Geworld.ge ლუგანსკში ნატოს ინსტრუქტორების მიერ არასრულწლოვანების გააუპატიურების შესახებ «Русская весна»-ს Fake-ს ავრცელებს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

ruvesna
241
VIEWS

27 სექტემბერს, ონლაინ გამოცემა Geworld.ge-მ გამოაქვეყნა ინფორმაცია, სათაურით „უკრაინის სამხედრო ძალების მოსამსახურეებმა ნატოს ინსტრუქტორები გალახეს“. მასალაში ნათქვამია, რომ კიეველმა სამხედროებმა ე.წ ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი ნატოს ლიტველი ინსტრუქტორებს სცემეს, იმის გამო, რომ მათ სოფელ ტეპლოეში მცხოვრები ორი არასრულწლოვანი გოგონა გააუპატიურეს. სტატია ეყრდნობა  „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მილიციის ოფიციალური წარმომადგენლის“, ანდრეი მაროჩკოს 18 სექტემბრის განცხადებას. ანდრეი მაროჩკოს თქმით, მომხდარს სამხედრო პროკურატურა იძიებს და დანაშაულში ეჭვმიტანილი უკრაინის სამხედრო ძალების მე-14 ბრიგადის ერთ-ერთი ქვედანაყოფის ჯარისკაცები არიან.

"

მითების დეტექტორი ლიტვის თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტს დაუკავშირდა, სადაც განგვიმარტეს, რომ გავრცელებული ინფორმაცია ყალბია და ლიტვის თავდაცვის სამინისტრომ მასზე რეაგირება უკვე მოახდინა. დეზინფორმაციის გავრცელების თარიღად რუსეთ-ბელარუსის სამხედრო წვრთნების, „ზაპად 2017“ -ის პერიოდი იქნა შერჩეული. ლიტველი სამხედროები არ მონაწილეობენ  უკრაინაში მიმდინარე რაიმე სახის სამხედრო მოქმედებებში, მათ შორის არც ე.წ ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

EU vs Disinfo-ს თანახმად, ლიტვაში უკრაინის თავდაცვის ატაშეს მიერ მედიისთვის მიცემული განმარტებით, უკრაინაში ამჟამად  დაახლოებით 60 ლიტველი ჯარისკაცია განთავსებული და ყველა უკრაინის ტერიტორიის ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილებშია დისლოცირებული. არცერთი მათგანი უკრაინის სამხრეთ ან აღმოსავლეთ ნაწილებში (ლუგანსკის ტერიტორია) არ იმყოფება.  ამასთან АТО -ს ზონაში არც ლიტველი და არც სხვა რომელიმე ქვეყნის სამხედროები არ არიან განლაგებული. შესაბამისად, ისტორია „ლიტველი დაქირავებულების“ შესახებ სრული ფიქციაა.

პორტალ Delfi-ის ლიტვურენოვანი ვებ-გვერდის მიხედვით,  ყალბი ახალი ამბავი თავდაპირველად რუსულ საინფორმაციო სივრცეში სეპარატისტთა მიერ კონტროლირებადი მედიების – Наша газета», «Луганский информационный центр», «Русская весна»-ს მიერ გავრცელდა. მოგვიანებით კი „Комсомольская правда“ და REGNUM-მაც გამოაქვეყნეს. დეზინფორმაცია გავრცელდა სოციალურ ქსელის ლიტვურენოვან ჯგუფებშიც.

"

"

Geworld.ge-ის  მასალას „Русская весна“-ს  სტატიაზე  დართული  ფოტო და  ე.წ ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის  მილიციის წარმომადგენლის ანდრეი მაროჩკოს ციტატები ახლავს თან. თავის მხრივ, „Русская весна“ ვებ-გვერდზე ერთ-ერთ პარტნიორად თვითგამოცხადებული ნოვოროსიის პარლამენტია  მითითებული.

"

ლიტვის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის წარმომადგენლის გინტაუტას ციუნისის თქმით,  აღნიშნული ისტორია განსაკუთრებულია, რადგან თუ თავდაპირველად ვრცელდებოდა ლეგენდები „სნაიპერებზე ბალტიის ქვეყნებიდან, რომლებსაც თეთრი კოლგოტები აცვიათ“, ამჟამად საქმე უფრო დახვეწილ თამაშთან გვაქვს. ციუნისის თქმით, დეზინფორმაცია ძალიან გავს „ლიზას ისტორიას“. თავდაპირველად დეზინფორმაციის გავრცელება არც თუ ისე ფართო წრეში ხდება, რათა საზოგადოების რეაქციაზე დაკვირვება მოხდეს. პირველად ყალბი ახალი ამბავი სეპარატისტულმა წყაროებმა გაავრცელეს, შემდგომ კი იმ რუსულენოვანმა წყაროებმა, რომლებსაც გაცილებით ფართო აუდიტორია ჰყავთ და ლიტვაში მოქმედმა პრორუსულმა საინფორმაციო არხებმა. ყალბი ახალი ამბის გავრცელების მიზანი იმ ადამიანების გააქტიურება იყო,  რომლებიც  ლიტვაში ნატოს ყოფნით არ არიან დაინტერესებულნი.

ლიტვისა და უკრაინის სამხედრო თანამშრომლობა

ლიტვის თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, ლიტვა მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და უზრუნველყოფს ყველა სახის შესაძლებელ და კანონიერად დაშვებულ დახმარებას, მათ შორის სამხედრო სფეროში.  აღნიშნული  მოიცავს უკრაინისთვის დახმარების სახით იარაღისა და აღჭურვილობის გადაცემას, ანტი-ტერორისტულ ოპერაციებში დაჭრილი უკრაინელი სამხედროებისთვის დახმარების აღმოჩენას და მოკავშირეებთან ერთად უკრაინას სამხედრო ძალების რეფორმირებასა და წვრთნაში წვლილის შეტანას. 2017 წლის 1 ივლისს, უკრაინაში 40 ლიტველი ინსტრუქტორის შემადგენლობით სამხედრო-საწვრთნელი მისია დაფუძნდა. როგორც ლიტვის თავდაცვის სამინისტრო  აღნიშნავს,  უკრაინასთან თანამშრომლობა ლიტვის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ნატო, უკრაინა
წყარო

წყარო

საქა
საქართველო და მსოფლიო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist