11-12 სექტემბერს ფეისბუქ-გვერდებმა “ქვეყნის მტრები”, “პოლიტიკა” და Social Media Report, ასევე მმართველი პარტია “ქართული ოცნების” მხარდამჭერმა David Tordia-მ გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს კოალიცია “ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ” საარჩევნო სია წარადგინა, რომლის შემადგენლობაშიც მეგის ქარდავა, ბაჩო ახალაია, ნიკა ნარსია, ლექს-სენი, ბადრი შუბლაძე, ტიკ-ტოკერი “პრინცი 69”, ლაშა ბუღაძე, გია ხუხაშვილი, ვანო მერაბიშვილი და სხვები იქნებიან. ზემოთ აღნიშნული ყველა ფეისბუქ-გვერდი და ანგარიში წერს, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” საარჩევნო სიის ოცეული დაასახელა”.
ინფორმაცია, თითქოს კოალიცია “ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ” საარჩევნო სია წარადგინა და ოცეულში ვანო მერაბიშვილი, ბაჩო ახალაია, მეგის ქარდავა, ლაშა ბუღაძე და სხვები მოხვდნენ, სიმართლეს არ შეესაბამება. პარტიას საარჩევნო სია ამ დრომდე არ წარუდგენია.
8 ივლისს პარტიებმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და “სტრატეგია აღმაშენებელი” პოლიტიკური პლატფორმა დააფუძნეს, რომელსაც სხვა პარტიები, პოლიტიკოსები თუ ცალკეული ადამიანებიც უერთდებიან. გაერთიანების ლიდერი, თინა ბოკუჩავა წარსულშიც საუბრობდა საერთო საარჩევნო სიის შესახებ და სავარაუდოა, რომ გაერთიანება საარჩევნოდ სწორედ ერთიან სიას წარადგენს.
ამ დროისთვის “ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას” საარჩევნო სია არ წარუდგენია. აღნიშნული ინფორმაცია არც მედიაში და არც გაერთიანების სოციალურ ქსელში არ გავრცელებულა. პარტიის ბოლო ღონიძიება, სახელად “კი ევროპას!” 11 სექტემბერს გაიმართა. აღნიშნულ ღონისძიებაზე, გაერთიანების ლიდერებმა ამომრჩეველს მიმართეს და არჩევის შემთხვევაში, 5 პრიორიტეტი წარუდგინეს. პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა “მითების დეტექტორთან” გავრცელებული ინფორმაცია უარყო და განმარტა, რომ მათ საარჩევნო სია ჯერ არ წარუდგენიათ.
საარჩევნო სიის ოცეული 10 სექტემბერს მმართველმა პარტია “ქართულმა ოცნებამ” წარადგინა. სიაში მოხვდნენ როგორც პარტიის ძველი სახეები, ასევე ძალოსანი ლაშა ტალახაძე და მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი. სიის პირველი ნომერი, პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილია.
წინასაარჩევნოდ სოციალურ ქსელში მცდარი ან მანიპულაციური შინაარსის ინფორმაციის გავრცელებამ მოიმატა. ცრუ ბრალდებების სამიზნე, ძირითადად, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიები არიან, თუმცა დეზინფორმაცია გავრცელდა მმართველი პარტიის წინააღმდეგაც. “მითების დეტექტორი” ამგვარ საეჭვო ცნობებს სისტემატურად ამოწმებს.
წყაროს შესახებ:
დავით თორდია მმართველი პარტია “ქართული ოცნებია” მხარდამჭერია და მათთან დაკავშირებულ გვერდის “ლიდერი 41”-ს მართავს. საქმიანობის პარალელურად, ის სოციალურ ქსელში დეზინფორმაციული და მანიპულაციური შინაარსის ინფორმაციებისა თუ ვიზუალური მასალების გამოქვეყნებით გამოირჩევა. ის ასევე ჩართულია წინასაარჩევნოდ დეზინფორმაციის გავრცელებაში.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.