2 აგვისტოს ფეისბუქ-მომხმარებლებმა ფანტი ნა, გია ბაინდურაშვილი და მამა სპირიდონ ცქიფურიშვილმა გაავრცელეს ფოტო, რომელზეც ქალის თეთრეულში ჩაცმული პირი ჩანს და ამტკიცებდნენ, რომ კადრი პარიზის ოლიმპიადას ასახავს. ფოტოზე დატანილი ინფორმაციის მიხედვით, მოცურავე ქალთა შორის 100 მეტრის ბატერფლაის სტილით ცურვაში იღებდა მონაწილეობას. კომენტერებში მომხმარებლები რეალურად აღიქვამენ ინფორმაციას, რომ ოლიმპიდაზე ქალებს შორის ბიოლოგიურად კაცი ასპარეზობს, ხოლო “ფანტი ნა” ამტკიცებს, რომ ფოტო დამუშავებული არ არის.
ფოტო რუსულენოვან ფეისბუქ-ჯგუფშიც გავრცელდა.
ფეისბუქზე პარიზის ოლიმპიადასთან დაკავშირებით ფოტოფაბრიკაცია ვრცელდება. რეალურად, ოლიმპიადაზე ქალთა შორის ცურვაში არც ფოტოზე გამოსახული პირი და არც სხვა ბიოლოგიურად კაცი სპორტსმენი არ მონაწილეობს. გავრცელებული ფოტო ოლიმპიადისა და მედიების საიტებზე არ იძებნება. ამასთანავე, ფოტოში არაერთი ხარვეზია, რაც ადასტურებს, რომ ის ფოტოფაბრიკაციაა და ოლიმპიადაზე არ არის გადაღებული.
ფოტოზე დატანილი წარწერის მიხედვით, ბიოლოგიურად კაცმა მოცურავემ მონაწილეობა მიიღო ქალებს შორის 100 მეტრის ბატერფლაის სტილით გაცურვაში, თუმცა ოფიციალურ ოქმში მონაწილეებს შორის მსგავსი ან განსხვავებული გარეგნობის ბიოლოგიურად კაცი სპორტსმენი არ ფიგურირებს. აღსანიშნავია ისიც, რომ პარიზში მიმდინარე ოლიმპიადაზე რამდენიმე ტრანსგენდერი სპორტსმენი მონაწილეობს, თუმცა ყველა მათგანი ბიოლოგიურად ქალია და ახლაც ქალთა შორის ასპარეზობენ. მათ შორის არიან: ფილიპინელი მოკრივე, კანადელი ფეხბურთელი და ამერიკელი მორბენალი, რომლებიც თავს კაცად ან არაბინარულად აიდენტიფიცირებენ, თუმცა ჰორმონალური თერაპია ამ დრომდე არ გაუვლიათ. მოცურავეებს შორის ტრანსგენდერი სპორტსმენი არ ფიგურირებს.
გავრცელებული ფოტო და ინფორმაცია არ იძებნება ოლიმპიადისა და საერთაშორისო მედიების სპორტული განყოფილებების (1;2;3) ოფიციალურ ვებ-საიტებზე. ფოტოს ძიების პროცესში დადგინდა, რომ ის მხოლოდ სოციალურ ქსელებში (1;2;3), ფორუმებსა და ქლიქბეით საიტებზე ვრცელდება. ქართულენოვანი ფეისბუქ-მომხმარებლების მიერ გამოქვეყნებულ სქრინშოტზე ჩანს ფეისბუქ-გვერდი, რომელმაც აღნიშნული ფოტო 2 აგვისტოს გაავრცელა. გვერდი ოლიმპიადის შესახებ ფოტოფაბრიკაციებსა და ხელოვნური ინტელექტით შექმნილ ფოტოებს სისტემატურად ავრცელებს. აღსანიშავია ისიც, რომ ამ ფოტოს გამოყენებით გავრცელებული პოსტების აღწერა ხშირ შემთხვევაში არ ემთხვევა ერთმანეთს და ზოგი ფოტოზე ნაჩვენებ პირს ქალთა ცურვის თავისუფალი სტილის ჩემპიონად მოიხსენიებს, ზოგი კი წყალში ხტომის ოქროს მედალოსნად.
ფოტოზე დაკვირვებისას შეიმჩნევა რამდენიმე ხარვეზი, რომელიც მიანიშნებს, რომ ფოტო პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ვერ იქნება გადაღებული. ქალის თეთრეულში ჩაცმული პირის გვერდით არსებულ სადგომზე აწერია სიტყვა PARIS, თუმცა, მასპინძელი ქალაქის სახელს უნდა მოჰყვებოდეს ტურნირის ჩატარების წელიც და ის ოფიციალურადაც მოიხსენიება, როგორც PARIS 2024. გარდა ამისა, ფოტოფაბრიკაციაში კონსტრუქცია, რომლიდანაც მოცურავეები წყალში ხტებიან, ოლიმპიადაზე არსებულისგან მკვეთრად განსხვავდება.
მეორე დეტალი, რომელიც მიანიშნებს გავრცელებული ფოტოს არაავთენტურობაზე, სადგამის ბოლოზე დატანებული ოლიმპიადის ლოგოა, რომელზეც 5-ის ნაცვლად, მინიმუმ 6 რგოლი ჩანს, რაც ოლიმპიადის ნამდვილი ლოგოსგან განსხვავდება.
აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელებში მსგავსი ფოტოები მას შემდეგ ქვეყნდება, რაც კრივში ქალთა შორის მოასპარეზე იმანე ხელიფზე არაერთი შეცდომაში შემყვანი მტკიცება გავრცელდა. იტალიელ სპორტსმენთან მოგების შემდეგ ხელიფს ტრანსგენდერად მოიხსენიებდნენ და ბრალს არათანაბარი პირობების გამო გამარჯვებაში სდებდნენ.
2024 წლის ოლიმპიადის დაწყების შემდეგ “მითების დეტექტორმა” არაერთი ყალბი მტკიცება, ვიზუალური მანიპულაცია შეცდომაში შემყვანი პოსტი და კონსპირაცია გადაამოწმა.
წყაროს შესახებ:
ფეისბუქ-ანგარიშს “ფანტი ნა“, თავის სხვა ანგარიშებთან ერთად (1,2) დეზინფორმაციული პოსტები წარსულში არაერთხელ აქვს გავრცელებული. “მითების დეტექტორმა” მომხმარებლის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია მრავალჯერ გადაამოწმა.
“მითების დეტექტორს” დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია არაერთხელ აქვს გადამოწმებული. ყალბ ინფორმაციად აქვს მონიშნული მის ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებული პოსტებიც.
ფეისბუქ-მომხმარებელი გია ბაინდურაშვილი სისტემატურად ავრცელებს ანტიდასავლური და ჰომოფობიური შინაარსის მასალას. მას ყალბი ინფორმაცია წარსულში არაერთხელ აქვს გამოქვეყნებული.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.