ეპისკოპოს სპირიდონის “უფროსი ძმის” მითი “კიევის რუსეთზე”

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

rus
808
VIEWS

2019 წლის 14 სექტემბერს Facebook გვერდმა “სტალინი” სხალთის ეპისკოპოს სპირიდონ აბულაძის ერთ-ერთი ქადაგების ამონარიდები გამოაქვეყნა, რომელშიც ის რუსებსა და უკრაინელებს ერთ ხალხად მოიხსენიებს და მათ თავდაპირველ სახელმწიფოდ “კიევის რუსეთს” ასახელებს.

სხალთის ეპისკოპოსი სპირიდონი: „მოგეხსენებათ, რომ რუსეთი დაიწყო კიევიდან. თავიდან იყო კიევის რუსეთი და შემდეგ, როცა გამრავლდა ეს ერი, ზოგი წავიდა ჩრდილოეთით, ზოგი ჩრდილო-დასავლეთით და იქ შეიქმნა მოსკოვის სამთავრო, იქ შეიქმნა დღევანდელი ბელორუსია. მაგრამ, ეს ერთი ხალხია. ‘კიევსკაია რუსკა’ იყო შემდეგ ნაწლებად: ეს არის მოსკოვის რუსეთი ‘ბალშაია რასსია’, არის ‘ბელაია რასსია’, ბელორუსია და არის ‘მალაია რასსია’, რომელსაც ერქვა კიევის ოლქები. ეს ესე იყო ყოველთვის, ეს იყო ერთი ხალხი, ერთი ერი.ამდენად, ძალიან გულსატკენია ის, რომ გარკვეული ძალების, მესამე ძალების წაქეზებით და .. არამართლმადიდებლების ძალიან დიდი მზაკვრობით, დღეს იქ მიდის ძმათა შორის სისხლის ღვრა”

ეპისკოპოსი სპირიდონი ტერმინს “კიევის რუსეთი” პროპაგანდისტულად იყენებს, რითაც მსმენელი შეცდომაში შეჰყავს და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ლეგიტიმაციას ისტორიის გაყალბებით ცდილობს.

კიევის რუსეთი, კიევის რუსი და მოსკოვი

მე-10 საუკუნეში ჩამოყალიბებულ ახალ სახელმწიფოს რეალურად კიევის რუსეთი კი არა, არამედ კიევის რუსი  (კიევსკაია რუს) ეწოდა. კიევის რუსს ურთიერთობა იმ პერიოდის საფრანგეთთან, შვედეთთან და სხვა სახელმწიფოებთან ჰქონდა. მათ ასევე შეიმუშავეს კანონები, რომლებიც თითოეულ მოქალაქეზე ვრცელდებოდა და საკმაოდ წარმატებული სახელმწიფოც შექმნეს.

მოსკოვი კიევის რუსის მოსაზღვრე მცირე სავაჭრო ადგილს წარმოადგენდა, სადაც ძირითადად ფინო-უნგრული წარმოშობის ხალხები ცხოვრობდნენ, რომლებიც განვითარებით კიევის რუსს საგრძნობლად ჩამორჩებოდნენ. როგორც ცნობილია, კიევის რუსი იქ მოსკოველების ცივილიზაციის შეტანის მიზნით სასულიერო პირებსა თუ მუშებს აგზავნიდა და იმ პერიოდის წყაროებში მოსკოვის ტერიტორია მოიხსენიებოდა, როგორც “მიწა ტყის გადაღმა”.

მე-17 საუკუნემდე გავრცელებულ რუკებსა და სახელმწიფო დოკუმენტებში, ეს ტერიტორია მუდმივად მოსკოვად მოიხსენიებოდა, იქ მცხოვრები ხალხი კი თავს მოსკოველებს (თავდაპირველად მოკსელი) უწოდებდნენ.

"
ჰერბერშტაინის მიერ გამოქვეყნებული რუკა, რომელზეც ტერიტორია მოსკოვად მოიხსენიება. მე-16 საუკუნე.

მოსკოვის ტერიტორია შემდგომ მე-13 საუკუნეში მონღოლეთიდან წამოსულმა არმიამ დაიპყრო და ის ოქროს ურდოს შემადგენლობაში მოექცა. ფინო-უნგრული კულტურა და ენა მონღოლურს შეერწყა და იმ ტერიტორიაზე არსებულ გეოგრაფიულ ობიექტების დიდ ნაწილს დღესაც ამ კონკრეტული ენებიდან წამოსული სახელწოდებები აქვთ, ვიდრე სლავური.

"
დამორჩილება მონღოლეთის ხანისადმი

აღსანიშნავია, რომ 2013 წელს ჩატარებულმა კვლევამ, რომელიც რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის გრანტით ჩატარდა (A.V. Khrunin), გამოავლინა, რომ დღევანდელი რუსების დნმ უკრაინელებთან კი არა, არამედ ფინო-უნგრულ და მონღოლ ტომებთანაა საკმაოდ ძლიერ დაკავშირებული.

“უფროსი ძმის” მითი

მოსკოვის ტერიტორია კიევის რუსის საზღვრებში არასდროს ყოფილა. დღეს რუსეთის ლიდერები უკრაინასთან მიმართებით თავს  “უფროს ძმად” მოიხსენიებენ. მათ შორის ეს ნარატივი საბჭოთა პერიოდშიც ძლირი იყო, რომლის მიზანიც მეხსიერებაში რუსებისა და უკრაინელების “ძმობილ ერებად” დალექვა იყო. თუმცა, როგორც ისტორია ცხადყოფს, სწორედ კიევის რუსი უსწრებდა ცივილიზაციით, განვითარებითა და სახელმწიფოებრიობით მოსკოვს.

უფროს ძმაზე საუბარი ზედმეტია, რადგან თითქმის მე-15 საუკუნის ბოლომდე რუსეთი და არც რუსი ხალხი არ არსებობდა მაშინ, როცა კიევის რუსი ჯერ კიდევ მე-9 საუკუნეში შეიქმნა. ისტორიის განმავლობაში რუსეთი მუდმივად ცდილობდა ეს ფაქტი პროპაგანდისტულად წარმოეჩინა, შესაბამისად უკრაინელებს პატარა რუსებად მოიხსენიებდა. როგორც უკრაინელი ისტორიკოსი, იაროსლავ დაშკევიჩი აღნიშნავს, “სწორედ ასე აიძულა “უფროსმა ძმამ” “უმცროსი ძმა”, “პატარა რუსები”, რომ ეცხოვრათ “სიყვარულით მოცულ” სისასტიკეში.”

რუსეთმა სახელწოდება “რუს” მოიპარა

მოსკოვის  შემდგომ მე-17 საუკუნეში უკვე შემოდის ტერმინი რუსეთი. მოსკოვი ფინო-უნგრულ ენაზე “ჭაობიან და მუქ წყლებს” ნიშნავს, რაც შესაძლოა, ახალი სახელის ძიების ერთ-ერთი მიზეზიც იყო, თუმცა მნიშვნელოვან მიზეზად მაინც ის სახელდება, რომ მოსკოვმა დიდი იმპერიის შექმნა გადაწყვიტა და მას  ამისთვის მნიშვნელოვანი ისტორიაც სჭირდებოდა. მოსკოვმა განიზრახა კიევის რუსის იდენტობის შეთავსება და ისტორიის გაყალბება.

უპირველესი ნიშნები პროპაგანდისა და ისტორიის ფაბრიკაციის ფსკოველი ბერის, ფილოფეს მიმართვა იყო, რომელმაც საკმადო დიდი ადგილი დაიკავა რუსეთის ისტორიაში:

„ყურად იღე მართლმორწმუნე მეფეო: ორი რომი დაეცა, მესამე რომი — მოსკოვი დგას, ხოლო მეოთხე რომი აღარ იქნება.”

მოსკოვის, როგორც მესამე რომის იდეა შემდეგ ნეოევრაზიელებმაც შეითავსეს და თანამედროვე რუსეთის გეოლოპიტიკურ დოქტრინებშიც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

აღსანიშნავია, რომ ეს ისტორიული მცდელობა მე-20 საუკუნეში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კირიონ II-მაც შეაფასა:

„ყველა მეტ-ნაკლებად განათლებული აფუთფუთდა ამ დროს რუსეთში, ყოველგან აწრიპინდა კალამი. ყველა გაცხარებით ეძებდა საფუძველს, რათა ის დიადი როლი გაემართლებინა, რასაც რუსეთს მიაწერდნენ. ბერების ვიწრო სენაკებშიც კი დიად გეგმებს სახავდნენ.“

ივანე IV-ის პერიოდში მოსკოვმა კიევის რუსის მემკვიდრეობის გარდა, ბიზანტიის იმპერიის მემკვიდრეობაც განიზრახა. მათ მიერ აგებული ფაბრიკაციები კი კიევის რუსის მთავრის ვლადიმირ მონომახის ქუდზე აგებულ ლეგენდას ემყარება.

"
ლეგენდის თანახმად ეს არის ვლადიმირ მონომახისადმი გადაცემული ქუდი

აღნიშნული ქუდი ძალაუფლების ბიზანტიიდან კიევის რუსისთვის  გადაცემის სიმბოლოდ ითვლებოდა. ლეგენდის თანახმად, ეს ქუდი შემდგომ კიევის რუსის დიდმა მთავარმა ვლადიმირ მონომახმა თავის მეექვსე შვილს იური დოლგორუკს გადასცა. იური დოლგორიკი სუზდალის პირველი პრინცი იყო, რომელმაც თავის დროზე “ტყის გადაღმა მიწები” დაიპყრო (მოსკოვი).  მოსკოვში ამ ქუდის გამოჩენა ერთგვარი დადასტურება იყო იმისა, რომ მოსკოვს ეკუთვნოდა როგორც კიევის რუსის, ასევე ბიზანტიის იმპერიის მემკვიდრეობაც. გარდა ამისა, მოსკოვმა გააყალბა ვოლოდიმირ მონომახის სურვილი, თითქოს ის მემკვიდრეობას მის შვილ იურის გადასცემდა. სინამდვილეში მოსკოვში გამოჩენილი „მონომახის ქუდი“ ოქროს ბუხარა ტუბეტეიკა იყო, რომელიც ხან უზბეკმა წარუდგინა ივან კალიტას (1319-1340), რომელმაც ის დიდების განმტკიცების მიზნით შეინარჩუნა.

ყველაზე დიდი და გადამწყვეტი როლი ფაქტების განადგურებასა და ალტერნატიულ ისტორიის შემუშავებაში პეტრე I-ს მიუძღვის. 1701 წელს მან გასცა ბრძანება, რომ დაპყრობილ ხალხებში არსებული ყველანაირი ქრონიკები, ქრონოგრაფიები, არქივები და საეკლესიო დოკუმენტები გაენადგურებინათ. უპირველესად ეს კიევის რუსის ტერიტორიას ეხებოდა. პეტრე I-ს დიდი ევროპული იმპერიის ჩამოყალიბებისთვის უფრო მნიშვნელოვანი წარსული ესაჭიროებოდა, ვიდრე მოსკოვის ისტორია იყო.

ამ გაყალბებების საფუძველზე, 1721 წლის 22 ოქტომბერს მოსკოვმა თავი რუსეთის იმპერიად და ხოლო ყველა მოსკოველი რუსად გამოაცხადა. ამ გზით პეტრე I-მა მოიპარა კიევის რუსის კანონიერი მემკვიდრეების, უკრაინელების, ისტორიული სახელი “რუს”.

პეტრე I-ის საქმიანობა შემდგომში ეკატერინე II-მ გადაიბარა. 1783 წლის 4 დეკემბერს, ეკატერინე II- მ გამოსცა ბრძანება, რის შედეგადაც  „ძველი რუსული ისტორიის შეგროვებისა და ორგანიზების კომისია“ შეიქმნა. ამ კომისიის მთავარი ამოცანა ახალი ქრონიკების მოძიება, არსებულების ახლებურად გადაწერა, არქივთა ახალი კოლექციების შექმნა და სხვა მსგავსი სიყალბეების შეთხზვა იყო.

აღსანიშნავია, რომ საპატრიარქოს უნივერსიტეტის რექტორი,  სხალთელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონი უკრაინისა და უკრაინის ეკლესიის შესახებ კრემლის გზავნილების ადრეც ტირაჟირებებდა. მან ქადაგებისას განაცხადა, რომ უკრაინის პატრიარქი ფილარეტი მონათლულიც კი არ იყო. აღნიშნული დეზინფორმაცის შესახებ “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა.

 

თემატიკა: ისტორია
დარღვევის ტიპი: შეცდომაში შემყვანი
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist