Geworld.ge-სა და Sputnik Polska-ს მანიპულაცია: რუსეთის კრიტიკა=საზღვაო ტრანზიტის კვდომას

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ERth
144
VIEWS

2019 წლის 18 დეკემბერს “საქართველო და მსოფლიომ” გამოაქვეყნა სტატია, სათაურით “რუსეთისადმი მტრული რიტორიკის შედეგად ლატვიაში ეკონომიკის მთელი დარგი კვდება”. სტატიის მიხედვით, ლატვიის ტრანსპორტის ყოფილი მინისტრი ანრიის მატისი გამოცემა Baltnews-სთან ჩაწერილ ინტერვიუში ამტკიცებს, რომ “რუსეთის მიმართ რიგის აგრესიული რიტორიკის გამო” ლატვიური საზღვაო ტრანზიტის სფერო კრიზისის წინაშეა და ლატვიამ რუსეთთან არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისითაც უნდა ითანამშრომლოს. 13 დეკემბერს იდენტური სტატია პოლონურენოვან Sputnik-საც აქვს გამოქვეყნებული.

“საქართველო და მსოფლიოს” და სპუტნიკის სტატიები მანიპულაციურია. ლატვიის პორტებში რუსული ტვირთბრუნვის შემცირება იმის შედეგია, რომ რუსეთმა ბალტიის ზღვაზე მდებარე საკუთარი მსხვილი პორტები განაახლა. ლატვიის პორტებში ტვირთბრუნვა მხოლოდ რუსეთზე არ არის დამოკიდებული. უშუალოდ რიგის პორტის ტვირთბრუნვის სტატისტიკა უკანასკნელ წლებში საკმაოდ სტაბილურია.

რაზე ისაუბრა ლატვიის ტრანსპორტის ყოფილმა მინისტრმა Baltic News-სთან ინტერვიუში? 

ლატვიის ყოფილა მინისტრმა ანრი მატისმა Baltic News-სთან 12 დეკემბერს ლატვიის პორტების შესახებ ისაუბრა. 2019 წლის 9 დეკემბერს აშშ-მა ე.წ. მაგნიტსკის აქტის ფარგლებში სანქციები დაუწესა კორუფციასა და ფულის გათეთრებაში მხილებულ ლატვიელ ოლიგარქს – აივარს ლემბერგსს. ლემბერგსი იყო ქალაქ ვენტსპილის თავისუფალი პორტის მმართველი და გავლენა ჰქონდა რიგის ნავსადგურის მართვაზეც. ლატვიის მთავრობამ 11 დეკემბერს გადაწყვიტა, რომ აღნიშნული პორტების სამართავად ახალი კომპანია შეიქმნება, რომლის წევრებსაც სახელმწიფო თავად დანიშნავს.

ყოფილი მინისტრი  უარყოფითად აფასებს მთავრობის ამ გადაწყვეტილებას და ამბობს, რომ პორტების მმართველობის ფორმაზე მსჯელობა წლების განმავლობაში მიმდინარეობდა, საბოლოო გადაწყვეტილების მიღება კი მხოლოდ ერთი შეხვედრის ფარგლებში მოხდა და ახალი კომპანიის შექმნის საჭიროება მისთვის აუხსნელია. იგი გაუმართლებლად მიიჩნევს სახელმწიფოს მიერ პორტის სრულად მართვას და ამბობს, რომ საბჭოს ცვლილებას შეუძლია ნეგატიურად იმოქმედოს ლატვიაში ტრანზიტის მაჩვენებლებზე.

ანრის მატისი რუსეთიდან ტრანზიტის შემცირებასაც ახსენებს თუმცა ამ ფაქტს დარგის ჩამოშლას არ უკავშირებს. ჟურნალისტის შეკითხვაზე, შეუძლია თუ არა ლატვიას რუსული ტვირთბრუნვის დაბრუნება, მატისი პასუხობს:

“ეს ძალიან რთული შეკითხვაა. ვფიქრობ, არსებული გარემოებების, რიტორიკისა და განხორციელებული ქმედებების ფარგლებში ტრანზიტის მხოლოდ შემცირება ჩანს. თეორიულად, ყველაფერი შესაძლებელია, თუმცა მე მხოლოდ სიტუაციის გაუარესებას ვხედავ. “

მტკიცება, თითქოს სწორედ ლატვიის აგრესიული რიტორიკის გამო მცირდება ტრანზიტი რუსეთიდან და ამის გამო ეკონომიკის აღნიშნული დარგი კვდება, გაზვიადებულია და კრემლისტური მედიის ინტერპრეტაციაა.

ლატვიური პორტების ტვირთბრუნვა და რუსეთი 

ბალტიის ქვეყნების, განსაკუთრებით, ლიეტუვას პორტი კლაიპედა, ლატვიის რიგის პორტი  და რუსეთის სანკტ-პეტერბურგისა და უსტ-ლუგას პორტები ეკონომიკურ კონკურენტებად ჩამოყალიბდნენ.  რუსეთი მეტი სიხშირით იყენებს ტვირთბრუნვისთვის  საკუთარ ნავსადგურებს. 2019 წლის დასაწყისისთვის რუსეთმა ბალტიის  ნავსადგურების მეშვეობით ტვირთის გადაზიდვა 12.4 %-მდე შეამცირა. ამ ტვირთის მიმართვა ბალტიის ზღვაში მდებარე რუსული ნავსადგურებისკენ მოხდა. 2019 წლის პირველ ნახევარში უშუალოდ რიგის ნავსადგურში ტვირთბრუნვა 9.4%-ით შემცირდა, თუმცა ვენტსპილის ნავსადგურში, რომელიც რიგის შემდეგ ლატვიის ყველაზე დიდი პორტია, ამ წლის სამი კვარტლის მონაცემებით ტვირთბრუნვა 10%-ით გაიზარდა.

რუსული ტვირთბრუნვის კლების მიუხედავად, რუსეთი მაინც აქტიურად იყენებს რიგის ნავსადგურს, რადგან მოსკოვიდან საზღვაო ტრანზიტის განსახორციელებლად და ტრანს-ციმბირულ რკინიგზასთან დასაკავშირებლად რიგა ყველაზე ხელსაყრელ ადგილას მდებარეობს. გარდა ამისა,  ლატვიის პორტებში ტვირთბრუნვა მხოლოდ რუსეთზე არ არის დამოკიდებული, პორტებს ტვირთის გადასაზიდად სტაბილურად იყენებენ ცენტრალური აზიის ქვეყნები, ბელარუსი, ევროკავშირი, განსაკუთრებით, გერმანია და შვედეთი. ლატვიის პორტებს გამოარჩევს ინვესტორებისთვის მიმზიდველი შეღავათიანი ტარიფები, სპეციალური ეკონომიკური ზონისა და  თავისუფალი პორტების სტატუსი.

უშუალოდ რიგის პორტის ტვირთბრუნვის სტატისტიკა უკანასკნელ წლებში საკმაოდ სტაბილურია და “მთლიანი ეკონომიკური დარგის” სიკვდილზე საუბარი გადაჭარბებულია.

Baltnews-ის შესახებ

Baltnews რუსულენოვანი საინფორმაციო გამოცემაა, რომელიც ლატვიაში, ლიეტუვასა და ესტონეთში მოქმედებს. ის დარეგისტრირებულია ჰოლანდიური ჰოლდინგის, “მედია კაპიტალის” ქვეშ, რომელიც შეიქმნა 2013 წელს და მისი ავტორიზებული ბიუჯეტი 1 ევროს შეადგენდა. ჰოლანდიური ჰოლდინგის ერთადერთი მესაკუთრეა რუსული “Media Capital LLC”, რომელიც თავის მხრივ ეკუთვნის რუსულ გაზეთს “Moskovskie Novosti”, ეს უკანასკნელი კი არის “Russia Today”-ს ნაწილი. Baltnews-ის დამაარსებელია ალექსანდრე კორნილოვი, რომელიც 2016 წელს ესტონეთში საგადასახადო დოკუმენტების გაყალბებაში იყო ბრალდებული და არსებობდა ეჭვი, რომ ის ფულს სინამდვილეში რუსული პროპაგანდის გავრცელებისთგის იღებდა, თუმცა ამ დროს ბრალდების დამტკიცება ვერ მოხერხდა.

2018 წელს საინფორმაციო გამოცემების, Buzzfeed-ის და Re:baltica-ს მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების შედეგად კი დადასტურდა, რომ Baltnews ბალტიისპირა ქვეყნებში კრემლისტურ პროპაგანდას ავრცელებდა, სინამდვილეში მართლაც რუსულ საინფორმაციო სააგენტოს, Russia Today-ს ეკუთვნოდა და უშუალოდ მოსკოვიდან იმართებოდა. გამოძიების შემდეგ ლატვიამ Baltnews, როგორც რუსული პროპაგანდის წყარო, დაბლოკა.

 

თემატიკა: ეკონომიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ლატვია, რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist