3 ნოემბერს ფეისბუქ-მომხმარებელმა მალხაზ ხაბაზმა გამოაქვეყნა პოსტი, რომლის მიხედვით, სევასტოპოლზე დრონებით თავდასხმისთვის უკრაინამ ხორბლის გადატანისთვის შეთანხმებული ჰუმანიტარული დერეფანი გამოიყენა და სწორედ ამიტომ რუსეთმა უკრაინიდან ხორბლის ექსპორტთან დაკავშირებული შეთანხმება დატოვა. პოსტს თან ერთვის რუსი ვლოგერის Саня во Флориде-ს ვიდეოს სქრინშოთი. ინფორმაციას, რომ სევასტოპოლზე დროებით თავდასხმისთვის უკრაინამ ჰუმანიტარული დერეფანი გამოიყენა, რუსი ბლოგერიც აჟღერებს.
ჰუმანიტარული დერეფნის სევასტოპოლზე თავდასხმისთვის გამოყენებაში უკრაინა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 30 ოქტომბერს დაადანაშაულა. იგივე ბრალდებები გაეროში რუსეთის ელჩმა, ვასილი ნებენზიამაც გააჟღერა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე და ნებეზნიაზე დაყრდნობით ინფორმაცია სხვადასხვა რუსულმა მედიამ, მათ შორის რუსეთის პირველმა არხმა, Известия-მ და ЗВЕЗДА-მ გაავრცელა. რუსულ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაცია რუსულენოვანმა ფეისბუქ-ანგარიშებმაც გააზიარეს (1,2,3).
მტკიცება, რომ უკრაინამ სევასტოპოლზე დრონებით თავდასხმისთვის ხორბლის ექსპორტისთვის შეთანხმებული ჰუმანიტარული დერეფანი გამოიყენა, დეზინფორმაციაა. გაეროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ 29 ოქტომბრის ღამეს, თავდასხმის დროს ჰუმანიტარულ დერეფანში არც ერთი ხომალდი არ იმყოფებოდა. რუსეთი უკრაინას ჰუმანიტარული დერეფნის თავდასხმისთვის გამოყენებაში მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე ადანაშაულებს.
სევასტოპოლის პორტზე თავდასხმა 29 ოქტომბერს მოხდა. უკრაინულ მხარეს მომხდარზე პასუხისმგებლობა არ აუღია, თუმცა თავდასხმასთან კავშირი ცალსახად არ უარყო. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინა თავდასხმისთვის ხორბლის ექსპორტისთვის შეთანხმებული ჰუმანიტარული დერეფნის გამოყენებაში დაადანაშაულა და შეთანხმებიდან გავიდა.
რუსული მხარის განცხადებით, თავდასხმის შემდეგ ერთ-ერთი დრონის კანადური წარმოების სანავიგაციო მოდული მოიპოვეს, ამ მოდულიდან მიღებული მონაცემები კი ადასტურებს, რომ დრონების გაშვება ოდესის მახლობლად, სანაპიროდან მოხდა, თუმცა, როგორც გამოცემა CNN აღნიშნავს, უწყებას შესაბამისი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. აღსანიშნავია ისიც, რომ თავდასხმის შემდეგ რუსეთმა დიდი ბრიტანეთი უკრაინელი სამხედროებისთვის სევასტოპოლზე დრონებით თავდასხმისთვის მომზადებაში დაადანაშაულა, რაც დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ მალევე უარყო. “ეს გამოგონილი ამბავი რუსეთის ხელისუფლების შიგნით არსებულ არგუმენტებზე უფრო მეტს მეტყველებს, ვიდრე დასავლეთზე” – ნათქვამია განცხადებაში. 30 ოქტომბერს უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა თავდასხმისთვის ჰუმანიტარული დერეფნის გამოყენება ცალსახად უარყო და აღნიშნა, რომ იმ ხომალდებს, რომელსაც უკრაინაში ხორბალი გადააქვთ, მიმდინარე პროცესებთან და ოკუპაციასთან კავშირი არ აქვთ.
ჰუმანიტარული დერეფნის გამოყენებით ხორბლის გადატანის პროცესზე დაკვირვებაში გაერო უშუალოდ არის ჩართული. 31 ოქტომბერს გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ ჰუმანიტარულ საკითხებში და გადაუდებელი დახმარების კოორდინატორმა, მარტინ გრიფიტსმა, გაეროს უშიშროების საბჭოზე, რუსეთის ბრალდებების საპასუხოდ განაცხადა, რომ 29 ოქტომბრის ღამეს, იმ დროს, როცა რუსული მხარის თანახმად სევასტოპოლზე თავდასხმა მოხდა, ჰუმანიტარულ დერეფანში არც ერთი გემი არ იმყოფებოდა. შესაბამისად დრონების გაშვება ჰუმანიტარული დერეფნიდან ვერ მოხდებოდა.
22 ივლისს გაეროსა და თურქეთის შუამავლობით უკრაინამ და რუსეთმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებში უკრაინის სამ პორტსა და თურქეთის ტერიტორიულ წყლებს შორის უსაფრთხო საზღვაო დერეფანი შეთანხმდა. ხელშეკრულების შესრულების გასაკონტროლებლად სტამბულში გაერთიანებული საკოორდინაციო ცენტრი (JCC) ჩამოყალიბდა, რომელიც, თავის მხრივ, 8 ინსპექტორისგან შემდგარ 4 ჯგუფს აერთიანებს. თითოეულ ჯგუფში რუსეთს, უკრაინას, თურქეთსა და გაეროს 2-2 ინსპექტორი წარმოადგენს. სადამკვირვებლო ჯგუფები თურქეთის საზღვაო წყლებში უკრაინიდან დერეფნის გამოყენებით მომავალ ყველა გემს ამოწმებენ. ინსპექცია უტარდებათ ცარიელ ხომალდებსაც, რომლებიც უკრაინაში ბრუნდებიან, რათა გემებით უკრაინაში იარაღის ან არაავტორიზებული საქონლის გადატანა და ადამიანების უკანონოდ გადაყვანა არ მოხდეს. 2 ნოემბერს, ხელშეკრულების დატოვებიდან 4 დღის შემდეგ, რუსეთი შეთანხმებას დაუბრუნდა.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.