9-10 აგვისტოს ფეისბუქზე ქართულ (1;2;3) და რუსულენოვანმა ანგარიშებმა გაავრცელეს (1;2;3;4) ფოტო და ვიდეო მასალა, რომლებშიც საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი კაცს კოცნის. კადრებში ირჩევა, რომ ისინი ნავზე არიან.
სოციალურ ქსელში ემანუელ მაკრონის ვიდეოფაბრიკაცია ვრცელდება. საფრანგეთის პრეზიდენტი მართლაც იმყოფებოდა ნავზე ფოტოებზე აღბეჭდილ ადამიანებთან ერთად, თუმცა გავრცელებული კადრები ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით არის შემქნილი და მისი გენერირებისთვის გამოყენებულია ფოტო, რომელშიც მაკრონი ვიდეოში აღბეჭდილ კაცთან ახლოს დგას.
2 აგვისტოს მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელდა მაკრონის ფოტოები, რომლებიც მისი შვებულებაში ყოფნის დროს არის გადაღებული, სადაც სხვებთან ერთად მისი მეუღლეც იმყოფებოდა. კადრებში პრეზიდენტი რამდენიმე კაცთან და ბავშვებთან ერთად ნავზე იმყოფება. აღსანიშნავია, რომ კოცნის ამსახველი კადრი მხოლოდ სოციალურ ქსელებში გავრცელდა და არცერთ სანდო მედიასაშუალებას არ გამოუქვეყნებია. ერთ-ერთ ფოტოში მაკრონი დგას კამერისკენ ზურგით მდგარ კაცთან ერთად, რომელსაც ხელი აქვს მოკიდებული საფრანგეთის პირველი პირის მაჯაზე. სავარაუდოდ, ეს ფოტო არის გამოყენებული გაყალბებული ვიდეოს შესაქმნელად, რადგან ვიდეოფაბრიკაცია სწორედ აღნიშნული კადრით იწყება.
რეალური ფოტოგა | გაყალბებული კადრი |
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოს ეტყობა დამუშავების კვალი. ვიდეოს დასაწყისში გამოყენებულია რეალური ფოტო, სადაც უცნობ მამაკაცს მაკრონის მაჯაზე აქვს ხელი მოჭერილი. შემდეგ კადრებში კი ის მაკრონის მაჯას ხელს უშვებს, კისერზე ხვევს და კოცნის. თუმცა, დაკვირვების შედეგად ჩანს, რომ მეორე და მესამე კადრში, სანამ უცნობი მამაკაცი მაკრონს კისერზე მოხვევს ხელს, მისი ხელის ნაწილი გამქრალია, მაკრონის მაჯაზე კი კვლავ შეიმჩნევა თითები.
გავრცელებული ვიდეოს ავთენტურობა ცნობილი ფრანგული გამოცემის, France 24-ის ფაქტების გადამოწმების განყოფილებამ, The Observers-მაც გადაამოწმა და კადრებში არაერთი უზუსტობა შენიშნა. როგორც ისინი წერენ, ვიდეო ხელოვნური ინტელექტითაა შექმნილი და ბაზისად სწორედ 2 აგვისტოს გავრცელებული ფოტო არის გამოყენებული.
საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტის შესახებ “მითების დეტექტორს” წარსულში არაერთი ფოტო/ვიდეოფაბრიკაცია აქვს გადამოწმებული. ბრიჯიტ და ემანუელ მაკრონები გენდერისა და სექსუალური ორიენტაციის თემასთან დაკავშირებული კონსპირაციული თეორიებისა და ყალბი ამბების სამიზნე არაერთხელ გამხდარან. 2021 წელს აქტიურად ვრცელდებოდა ყალბი მტკიცებები, რომ საფრანგეთის პირველი ლედი ტრანსგენდერია. მანამდე, 2017 წელს, საპრეზიდენტო კამპანიის დროს ემანუელ მაკრონს მოუწია ბრალდების უარყოფა, რომ ის გეია.
წყაროს შესახებ:
ფეისბუქ-ანგარიში Георгий Кушиташвили ყალბ ინფორმაციას სისტემატურად ავრცელებს. “მითების დეტექტორს” ანგარიშის მიერ გავრცლებული დეზინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გადაუმოწმებია.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.