არა HAARP-ის კვლევა ხელოვნური ნათების გაჩენას და რა იწვევს ჩრდილოეთის ციალს?
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.