გატეხეს თუ არა რუსმა ჰაკერებმა Anonymous-ის ოფიციალური ვებ-გვერდი?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

521
VIEWS

2 მარტს ფეისბუქ მომხმარებელმა ბექა ვარდოსანიძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსი ჰაკერების ჯგუფმა Killnet ჰაკერული ჯგუფის Anonymous-ის სერვერები გათიშა და მომხმარებლები მათ ოფიციალურ საიტზე, anonymoushackers.net ვეღარ შედიან. ვარდოსანიძე წყაროდ ბრიტანული გამოცემა Metros მიერ გამოქვეყნებულ სტატიას ეყრდნობა, სადაც იდენტური შინაარსის ინფორმაციაა მოცემული.

მტკიცება, რომ რუსულმა ჰაკერულმა ჯგუფმა Killnet-მა Anonymous-ის ვებ-გვერდი დაჰაკა, სიმართლეს არ შეესაბამება, რამდენადაც Anonymous-ს ოფიციალური ვებ-გვერდი არ გააჩნია.

ჰაკერული ჯგუფი Anonymous, რომელმაც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 25 თებერვალს, რუსეთს კიბერ-ომი გამოუცხადა, ჰაკერების დეცენტრალიზებული ქსელია, რომელმაც ე.წ. ჰაკტივიზმი 2008 წელს საიენტოლოგიურ ეკლესიაზე კიბერ-თავდასხმით დაიწყო.

ჰაკერულ ჯგუფ Anonymous-ს ოფიციალური ვებ-გვერდი არ აქვს. არსებობს მათი ვერიფიცირებული არხი YouTube-ზე – Anonymous Official და ვერიფიცირებული ანგარიში ფეისბუქზე Anonymous. ასევე არსებობს რამდენიმე ანგარიში Twitter-ზე, რომლებსაც მსგავს ანგარიშებს შორის ყველაზე მეტი გამომწერი ჰყავთ და მათ ხშირად ციტირებენ მედიები. ეს ანგარიშებია @YourAnonNews და @YourAnonOne. ამ ანგარიშებს რუსული ჰაკერული ჯგუფის მხრიდან თავდასხმის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.

რაც შეეხება ვებ-გვერდს anonymoushackers.net, რომელიც ბექა ვარდოსანიძის პოსტში არის ნახსენები, ის შეფერხებით ნამდვილად მუშაობს. საიტი 2016 წელს შეიქმნა და მისი დაკავშირება Anonymous-თან რთულია, რამდენადაც მას სხვა ვერიფიცირებული ანგარიშები  არ უკავშირდება. ამ ვებ-გვერდზე მითითებული Twitter-ის და Facebook-ის ანგარიშები Anonymous-ის ვერიფიცირებული და მასთან დაკავშირებული ანგარიშებისაგან განსხვავდება. ვებ-გვერდზე მითითებული YouTube-ის არხი ვერიფიცირებული არ არის, ხოლო Twitter-ის მითითებულ ანგარიშს მხოლოდ 1 451 გამომწერი ჰყავს, როდესაც, მაგალითისათვის @YourAnonNews-ს 7.7 მილიონი გამომწერი ჰყავს.

რაც შეეხება რუსი ჰაკერები ჯგუფ Killnet-ს, მასზე ღია წყაროებში მწირი ინფორმაციაა. არსებობს რამდენიმე ტელეგრამ არხი, რომელთა სახელმწოდებაში Killnet ფიგურირებს: KILLNET BOTNET DDOS, KiLLNeT, KillNet, KillNet Hack.

მათგან ყველაზე ძველი KILLNET BOTNET DDOS 2022 წლის 23 იანვარსაა შექმნილი, პირველი პოსტი კი 24 იანვარს აქვს გამოქვეყნებული. არხი გამომწერებს ფასიან ჰაკერულ მომსახურებას სთავაზობდა. Killnet-ის მიმართვის შემცველი ვიდეო, რომელშიც Anonymous-ზე თავდასხმის შესახებ არის საუბარი, ამ არხში პირველ მარტს გამოქვეყნდა და ის კიდევ ერთი ტელეგრამ არხიდან CYBER WAR – Кибер Война არის გადმოგზავნილი, რომელიც, თავის მხრივ, მიმდინარე წლის 27 თებერვალს არის შექმნილი.

რაც შეეხება ბექა ვარდოსანიძის პოსტის წყაროს, ბრიტანულ გამოცემა Metro.co.uk-ს, mediabiasfactcheck.com-ს ფაქტებზე დამყარებული გაშუქების კუთხით მისთვის შეფასება “შერეული” აქვს მინიჭებული, რის მიზეზადაც მათ მიერ პერიოდულად მცდარი ინფორმაციის გამოქვეყნება და დაშვებული შეცდომის არ-ჩასწორება, ასევე ბევრი სენსაციური სათაურის და მასალის გამოქვეყნება არის დასახელებული. 

რუსი ჰაკერების მიერ Anonymous-ის ოფიციალური ვებ-გვერდის გატეხვის შესახებ დეზინფორმაცია რუსულმა გამოცემებმაც გაავრცელეს, მათ შორის იყვნენ РИА Новости და  ixbt.com, ასევე რუსულენოვანი ფეიბუქ გვერდები Российский союз инженеров და Русская армия – Russian army.

ჯგუფ Anonymous-ის შესახებ სოციალურ ქსელში დეზინფორმაცია წარსულშიც გავრცელებულა. ამის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ “მითების დეტექტორის” მასალაში:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

 

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist