გადაადგილდა თუ არა თურქეთი მიწისძვრის შემდეგ 3 მეტრით?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

846
VIEWS

10 თებერვალს ფეისბუქ-ანგარიშმა მალხაზ ხაბაზი გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც წერს, რომ თურქეთსა და სირიაში მომხდარ ძლიერ მიწისძვრამდე რამდენიმე დღით ადრე არაბეთის ტექტონიკური ფილა, რომელიც ზოგადად წელიწადში მხოლოდ 2-3 სანტიმეტრით გადაადგილდება, 3 მეტრით გადაადგილდა, რაც საეჭვო გარემოებას ქმნის.

რუსულენოვანი ფეისბუქ-გვერდებისა (1, 2) და ანგარიშების (1, 2, 3, 4)  მიერ გამოქვეყნებული პოსტების მიხედვით, მიწისძვრის შემდეგ თურქეთი 3 მეტრით გადაადგილდა და ანატოლიის ტექტონიკურმა ფილამ სამხრეთ-დასავლეთით გადაიწია. ანგარიშები ამ ინფორმაციას იტალიელ გეოლოგზე კარლო დოლიონიზე დაყრდნობით ავრცელებენ.

Screenshot 2 7 გადაადგილდა თუ არა თურქეთი მიწისძვრის შემდეგ 3 მეტრით?

დეზინფორმაციაა, თითქოს თურქეთსა და სირიაში მომხდარ მიწისძვრებამდე არაბეთის ტექტონიკური ფილა 3 მეტრით გადაადგილდა. მცდარია ინფორმაცია, თითქოს თავად თურქეთის ტერიტორია 3 მეტრით გადაადგილდა. რეალურად ეს გადაადგილება რღვევითი დისლოკაციის (ნასხლეტის) ზონაში მოხდა და ნასხლეტის ხაზის დასრულებასთან ერთად თანდათან მცირდება. ძლიერი მიწისძვრების შემდეგ  აქტიურ ზონაში მსგავსი პროცესი ნორმალურია და სხვა მიწისძვრების დროსაც არის დაფიქსირებული.

მალხაზ ხაბაზის მტკიცება, თითქოს არაბეთის ტექტონიკური ფილა მიწისძვრამდე რამდენიმე დღის განმავლობაში 3 მეტრით გადაადგილდა დეზინფორმაციაა. მსგავსი ცნობა ღია წყაროებსა და მედიაში არ იძებნება. არაბეთის ფილა წელიწადში ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით 1.4-1.8 სანტიმეტრით ნამდვილად გადაადგილდება, რაც რეგიონში მომხდარი მიწისძვრების და სხვა ბუნებრივი კატასტროფების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია.

რაც შეეხება მიწისძვრის შემდეგ თურქეთის 3 მეტრით გადაადგილებას, რუსულენოვან პოსტებში დასახელებულმა იტალიის გეოფიზიკისა და ვულკანონოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის პრეზიდენტმა კარლო დოლიონიმ ამ საკითხზე ნამდვილად ისაუბრა, თუმცა მას არ უთქვამს რომ თურქეთის მთელი ტერიტორია ან ანატოლიის ტექტონიკური ფილა 3 მეტრით გადაადგილდა. რეალურად,  დოლიონი რღვევითი დისლოკაციის (ნასხლეტის/Fault) ზონაში მომხდარ ცვლილებაზე საუბრობდა. თურქულენოვან ფაქტების გადამოწმების პლატფორმა Teyit-თან საუბრისას, მან დააზუსტა, რომ ნასხლეტის 3 მეტრით გადაადგილება მთლიანი ქვეყნის 3 მეტრით გადაადგილებას არ ნიშნავს და ეს 3-მეტრიანი გადაადგილება ნასხლეტის ხაზის დასასრულისკენ ნელ-ნელა მცირდება.

Teyit-ის სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ეს პროცესი ძლიერ მიწისძვრების დროს სიახლე არ არის. მაგალითად, 2020 წელს თურქეთის ელააზიღის პროვინციაში მომხდარი 6.7 მაგნიტუდის მიწისძვრის დროს გადაადგილება იყო 1.9 მეტრი, ხოლო 1999 წლის იზმითის მიწისძვრის შემდეგ კი 5 მეტრი.

ეს პროცესი ტელევიზია Habertürk-ის ეთერში მუყაოს ქაღალდების გამოყენებით ახსნეს და მისი ვიზუალიზაცია მოახდინეს. 

Screenshot 3 7 გადაადგილდა თუ არა თურქეთი მიწისძვრის შემდეგ 3 მეტრით?

ნასხლეტი (Fault) დედამიწის ქერქის ამგები ქანების წყვეტითი დისლოკაციაა, რომლის დროსაც ქანების შეფარდებითი გადაადგილება ხდება. ბუნებაში რამდენიმე ტიპის ნასხლეტი არსებობს, რომლებიც ერთმანეთისგან მოძრაობის მიმართულებით განსხვავდება. მიწისძვრები სწორედ ნასხლეტებზე წარმოიქმნება, კონკრეტულად იმ დროს, როცა ნასხლეტები უეცრად და სწრაფად მოძრაობას იწყებს და სეისმური ენერგია გამოიყოფა.

Screenshot 4 5 გადაადგილდა თუ არა თურქეთი მიწისძვრის შემდეგ 3 მეტრით?

ევროკავშირის სატელიტის კადრებიც აჩვენებს, რომ გადაადგილება ანატოლიის ნასხლეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ანუ იქ მოხდა, სადაც მიწისძვრა ყველაზე ძლიერი იყო და არა მთლიანად თურქეთში. 

Screenshot 5 5 გადაადგილდა თუ არა თურქეთი მიწისძვრის შემდეგ 3 მეტრით?

6 თებერვალს თურქეთ-სირიის საზღვარზე მომხდარი 7.7 და მოგვიანებით 7.6 მაგნიტუდის მიწისძვრებზე, რომელთა ეპიცენტრი თურქეთში, კაჰრამანმარაშის პროვინციაში მდებარეობდა, უკვე არაერთი დეზინფორმაცია გავრცელდა. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიებში:

წყაროს შესახებ

მალხაზ ხაბაზი, მიწისძვრასთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა, თავის ფეისბუქ-ანგარიშზე პრორუსული შინაარსის პოსტებს ხშირად აქვეყნებს. ხაბაზის რამდენიმე პროფილის ფოტოზე საბჭოთა კავშირის გერბი, ე.წ. “გეორგიევსკის ლენტი” და ჰომოფობიური მოწოდებებიც გვხვდება. მის მიერ წარსულში გავრცელებულ დეზინფორმაციებზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მომზადებული მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
ქვეყანა/ორგანიზაცია: თურქეთი, სირია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist