ფეისბუქზე გავრცელებული ვიდეო 2020 წელს აშშ-ის არჩევნების გაყალბების ფაქტს არ ასახავს  

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

აშშ-ის არჩევნები
59
VIEWS

5 ივლისს დეზინფორმაციის სისტემატურად გამავრცელებელმა ფეისბუქ-მომხმარებელმა, ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა საკუთარ ანგარიშზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც, მისი მტკიცებით, 2020 წელს აშშ-ის არჩევნების გაყალბების ფაქტს ასახავს. ზაქარეიშვილი ამტკიცებს, რომ წყლის გაყვანილობის დაზიანების გამო საარჩევნო ოლქის შენობაში ევაკუაცია გამოაცხადეს, შემდეგ კი მაგიდების ქვემოდან წინასწარ გამზადებული ბიულეტენის დასტები გამოიტანეს და ბაიდენის სასარგებლოდ საარჩევნო ყუთში ჩაყარეს. 

აშშ-ის არჩევნები

ირაკლი ზაქარეიშვილი დეზინფორმაციას ავრცელებს, მის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო 2020 წელს აშშ-ის არჩევნების გაყალბებას არ ასახავს. ვიდეო და მტკიცება ერთმანეთთან არ არის დაკავშირებული. რეალურად, წყლის გაჟონვის ინციდენტი არჩევნების დღეს, 3 ნოემბერს, დილის 6 საათზე მოხდა. ვიდეოში კი, რომელიც ღამით არის გადაღებული, ჩანს, რომ საარჩევნო პერსონალი სტანდარტულ პროცედურებს ასრულებს. ნაჩვენები ბიულეტენები ლეგიტიმური იყო

წყლის გაჟონვა Farm Arena-ში

2020 წლის 3 ნოემბრის არჩევნების დღეს ატლანტაში, Farm Arena-ში წყალმა, ხმის მიცემის დაწყებამდე გაჟონა.  მომხდარს თავიდან წყლის მილის დაზიანებას მიაწერდნენ, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ წყლის გაჟონვა გაუმართავმა პისუარმა გამოიწვია. პრობლემა მალე მოგვარდა და მხოლოდ დაუსწრებელი ხმის მიცემის ბიულეტენების დამუშავების პროცესი შეაფერხა. დაუსწრებელ ბიულეტენებს იყენებენ ამომრჩევლები, რომლებსაც არჩევნების დღეს ადგილზე არ შეუძლიათ ხმის მიცემა. ისინი წინასწარ ითხოვენ ამ ბიულეტენებს, როგორც წესი, ფოსტით და შემდეგ მათ განსაზღვრულ ვადაში აბრუნებენ. ეს მათ საშუალებას აძლევს მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში მაშინაც კი, თუ ისინი ფიზიკურად არ იმყოფებიან კენჭისყრის ადგილზე. წყლის გაჟონვას, რომელიც დაახლოებით დილის 6 საათზე მოხდა, ბიულეტენების ან რაიმე სახის აღჭურვილობის დაზიანება არ გამოუწვევია

თუმცა, ირაკლი ზაქარეიშვილის მიერ გავრცელებულ ვიდეოს 3 ნოემბრის დილით Farm Arena-ში მომხდარ ინციდენტთან კავშირი არ აქვს. ვიდეო საათების შემდეგ, ღამით არის გადაღებული. არჩევნების გაყალბება არც წყლის გაჟონვასა და არც ვიდეოში ასახულ მოვლენებს, რომელიც სტანდარტულ პროცედურებს წარმოადგენს, არ მოჰყოლია. 

რას ასახავს ვიდეო? 

ვიდეო კადრები, სადაც ჩანს, რომ პერსონალს მაგიდებიდან ყუთები ამოაქვთ, აშშ-ში ფართოდ გავრცელდა და განხილვის საგნად იქცა. მათ შორის, ვიდეო ტრამპის ადვოკატმა რუდი ჯულიანმა და მისმა გუნდმა 3 დეკემბერს ჯორჯიის შტატის კანონმდებლებთან მოსმენის დროს წარმადგინეს, როგორც უკანონო საქმიანობის დამადასტურებელი საბუთი.

მტკიცებების მიხედვით, ვიდეოში ჩანს, როგორ გამოაქვთ “ჩემოდნებით” ბიულეტენები და საარჩევნო ყუთში ყრიან. თუმცა, კადრები გამომძიებლებმა მიმოიხილეს და დაადგინეს, რომ აღნიშნული ბიულეტენები არა ჩემოდნებში, არამედ ბიულეტენების სტანდარტულ კონტეინერებში იყო მოთავსებული და ისინი წინასწარ მომზადებული ან გაყალბებული არ ყოფილა. გამოძიებამ დაადასტურა, რომ ბიულეტენები კანონიერად იყო გამოყენებული, ვიდეოში დაფიქსირებული პროცესი კი  ჩვეულებრივ საარჩევნო პროცედურებს შეესაბამებოდა. ტრამპის კამპანიის მიერ გავრცელებული კადრები შერჩევითად იყო წარდგენილი, სრული ვიდეო კი გვიჩვენებდა, რომ სავარაუდო „ჩემოდანი“ სინამდვილეში იყო სტანდარტული კონტეინერები, რომლებიც ბიულეტენების შესანახად გამოიყენებოდა და რომ ბიულეტენები მომზადებული იყო დამკვირვებლების თვალწინ ღამით დასათვლელად.

ფრენსის უოტსონმა, ჯორჯიის სახელმწიფო მდივნის ოფისის მთავარმა გამომძიებელმა, 5 დეკემბერს განაცხადა, რომ არ არსებობდა საიდუმლო ბიულეტენები, რომლებიც უცნობი ადგილიდან იყო შემოტანილი და დამალული მაგიდების ქვეშ, როგორც ამას ზოგიერთი ამტკიცებდა. ჯორჯიის სახელმწიფო მდივანმა, ბრედ რაფენსპერგერმა და სხვა ოფიციალური პირებმა დამოუკიდებელ დამკვირვებლებთან ერთად განიხილეს ინციდენტი და  უკანონო საქმიანობის ან თაღლითობის დამადასტურებელი მტკიცებულება ვერ აღმოაჩინეს. აღსანიშნავია, რომ ბიულეტენების დათვლის მთელი პროცესი გამჭვირვალე იყო და კანონიერ მითითებებს მიჰყვებოდა.

2020 წლის 3 ნოემბრის გვიან ღამით, ადგილზე მომუშავე პირებმა, რესპუბლიკემა დამკვირვებლებმა და მედიის ნაწილმა საარჩევნო უბნის დატოვება დაიწყო. როგორც ოფიციალური წარმომადგენლები განმარტავენ, ვიდეო აჩვენებს გაურკვევლობას, რომელიც წარმოიშვა მას შემდეგ, რაც ადგილზე მყოფთა ნაწილმა მიიჩნია, რომ ღამით მათი საქმე დასრულდა და უბანი უნდა დაეტოვებინათ. ოფიციალური დირექტივა მათ წასვლის შესახებ არ არსებულა. ადგილზე მომუშავე პირებმა ჩალაგება დაიწყეს, რაც გახსნილი ბიულეტენების ყუთებსა და შემდეგ მაგიდის ქვეშ დალაგებას ითვალისწინებდა. როგორც  ფულტონის ოლქის საარჩევნო კომისიის მაშინდელმა ხელმძღვანელმა, რიჩარდ ბარონმა განმარტა, აღნიშნულის შესახებ 22:30-ზე შეიტყო, შემდეგ კი ზედამხედველს დაუკავშირდა და დაავალა, გუნდს მუშაობა – უკვე გამზადებული ბიულეტენების სკანირება გაეგრძელებინა. შესაბამისად, მათ გამოიღეს იგივე ყუთები – არა ჩემოდნები, არამედ სტანდარტული კონტეინერები და მუშაობა გააგრძელეს. 

ფაქტების გადამოწმების არაერთმა  ორგანიზაციამ, მათ შორის PolitiFact-მა, FactCheck.org-მა და Lead Stories-მა უარყვეს მტკიცება, თითქოს გავრცელებული ვიდეო თაღლითობასა და არჩევნების გაყალბებას ადასტურებს.  AP Fact Check-მა კი გადაამოწმა მტკიცება, თითქოს წყლის გაჟონვა აღნიშნულ ვიდეოსა და არჩევნების გაყალბებასთან არის კავშირში. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist