გაერო უკრაინის საზღვრებს ცნობს, ЗА ПУТИНА – ЗА РОССИЮ – არა

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

47.2k
VIEWS

26 თებერვალს ფეისბუქ მომხმარებელმა Сергей Тимаков გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინა, როგორც ქვეყანა არ არსებობს. პოსტის მიხედვით, უკრაინას არ აქვს ოფიციალურად აღიარებული საზღვრები და ამის შესახებ გაეროს ყოფილი მდივანი პან გი მუნი ჯერ კიდევ 2014 წელს საუბრობდა. ასევე, ქვეყნის ტერიტორია, დსთ-ს დოკუმენტის მიხედვით, საბჭოთა კავშირის ადმინისტრაციული რეგიონია, ხოლო ბუდაპეშტის მემორანდუმით ქვეყანას საზღვრები საერთოდ არ აქვს. შესაბამისად, პოსტის ავტორი ასკვნის, რომ რუსეთის დადანაშაულება უკრაინის საზღვრების დარღვევაში შეუძლებელია.

ზუსტად იდენტური ტექსტი 27 თებერვალს ფეისბუქ მომხმარებელმა Виктор Бусаргин საჯარო ჯგუფში ЗА ПУТИНА – ЗА РОССИЮ/ გაავრცელა, სადაც პოსტს 200-ზე მეტი გაზიარება და 700-მდე მოწონება აქვს.

Screenshot 8 1 გაერო უკრაინის საზღვრებს ცნობს, ЗА ПУТИНА - ЗА РОССИЮ - არა

პოსტები 4 დეზინფორმაციულ მტკიცებას შეიცავს. რეალურად: 1. პან გი მუნის მსგავსი შინაარსის განცხადების არსებობა ღია წყაროებით არ დასტურდება. 2. უკრაინა გაეროს სრულუფლებიანი წევრია და მისი საზღვრები საერთაშორისოდაა აღიარებული. 3. დსთ-ს დოკუმენტებში უკრაინა საბჭოთა კავშირის ადმინისტრაციულ ერთეულად მოხსენიებული არ არის. 4. უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ბუდაპეშტის მემორანდუმიც ადასტურებს.

1. გაეროს ყოფილი გენერალური მდივნის, პან გი მუნის განცხადება, რომ უკრაინა, როგორც სახელმწიფო არ არსებობს, ღია წყაროებში არ იძებნება

გავრცელებული პოსტის მიხედვით, გაეროს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ უკრაინას საზღვრის რეგისტრაციისთვის  განაცხადი 1991 წლის შემდეგ არ გაუკეთებია და შესაბამისად, უკრაინა, როგორც სახელმწიფო არ არსებობს.

გაეროს გენერალური მდივნის მსგავსი განცხადება ღია წყაროებში არ იძებნება. გაეროს გენერალურ ასამბლეას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი არაერთი რეზოლუცია აქვს მიღებული, მაგალითად 2014 წლის 27 მარტს მიღებული რეზოლუცია, რომელშიც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ უკრაინის ეროვნული ერთობისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მცდელობები დაგმო და მოუწოდა ყველა ქვეყანას, ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის რაიმე ალტერნატიული სტატუსი არ ეღიარებინათ.

უკრაინამ გაეროს წესდების რატიფიცირება ჯერ კიდევ 1945 წელს მოახდინა. საბჭოთა კავშირიდან წესდებას ხელი სამმა სუბიექტმა – უკრაინის სსრ-მ, რუსეთის სსრ-მ და ბელარუსის სსრ-მ მოაწერეს. ხოლო დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, უკრაინას ორგანიზაციაში მუდმივი წარმომადგენელი ჰყავს.

2. მტკიცება, რომ უკრაინის საზღვრები ოფიციალურად დარეგისტრირებული არ არის, მცდარია

რუსულენოვან პოსტებში ნათქვამია, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით, უკრაინას ოფიციალურად აღიარებული საზღვრები უბრალოდ არ აქვს. პოსტების მიხედვით, ამ პრობლემის გადასაწყვეტად აუცილებელია, უკრაინამ მეზობელ ქვეყნებთან საზღვრის დემარკაცია დაასრულოს და მეზობელი ქვეყნებისგან, მათ შორის რუსეთისგან, საერთო საზღვარზე თანხმობა მიიღოს.

“უკრაინას არ დაურეგისტრირებია საკუთარი საზღვრები 25.12.1991-დან. გაეროს არ დაურეგისტრირებია უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს საზღვრები. ამიტომ, შეიძლება მივიჩნიოთ, რომ რუსეთი უკრაინის მიმართ არანაირი უფლების ხელყოფას არ ახორციელებს.” – ნათქვამია პოსტებში.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო საზღვრების რეგისტრაცია გაეროს პასუხისმგებლობა არაა. ამას მეზობელი ქვეყნები ორმხრივი შეთანხმებებით ახორციელებენ. პოსტის ავტორი, სავარაუდოდ, საზღვრების დელიმიტაციაზე საუბრობს, რომელიც საზღვრების შესახებ იურიდიული შეთანხმების გაფორმებას გულისხმობს. უკრაინას საზღვრების შესახებ შეთანხმებები ყველა მეზობელთან აქვს დადებული. საზღვრის შესახებ რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმებას 2003 წლის 28 იანვარს მოაწერეს ხელი, 2004 წლის 20 აპრილს უკრაინის მხარემ აღნიშნული შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.  

ხოლო საზღვრების დემარკაცია მის ფიზიკურ მონიშვნას ნიშნავს, რაც მოსაზღვრე ქვეყნებმა ინდივიდუალურად უნდა განახორციელონ. უკრაინასა და რუსეთს შორის საზღვრების დემარკაცია არ მომხდარა. თუმცა, საზღვრების დემარკაციას არაფერი აქვს საერთო ქვეყნის სუვერენიტეტის აღიარებასთან.

3. მტკიცება, რომ დსთ-ს შეთანხმების მიხედვით, უკრაინის ტერიტორია საბჭოთა კავშირის ადმინისტრაციული რეგიონია, სიმართლეს არ შეესაბამება 

პოსტებში ასევე ნათქვამია, რომ დსთ-ს შეთანხმების მიხედვით, უკრაინის ტერიტორია საბჭოთა კავშირის ადმინისტრაციული რეგიონია.

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა (დსთ) 1991 წლის 8 დეკემბერს შეიქმნა ბელოვეჟის შეთანხმებით და როგორც ორგანიზაციის სახელიდანაც ჩანს, ის დამოუკიდებელ სუბიექტებს აერთიანებს. შეთანხმებას რუსეთის ფედერაციის, ბელარუსის რესპუბლიკისა და უკრაინის მხარეებმა მოაწერეს ხელი და მის ტექსტში ვკითხულობთ: 

“[ხელმომწერი მხარეები] აპირებენ განავითარონ თავიანთი ურთიერთობები სახელმწიფო სუვერენიტეტის, თვითგამორკვევის განუყოფელი უფლების, თანასწორობისა და შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპების, ძალის, ეკონომიკური ან სხვა ზეწოლის მეთოდების გამოყენებაზე უარის თქმის საფუძველზე…”

აღსანიშნავია ისიც, რომ უკრაინა დსთ-ს ვერ შეუერთდებოდა, როგორც ადმინისტრაციული ერთეული, რადგან რამდენიმე თვით ადრე (24 აგვისტოს) ქვეყანას დამოუკიდებლობა უკვე გამოცხადებული ჰქონდა

4. მტკიცება, რომ ბუდაპეშტის მემორანდუმის მიხედვით უკრაინას საზღვრები არ აქვს, მცდარია

გავრცელებული პოსტების  ბოლო ნაწილში აღნიშნულია, რომ ბუდაპეშტის მემორანდუმისა და სხვა შეთანხმებების თანახმად, უკრაინას საზღვრები არ აქვს, უკრაინის სახელმწიფო არ არსებობს და არც არასდროს არსებულა.

ბუდაპეშტის მემორანდუმი უსაფრთხოების გარანტიების შესახებ 1994 წლის 5 დეკემბერს გ ოთხ ქვეყანას – უკრაინას, ამერიკის შეერთებულ შტატებს, რუსეთის ფედერაციასა და დიდ ბრიტანეთს შორის აფორმდა და ის უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ უკრაინის მიერ ბირთვული შეიარაღების დათმობას გულისხმობდა. შეთანხმებაში უკრაინა განხილულია, როგორც სუვერენული სახელმწიფო, მაგალითად მეორე პუნქტში ვკითხულობთ: 

“რუსეთის ფედერაცია, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გართიანებული სამეფო და ამერიკის შეერთებული შტატები ადასტურებენ საკუთარ ვალდებულებას, თავი შეიკავონ მუქარისა დაძალის გამოყენებისგან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ და რომ მათი იარაღი არასდროს იქნება გამოყენებული უკრაინის წინააღმდეგ გარდა თავდაცვისა ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების  თანხმობით”.

შესაბამისად, მტკიცება, რომ შეთანხმების მიხედვით უკრაინას საზღვრები არ აქვს, სიმართლეს არ შეესაბამება.


განახლება: “მითების დეტექტორმა” ფეისბუკზე პოსტის ყალბად მონიშვნის შემდეგ დამატებით 53 ანგარიში გამოავლინა, რომელიც იდენტურ ტექსტს კოორდინირებულად ავრცელებდა და ამტკიცებდა, რომ უკრაინის საზღვრები გაეროში რეგისტრირებული არ არის, შესაბამისად, რუსეთს საერთაშორისო კანონმდებლობა არ დაურღვევია. გამოვლინდა ასევე ამ დეზინფორმაციის პირველწყარო LiveJournal, რომელიც ამ დეზინფორმაციას ჯერ კიდევ 2014 წლის მაისში, ყირიმში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის კონტექსტში ავრცელებდა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist