გახდა თუ არა ინცესტი სქიზმის მიზეზი და კრიმინალიზებულია თუ არა ინცესტი რუსეთში?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

2.4k
VIEWS

26 მაისს კრემლისტური გამოცემის “საქართველო და მსოფლიოს” ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა დავით მხეიძის სტატია, რომელიც მეტწილად აშშ-სა და რუსეთის დაპირისპირებასა და რუსეთისადმი ლოიალური დამოკიდებულების გამოხატვას შეეხება. სტატიაში ასევე საუბარია 1054 წლის დიდ სქიზმაზეც. ავტორის მტკიცებით, კათოლიკეებსა და მართლმადიდებლებს შორის უთანხმოების ერთ-ერთი მიზეზი კათოლიკეთა მოძღვრებაში ნათესავებს შორის დაშვებული ქორწინებაც იყო, რასაც მართლმადიდებლები არ ეთანხმებოდნენ.

 

დავით მხეიძე: “სავარაუდოა, რომ ერთ–ერთი საკითხი უთანხმოებისა კათოლიკეებისა და მართლმადიდებლების განსხვავებული თვალსაზრისი შეიძლება ყოფილიყო ქორწინებაზე _ კათოლიკეთა მოძღვრების მიხედვით, ქორწინება სისხლისმიერ ნათესავებს (ბიძაშვილ–მამიდაშვილ–დეიდაშვილებს) შორის დაშვებული იყო, რაც მართლმადიდებლებისთვის მიუღებელი გახლდათ, რადგან სისხლის აღრევად მიიჩნეოდა. დღევანდელ მსოფლიოს, სამწუხაროდ, პოლიტიკურ–ეკონომიკურად სწორედ ე.წ. სისხლაღრეულები მართავენ და იქნებ ამანაც მიიყვანა კაცობრიობა ლგბტ–გარყვნილებამდე.”

დავით მხეიძე ასევე ამტკიცებს, რომ ინცესტი დასავლეთში აღარავის უკვირს და ზოგიერთ “სუპერდემოკრატიულ” ქვეყანაში კანონითაც დაშვებულია.

დავით მხეიძე: დღევანდელ მსოფლიოს, სამწუხაროდ, პოლიტიკურ–ეკონომიკურად სწორედ ე.წ. სისხლაღრეულები მართავენ და იქნებ ამანაც მიიყვანა კაცობრიობა ლგბტ–გარყვნილებამდე. არაფერს ვიტყვი ე.წ. ინცესტზე – და-ძმებს, მშობელებსა და შვილებს შორის სექსუალურ ურთიერთობებზე, რომელიც “განათლებულ” დასავლეთში აღარავის უკვირს, ხოლო ზოგიერთ “სუპერდემოკრატიულ” ქვეყანაში კანონმდებლობითაც დაშვებულია.

29 მაისს დავით მხეიძის სტატია კრემლთან დაკავშირებულმა კიდევ ერთმა გამოცემამ, ნიუს-ფრონტმა გამოაქვეყნა.

მტკიცება, რომ დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის მომხდარი სქიზმის მიზეზი რომის ეკლესიის მიერ სისხლისმიერ ნათესავებს შორის ქორწინების დაშვება იყო საფუძველს მოკლებულია. რომის კათოლიკე ეკლესია აქტიურად იბრძოდა ინცესტისა თუ სისხლით ნათესავებს შორის ქორწინების წინააღმდეგ. სქიზმას არაერთი გამომწვევი მიზეზი ჰქონდა, მათ შორის თეოლოგიური, პოლიტიკური და ისტორიული, თუმცა სისხლით ნათესავებს შორის ქორწინების თემა მათ შორის არ ყოფილა. ასევე მცდარია მხეიძის მეორე მტკიცება დასავლეთში ინცესტის დაკანონების შესახებ, რადგან ევროპის უმეტეს ქვეყანასა და აშშ-ში ინცესტი კანონით აკრძალულია, ამის პარალელურად რუსეთში სრულწლოვანთა შორის ინცესტი კრიმინალიზებული არ არის.

სქიზმის მიზეზებსა და ინცესტის მიმართ კათოლიკური ეკლესიის დამოკიდებულებაზე “მითების დეტექტორი” თეოლოგ გურამ ლურსმანაშვილის ანალიზს გთავაზობთ:

ინცესტის შემთხვევები ყველა ეპოქასა და ცივილიზაციაში ფიქსირდება, იქნება ეს დასავლეთ ევროპა, აღმოსავლეთ ევროპა, თუ სხვა საზოგადოებები. უფრო მეტიც, მსგავსი შემთხვევები არაერთხელაა აღწერილი ბიბლიის ფურცლებზეც, თუმცა, საქმე იმაშია, რომ რომის კათოლიკე ეკლესია (და ზოგადად, შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპული ცივილიზაცია), საკმაოდ აქტიურად იბრძოდა ინცესტისა თუ სისხლით ნათესავებს შორის ქორწინების წინააღმდეგ, რის დასტურადაც კონკრეტულ ისტორიულ ფაქტებს შემოგთავაზებთ.

  • ირლანდიური წერილობითი ძეგლი Penitential of Cummean (რომელიც 650 წელს ბერ კომინიანუსის მიერ შეიქმნა) ინცესტში მხილებული კაცისთვის სამ წლიან ეპიტიმიას (სასჯელს) და ხანგრძლივ სინანულს განაჩინებს.
  • ლანგობარდების მეფე ლიუტფრანდი (712-744), ქრისტიანულ კანონებს იმოწმებს, რათა რძალთან და ბიძაშვილის ქვრივთან ქორწინება აკრძალოს. იმავე ლანგობარდების მეფე აისტულფმა (749-756) კი განაჩინა, რომ ყოველგვარი უკანონო ქორწინება დაუყოვნებლივ უნდა შეწყვეტილიყო, რაც ინცესტურ კავშირებსაც ეხებოდა.
  • ვესტგუთების კოდექსი (Lex Visigothorum) არაერთ ცნობას გვაძლევს იმის დასტურად, რომ ამ სამართლის მიხედვით, ,,უკანონო ქორწინებები“ არა მხოლოდ უნდა შეწყვეტილიყო, არამედ, მასში ჩართულ პირებს ხანგრძლივი სინანული უნდა დადგენოდათ და მონასტერში გამწესებულიყვნენ.
  • კენტერბერიის მთავარეპისკოპოს თეოდორეს მიერ შექმნილი Paenitentiale Theodori (რომელიც მეშვიდე საუკუნის მიწურულით თარიღდება), ინცესტის ცოდვაში ბრალეულთათვის 15 წლიან სასჯელს განაწესებს. 830 წლით დათრიღებული ე.წ. Roman Penitential გერთან, დედინაცვალთან, ბიძის ქვრივთან ან ცოლის დასთან ქორწინებას კრძალავს. და ა.შ.

იმის დასამოწმებლად, რომ რომის კათოლიკე ეკლესიას არც სქიზმის შემდგომ პერიოდში შეუცვლია საკუთარი აზრი ინცესტთან დაკავშირებით, გთავაზობთ მეთორმეტე საუკუნით დათრიღებულ ე.წ. „Decretum Gratiani-ს,“ რომელშიც ვკითხულობთ:

,,იმის მიუხედავად, რომ სახარებისეულ მცნებათა და მოციქულთა მიხედვით, სისხლით ნათესავებს შორის ქორწინება შეიძლება აკრძალული არ იყოს, ისინი [ამგვარი ქორწინებები] მაინც თავიდან უნდა იქნენ არიდებულნი, რადგან საეკლესიო დოქტრინის მიხედვით დაუშვებლად არიან მიჩნეულნი.“

დავით მხეიძე ამბობს, რომ ,,დღევანდელ მსოფლიოს, სამწუხაროდ, პოლიტიკურ–ეკონომიკურად სწორედ ე.წ. სისხლაღრეულები მართავენ და იქნებ ამანაც მიიყვანა კაცობრიობა ლგბტ–გარყვნილებამდე.“ იმის გარდა, რომ საკითხის ამგვარად დასმა ისტორიულად არასწორია, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს კონკრეტული ბიბლიური ფაქტებიც, რომელთაგანაც ვრწმუნდებით, რომ არაერთხელ, არათუ ბიძაშვილ-მამიდაშვილებს, არამედ უფრო ახლო ნათესავებსაც შორის ყოფილა სქესობრივი ურთიერთობა და ამ ყოველივეს ,,კაცობრიობა ლგბტ-გარყვნილებამდე“ არ მიუყვანია. მაგალითად, დაბადების წიგნში (დაბ. 38.18) ვკითხულობთ, რომ იუდას საკუთარ რძალთან ჰქონდა სქესობრივი ურთიერთობა, ეს იუდა კი მათე მახარებელმა თვით იესო ქრისტეს გენეალოგიაში შეიყვანა- (მთ.1.3); ბიბლიურ ლოტს სქესობრივი ურთიერთობა ჰქონდა თავის ორ გოგონასთან (დაბ.19.37-38), თუმცა, პეტრე მოციქულის მიხედვით, იგი მართალთა რიგებში შეირაცხა (დაბ.19.37-38), და სხვა.

დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის მომხდარ სქიზმას არაერთი მიზეზი ჰქონდა- თეოლოგიური, პოლიტიკური, ისტორიული და ა.შ. სქიზმის განმაპირობებელ ოფიციალურ თუ არაოფიციალურ მიზეზთაგან შეგვიძლია გამოვყოთ:

  • რომსა და კონსტანტინოპოლს შორის არსებული პოლიტიკური დაძაბულობა (რაც, რა თქმა უნდა, საეკლესიო პროცესებზეც აისახებოდა);
  • ფილიოკვეს საკითხი (სულიწმინდა მხოლოდ მამისგან გამოვალს თუ მამისგან და ძისგან?);
  • უფუარი პურით ზიარების საკითხი;
  • პაპის პრიმატი;
  • სასულიერო პირთათვის წვერის წარება-არტარების თემა;
  • იურისდიქციის პრობლემა (თუ ვის ეკუთვნოდა ესა თუ ის ეკლესია-მონასტერი);
  • სასულიერო პირების ქორწინება-უქორწინებლობის ასპექტები;
  • დიდმარხვის პერიოდის შაბათ დღეებში მარხვის თემა;
  • პატრიარქ მიქაელ კერულარიოსისა და კარდინალ ჰუმბერტის (პიროვნებები, რომელთა უშუალო მონაწილეობითაც სქიზმა ,,გაფორმდა) პიროვნული ხასიათი და ა.შ.

თუმცა, ამ მიზეზთა შორის არანაირად არ ყოფილა ,,სისხლით ნათესავებს შორის ქორწინების თემა.“ სქიზმის გამომწვევი მიზეზების დეტალურად გაცნობა შესაძლებელია იოანე სპიტერისის და გრიგორი ლარენძაკისის ნაშრომში “სქიზმა თუ გაუცხოება?”

ევროპის უმეტეს ქვეყანაში ინცესტი დასჯადია, რუსეთში კი არა

საქართველოში ინცესტთან დაკავშირებული დეზინფორმაცია უკვე წლებია ვრცელდება, მისი მიზანი პრორუსული ჯგუფების მხრიდან ანტიდასავლური განწყობების გაღვივებაა.

დავით მხეიძის მტკიცება, თითქოს დასავლეთში ინცესტი მიღებული და კანონიერია, მანიპულაციურია, რადგან ამერიკასა და ევროპის ქვეყნების უმეტესობაში ინცესტი დასჯადია, მათ შორისაა ნორვეგია, შვეიცარია, დანია, შვედეთი, ფინეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, ესტონეთი, ჩეხეთი.

დასავლეთში ინცესტის კანონიერებასთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ხშირად პრორუსული აქტორები ავრცელებენ, ამის პარალელურად რუსეთში ნათესავებს შორის ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირი (ინცესტი) კრიმინალიზებული დღემდე არ არის, თუმცა რუსეთში საოჯახო კოდექსის მიხედვით, ახლო ნათესავებს შორის – მშობლებსა და შვილებს, და-ძმას, ბებია-ბაბუასა და შვილიშვილებს, ასევე ნახევარ და-ძმას და მამინაცვალს/დედინაცვალსა და ნაშვილებ შვილს შორის ქორწინება აკრძალულია.

ამავე თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: რელიგია
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist