2018 წლის 11 სექტემბერს, მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს უშიშროების ყოფილმა მინისტრმა იგორ გიორგაძემ განაცხადა, თითქოს თბილისში მდებარე “ლუგარის ლაბორატორიაში” ადამიანებზე ექსპერიმენტებს ატარებენ და ბიოლოგიურ იარაღს ქმნიან. აღნიშნული განცხადება კრემლის რუსულენოვან (1 канал, Россия-24, РЕН ТВ, “Звезда” НТВ , სპუტნიკ-საქართველოს რუსულენოვანმა ვებ-გვერდი.) და ქართულენოვან გამოცემაში ( საქინფორმი) ფართოდ გაშუქდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წამრომადგენლის მარია ზახაროვამ კი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს იგორ გიორგაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტების გაკეთება მოსთხოვა.
იგორ გიიორგაძე: „ლუგარის ლაბორატორიაში ამერიკის სამხედრო სამეცნიერო ჯგუფის ბიოლოგებისა და აშშ-ს საფთხეების შემცირების სააგენტოსთან ფედერალური კონტრაქტით დაკავშირებული კერძო დაქირავებული პირების მიერ ნამდვილად არის შესაძლებელი, რომ ჩატარებულიყო საიდუმლო ექსპერიმენტები საქართველოს მოსახლეობაზე, რომელიც ხშირ შემთხვევაში ლეტალურად დასრულდა. … 2015 წლის დეკემბერში 30 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთ დღეს 24 ადამიანი, რომლებიც C ჰეპატიტზე მკურნალობის კურსს გადიოდნენ. “სიკვდილის მიზეზი უცნობია“, – ასეა ჩაწერილი შესაბამის გრაფაში. …შემდეგ, 2016 წლის აპრილში კიდევ 30 და აგვისტოში – 13 ადამიანი კვდება უცნობი მიზეზით. სამწუხაროდ, ამ ფაქტებზე არავითარი გამოძიება არ ჩატარებულა“.
გიორგაძის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებზე დაყრდნობით НТВ-ს მიერ მომზადებულ სიუჟეტში ნათქვამია, რომ ლუგარის ლაბორატორია ოფიციალურად დაკავებულია C ჰეპატიიტის წამლის აპრობაციით, რომელიც 80 ათასი დოლარი ღირს. საქართველოს მოქალაქეები კი მას უფასოდ იღებენ.
უშიშროების ყოფილი მინისტრის განცხადებები აბსურდულია, რადგან ლუგარის ლაბორატორია C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში მხოლოდ დიაგნოსტიკის ნაწილში მონაწილეობს და არა მკურნალობის პროცესში. მტკიცება, თითქოს პაციენტთა გარდაცვალების მიზეზი მედიკამენტი სოვალდია და მას საქართველოში საცდელად იყენებენ, ყოველგვარ მეცნიერულ საფუძველს მოკლებულია, რადგან როგორც სოვალდის იგივე სოფოსბუვირს, ასევე მეორე ეტაპზე გამოყენებულ ჰარვონს აპრობაცია არ სჭირდება: ორივე მედიკამენტს ევროპული და ამერიკული ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები გააჩნია და არა მხოლოდ საქართველოში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ფართოდ გამოიყენება. აღსანიშნავია, რომ 2015-2017 წლებში ამ პროგრამაში ჩართული 36 012 პაციეტიდან 24 481 განიკურნა.
ფაქტი 1. ლუგარის ლაბორატორია C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში მხოლოდ დიაგნოსტიკის ნაწილში მონაწილეობს და პაციენტებს შესაბამისს ანალიზებს უტარებს.
ფაქტი 2. იგორ გიორგაძის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები თვიური ანგარიშებია და 31 ოქტომბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. ადამიანები, რომლებზეც გიორგაძე საუბრობს, ერთი თვის მანძილზე, ნოემბერში გარდაიცვალნენ, და არა ერთ დღეს. 30 დეკემბერი ანგარიშის მომზადების თარიღს წარმოადგენს და არა გარდაცვალების.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ყოველწლიურად C ჰეპატიტთან დაკავშირებული ღვიძლის დაავადებებით დაახლოებით 399 000 ადამიანი კვდება, რაც მკურნალობის გვიან დაწყებას და სხვადასხვა მიზეზებს უკავშირდება. საქართველოში კი ქრონიკული C ჰეპატიტით დაავადებულთა რიცხვი კი დაახლოებით 150 000 ადამიანია. ამასთანავე, 2015-2017 წლებში დაავადების ელიმინაციის სამთავრობო პროგრამით საქარველოში 24 481 პაციენტი განიკურნა.
ფაქტი 3: გიორგაძის მიერ გამოქვეყნებული 11 დოკუმენტიდან, რომელიც 2015 წლის დეკემბერში გარდაცლილი ადამიანების ანგარიშს ეხება, 6-ში სიკვდილის მიზეზი მითითებულია და ტყუილია მის განცხადება, თითქოს გარდაცვალების მიზეზები უცნობია.
ფაქტი 4. მტკიცება თითქოს გარდაცვალების მიზეზი მედიკამენტი სოვალდია და მას საქართველოში საცდელად იყენებენ, ყოველგვარ სამეცნიერო დასაბუთებას მოკლებულია, რადგან როგორც სოვალდის იგივე სოფოსბუვირს, ასევე მეორე ეტაპზე გამოყენებულ ჰარვონს აპრობაცია არ სჭირდება: ორივე მედიკამენტსს ევროპული და ამერიკული ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები გააჩნია. ხოლო ჰარვონის ეფექტიანობა არაერთი კლინიკური კვლევის შედეგადაა დადასტურებული. ორივე მათგანი გამოირჩევა მაღალი ეფექტურობით და გვერდითი მოვლენების სიმცირით.
- სოვალდის (სოფოსბუვირს)- გააჩნია აშშ-ის საკვებისა და ადმინისტრაციის (Food & Drug Administration – FDA), ასევე ევროპის სამედიცინო სააგენტოს (Medicinal Agency – EMA ) მიერ გაცემული , საერთაშორისო და ქართულ ბაზარზე აღიარებული ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები;
- ჰარვონი – C ჰეპატიტის მკურნალობის მეორე ეტაპზე გამოიყენება და იგი პრეპარატების, სოფოსბუვირისა და ლედიპასვირის სინთეზია. ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ჰარვონმა 12 კვირის განმავლობაში C ჰეპატიტის 1 გენოტიპის მქონე მოზრდილი პაციენტების 96-99% განკურნა, რომლებსაც რაიმე სახის წინასწარი თერაპია არ ჰქონდათ ჩატარებული.
- ორივე მედიკამენტი საქართველოს სრულიად უფასოდ კომპანია „გილეადმა“ გადმოსცა. Gilead Sciences 1987 წელს აშშ-ში დაარსებული ბიოფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც შიდსის, B და C ჰეპატიტის, ასევე გრიპის საწინააღმდეგო მედიკამენტებს აწარმოებს და ჩრ. ამერიკაში, ევროპასა და ავსტრალიაში საქმიანობს.
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა 2015 წლიდან მოქმედებს. მისი საჭიროება განაპირობა ქვეყანაში არსებულმა სტატისტიკამ, რომლის მიხედვით ზრდასრულთა 5.4 % C ჰეპატიტით დაავადებული აღმოჩნდა. 2013 წელს საქართველომ აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრს მიმართა გაეწია მისთვის დახმარება, რის შემდეგადაც კომპანია „გილეადმა“ აიღო ვალდებულება, საქართველოსთვის C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები მიეწოდებინა. 2015-2017 წლებში, სახელმწიფო პროგრამით მკურნალობა 36 012 პაციენტს ჩაუტარდა, განკურნების მაჩვენებელმა 98%-ს მიაღწია და 24 481 პაციენტი შეადგინა.
ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში საქართველო განაგრძობს ინოვაციური სკრინინგის, დიაგნოსტიკის, პრევენციისა და მკურნალობის სტრატეგიების განვითარებას. საქართველოს მაგალითზე მსგავსი უფასო პროგრამა ისლანდიაშიც დაიწყო. არსებული წარმატებული გამოცდილების გაზიარებას ბელგია და საბერძნეთიც აპირებს. 2017 წლის 1 ნოემბერს, ბრაზილიაში, ჰეპატიტების მსოფლიო სამიტზე, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროცესში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს „NOhep Visionary“-ს საპატიო სტატუსი მიენიჭა.
პროპაგანდის მეთოდი |
კონსპირაციას და ფსევდომეცნიერებას სამიზნე აუდიტორიაზე მაღალი გავლენა აქვს. ამ მეთოდების გამოყენებით მოსახლეობაში ეჭვისა და შიშის დათესვა ხდება. ასეთ დროს უგულვებელყოფია მეცნიერების, შესაბამისი საკითხის ექსპერტების მოსაზრებები, ავთენტური სამეცნიერო ნაშრომები. კონსპირაციების წრის გარღვევა რთულია, რადგანაც, ფაქტები, რომლებიც შეთქმულებებს აბათილებს, პროპაგანდისტების მიერ წარმოდგენილია, როგორც კონსპირაციის კიდევ ერთი “დამამტკიცებელი საბუთი. |
ლუგარის ლაბორატორიას მნიშვნელოვან როლი ენიჭება C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში
სენატორ რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორია 1997 წელს ხელმოწერილი ჩარჩო ხელშეკრულების და 2002 წელს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული შეთანხმების “ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, პათოგენების და გამოცდილების გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ” ფარგლებში 2011 წელს გაიხსნა. ლაბორატორიის მშენებლობისა და ტექნიკური აღჭურვის ჯამურმა ინვესტიციამ 350 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ლაბორატორია 2013 წელს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დაქვემდებარებაში გადავიდა, ხოლო 2018 წლიდან ლუგარის ცენტრისა და ლაბორატორიული ქსელის სრულ დაფინანსებასა და ფუნქციონირებაზე პასუხისმგებლობას საქართველოს მთავრობა აიღებს.
ლუგარის ლაბორატორია მთელ რეგიონში გამოირჩევა თავისი შესაძლებლობებითა და აღჭურვილობით. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ც ჰეპატიტის დიაგნოსტიკაში ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში.
იგორ გიორგაძის შესახებ
იგორ გიორგაძე 1973-1995წწ. საბჭოთა უშიშროების სამსახურში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა და 1980-1981წწ. სსრკ სუკ-ის სპეციალური დანიშნულების რაზმ “კასკადის” საბრძოლო ოპერაციებში ავღანეთში მონაწილეობდა; 1993-1995წწ. იყო საქართველოს უშიშროების მინისტრი; 1995 წელს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ მან ქვეყანა დატოვა; პრეზიდენტის წინააღმდეგ ტერაქტს მოწყობის ბრალდებით1995 წელს ინტერპოლის წითელი ცირკულარით იგორ გიორგაძეზე ძებნა გამოცხადდა. ინტერპოლმა გიორგაძის ძებნა 2016 წელს შეწყვიტა, რადგან მას რუსეთის მიერ ლტოლვილის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული
ძებნაში ყოფნისას გიორგაძემ რუსეთში პარტია “სამართლიანობა” და ორგანიზაცია “ანტისოროსი” დააფუძნა.
მითების დეტექტორის მიერ ამ თემაზე მომზადებული მასალები
- დეზინფორმაცია თითქოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში გამოყენებული წამლები დასავლეთში აკრძალულია;
- საქინფორმი და ზახაროვა სკრიპალის მოწამვლის საქმეში “ქართული კვალს” ეძებენ
- რუსული კონსპირაციები ლუგარის ლაბორატორიაზე: აზიური ფაროსანა, ზიკას ვირუსი და ღორის აფრიკული ჭირი
- განმეორებითი შავი პროპაგანდა ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ
- “გლობალური კვლევების ცენტრის” დეზინფორმაცია “ალიაში” ლუგარის ლაბორატორიის შესახებ
- მითი, თითქოს ლუგარის ლაბორატორია საქართველოს მოსახლეობაზე ბიოლოგიურ ცდებს ატარებს, საფუძველს მოკლებულია
- სიუჟეტი ლუგარის ლაბორატორიის და მის ირგვლივ გავრცელებული დეზინფორმაციების შესახებ
მითების დეტექტორის ლაბორატორია