ემორჩილება თუ არა ტაივანი ჯანმოს პროტოკოლს?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

34
VIEWS

18 მაისს ფეისბუქ-მომხმარებელმა Mano Beridze-მ გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც წერს, რომ ტაივანში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა, ასევე ის არ არის ჯანმოს წევრი და ჯანმოს პროტოკოლებსაც არ ემორჩილება. პოსტი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ტაივანში კორონავირუსით გარდაცვლილთა მცირე რაოდენობა იმან განაპირობა, რომ ქვეყანა ჯანმოს პროტოკოლებს არ ემორჩილება.

 

;
მანო ბერიძის პოსტი მანიპულაციურია, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ტაივანი ჯანმოს წევრი არ არის, მის მიერ შემოღებული რეგულაციები ჯანმოს წევრი ქვეყნების რეგულაციების მსგავსია. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, ტაივანში მარტში ვაქცინაციის პროცესი ასტრაზენეკას ვაქცინით დაიწყო. გარდა ამისა, ტაივანის მიერ კორონავირუსის პანდემიის წარმატებული მართვის ერთ-ერთი მიზეზი ადრეულ ეტაპზე სწრაფად მიღებული ზომები იყო.

მართალია, მაისის თვეში ტაივანში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა, თუმცა ამ დრომდე ტაივანი პანდემიის მართვის კუთხით ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანაა, 21 მაისის მონაცემებით, ტაივანს მხოლოდ 3139 დადასტურებული შემთხვევა და 15 გარდაცვლილი ჰყავს.

;

ტაივანში ჯანმოს წევრი ქვეყნების მსგავსი შეზღუდვები მოქმედებს

მანო ბერიძის პოსტი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ტაივანის მიერ კორონავირუსის პანდემიის წარმატებულად მართვა იმან განაპირობა, რომ ის ჯანმოს წევრი არ არის და მის პროტოკოლებს არ ემორჩილება. ეს ინფორმაციის მანიპულაციურად გადმოცემაა, რადგან ტაივანს ჯანმოს წევრი ქვეყნებისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული რეგულაციები არ აქვს.

ტაივანის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ 2020 წლის 1 დეკემბრიდან ინფექციის გავრცელების მაღალი რისკის ადგილებში პირბადის ტარება სავალდებულოა, მაღალი რისკის ადგილებად მიიჩნევა დახურული სივრცეები და ტრანსპორტი.

გარდა ამისა, ტაივანის დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოქალაქეებს სოციალური დისტანციის დაცვისკენაც მოუწოდებს, დახურულ სივრცეებში დისტანციის მანძილი 1.5 მეტრი უნდა იყოს, ღია სივრცეში კი 1 მეტრი, იმ ადამიანებს კი, ვისაც მაღალი ტემპერატურა ან რესპირატორული დაავადების სიმპტომები აქვთ, სახლში დარჩენას ურჩევს. სავალდებულოა მომხმარებლების ხელების სანიტაიზერით დეზინფექცია, მაგალითად რესტორნებში შესვლისას.

ტაივანის დაავადებათა კონტროლის ცენტრი მასობრივი შეკრებების საკითხსაც ეხება, ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ სახელმძღვანელო მითითებები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ COVID-19-ის შესახებ გამოცემული დოუმენტაციის მიხედვით არის მომზადებული.

მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, 3 მარტს ტაივანმა ასტრაზენეკას ვაქცინის პირველი 117 000 დოზა მიიღო და ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. ტაივანის მთავრობამ ვაქცინების შესყიდვასთან დაკავშირებით კონტრაქტებს ხელი უკვე მოაწერა, მას ასტრაზენეკაც მინიმუმ 10 მილიონი დოზის, ასევე მოდერნას 5 მილიონ დოზისა და სხვა ვაქცინების 4.76 მილიონი დოზის შეძენაც სურს, რომელთა ბრენდები დაკონკრეტებული არ არის. ტაივანი ვაქცინებს კოვაქსის პროგრამის ფარგლებში შეიძენს, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ხელმძღვანელობს.

ტაივანის მიერ პანდემიის წარმატებული მართვა სწრაფ და დროულ ზომებს უკავშირდება

2019 წლის 31 დეკემბერს, მას შემდეგ, რაც ტაივანის მთავრობამ ვუჰანიდან ვირუსის შესახებ ინფორმაცია მიიღო, მათ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გააფრთხილეს, რომ, შესაძლოა, ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადადების საფრთხეს შეიცავდეს. ტაივანს ჯანმოსგან პასუხი არ მიუღია. ორგანიზაცია მხარს ჩინეთის პოზიციას 21 იანვრამდე უჭერდა, რომელიც ამბობდა, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე არ გადადის.

ამ დროის განმავლობაში ტაივანმა ქვეყნის შიგნით მკაცრი ზომები მიიღო და აქტიურად დაიწყო ტესტირება, კონტაქტების მოკვლევა და კარანტინის დაწესება. სწრაფად მიღებული ზომების გარდა, პანდემიის საწყის ეტაპზე მართვაში დიდი როლი ითამაშა ტექნოლოგიამ, დიდმა მონაცემებმა და პროცესში მოსახლეობის ჩართულობამ.

ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯაუში ჯოზეფ ვუ Think Global Health-თან 2020 წლის მაისის ინტერვიუში აღნიშნავს, რომ სარსის ვირუსთან 2003 წელს ბრძოლის გამოცდილების გამო, როცა ვუჰანში სარსის მსგავსი ვირუსი გავრცელდა, რომელსაც პნევმონიაც სდევდა თან, ტაივანის მთავრობამ ქვეყანაში ვუჰანიდან შემოსული მგზავრების კონტროლი დაიწყო, რასაც საზღვრის კონტროლის მალევე მოჰყვა.

2021 წლის 6 აპრილს ამერიკული სამედიცინო ასოციააციის ჟურნალში ახალი კვლევა გამოქვეყნდა, რომელიც ტაივანის მხრიდან პანდემიასთან ბრძოლის ზომებს შეეხება. ტაივანში მოქალაქეების ტესტირება და იზოლირება ერთდროულად მოხდა, მაგალითად, დიდ ბრიტანეთში კი ტესტირებას, მისი შედეგების მიღებასა და იზოლაციას შორის დაყოვნებამ ზომების ეფექტიანობა შეამცირა. ტაივანი, ოფიციალურად ჩინეთის რესპუბლიკა, კორონავირუსის პანდემიის დროს მნიშვნელოვან შეხვედრებსა და ბრიფინგებს ვერ ესწრებოდა, რადგან ის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ტაივანი ორგანიზაციაში გაწევრიანების სურვილს ხშირად გამოთქვამს, მას ჩინეთთან დაძაბული და კომპლექსური ურთიერთობის გამო ყოველ ჯერზე უარს ეუბნებიან. გარდა ამისა, ჯანმოს წევრობა მხოლოდ იმ ქვეყნებს შეუძლიათ, რომლებიც გაეროს წევრებიც არიან.


არქივის ბმული: Mano Beridze


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: WHO, ტაივანი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist