ეკრძალებათ თუ არა ათეისტებს ამერიკაში არჩევნებში მონაწილეობა?

ეკრძალებათ თუ არა ათეისტებს ამერიკაში არჩევნებში მონაწილეობა?

18 მაისს ონლაინ გამოცემა “საქინფორმმა” გამოაქვეყნა ევრაზიული ინსტიტუტის ხელმძღვანელის გულბაათ რცხილაძის სტატია, სათაურით “ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაზე რელიგიური წარმოდგენების გავლენა.” სტატიაში აშშ-ში აქტიური სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციის მოქმედება და მათი რწმენის საფუძვლებია განხილული. ავტორი რელიგიური ორგანიზაციების ქმედებებს საერთაშორისო დონეზე აშშ-ს პოლიტიკის განმსაზღრელადაც მიიჩნევს. ავტორის მიხედვით, აშშ-ში ათეისტების დისკრიმინაციაც მიმდინარეობს, რის დასტურადაც იშველიებს ფაქტს იმის შესახებ, რომ, 7 შტატის კონსტიტუციის მიხედვით, ათეისტები ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას ვერ იღებენ. ასევე აშშ-ს რამდენიმე შტატის კანონის მიხედვით, ჰომოსექსუალური კავშირი დანაშაულია.  აღნიშნული სტატია 2012 წელს ევრაზიის ინსტიტუტის საიტზე politforumi.com-სა და ჟურნალში “სამი საუნჯე” გამოქვეყნდა.

 

საქინფორმი, 18 მაისი, გულბაათ რცხილაძე, ევრაზიის ინსტიტუტი:  “ადგილი აქვს ათეისტების დისკრიმინაციასაც-კი. ასე მაგალითად, ამერიკის 7 შტატში ათეისტებს აკრძალული აქვთ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა. ამ ნორმას ტეხასის, არკანზასის, მერილენდის, ტენესის, მისისიპის, ჩრდილო და სამხრეთ კაროლინის კონსტიტუციები ითვალისწინებენ – ფედერალური კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ, სადაც ნათქვამია (მუხლი 6), რომ დაუშვებელია ადამიანის მიერ თანამდებობის დაკავება დაკავშირებულ იქნას მის რელიგიურ აღმსარებლობასთან (ზემოთ დასახელებული შტატები ფედერალური კონსტიტუციის ამ მუხლს გვერდს უვლიან იმ არგუმენტით, რომ მასში საუბარია რელიგიურ რწმენაზე ანუ სხვადასხვა კონფესიების დისკრიმინაციის დაუშვებლობაზე და არაფერია ნათქვამი ღვთის არსებობის საკითხისადმი ადამიანის დამოკიდებულებაზე ანუ არადისკრიმინაციის ეს ნორმა არ ვრცელდება ათეისტებზე) (…) აშშ რამდენეიმე შტატში მოქმედებს არქაული კანონი, რომლის ძალითაც ჰომოსექსუალური კავშირი დანაშაულად ითვლება – არა მხოლოდ საზოგადო ადგილებში, არამედ თვით პრივატულ სივრცეშიც-კი, მაგალითად სასტუმროს ნომერში.

;

;

გულბაათ რცხილაძის მტკიცება იმის შესახებ, რომ აშშ-ს 7 შტატში ათეისტებს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა ეკრძალებათ, შეცდომაში შემყვანია. არკანზასის, მისისიპის, ჩრდ. კაროლინის, სამხრეთ კაროლონის, ტენესისა და ტეხასის კონსტიტუციებში არსებული ჩანაწერი საჯარო მოხელეებისგან ღმერთის რწმენას მოითხოვს, თუმცა, 1961 წელს აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც აშშ-ს კონსტიტუციის მეექვსე მუხლი ფედერალური მთავრობის გარდა შტატებზეც გავრცელდა და შესაბამისად, საჯარო მოხელეებს “რელიგიის ტესტის” გავლა არ მოეთხოვებათ. გარდა ამისა, აშშ-ში მოქმედი პრეცედენტული სამართლის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს მიერ 2003 წელს მიღებული გადაწყვეტილებას მბოჭავი ძალა აქვს და ჩანაწერები ჰომოსექსუალური კავშირის დასჯის შესახებ არაკონსტიტუციურადაა მიჩნეული.

აშშ-ს 7 შტატში (მერილენდი, არკანზასი, მისისიპი, ჩრდილოეთ კაროლინა, სამხრეთ კაროლინა, ტენესი და ტექსასი) შტატის კონსტიტუციის მიხედვით, ადამიანს, რომელსაც ღმერთის არსებობის არ სჯერა,  საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება არ აქვს. მერილენდის შტატის კანონმდებლობით კი ღმერთის რწმენა ნაფიც მსაჯულებსა და მოწმეებსაც მოეთხოვებათ. თუმცა, რეალურად ეს მოთხოვნები არ სრულდება.  აშშ-ს კონსტიტუციის მეექვსე მუხლი ფედერალურ დონეზე საჯარო თანამდებობის დასაკავებლად “რელიგიის ტესტის” გავლის ვალდებულებას კრძალავს. აშშ-ს უზენაესი სასამართლოს 1961 წლის გადაწყვეტილებით, ეს მუხლი შტატებზეც გავრცელდა და შესაბამისად, საჯარო მოხელისთვის ე.წ. “რელიგიის ტესტის” გავლა არც ერთ შტატს არ უნდა მოეთხოვა.  უზენაეს სასამართლო აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე მას შემდეგ მივიდა, რაც მერილენდის მოქალაქე როი ტორსაკომ უარი განაცხადა ღმერთის რწმენა ეღიარებინა და სანაცვლოდ მერილენდის ნოტარიუსი გამხდარიყო. სწორედ ტორსაკოს საქმეზე გამოტანილი ამ განაჩენის შემდეგ დღემდე შვიდი შტატის კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერის მიუხედავად, ათეისტები საჯარო სამსახურში მაინც საქმდებიან.

ხაზგასასმელია ისიც, რომ უზენაესი სასამართლოს ეს გადაწყვეტილება აშშ-ს კონსტიტუციის მეექვსე მუხლიდან გამომდინარეობს, რომელის მიხედვითაც, საჯარო მოხელეებისთვის საკუთარი კვალიფიკაციისა და საზოგადოებრივი ნდობის დასადასტურებლად რაიმე სახის რელიგიური გამოცდის გავლა სავალდებულო არ უნდა იყოს. შესაბამისად, აშშ-ს შვიდი შტატის მოთხოვნა რელიგიური რწმენის შესახებ არაკონსტიტუციურია და სამართალმცოდნეების თანახმად, სწორედ ამიტომ ვერ აღსრულდება, რის გამოც ის “მკვდარ ჩანაწერებს” წარმოადგენენ.

არსებობს რამდენიმე შემთხვევა, როცა ამ 7 შტატის შტატის კანონმდებლობის ეს ჩანაწერი სასამართლოს განხილვის საგანი გახდა. მაგალითად, 1992 წელს მათემატიკის პროფესორმა ჰერბ სილვერმანმა ნოტარიუსის პოზიცია ათეისტობის მიზეზით ვერ დაიკავა, რაც სასამართლოში გაასაჩივრა და 1997 წელს სამხრეთ კაროლინის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაიმარჯვა. 2009 წელს სესილ ბოსველი ეშვილის ქალაქის საბჭოს წევრი გხდა, მისმა ოპონენტებმა გადაწყვიტეს, მისი ათეისტობა გამოეყენებინათ და თანამდებობიდან გადაეყენებინათ, თუმცა მათმა ძალისხმევამ ჩანაწერის არაკონსტიტუციურობიდან გამომდინარე შედეგი არ გამოიღო და მალევე დანებდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ჩანაწერი საჯარო მოხელეების დანიშვნაზე გავლენას ვერ ახდენს, ათეისტების სხვადასხვა გაერთიანება პერიოდულად ცდილობს შტატების კონსტიტუციებიდან ამ ჩანაწერების სრულად ამოღებას, თუმცა ორგანიზაცია “ამერიკელთა გაერთიანება ეკლესიისა და სახელმწიფოს განცალკევებისთვის” პრეზიდენტმა რობ ბოსტონმა Vice-ს 2014 წელს განუცხადა, რომ აღნიშნული არაკოსტიტუციური შეზღუდვების სრულად ამოღების პოლიტიკური ნება არ არსებობს, რადგან პოლიტიკოსები სანაცვლოდ ვერაფერს მიიღებენ. მოგვიანებით 2016 წელს ბარაკ ობამამ ხელი მოაწერა ფრენკ ვოლფის საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების 1998 წლის აქტის დამატებას, რომელიც კონკრეტულად არამორწმუნეებს ეხება და დისკრიმინაციისგან მათ დაცვაზე ფოკუსირდება.

  • სოდომიის კანონები აშშ-ში

აშშ-ში “სოდომიის კანონები” მეცხრამეტე საუკუნიდან არსებობს. მეცხრამეტე საუკუნეში სოდომიის კანონების ძირითადი მოტივად არა ჰომოსექსუალობის დასჯა, არამედ საზოგადოებრივი მორალის შენარჩუნება და სექსუალური ძალადობისგან საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფების დაცვა სახელდებოდა, რადგან ამ კანონებში გაუპატიურება და არასრულწლოვანებთან სქესობრივი კავშირიც მოიაზრებოდა. მეოცე საუკუნიდან სოდომიის კანონების გამოყენება ძირითადად ჰომოსექსუალების წინააღმდეგ დაიწყო. სწორედ ამ შინაარსის კანონების მიხედვით, პირად სივრცეშიც კი ერთნაირ სქესიან ადამიანებს შორის განხორციელებული სქესობრივი აქტი დასჯადი იყო. 1955 წელს ამერიკის იურიდიულმა ინსტიტუტმა ნებისმიერ სრულწლოვან ადამიანს შორის თანხმობის შედეგად განხორციელებული სექსუალური აქტის დეკრიმინალიზებას მხარი დაუჭირა, თუმცა შტატებში კანონმდებლობის დონეზე ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაციის პროცესი 1960-იანი წლებიდან დაიწყო. 1961 წელს ილინოისი გახდა პირველი შტატი, რომელიც სოდომიის კანონების გაუქმებით ჰომოსექსუალობას კრიმინალად აღარ მიიჩნევდა.

2003 წელს ჰომოსექსულური კავშირის დეკრიმინალიზაციაში გარდამტეხი მოვლენა მოხდა, აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ საქმეში “ლორენსი ტეხასის წინააღმდეგ” ჯონ ლოურენსი და ტაირონ გარნერი გაამართლა, რითაც დადასტურდა, რომ ჰომოსექსუალობის წინააღმდეგ სანქციები და სასჯელი არაკონსტიტუციური იყო. უზენაესი სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ სოდომიის კანონონების ჩანაწერები შტატების კონსტიტუციაში მხოლოდ ფორმალურ  ხასიათს ატარებს, რაც ნიშნავს, რომ მათი გამოყენებით ადამიანებს ვერ დასჯიან.

2015 წლიდან აშშ-ს ყველა შტატში ერთნაირსქესიან ადამიანთან ქორწინება კანონიერია.

გულბაათ რცხილაძე
საქინფორმი


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: შეცდომაში შემყვანი
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist