14 მარტს ფეისბუკ ანგარიშებმა “მე თამარაშნელი ვარ” და ილია კობაიძე გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ჭრის ბენზოხერხით უკრაინელი აქტივისტი ქალაქის ცენტრში აღმართულ ხის ჯვარს. პირველი პოსტის თანახმად, მართლმადიდებლური უკრაინა სოდომისა და გომორის ცოდვის გამო ისჯება და ერთი კაცის ცოდვის გამო სრულიად ერი არის განსაცდელში: “როცა ერთი კაცი ცოდავს, ცოდვა მოეკითხება მას, თუ ცოდვას მხარს უჭერს სახელმწიფო, ისჯება სრულიად ერი.”
მეორე პოსტის ავტორის მტკიცებით, უკრაინას ღმერთი ჯვრის შეურაცხყოფის გამო სჯის. ორივე პოსტი ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს უკრაინაში რუსული ჯარის შეჭრა უკრაინის მიერ მართლმადიდებლობის უარყოფისა და ქრისტიანული სიმბოლოების განადგურების შედეგია.
პოსტი კონსპირაციულია და უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციაზე პასუხისმგებლობის აცილებას იმ აზრის დამკვიდრებით ცდილობს, თითქოს უკრაინა ცოდვების გამო ისჯება. თავად ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება. ის 2012 წელს კიევში არის გადაღებული. ჯვრის მოჭრის საპროტექსტო პერფორმანსით ფემინისტურმა გაერთიანებამ (Femen) რუსული პანკ-ჯგუფის (Pussy Riot) მიმართ სოლიდარობა გამოხატა, რომლის წევრებსაც 2012 წელს ეკლესიაში შესრულებული სიმღერის “ღვთისმშობელო, განდევნე პუტინი” გამო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
ვიდეო, რომელიც ქართულ სოციალურ ქსელში 2022 წლის მარტში, რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში ვრცელდება, რუსული პანკ-ჯგუფის Pussy Riot-ის მხარდამჭერ პერფორმანსს წარმოადგენს, რომლის წევრებიც 2012 წელს მოსკოვის ერთ-ერთ ეკლესიაში შესრულებული სიმღერის გამო დააკავეს. Pussy Riot-ის სიმღერა ტექსტით “ღვთისმშობელო, განდევნე პუტინი” წარმოადგენდა პროტესტს რუსული ეკლესიის მიმართ, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინის არჩევას მოუწოდებდა. ჯგუფის წევრების დაკავების შემდეგ უკრაინულმა ფემინისტურმა გაერთიანებამ რუსი აქტივისტების სოლიდარობის მიზნით, ჯვარი, როგორც ეკლესიის სიმბოლო, “რომელიც უკრაინის და რუსეთის მოქალაქეების ტვინს ურევს”, მოჭრა.
რატომ დააკავეს რუსული პანკ-ჯგუფის Pussy Riot-ის წევრები?
2012 წლის თებერვალში მოსკოვის მაცხოვრის საკათედრო ტაძარში პანკ ჯგუფის, Pussy Riot-ის წევრები შევიდნენ და „პანკ-ლოცვა“ აღავლინეს, რომელიც შეიცავდა ტექსტს – „ღვთისმშობელო, განდევნე პუტინი.“
რუსეთის მართმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლები მიიჩნევდნენ, რომ მკაცრად უნდა დასჯილიყვნენ როგორც პანკ ჯგუფის წევრები, აგრეთვე, ის საინფორმაციო საშუალებები, რომლებმაც ტაძარში მომხდარი ინცინდენტი გააშუქეს. Pussy Riot-ის სამ წევრს ხულიგნობის ბრალდება წაუყენეს და თავდაპირველად მათ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდათ. ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, ნაძეჟდა ტოლოკონიკოვას განცხადებით, მათ ამ აქტით ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე მოახდინეს რეაგირება:
ნაძეჟდა ტოლოკონიკოვა: “სიმღერაში „ღვთისმშობელო, განდევნე პუტინი“ ჩვენ ავსახეთ რუსი მოქალაქეების რეაქცია პატრიარქის მოწოდებაზე, რომ მათ 2012 წლის 4 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებზე ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინისათვის მიეცათ ხმა.“
ჯგუფის მეორე წევრის, მარია ალიოხინას თქმით, რუსულ ეკლესიას არა ყველა, არამედ ის ადამიანები უყვარს, ვისაც პუტინის სწამს.
მარია ალიოხინა: „მე მეგონა, რომ ეკლესიას უყვარს თავისი შვილები. მაგრამ ირკვევა, რომ აქაც არსებობს განსხვავებები: ეკლესიას უყვარს მარტო ის შვილები, რომლებსაც პუტინის სწამთ“.
საბოლოოდ, სასამართლომ ჯგუფის სამ წევრს ორ-ორი წლით თავისუფლების აღკვეთა ხულიგნობისა და რელიგიურ ნიადაგზე სიძულვილის გაღვივებისთვის მიუსაჯა.
რატომ მოჭრეს ჯვარი კიევში Femen-ის აქტივისტებმა?
2012 წლის 17 აგვისტოს Femen-ის უკრაინელმა აქტივისტებმა მოსკოვში გასამართლებული ჯგუფის Pussy Riot-ის წევრების, “კრემლის მღვდლების რეჟიმის მსხვერპლთა” მიმართ სოლიდარობის ნიშნად მოჭრეს. გარდა ამისა, უკრაინელი გოგონები რუსებს თავიანთ ქვეყანაში თავშესაფარს და რეჟიმთან ბრძოლაში დახმარებას სთავაზობდნენ. Femen-ის განცხადებაში ნათქვამია: „სასჯელის გამოტანის დღეს Femen ქალთა მოძრაობა რუსი კოლეგების მიმართ მხარდაჭერას და პატივისცემას გამოხატავს. ამ აქტით გაერთიანება საზოგადოების ჯანსაღ ნაწილს მოუწოდეს, ამოკვეთოს ყველა რელიგიური ცრურწმენა, რომელიც დიქტატურას ემსახურება და დემოკრატიისა და ქალთა თავისუფლების განვითარებას უშლის ხელს“.
ასევე “Femen”-ის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნისადმი ოქტომბრის სასახლის მახლობლად აღმართული ჯვარი, შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის (НКВД) ადგილას მდებარეობდა, სადაც მეორე მსოფლიო ომამდე სიკვდილით დასჯა ხდებოდა.
2012 წელს სამართალდამცავებმა ქალთა მოძრაობის Femen აქტივისტების წინააღმდეგ ვანდალიზმის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, რომელიც 4 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.
აღსანიშნავია, რომ Femen-ის საპროტესტო აქტს რუსი სამოქალქო აქტივისტებიც შეუერთდნენ და ჩელებიანსკისა და არხანგელსკის ოლქებში 4 ჯვარი მოჭრეს. ამ საპროტესტო აქტით მათ რუსეთში საეკლესიო მაფიის დასრულება სურდათ, რომელიც პუტინის რეჟმს უჭერდა მხარს და მოქალაქეებს მისთვის ხმის მიცემისკენ მოუწოდებდა.
წყაროს შესახებ
ფეისბუკ მომხმარებელი ილია კობაიძე “ალტ-ინფოსა” და “კონსერვატიული მოძრაობის” მხარდამჭერია და მათი მასალების გავრცელებასა და პოპულარიზაციაში მონაწილეობს.
ილია კობაიძის მიერ გავრცელებული ფოტომანიპულაცია, რომელიც ოპოზიციის დისკრედიტაციას ემსახურებოდა, 2020 წელს “მითების დეტექტორმა” გადაამოწმა. ვრცლად იხილეთ:
8 ნოემბრის ოპოზიციის აქციაზე “Fაქტები” მანიპულაციურ პოსტს აქვეყნებს
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.