27 მაისს პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიებმა TV Imedi, POSTV – ანალიტიკა, Newshub.ge – ნიუსჰაბი და ფეისბუკ ანგარიშმა (1) საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე ციტატა გაავრცელეს. გავრცელებულ ქარდებზე შემდეგი ტექსტი გვხვდება: “ზოგიერთმა წევრმა ქვეყანამ მიიჩნია, რომ ეს [გამჭვირვალობის ქართული კანონი] არც თუ ისე მნიშვნელოვანია, არც თუ ისე სამწუხაროა.”
TV Imedi-ს პოსტის კომენტარებში სტატიის ბმული აქვს მითითებული.
პროსახელისუფლებო მედიებმა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადება არასრულად გაავრცელეს და ციტატის მხოლოდ ის მცირე ნაწილი შეარჩიეს, საიდანაც განცხადების შინაარსზე იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ევროკავშირისთვის კანონის თემა უმნიშვნელოა. რეალურად, ბორელის განცხადებით, სხვა წევრმა ქვეყნებმა სწორად მიიჩნიეს, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანონებსა და ღირებულებებს. მისი თქმით, შესაბამის რეაგირებაზე განხილვა დაწყებულია და გადაწყვეტილება ივნისში იქნება.
27 მაისს ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი ხელმძღვანელობდა. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრაზე საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შესახებაც ისაუბრეს. შეხვედრის შემდეგ ბორელმა მიმოიხილა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის მნიშვნელოვანი ასპექტები და განაცხადა, რომ “დაიწყეს კანონის ამოქმედების შემთხვევაში ევროკავშირის ყველაზე შესაფერისი რეაგირების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება ივნისში მომდევნო საგარეო საქმეთა მინისტერიალისთვის. ბორელმა მანამდე აღნიშნა, რომ საქართველოში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის” გარშემო აზრთა მიმოცვლის დროს ზოგიერთმა წევრმა ქვეყანამ მიიჩნია, რომ ეს არც ისე საშიში და არც ისე მნიშვნელოვანი, სხვებმა კი სწორადაც მიიჩნიეს, რომ ეს კანონი ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს ეწინააღმდეგება. ბორელის თქმით, მინისტერიალზე შეხვედრის დროს ნახსენები იყო ვენეციის კომისიის დასკვნა და სწორედ ვენეციის კომისიის დასკვნის თანახმად, ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას, გააუქმონ ეს კანონი. ამის შემდეგ ბორელმა განაცხადა, რომ ისურვებდა ევროკავშირის წევრი ქვეყნები ყოველთვის იყვნენ მზად, მიიღონ გადაწყვეტილებები ნებისმიერ შემთხვევაში, როცა იარსებებს რაღაც, რაც არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს, არ აკმაყოფილებს საერთაშორისო კანონმდებლობას, არ მიჰყვება ევროპულ გზას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში.
ჯოზეფ ბორელი: ჩვენ გვქონდა აზრთა მიმოცვლა საქართველოში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის” გარშემო განვითარებულ მოვლენების შესახებ. ზოგიერთმა წევრმა ქვეყანამ მიიჩნია, რომ ეს არც ისე საშიში და არც ისე მნიშვნელოვანი იყო, სხვებმა კი სწორადაც მიიჩნიეს, რომ ეს კანონი ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს ეწინააღმდეგება.”
გარდა ამისა, ბორელმა დასკვნის სახით აღნიშნა, რომ რომ შეხვედრაზე ისაუბრეს ოქტომბრის არჩევნებზე და რომ მომავალ არჩევნებზე ქართველ ხალხს მოუწევს ხმა მისცეს თავისი ქვეყნის ტრაექტორიას და მთავრობის ქმედებებმა შესაძლოა, საბოლოოდ იქონიოს გავლენა იმ ბენეფიტებზე, რომელსაც ევროკავშირში ინტეგრაციის შედეგად მიიღებენ, მაგრამ გადაწყვეტილება არ არის მიღებული.
აღსანიშნავია, რომ სახელისუფლებო მედიებს ფეისბუქ პოსტების აღწერაში მითითებული არ აქვთ სტატიის ბმული, სადაც ბორელის სრული განცხადების წაკითხვაა შესაძლებელი. “იმედი” კი სტატიის ბმულს კომენტარებში ურთავს. ფეისბუქ პოსტებში საინფორმაციო ბარათებზე დატანილი ციტატა პროპაგანდის მეთოდს ე.წ. “კარტების დაწყობას” წარმოადგენს, რა დროსაც ინფორმაცია ნაწილობრივ მართალია, თუმცა ფაქტების შერჩევითი მიწოდება ან არსებითი ფაქტების გამოტოვება ხდება.
რა სახის რეაგირება განიხილება ევროკავშირში?
27 მაისს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებმა განიხილეს ზომები იმ შემთხვევითვის, თუ საქართველოში მიიღებდნენ კანონს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”. 9 მაისს “რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის გავრცელებული განცხადების თანახმად, საქართველოსთვის “სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შეჩერება არ არის გამორიცხული და ამასთანავე, ყველანაირი ზომის მიღება განიხილება.
პრაღაში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე კანონპროექტი დასავლეთის ქვეყნებმა და უფლებადამცველმა ჯგუფებმა მწვავედ გააკრიტიკეს იმის გამო, რომ ის ქმნის ჩარჩოს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წინააღმდეგ. კანონპროექტის მიღების შემდეგ, ევროკომისიას დაევალება შეიქმნას სანქციების პაკეტი, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ქვეყანაში ევროკავშირის ფულის შემცირება, ქართველი პოლიტიკოსებისთვის სანქციების დაწესება, ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერება და ვიზალიბერალიზაციის გაუქმება. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ერთსულოვნება არ იქნება საჭირო ევროკავშირის ბიუჯეტიდან საქართველოსთვის თანხების შემცირებისა და ვიზალიბერალიზაციის გაუქმების შემთხვევაში, თუმცა საქართველო იღებს დაახლოებით 85 მილიონი ევროს ოდენობის გრანტებს, რომელთა ნაწილს სახელმწიფო, ნაწილს კი ქვეყანაში არსებული ორგანიზაციები იღებენ, რომლებიც სამოქალაქო სექტორის მხარდაჭერას ემსახურებიან. ასევე, აღსანიშნავია, რომ ევროკავშირში ფრთხილად ეკიდებიან უვიზო რეჟიმის საკითხს, რადგან ფიქრობენ, რომ მასშტაბური აქციების შემდეგ, როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება, ვიზალიბერალიზაციის გაუქმება და სამიზნედ მოსახლეობის შერჩევა არასამართლიანი იქნება.
რაც შეეხება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს, კანონის მესამე მოსმენის შემდეგ, ევროკავშირმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ამ კანონის მიღება უარყოფითად აისახება საქართველოს პროგრესზე ევროკავშირის გზაზე.
ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყანა საქართველოსთვის შემაკავებელი ზომების განხილვისა და სანქციების დაწესების ინიციატივით გამოვიდნენ. ამასთანავე, საქართველოში ესტონეთის და გერმანიის ელჩებმა პირდაპირ განაცხადეს, რომ მხარს არ დაუჭერენ ევროკავშირში გაწევრებაზე საქართველოს მოლაპარაკებების დაწყებას.
შემაკავებელი ზომების ვარიანტები საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შეჩერებას, სანქციებსა და ევროკავშირის სახსრების შეზღუდვას მოიცავს. ამის შესახებ ინფორმაცია 22 მაისს The Financial Times-მა გაავრცელა. გამოცემასთან ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ევროპული დედაქალაქები საქართველოს მთავრობაზე ზეწოლის განსხვავებულ ზომებს განიხილავენ და იმ შემთხვევაში, თუ კანონს მიიღებენ, კომისია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხებზე მოლაპარაკების დაწყების რეკომენდაციას არ გასცემს და განუსაზღვრელი ვადით გადაწევს.